ბუჩის ტრაგედიის უარყოფა – ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

7.6k
VIEWS

7 აპრილს თურქულენოვანმა გამოცემა Aydinlik გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ბუჩის ქუჩებში ცხედრების არსებობის დამასატურებელი სატელიტური ფოტოების შესახებ ამერიკული გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმსის”  პულიკაციას შეეხებოდა. Aydinlik ეჭვქვეშ აყენებს “ნიუ-იორკ ტაიმსის” პუბლიკაციას და ბუჩის ტრაგედიაში რუსეთის ბრალეულობას, რასაც შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებს:

  1. 3 აპრილამდე ქუჩებში ცხედრების არსებობის შესახებ არავის უსაუბრია და დასავლურ მედია საშუალებებს ან უკრაინულ მხარეს ამ მოვლენის დამადასტურებელი ფოტოები არ გამოუქვეყნებიათ;
  2. ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გამოქვეყნებული Maxar Technologies-ის სატელიტური ფოტოები, რომლითაც ქუჩებში ცხედრების არსებობა დასტურდება, 1 აპრილსაა გადაღებული;
  3. სატელიტურ ფოტოში ასახული ჩრდილების დახრილობა არა 19 მარტის, არამედ 1 აპრილის მონაცემებს ემთხვევა.

Aydinlik-ზე დაყრდნობით ინფორმაცია რუსულენოვანმა გამოცემებმა Diplomatru.ru-მ, vkpress.ru-მ და edaily.com-მა გამოაქვეყნეს.

Screenshot 16 9 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს? Screenshot 17 9 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

Aydinlik-ის მასალა დეზინფორმაციულ მტკიცებებს შეიცავს. რეალურად 1) ბუჩას ქუჩებში გვამების ამსახველი კადრები BBC-სა და უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ არა 3, არამედ 2 აპრილს ბუჩაში უკრაინული ძალების შესვლისთანავე გამოქვეყნდა; 2) ნიუ-იორკ თაიმსის გარდა, Maxar Technologies-სა და Planet-ის სატელიტური ფოტოების გამოყენებით ბუჩაში ცხედრების არსებობა რუსული მხარის კონტროლის პერიოდში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ და Reuters-მაც დაადასტურეს; 3) გამოცემა Meduza-ს დრონის კადრებზე დაყრდნობით საგამომძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა 23-30 მარტის მონაკვეთში ბუჩას ქუჩებში ცხედრების არსებობა დაადასტურა; 4) სატელიტურ ფოტოში ასახული ჩრდილების დახრილობა გადაღების ადგილობრივი დროის შესაბამისად 19 მარტის მონაცემემებს ზუსტად ემთხვევა. 

Aydinlik-ი “ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებულ Maxar Technologies-ის  სატელიტურ ფოტოებს ეჭვქვეშ აყენებს და ასკვნის, რომ კონკრეტული ფოტო, რომელიც იაბლონსკას ქუჩაზე  მიმოფანტულ გვამებს ასახავს, რეალურად, 1 აპრილს ბუჩადან რუსული ჯარების გასვლიდან 2 დღეშია გადაღებული, ხოლო იქამდე ქუჩებში ცხედრები არ იყო. რეალურად, ნიუ-იორკ თაიმსის გარდა, სატელიტური ფოტოებისა და დრონით გადაღებული კადრების გამოყენებით დამოუკიდებელი გამოძიებები სხვა გამოცემებმა და სამთავრობო უწყებებმაც ჩაატარეს. 

მაგალითად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 5 აპრილის განცხადების მიხედვით, ბუჩაში იაბლონსკას ქუჩაზე 21 მარტს გადაღებული სატელიტური ფოტოებით ტერიტორიაზე მინიმუმ 8 გვამის არსებობა დასტურდება. 

Screenshot 18 7 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ შემთხვევაში ბრიტანეთის თავდაცვის უწყება არა ნიუ-იორკ თაიმსსა და Maxar Technologies-ს, არამედ კომპანია Planet-ისგან მიღებული სატელიტური ფოტოების საკუთარ, დამოუკიდებელ ანალიზს ეყრდნობა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში მოყვანილი ფოტოს გადაღების ადგილი კი, თავის მხრივ, ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების ადგილმდებარეობას ემთხვევა და ბუჩაში მდებარე იაბლონსკას ქუჩას ასახავს. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია Planet-ის 200-ზე მეტი სატელიტი პლანეტის ხმელეთ ტერიტორიას ყოველდღიურად ფარავს

Screenshot 19 6 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

Maxar Technologies-ით მიღებული, 19 მარტს გადაღებული სატელიტური ფოტოების საშუალებით ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიებით Reuters-ის მკვლევრებმაც დაასკვნეს, რომ ქუჩაში ცხედრები იმ დროიდან იყო, როდესაც ტერიტორიას რუსული მხარე აკონტროლებდა.

Screenshot 20 6 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

გარდა ამისა, 3 აპრილს Українська правда-მ ბუჩაში იაბლონსკასა და ვოკზალნას ქუჩების კვეთაზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. გამოცემის მიხედვით, ვიდეო აზოვის ბატალიონის საჰაერო დაზვერვამ 2022 წლის 3 მარტს გადაიღო, ანუ მაშინ როცა ქალაქს რუსეთის ჯარები აკონტროლებდნენ.  

ვიდეოში ჩანს, რომ ველოსიპედით ქუჩაში მიმავალი მოქალაქის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკა ცეცხლს ხსნის. Українська правда-ს მიხედვით, ვიდეოს ავთენტურობა, მისი გადაღების ადგილი და დრო ფაქტების გადამოწმების უკრაინული პლატფორმის VoxCheck-ის ანალიტიკოსებმა დაადასტურეს. 

Screenshot 21 6 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

დრონით გადაღებული ამ ვიდეოს ვერიფიცირება ნიუ-იორკ თაიმსის მკვლევრებმაც მოახერხეს. 

Screenshot 22 6 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

8 აპრილს რუსულენოვანი გამოცემა Meduza-ს მიერ დრონით გადაღებული კიდევ რამდენიმე ვიდეო გამოქვეყნდა. აღწერის მიხედვით, ვიდეოები 23-30 მარტის მონაკვეთშია გადაღებული, ანუ მაშინ, როცა ტერიტორიას რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. კადრებში ქუჩაში მიმოფანტული გვამები აღბეჭდილია.

Screenshot 23 6 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

23 მარტს გადაღებულ კადრებში მოკლული ველოსიპედისტი მამაკაციც ჩანს. 

Screenshot 24 6 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის განცხადებით, ამ ჩანაწერების გადაღების თარიღების დადასტურება დამოუკიდებლადაც შეიძლება, რადგან ერთ-ერთ 21 მარტს გადაღებულ ჩანაწერში ცხედარი და დაუზიანებელი საცხოვრებელი სახლი ჩანს, ხოლო 27 მარტს სატელიტით და 28 მარტს დრონით გადაღებულ კადრებში აღნიშნული შენობა უკვე განადგურებულია. 

Screenshot 25 5 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

  • როდის გავრცელდა ბუჩას ქუჩებში ცხედრების ამსახველი კადრები პირველად?

თურქული მედიასაშუალების მიხედვით, დასავლურმა გამოცემებმა და უკრაინის მხარემ ბუჩაში ცხედრების არსებობაზე საუბარი და ფოტოების გამოქვეყნება მხოლოდ 3 აპრილს დაიწყეს. რეალურად, 2 აპრილს გათავისუფლებულ ბუჩაში უკრაინელ სამხედროებთან ერთად ჟურნალისტებიც შევიდნენ და ბუჩის ქუჩებში გადაღებული ცხედრების ამსახველი კადრების გავრცელება სწორედ მაშინ დაიწყო. მაგალითად, 2 აპრილს BBC-მ ბუჩასა და რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ მის ქუჩებში არსებული მდგომარეობის შესახებ პირველი სიუჟეტი მოამზადა. კადრებში ცხედრები ნათლად ჩანს. უფრო კონკრეტულად კი სიუჟეტში იაბლონსკას ქუჩაზე დახოცილი ადამიანების გვამებიცაა აღბეჭდილი, თურქული გამოცემა სწორედ იაბლონსკას ქუჩაზე გადაღებულ და ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოს აყენებს ეჭვქვეშ.

Screenshot 26 5 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

ცხედრები ჩანს უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ ბუჩაში უკრაინის პოლიციის შესვლის ამსახველ ვიდეოშიც. 

Screenshot 27 4 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

იაბლონსკას ქუჩაზე მიმოფანტული გვამების ამსახველ კადრებთან, ასევე უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებული დეზინფორმაციული მტკიცებები ადრეც არაერთხელ გავრცელდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

თურქულენოვან გამოცემას კიდევ ერთ არგუმენტად ფოტოების გადაღებისას მზის ჩრდილების დახრილობა მოჰყავდა და ამტკიცებდა, რომ ფოტო რეალურად 1 აპრილს იყო გადაღებული, რადგან მზის ფოტოში აღბეჭდილი ჩრდილების კუთხე და მზის დახრილობა სწორედ ამ დღეს ემთხვეოდა. რეალურად,  კვლევითმა ორგანიზაციამ Centre for Information Resilience ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გადაღებული ფოტო Google Earth-ის პროგრამაში მოათავსა, რათა ჩრდილების დახრილობა დაედგინა. 

Screenshot 28 3 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

აღმოჩნდა, რომ ფოტოში მზის მიმართულება 161 გრადუსი იყო, რაც 19 მარტს ბუჩას ადგილობრივი დროით 11:08 საათზე მზის დახრილობას ზუსტად ემთხვევა. ეს კი ადასტურებს, რომ აღნიშნული ფოტო ნამდვილად 19 მარტს არის გადაღებული.

Screenshot 29 3 ბუჩის ტრაგედიის უარყოფა - ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?

წყაროს შესახებ

გამოცემა  Aydilnik-ი თურქეთის პატრიოტულ პარტიას (Vatan Partisi) ეკუთვნის. პარტია ევრაზიისტული იდეოლოგიისაა და შესაბამისად, პრორუსულად, პროჩინურად და ანტიამერიკულად არის განწყობილი. პარტია თურქეთის ნატო-დან გამოსვლას ითხოვს და თურქეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას ეწინააღმდეგება.   

2009 წელს გამოცემა Aydinlik-ი სტამბოლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით 1 თვით აიკრძალა. 2011 წელს გამოცემის მთავარი რედაქტორი მეჰმედ საბუნჩუ “ერგენეკონის” სახელით ცნობილი სავარაუდო კრიმინალური ქსელის შესახებ გამოძიების მიმდინარეობის დროს დააკავეს.  “ერგენეკონის” წევრებს სახელმწიფო გადატრიალების მზადებას ედავებოდნენ. საბუნჩუ 2014 წელს გამოცემის მთავარი რედაქტორის პოზიციას დაუბრუნდა. 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან გამოცემამ არაერთი პრორუსული შინაარსის მასალა გამოაქვეყნა. 

  • Whataboutism და კრემლის პროპაგანდა

კონტრბრალდებების იგივე Whataboutism-ის ტექნიკას კრემლის პროპაგანდა წლებია იყენებს.  აღნიშნული ტექნიკა ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად საპირისპირო ბრალდებების წაყენებას ან აქცენტის სხვა საკითხზე გადატანას გულისხმობს. Whataboutism-ის ტექნიკა არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით, კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს. კრემლი Whataboutism-ის გამოყენებით მტკიცებულებების უარყოფას და მსხვერპლის არსებობის ეჭვქვეშ დაყენებას რუსეთ-ურაკინის 2022 წლის ომის განმავლობაში სხვადასხვა შემთხვევაში ცდილობდა, ვრცლად  იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist