საიდუმლო აგენტის ჩვენება თუ მხატვრული ფილმი? – რას ასახავს ვიდეო, რომელსაც შეთქმულების თეორიების გასავრცელებლად იყენებენ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

331
VIEWS

21 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა Giorgi Abashidze გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოსაუბრე აცხადებს, რომ 1994 წელს კაიროში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც მოსახლეობას და განვითარებას ეხებოდა, მსოფლიო ლიდერებმა გადაწყვიტეს 2030 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 6 მილიარდიდან 800 მილიონამდე შეემცირებინათ. ვიდეოში ჩამოთვლილია მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც ვიდეოში მოსაუბრე კაცის თქმით, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად იყო გამოყენებული: წყალში ფტორის ტოქსიკური რაოდენობით შერევა, ქიმტრეილები – რომელთა საშუალებითაც თვითმფრინავები ატმოსფეროში ტოქსიკურ ნივთიერებებს აფრქვევენ, ასევე აივ-ინფექცია – რომელიც აშშ-ის ლაბორატორიაში იყო შექმნილი და ვაქცინებით გავრცელებული. 

იგივე ვიდეო 2023 მარტში რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმაც გამოაქვეყნა.

saidumlo agentis chveneba thu mkhatvruli philmi ras asakhavs video romelsats shethqmulebis theoriebis gasavrtseleblad iqheneben საიდუმლო აგენტის ჩვენება თუ მხატვრული ფილმი? - რას ასახავს ვიდეო, რომელსაც შეთქმულების თეორიების გასავრცელებლად იყენებენ

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო 2018 წლის ფილმის “უცხოპლანეტელი მბრძანებლების” ნაწყვეტია. ვიდეოში მოსაუბრე ადამიანი მსახიობი ვიქტორ დანტეა, რომელიც პერსონაჟ ტომ კიტინგს განასახიერებს, ფილმში კი ყალბი ინფორმაცია და  შეთქმულების თეორიებია გაჟღერებული: 1) განვითარებისა და მოსახლეობის საკითხებზე 1994 წელს ჩატარებული კონფერენცია მოსახლეობის შემცირების რაიმე გეგმას არ უკავშირდებოდა და რეალურად მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების და გენდერული თანასწორობის მიღწევას, განათლებასა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ჩვილთა, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის შემცირებას. 2) სასმელ წყალში ფტორს დენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის იყენებენ და ამ პრაქტიკას მოსახლეობის შემცირებასთან რაიმე კავშირი არ აქვს. 3) ე.წ. ქიმტრეილები სინამდვილეში ბუნებრივი მოვლენა – კონტრეილია და სახიფათო ნივთიერების გაფრქვევასთან კავშირი არ აქვს. 4) აივ-ი ადამიანებში ცხოველიდან გავრცელდა და ხელოვნურად შექმნილი არ ყოფილა.

  • ფილმი “უცხოპლანეტელი მბრძანებლები” და პერსონაჟი ტომ კიტინგი

უცხოპლანეტელი მბრძანებლები” (Alien Overlords) ამერიკელი რეჟისორის, რიჩარდ ლოურის 2018 წლის ფილმია. ლოური ძირითადად საშინელებათა და თრილერის ჟანრის დაბალბიუჯეტურ ფილმებს იღებს. “უცხოპლანეტელი მბრძანებლები” ფსევდოდოკუმენტურ სტილშია გადაღებული. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი, ტომ კიტინგი ცდილობს მსოფლიო მოსალოდნელი კატაკლიზმების შესახებ გააფრთხილოს – რომლებიც უცხოპლანეტელების შემოჭრასთან, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებასთან და მოსახლეობის შემცირების გეგმასთან არის დაკავშირებული. სიუჟეტის მიხედვით, კიტინგს ეს ინფორმაცია მისმა გარდაცვლილმა მეგობარმა, ჯოზეფ სპენსერმა მიაწოდა, რომელიც “ადამიანი შავებში” – საიდუმლო სამთავრობო აგენტი იყო. ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო ფილმის იმ მონაკვეთიდან არის ამოჭრილი, როდესაც ტომ კიტინგი ჯოზეფ სპენსერის დატოვებულ წერილს კითხულობს, სადაც მოსახლეობის შემცირების სხვადასხვა საიდუმლო გეგმაა აღწერილი. კიტინგის როლს მსახიობი ვიქტორ დანტე ასრულებს. 

saidumlo agentis chveneba thu mkhatvruli philmi ras asakhavs video romelsats shethqmulebis theoriebis gasavrtseleblad iqheneben1 საიდუმლო აგენტის ჩვენება თუ მხატვრული ფილმი? - რას ასახავს ვიდეო, რომელსაც შეთქმულების თეორიების გასავრცელებლად იყენებენ
პერსონაჟი ტომ კიტინგი ჯოზეფ სპენსერის წერილის კითხვისას

იქიდან გამომდინარე რომ ფილმი ფსევდოდოკუმენტური ჟანრისაა, ნაწილობრივ იქნმება შთაბეჭდილება, რომ ის რეალური მოვლენების მიხედვით არის გადაღებული – მაგალითად ფილმის ბოლოს ჩნდება ტიტრი, რომლის მიხედვითაც ფილმის გადამღებმა ჯგუფმა 2017 წლის 28 დეკემბერს მიიღო ტრანსკრიპტი, რომელშიც ფილმში გადმოცემული ყველა მოვლენა დეტალურად იყო აღწერილი და ეს ფილმი ამ მოვლენების ზუსტი განსახიერებაა და მხოლოდ მოქმედი პირების სახელებია შეცვლილი. თხრობის სტილი, თითქოს მხატვრული ფილმი რეალურ მოვლენებს აღწერს ან შემთხვევით ნაპოვნი დოკუმენტური მასალის მიხედვით არის გადაღებული სხვადასხვა საშინელებათა ფილმში ხშირად გვხვდება

ყველა ის “საიდუმლო გეგმა” რომელიც ფილმის გავრცელებულ მონაკვეთშია გაჟღრებული, შეთქმულების თეორიების ნაწილია და რეალობას არ შეესაბამება:

  • 1994 წელს კაიროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე პლანეტის მოსახლეობის შემცირების გადაწყვეტილება არ მიუღიათ

საერთაშორისო კონფერენცია მოსახლეობასა და განვითარებაზე კაიროში 1994 წლის 5-12 სექტემბერს გაიმართა.  კონფერენციის ფარგლებში მიღებული იყო დოკუმენტი სამოქმედო პროგრამა, რომელიც ხაზს უსვამს მოსახლეობისა და განვითარების კავშირს და ნაცვლად იმისა, რომ რაიმე დემოგრაფიული მიზნის მიღწევაზე იყოს ორიენტირებული – როგორც ამას კონსპირაციული თეორია ამტკიცებს, პროგრამა ყურადღებას ამახვილებს ინდივიდუალურ დონეზე ქალებისა და კაცების საჭიროებებზე. ამ დოკუმენტმა პოპულაციასთან დაკავშირებულ საკითხებში ქალების ინტერესების ფუნდამენტურ როლს გაუსვა ხაზი და წინ წამოწია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები იყო. “სამოქმედო პროგრამის” დასახული მიზნები მსოფლიოს მასშტაბით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე იყო კონცენტრირებული. ამ მიზნებს შორის იყო მდგრადი განვითარების კონტექსტში მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა, განათლების ხელმისაწვდომობა – განსაკუთრებით გოგონებისთვის, გენდერული თანასწორობა, ჩვილთა, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის შემცირება, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სექსუალური ჯანმრთელობის სერვისებზე უნივერსალური წვდომის მიღწევა. შესაბამისად 1994 წლის კონფერენციას არაფერი ჰქონდა საერთო მოსახლეობის რაიმე გზით შემცირებასთან და ის დიდწილად ინდივიდუალურ დონეზე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებით მდგრადი განვითარების წახალისებაზე იყო ორიენტირებული.

  • სასმელ წყალში ფტორს დენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ამატებენ და ამ პრაქტიკას მოსახლეობის შემცირებასთან რაიმე კავშირი არ აქვს

სასმელ წყალში ფტორის გარევა საკმაოდ დიდი ხნის პრაქტიკაა და მისი მიზანი მოსახლეობის დენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა.  1930-იან წლებში კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ბუნებრივად ფტორის შემცველობის წყალს სვამდნენ, კარიესი ნაკლებად უვითარდებოდათ. ამ და შემდგომი კვლევების საფუძველზე, 1945 წელს მიჩიგანის ერთ-ერთ ქალაქში, გრანდ რაპიდსში წყალში ფტორის დამატება დაიწყეს. 2020 წლისთვის აშშ-ის 73%-ს ფტორით გამდიდრებული წყალზე მიუწვდება ხელი. ფტორს წყალში სხვა არაერთი ქვეყანა იმავე მიზეზით ამატებს. არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ ფტორის წყალში დამატება ჯანმრთელობის რისკებთან არის დაკავშირებული და მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს დენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მაგალითად 2016 წელს ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჟურნალში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ წყალში ფტორის დამატებასა და დენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შორის არც ისეთი ძლიერი კავშირია და დენტალური ჯანმრთელობა ბოლო წლებში იმ ქვეყნებშიც გაუმჯობესდა, რომლებიც წყალში ფტორს არ ამატებენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს იმის განსაზღვრას რა რაოდენობის ფტორის დამატებაა მიზანშეწონილი წყალში და ხომ არ არის უმჯობესი დენტალური ჯანრმთელობის გაუმჯობესებისთვის ფტორის სხვა სახით მიღება. აღსანიშნავია, რომ ფტორის ჭარბი რაოდენობით მიღება რიგ შემთხვევებში კბილებზე თეთრი ფერის ლაქების გაჩენას იწვევს. 2015 წელს აშშ-ში მთავრობის გადაწყვეტილებით წყალში ფტორის რაოდენობა შემცირდა. გადაწყვეტილება ნაწილობრივ განპირობებული იყო იმ ფაქტითაც, რომ თანამედროვე სამყაროში ფტორი აქტიურად გამოიყენება კბილის პასტებში, პირის სავლებებში და სხვა დენტალურ პროდუქტებში, შესაბამისად ადამიანები ჭარბი რაოდენობით ფტორს იღებდნენ. წამყვანი ჯანდაცვის ორგანიზაციები, როგორიცაა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) ინარჩუნებენ პოზიციას, რომ ფტორის სასმელ წყალში დამატება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. NHS-ის ვებგვერდზე აღნიშნულია, ბოლო ფართო კვლევების მიხედვით, ფტორის წყალში დამატებას დადებით გავლენა აქვს დენტალურ ჯანმრთელობაზე და არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს რომ ეს პრაქტიკა ჯანრმთელობისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის. 

  • ე.წ. ქიმტრეილები სინამდვილეში ბუნებრივი მოვლენა – კონტრეილია და სახიფათო ნივთიერების გაფრქვევასთან კავშირი არ აქვს

შეთქმულების თეორია, რომ მთავრობები თვითმფრინავების საშუალებით სხვადასხვა ქიმიკატებს აფრქვევენ და ცაში ე.წ. ქიმტრეილებს ტოვებენ 1990-იანი წლებიდან ვრცელდება. “ქიმტრეილი” სინამდვილეში კონტრეილია (condencation trail) – ხაზის ფორმის ღუბელი, რომელიც თვითმფრინავის გამონაბოლქვის შედეგად ჰაერის კონდენსაციით მიღება. კონტრეილი არსებითად წყლისგან შედგება, რომელსაც ყინულის მცირე კრისტალების ფორმა აქვს და ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. ის თუ რამდენი ხანი იქნება კონტრეილი ხილული დამოკიდებულია ტემპერატურაზე და თვითმფრინავის ფრენის სიმაღლეზე არსებული ტენიანობის დონეზე. კონტრეილი შეიძლება სწრაფად აორთქლდეს და გაქრეს ან დიდი ხნის განმავლობაში იყოს ხილული. როდესაც თვითმფრინავის გამონაბოლქვი ცივდება და მის გარშემო ჰაერში ირევა, თუ გარემოში ტენიანობა საკმარისად იწევს, წყლის კონდენსირება ხდება, თუ ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, კონდენსირებული წყალი იყინება და წყლის მცირე კრისტალები წარმოიქმნება – რაც რეალურად კონტრეილს ქმნის. შესაბამისად კონტრეილი კარგად ცნობილი ფიზიკური მოვლენების შედეგია და სახიფათო ქიმიკატების გამოფრქვევასთან რაიმე კავშირი არ აქვს.

ე.წ. ქიმტრეილებთან დაკავშირებული სხვადასხვა კონსპირაციული მტკიცებები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.

აივ-ი ზოონოზური ტიპის ვირუსია – ადამიანებში ცხოველიდან გავრცელდა და ხელოვნურად შექმნილი არ ყოფილა

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) ორგანიზმში იმ უჯრედებს უტევს, რომლებიც სხვადასხვა ინფექციებს ებრძვიან. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) აივ-ით გამოწვეული გვიანი სტადიის მდგომარეობაა, როდესაც სხეული ინფექციისგან ძალიან დასუსტებულია. აივ-ის ორი ტიპი არსებობს აივ-1 და აივ-2. 1999 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აივ-1-ის პირველადი მატარებელი შიმპანზეს ერთ-ერთი ქვესახეობა, შავსახიანი შიმპანზე იყო. იქიდან გამომდინარე, რომ შიმპანზეებზე ნადირობა გავრცელებული პრაქტიკაა, ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის ბევრი შესაძლებლობა არსებობდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის კვლევის მიხედვით, აივ-ი 1920-იან წლებში კინშასადან გავრცელდა. ადამიანის აივ-ით ინფიცირების პირველი დოკუმენტირებული შემთხვევა 1959 წლით თარიღდება. თუმცა დაავადების შემთხვევები, რომლებიც აღწერილობით ჰგავს აივ-ის, უფრო ადრეც არის აღწერილი. შიდსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ გლობალურად აივ-ით დაახლოებით 85.6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 40.4 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 2022 წლის ბოლოს მსოფლიოში 39 მილიონი აივ–ით ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობდა. ვირუსის გავრცელების ისტორია კარგად არის გამოკვლეული და დოკუმენტირებული და ის ხელოვნურად შექმნილი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დეზინფორმაციული მტკიცებები აივ-ის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ ხშირად ვრცელდება – მათგან ერთ-ერთი პირველი კი აშშ-ის წინააღმდეგ კგბ-ს მიერ ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანია “ოპერაცია ინფექცია” იყო. 1985 წელს საბჭოთა “ლიტერატურულმა გაზეთმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აივ-ი ფორტ-დეტრიკის სამხედრო ბაზაზე ლაბორატორიაში შეიმუშავეს. “ლიტერატურული გაზეთი” თავის მხრივ წყაროდ ინდურ მემარცხენე გამოცემა “პატრიოტს” ეყრდნობოდა. კგბ-ს ყოფილი აგენტის, ილია დჟირკველოვის თანახმად, ეს გაზეთი კგბ-ს ჩართულობით სწორედ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის შეიქმნა. მომდევნო წლებში ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში კრემლი სამთავრობო მედიის საშუალებით აქტიურად იყო ჩართული.

აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიში Giorgi Abashidze ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს. მის მიერ წარსულში გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist