2020 წლის 20 აპრილს კრემლისტური ონლაინ გამოცამა “საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ფეისბუქზე “საქინფორმის” სტატია, სათაურით “სენსაცია! ქართველმა ანალიტიკოსმა კორონავირუსის საიდუმლო ამოხსნა – ხიდირბეგიშვილი მართალი აღმოჩნდა” გააზიარა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ხიდირბეგიშვილმა 2020 წლის 24 მარტსა და 11 აპრილს News-Front-თან ინტერვიუებში კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით “სენსაციური ვერსიაზე” ისაუბრა. აღნიშნული ვერსიის მიხედვით, COVID-19 და შიდსი ერთსა და იმავე სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიებში შექმნილი საიდუმლო ბიოლოგიური იარაღია და ორივე ვირუსი ხელოვნურად, მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობისა და არმიის განადგურების მიზნით შეიქმნა.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ერთი თვის შემდეგ, ხიდირბეგიშვილის ვერსია ფრანგმა ვირუსოლოგმა ლუკ მონტანიემ დაადასტურა და 2020 წლის 17 აპრილს ივარაუდა, რომ COVID-19 ლაბორატორიაშია შემუშავებული.
ხიდირბეგიშვილი ასევე წერს, რომ 2017 წლის ოქტომბერში პენტაგონი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში რუსებისა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ეთნიკური ჯგუფების ბიომასალებს აგროვებდა.
24 დეკემბრის მდგომარეობით, საქინფორმის სტატიას 176 გაზიარება აქვს. სტატია ფეისბუქ-გვერდმა “სტალინმაც” გადააზიარა.
ხიდირბეგიშვილი სტატიაში COVID-19-ის, შიდსისა და პენტაგონის კვლევის შესახებ კონსპირაციის თეორიებს ავითარებს: 1) როგორც შიდსის, ისე კორონავირუსის ხელოვნურ წარმომავლობაზე მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს. შიდსის ლაბორატორიული წარმოშობის შესახებ კონსპირაცია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, КГБ-მ ანტიამერიკული განწყობების დასამკვიდრებლად შექმნა და ოპერაცია “ინფექციის” სახელით არის ცნობილი, რაც ევგენი პრიმაკოვმაც აღიარა. 2) 2017 წელს პენტაგონის მიერ რუსების ბიომასალის შეგროვების შესახებ კონსპირაციასთან დაკავშირებით აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ბუ დაუნიმ განმარტა, რომ კვლევა ტრავმებთან დაკავშირებული ბიომარკერების გამოვლენას ისახავდა მიზნად და რადგან პირველ ეტაპზე ნიმუშები რუსული წარმომავლობის ადამიანებისგან აიღეს, კვლევებისთვის მეორე ჯერზეც მსგავსი გენეტიკის მასალა იყო საჭირო.
COVID-19-სა და შიდსის მსგავსი სიმპტომები მათ საერთო ხელოვნურ წარმომავლობას არ ადასტურებს
არნო ხიდირბეგიშვილს COVID-19-სა და შიდსის ერთ ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის არგუმენტად მათი ერთმანეთის მსგავსი სიმპტომები მოჰყავს, როგორიცაა ცხელება, ხველა, დიარეა და ა.შ.
სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება როგორც შიდსის, ისე ახალი ტიპის კორონავირუსის ბუნებრივი წარმოშობის შესახებ, რადგან გავრცელებულ კონსპირაციებს არავითარი მეცნიერული საფუძველი არ აქვს.
შიდსი, იგივე შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსი, აივ-ინფექციით გამოწვეული დაავადების ბოლო სტადიაა. მიიჩნევა, რომ სიმანური იმუნოდეფიციტის ვირუსი (SIV) აფრიკაში შიმპანზეებზე ნადირობისას, მონადირეების ორგანიზმში მოხვდა, ამის შემდეგ მან მუტაცია განიცადა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსად ჩამოყალიბდა (აივი). ამრიგად, ჯერ კიდევ 1920 წელს პანდემიის საწყის წერტილად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქი კინშასა იქცა.
1981 წელს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ შიდსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, დაავადება ლოს-ანჯელესში 5 ჰომოსექსუალ მამაკაცს აღმოაჩნდა. 1980-იან წლების ბოლოს მსოფლიოს მასშტაბით შიდსის ვირუსის დაახლოებით 400 000 შემთხვევა გამოვლინდა. 1982 წელს კი დაავადება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) სახელით კლასიფიცირდა.
COVID-19 ასევე ცხოველური წარმოშობისაა და ადამიანზე დიდი ალბათობით, ღამურისგან გადავიდა.
COVID-19 და შიდსი ვირუსების სხვადასხვა ოჯახს მიეკუთვნებიან. შიდსი რეტროვირუსების ოჯახიდანაა, COVID-19 კი კორონავირუსების ოჯახს ეკუთვნის. ორივე ვირუსი გადამდებია, თუმცა კორონავირუსი რესპირატორული გზით ვრცელდება, ასევე თვალზე, ცხვირსა და პირზე დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულთან ახლო კონტაქტით (შეხება, ხელის ჩამორთმევა). რაც შეეხება შიდსის გავრცელებას, მისი გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით. მაგალითად, შიდსით გადაცემაზე ხშირად მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა შიდსით დაავადებულთან დაუცველი სქესობრივი კავშირი, ასევე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება. ამრიგად, შიდსი, კორონავირუსისგან განსხვავებით, ხელის ჩამორთმევით და საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით არ გადადის.
მსგავსი სიმპტომები იმის მტკიცებულებად ვერ გამოდგება, რომ კორონავირუსი და შიდსი საერთო წარმომავლობისაა და ლაბორატორიაში შეიქმნა. გრიპის ვირუსსა და კორონავირუსსაც მსგავსი სიმპტომები აქვთ, თუმცა ისინი ვირუსების განსხვავებულ ოჯახებს მიეკუთვნებიან და შესაბამისად განსხვავებული წარმომავლობა აქვთ.
ლუკ მონტანიეს განცხადება და მისი კრიტიკა
საქინფორმის სტატიაში ხაზგასმულია, რომ ხიდირბეგიშვილის ვერსია ფრანგმა ვირუსოლოგმა ლუკ მონტანიემაც დაადასტურა და 2020 წლის 17 აპრილს ივარაუდა, რომ COVID-19 ლაბორატორიაშია შემუშავებული.
ვირუსოლოგმა ლუკ მონტანიემ ფრანგულ ტელეარხ CNEWS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიაშია შექმნილი. მონტანიემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ვინც ეს გააკეთა, შესაძლოა, შიდსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა სურდა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მის კოლეგა ჟან-კლოდ პერეზთან ერთად ვირუსის გენომი გააანალიზა და კორონავირუსი გენეტიკური ნაწილაკების ისეთ მიმდევრობას შეიცავს, რომელიც ნაწილობრივ აივ ინფექციის იდენტურია.
მონტანიემ აღნიშნა, რომ ის პირველი არაა, ვინც ეს შენიშნა და მაგალითად ნიუ დელის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფის მიერ 2020 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული კვლევა მოიყვანა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ SARS-CoV-2-ის ცილის ამინომჟავების თანმიმდევრობაში არის „უცნაური მსგავსებები“, შიდსის გამომწვევ ვირუს HIV-1-თან, რაც ინდოელ მკვლევართა აზრით, „ნაკლებ სავარაუდოა, რომ შემთხვევითი იყოს“.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან ტექნიკური მიდგომისა და შედეგების ინტერპრეტაციის შესახებ მიღებული კრიტიკული შეფასებების შემდეგ, თებერვლის დასაწყისში კვლევის ავტორებმა უკან დაიხიეს და ნაშრომის გადასინჯვა გადაწყვიტეს. კვლევის ერთ-ერთი ავტორი კომენტარების ველში წერს, რომ მათი განზრახვა კონსპირაციის თეორიებისთვის საბაბის მიცემა არ ყოფილა.
გარდა ამისა, ინდოელი მკვლევრების ნაშრომი 14 თებერვლის ჟურნალ Emerging Microbes & Infections-ში გამოქვეყნებულ კვლევაშიც გააკრიტიკეს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ინდოელი მკვლევრების მიერ წარმოდგენილი 4 ჩანართის ანალიზი, კორონავირუსის შიდსის გენომიდან შესაძლო გენერირების არანაირ მტკიცებულას არ შეიცავს.
88 წლის ბიოლოგი და ვირუსოლოგი ლუკ მონტანიე მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატი 2008 წელს გახდა. მან სამეცნიერო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც შიდსის გამომწვევი ვირუსის აღმოჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მიუხედავად ამისა, მონტანიეს მიერ კორონავირუსის ბუნებრივი წარმომავლობაში ეჭვის შეტანის შემდეგ, სამეცნიერო საზოგადოებამ ის მწვავედ გააკრიტიკა. როგორც CNEWS წერს, მედიცინისა და მეცნიერების 106-მა აკადემიკოსმა ერთობლივი წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ვერ მიიღებენ მათი კოლეგის განცხადებას, რომელიც მისი კომპეტენციის მიღმაა და ამასთან ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
შიდსის ხელოვნური წარმომავლობის შესახებ კონსპირაცია КГБ-მ შექმნა
არნო ხიდირბეგიშვილმა შიდსის ვირუსთან დაკავშირებით კონსპირაციის თეორია ადრეც გაავრცელა. 2016 წელს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო REX-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ შიდსის ვირუსი პენტაგონის ქიმიურ ლაბორატორიაში ვიეტნამელების წინააღმდეგ ექსპერიმენტის სახით გამოყენებისთვის შეიქმნა.
შიდსის ვირუსის ხელოვნური წარმომავლობის შესახებ კონსპირაციის თეორიები სათავეს საბჭოთა პერიოდიდან იღებს და ის საბჭოთა КГБ-ს ოპერაცია “ინფექციის” სახელით არის ცნობილი. ცივი ომის ეპოქაში, საბჭოთა ბლოკის სადაზვერვო საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს დეზინფორმაციული ოპერაციები შეადგენდა, რომელსაც „აქტიურ ღონისძიებებს” უწოდებდნენ (активиние мероприятия). შიდსის შესახებ დეზინფორმაცია ერთ-ერთი ასეთი „აქტიური ღონისძიება” იყო, რომელსაც საბჭოთა КГБახორციელებდა.
დაუსაბუთებელ ბრალდებებზე დაყრდნობით გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანია 1985 წელს დაიწყო და ის ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შიდსის ვირუსზე დეზინფორმაცია საბჭოთა КГБ-მ შექმნა, ეს ფაქტი 1992 წელს გაზეთ „იზვესტიასთან” რუსეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა ევგენი პრიმაკოვმაც დაადასტურა.
პირველად შიდსის წარმოშობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ინდურმა გაზეთმა “პატრიოტმა” 1983 წელს გამოაქვეყნა. მათი ინფორმაცია გაზეთის რედაქტორისთვის “ცნობილი ამერიკელი მეცნიერის” მიწერილ ანონიმურ წერილს ეყრდნობოდა და ამტკიცებდა, რომ შიდსი პენტაგონის ექსპერიმენტის შედეგია.
“პატრიოტში” გაჟღერებული ბრალდებები 1985 წელს საბჭოთა გამოცემა „Литературная Газета-მ” ვალენტინ ზაპევალოვის სტატიაში გააიმეორა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ შიდსის ვირუსი ფორტ დეტრიკის ლაბორატორიის სპეციალისტებმა შექმნეს. ამის შემდეგ კი დეზინფორმაციამ სხვა საბჭოთა გამოცემებშიც გადაინაცვლა.
ამ თემაზე ვრცლად იხილეთ შემდეგი მასალები:
- KGB-ს ოპერაცია “ინფექციისა” შესახებ “ნიუ-იორკ თაიმსის” დოკუმენტური ფილმი.
- საბჭოთა KGB-ს მითი შიდსის ვირუსის წარმომავლობის შესახებ საქინფორმში
- ამავე თემაზე ქართულ მედიაში გავრცელებული კონსპირაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის ლაბორატორიის” სტუდენტის ანი ქისტაურის საკონკურსო ნაშრომი: “ოპერაცია ინფექცია – დღეს და გუშინ”
კონსპირაცია პენტაგონის შესახებ
არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცება, რომ 2017 წელს პენტაგონი რუსი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ეთნიკური ჯგუფების ბიომასალას აგროვებდა კონსპირაციის თეორიაა, რომელიც კრემლიდან მოდის.
2017 წლის 30 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უცხოელები ბიომასალებს გამიზნულად აგროვებენ. რუსეთის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა გენადი ონიშენკომ კი აღნიშნა, რომ რუსეთიდან ბიოლოგიური მასალის შეგროვება აშშ-ს აგრესიული სამხედრო პროგრამის გაგრძელების დასტურია.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ბუ დაუნიმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პროგრესული მოლეკულური კვლევის ცენტრი ტრავმებთან დაკავშირებულ ბიომარკერებს სწავლობდა, კვლევა ორი ფაზისგან შედგებოდა, ესენია დავადების ტესტირება და კონტროლ ჯგუფი. როგორც დაუნი განმარტავს, პირველ ეტაპზე კვლევის ცენტრმა მასალები რუსული წარმომავლობის ადამიანებისგან შეაგროვა, სწორედ ამიტომ კვლევის მეორე ეტაპზეც მსგავსი მასალა აღმოჩნდა საჭირო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვლევისთვის მნიშვნელოვანი იყოს ნიმუშების მთლიანობა და არა მათი წარმოშობა.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
- ლუგარიდან გაჟონილ დოკუმენტებს ტროლი და კრემლთან დაკავშირებული ჟურნალისტი მანიპულაციურად ავრცელებენ
მოამზადა მარიამ ტალახაძემ
იხილეთ ფეისბუქ-პოსტების არქივები:
სტალინი: https://archive.ph/7POfq
არნო ხიდირბეგიშვილი: https://archive.ph/uKQFZ
მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.
სტატიის მთავარ ფოტოში გამოყენებულია კადრი ნიუ იორკ თაიმსის დოკუმენტური ვიდეოდან – Meet the KGB spies who invented fake news
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული