ქიმტრეილების და 9/11-ის კონსპირაციის თეორიაზე რუსული არხის – ТВ3-ის სიუჟეტი ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

385
VIEWS

8 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა ე.წ. ქიმტრეილების შესახებ რუსული არხის ТВ3-ის სიუჟეტი გამოაქვეყნა. სიუჟეტის მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში თვითმფრინავების გაფრენის შემდეგ ცაში უცნაური კვალის შემჩნევაა შესაძლებელი და “ექსპერტები” მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის (9/11) ტერაქტსაც უკავშირებენ. გადაცემის მიხედვით, 9/11-ის ტერაქტის შემდეგ თვითმფრინავებით სხვადასხვა ქიმიკატების გაფრქვევა დაიწყო, რომლებიც ადამიანებში აგრესიას ამცირებენ და ამის მიზეზი მორიგი ტერაქტის თავიდან აცილებაა. ჟურნალისტის ალექსეი კნორის თქმით, აშშ-ში საჰაერო ძალების წევრმა კრისტენ მეგანმა, აღიარა, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალები თვითმფრინავებით სახიფათო ქიმიკატებს ატმოსფეროში რეგულარულად აფრქვევენ. სიუჟეტში ასევე მოყვანილია  “ანომალიური მოვლენების ექსპერტის” ნიკოლაი სუბოტინის და “ანომალიური მოვლენების გამომძიებელი” იური ლირის განცხადებები. სუბოტინის თქმით, თვითმფრინავების მიერ ქიმიკატების გამოყენება ხალხის კონტროლს ემსახურება, ხოლო ლირის თქმით “ქიმიოტრასები” გლობალური მთავრობის მიერ ადამიანების რაოდენობის შემცირებისთვის შემუშავებული გეგმაა. გადაცემაში აღნიშნულია, რომ ქიმტრეილებმა 9/11-ის ტერაქტის 12 წლისთავზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს, შესაბამისად სიუჟეტი ТВ3-ის ეთერში, სავარაუდოდ, 2013 წელს გავიდა.

კიდევ ერთი ვიდეო, სადაც კრისტენ მეგანი ქიმტრეილებზე საუბრობს რუსულენოვანი სუბტიტრებით ფეისბუქზე 24 მაისსაც გამოქვეყნდა.

Screenshot 2023 07 26 140651 ქიმტრეილების და 9/11-ის კონსპირაციის თეორიაზე რუსული არხის - ТВ3-ის სიუჟეტი ვრცელდება

თვითმფრინავების მიერ სახიფათო ქიმიკატების გავრცელების შესახებ მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და ТB3-ის სიუჟეტი ქიმტრეილებზე გავრცელებული შეთქმულების თეორიას იმეორებს. კრისტენ მეგანი, რომელმაც სიუჟეტის მიხედვით, აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ სახიფათო ქიმიკატების გავრცელების შემთხვევები გამოააშკარავა, ფსევდო-მეცნიერია, რომელიც წლებია სხვადასხვა თემაზე კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს.

  • ვინ არის კრისტენ მეგანი და რა კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს?

კრისტენ მეგანი (კრისტენ მეგან კელი) თავს სამრეწველო ჰიგიენისტად წარმოაჩენს და უკვე წლებია, სხვადასხვა თემაზე კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს. ვიდეო, რომელიც ТB3-ის სიუჟეტშია გამოქვეყნებული სულ მცირე 2013 წლიდან ვრცელდება. გამოსვლის დროს, მეგანი თავად ამბობს, რომ ცნობილი ამერიკელი კონსპიროლოგის ალექს ჯონსის პლატფორმა Infowar-ზე კონტრიბუტორია. ეს პლატფორმა და თავად ალექს ჯონსიც აშშ-ში სხვადასხვა შეთქმულების თეორიის გავრცელებას აქტიურად უწყობს ხელს. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კრისტენ მეგანი აქტიურად გამოდიოდა ნიღბების გამოყენების წინააღმდეგ და ვაქცინებთან დაკავშირებით უნდობლობას გამოხატავდა. ის მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა.

მეგანი აცხადებს, რომ “უფროსი სამრეწველო ჰიგიენისტია”. სამრეწველო ჰიგიენისტების მოვალეობაში სამუშაო ობიექტებზე აშშ-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის (ОSHA) მიერ შემუშავებული გაიდლაინების გატარებაა. თუმცა როგორც გამოცემა The Daily Beast-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ მეგან კელის განათლება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მიმართულებით აქვს მიღებული, ის სერტიფიცირებული სამრეწველო ჰიგიენისტი არ არის. თავად კელი აცხადებს, რომ სერტიფიკატის არქონა მისი “პირადი არჩევანია”. გარდა ამისა, როგორც Тhe Daily Beast-ს ამერიკის სამრეწველო ჰიგიენის ასოციაციის მმართველმა დირექტორმა, სიუ მარკიზიმ უთხრა, “უფროსი სამრეწველო ჰიგიენისტი” არარსებული წოდებაა. კრისტენ მეგანის შესახებ Тhe Daily Beast-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანის სტატუსი მეგანს საშუალებას აძლევს ბევრი საკითხი, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები შშმ პირების უფლებების დარღვევის კუთხით გაავრცელოს და თავის მტკიცებებს მეტი დამაჯერებლობა შესძინოს. თუმცა, როგორც Тhe Daily Beast აღნიშნავს, ხშირ შემთხვევებში კვლევები, რომლებსაც კრისტენ მეგანი პირბადის ტარების საწინააღმდეგო არგუმენტებისთვის ეყრდნობა, დაზუსტებულ დასკვნამდე არ მიდის, მოძველებულია ან საპირისპიროს ამტკიცებს. ამერიკის სამრეწველო ჰიგიენის ასოციიაციის წევრმა ლარი სლოუნმა გამოცემასთან კომენტარში აღნიშნა, რომ პანდემიასთან და პირბადის ტარებასთან დაკავშირებით კელის მტკიცებები შეცდომაში შემყვანია და ის კონკრეტული კვლევებიდან თავისი ნარატივის განსამტკიცებლად შერჩევითად იყენებს გარკვეულ ინფორმაციას. ლარის თქმით, ნებისმიერი კვლევიდან შეიძლება მონაცემების გადატრიალება (შერჩევითად გამოყენება) საკუთარი პირადი შეხედულებების განსამტკიცებლად. კრისტენ მეგანი ასევე ამტკიცებდა, რომ mRNA ვაქცინები ადამიანის დნმ-ს ცვლის, რაც რეალობას არ შეესაბამება.  Тhe Daily Beast-ს კრისტენ მეგან კელიმ მასზე მომზადებული სტატიის გამო ცილისწამებისთვის უჩივლა, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ Тhe Daily Beast-ის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა, სასამართლომ გამოცემის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმისწარმოება შეწყვიტა.

კორონავირუსთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიების გარდა კრისტენ მეგანი  9/11-ის ტერაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ  9/11 ალ-ქაიდას ტერორისტული თავდასხმა არ იყო და ის თავად აშშ-ს მთავრობამ განახორციელა. ამ კონსპირაციის თეორიას სხვადასხვა სახით გარკვეული ჯგუფები წლების განმავლობაში ავრცელებდნენ. 

11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული მცდარი და კონსპირაციული მტკიცებები მითების დეტექტორმა წარსულშიც გადაამოწმა:

კრისტენ მეგანის გარდა ТВ3-ის სიუჟეტში კიდევ ორი ფსევდო ექსპერტის ნიკოლაი სუბოტინის  და იური ლირის კომენტარებია მოყვანილი. სუბოტონი რუსულ ტელეარხზე Ren TV ფსევდო-მეცნიერულ გადაცემაზე “ყველაზე შოკისმომგვერლი ჰიპოთეზები” მუშაობს და ძირითადად უცხოპლანეტელებთან და დაკავშირებული კონტენის შექმნაში მონაწილეობს. ის ასევე რუსული უფოლოგიური კვლევის კვლევითი სადგურის RUFORS-ის დამფუძნებელია და ამოუცნობ მფრინავ ოფიექტებზე სტატიებს აქვეყნებს. იური ლირი კი თავის იუთუბ-არხზე Astralionica ასევე სხვადასხვა ფსევდომეცნიურ საკითხზე, “სულიერ ზრდაზე”, “კოსმოსურ ცივილიზაციებზე” და “კაცობრიობის საიდუმლოებებზე” აქვეყნებს ვიდეოებს.

  • მტკიცებები ქიმტრეილების შესახებ კონსპირაციის თეორიაა და რეალობას არ შეესაბამება

მტკიცებები, რომ მთავრობები თვითმფრინავების საშუალებით სხვადასხვა ქიმიკატებს აფრქვევენ და ცაში ე.წ. ქიმტრეილებს ტოვებენ გავრცელებული შეთქმულების თეორიის ნაწილია, რომელიც 1990-იანი წლებიდან ვრცელდება. ბოლო პერიოდში შეთქმულების თეორია სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა და სხვადასხვა მტკიცებებს მოიცავს, მაგალითად: ქიმტრეილებს კორონავირუსის გავრცელებისთვის, ვაქცინების გავრცელებისთვის, ადამიანების გონების კონტროლისთვის, მოსახლეობის შემცირებისთვის იყენებენ.

რეალურად “ქიმტრეილი” სინამდვილეში კონტრეილია (condencation trail) – თვითმფრინავის გამონაბოლქვის შედეგად ჰაერის კონდენსაციით გამოწვეული კვალი. კონტრეილი თვითმფრინავის გამონაბოლქვის შედეგად ჰაერის კონდენსირების შემდეგ დატოვებული ხაზის ფორმის ღრუბელია. კონტრეილი არსებითად წყლისგან შედგება, რომელსაც ყინულის მცირე კრისტალების ფორმა აქვს და ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. ის თუ რამდენი ხანი იქნება კონტრეილი ხილული დამოკიდებულია ტემპერატურაზე და თვითმფრინავის ფრენის სიმაღლეზე არსებული ტენიანობის დონეზე. კონტრეილი შეიძლება სწრაფად აორთქლდეს და გაქრეს ან დიდი ხნის განმავლობაში იყოს ხილული. როდესაც თვითმფრინავის გამონაბოლქვი ცივდება და მის გარშემო ჰაერში ირევა, თუ გარემოში ტენიანობა საკმარისად იწევს, წყლის კონდენსირება ხდება, თუ ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, კონდენსირებული წყალი იყინება და წყლის მცირე კრისტალები წარმოიქმნება – რაც რეალურად კონტრეილს ქმნის. შესაბამისად კონტრეილი კარგად ცნობილი ფიზიკური მოვლენების შედეგია და სახიფათო ქიმიკატების გამოფრქვევასთან რაიმე კავშირი არ აქვს. ის, რომ კონტრეილებს ბოლო წლებში უფრო ხშირად ვხედავთ, ზოგადად ავიაციის განვითარებისა და ფრენების გახშირების შედეგია. არ დასტურდება არც ის ინფორმაცია, რომ კონტრეილების გამოჩენის ადგილებში რაიმე დაავადებები ვრცელდება.

აშშ-ის საავიაციო ძალების მიერ კონტრეილებთან დაკავშირებული საინფორმაციო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ე.წ. “ქიმტრილებთან” დაკავშირებული კონსპირაციის თეორია და აშშ-ის საჰაერო ძალების საწინააღმდეგო ბრალდებები სახიფათო ქიმიკატების გავრცელების შესახებ 1996 წლიდან არის პოპულარული და ხშირად ამ ბრალდებების გამავრცელებლები საავიაციო უნივერსიტეტის კვლევას ციტირებენ, რომელიც ამინდის ცვლილებების ექსპერიმენტებთან არის დაკავშირებული, თუმცა მას დიდწილად თეორიული ხასიათი ჰქონდა და ის აშშ-ს საჰაერო ძალების ამჟამინდელ საქმიანობასთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებული არ არის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების ფოკუსი ამინდზე დაკვირვება და მისი პროგნოზირებაა, რათა შესაბამისი ინფორმაცია სამხედრო ოპერაციების შესასრულებლად იყოს გამოყენებული და ორგანოს ამინდის ხელოვნურად ცვლილების მიმართულებით პროგრამები არ აქვს.

ქიმტრეილებზე კონსპირაციული თეორიები, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირებდნენ “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist