საბჭოთა KGB-ს მითი შიდსის ვირუსის წარმომავლობის შესახებ საქინფორმში

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

photo
80
VIEWS

21 ივლისს, ონლაინ გამოცემა „საქინფორმმა” გამოაქვეყნა მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო  REX-თან. რომლის თანახმად, შიდსის ვირუსი აშშ-ში ვიეტნამიდან ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩაიტანეს და ის პენტაგონის ქიმიურ ლაბორატორიებში შეიქმნა, რათა ვიეტნამელების წინააღმდეგ ექსპერიმენტის სახით ყოფილიყო გამოყენებული.

კონსპირაციული თეორიები შიდსის ვირუსის ხელოვნური წარმომავლობის შესახებ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს. დეზინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავდა ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას და ეყრდნობოდა დაუსაბუთებელ ფაქტებს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ დეზინფორმაცია საბჭოთა KGB -ს მიერ იყო შექმნილი, რაც 1992 წელს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა ევგენი პრიმაკოვმაც დაადასტურა. რუსული მედია დღესაც აგრძელებს მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებას და ინფექციური დაავადებების წარმოშობის ადგილად ხშირად საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიასაც ასახელებს.

საბჭოთა პროპაგანდის კამპანია

1

საბჭოთა კავშირმა ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანია შიდსის შესახებ 1985 წელს წამოიწყო. საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით, შიდსის ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა ფორტ დეტრიკის კვლევით ცენტრში გენური ინჟინერიის ექპერიმენტების შედეგად, რაც მათი მტკიცებით, მიზნად ახალი ბიოლოგიური იარაღის შექმნას ისახავდა. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამუშაო ჯგუფის მიერ 1987 წლის აგვისტოში მომზადებულ დოკუმენტში „ანგარიში აქტიური ღონისძიებებისა და პროპაგანდის შესახებ, 1986-87″).

შიდსის შესახებ აგორებული საბჭოთა პროპაგანდის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა:

  • ანტიამერიკული სენტიმენტების გაღვივება სსრკსა და აღმოსავლეთ-ევროპაში;
  • ნარატივის – აშშ ქმნის ბიოლოგიურ იარაღს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ – დამკვიდრება;
  • აშშ-ს თავდაცვითი სისტემების დისკრედიტაცია. დეზინფორმაცია ამტკიცებდა, რომ პენტაგონის ლაბორატორიაში შექმნილი ვირუსი გავრცელებული იყო საზღვარგარეთ დისლოცირებულ ამერიკელ ჯარისკაცებში.

დეზინფორმაციის პირველწყარო და საბჭოთა მედია

შიდსის წარმოშობის შესახებ მცდარი ინფორმაცია პირველად 1983 წელს ინდურმა ყოველდღიურმა გაზეთმა „პატრიოტმა” დაბეჭდა. ინფორმაცია ეყრდნობოდა ანონიმურწერილს, რომელიც გაზეთის რედაქტორს „ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა” გაუგზავნა. ანონიმური წერილის მიხედვით, მომაკვდინებელი დაავადება შიდსი პენტაგონის ექსპერიმენტის შედეგია.

2

„პატრიოტი” -ს სტატიის გამოქვეყნებიდან 27 თვის შემდეგ, 1985 წლის 30 ოქტომბერს საბჭოთა ყოველკვირეულმა გამოცემამ „Литературная Газета”გამოაქვეყნა ვალენტინ ზაპევალოვის სტატია სათაურით „პანიკა დასავლეთში, ანუ რას მალავს სენსაცია შიდსის შესახებ”. სტატია იმეორებდა „პატრიოტის” ბრალდებებს და ამტკიცებდა, რომ შიდსის ვირუსი საიდუმლოდ შექმნეს ფორტ დეტრიკის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, თუმცა ავტორს ინფორმაციის პირველწყარო – ანონიმური წერილი არ უხსენებია.

დეზინფორმაციულმა კამპანიამ სხვა საბჭოთა გამოცემებიც მოიცვა:

  • 1985 წლის 10 მარტს რადიო მოსკოვმა აშშ ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნაში დაადანაშაულა და წყაროდ 20 წლის წინანდელი „პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები მოიყვანა”;
  • 1985 წლის 10 ივნისს რადიო მოსკოვის ინგლისურენოვანმა ფილიალმა აფრიკაში ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამსახური კუბაში დენგეს ვირუსის (ციებ-ცხელება) ბაქტერიის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამასთან ამტკიცებდა, თითქოს აშშ ეხმარებოდა სამხრეთ აფრიკას განევითარებინა „ეთნიკური იარაღი”, რომელიც მხოლოდ შავკანიანებს ვნებდა.
  • 1985 წლის 16 ივნისს „კრასნაია ზვეზდა” ამტკიცებდა, რომაშშ ავითარებდა „სუპერიარაღს”, რომელსაც მისი „მსოფლიო ბატონობა” უნდა უზრუნველეყო.
  • 1986 წელს დეზინფორმაცია გავრცელდა გამოცემების „ТАСС”-ისა და „ნოვოსტი”-ს მიერ.

იმისათვის, რომ დეზინფორმაციისთვის ვალიდურობა შეეძინათ, საბჭოთა პროპაგანდამ მოიშველია გერმანელი ბიოფიზიკოსის იაკობ სეგალის მტკიცებები. საბჭოთა პრესა მას ფრანგ მეცნიერად ასაღებდა, რათა დაემალამისი კავშირი საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებად გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან (გდრ).

იაკობ სეგალმა 1940 წელს სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამიტომ ფრანგ მკვლევარად მოიხსენიებდნენ. კვლევაში „შიდსი- მისი ბუნება და წარმოშობა” („სეგალის ანგარიში”) სეგალი ავითარებს ვარაუდს შიდსის ვირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ მისი „ჰიპოთეზა” ეყრდნობა „არაპირდაპირ/ირიბ მტკიცებულებებს”.

მოგვიანებით გაზეთ „Московские новости”-სთვის მიცემულ ინტერვიუში (26 აპრილი, 1987 წ.#17) სეგალმა აღიარა, რომ პირდაპირი მტკიცებულება ცდების მონაწილეების არსებობის ან რაიმე ოფიციალური დოკუმენტის შესახებ არ არსებობდა. თუმცა, მისი აზრით, არაპირდაპირი მტკიცებულებებიც კი ვალიდურად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

სეგალის ვარაუდებმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა საბჭოთა მედიაში. გაზეთი „Советская Россия” 1986 წლის 2 ნოემბერს წერდა, რომ ფრანგი მეცნიერის იაკობ სეგალის აზრით, აშშ ქმნიდა ახალი ტიპის ბაქტერიოლოგიურ იარაღს და არღვევდა 1972 კონვენციას ბიოლოგიური იარაღის შესახებ. მითის გავრცელება განსაკუთრებით გაადვილდა განვითარებად ქვეყნებში, რადგან ადგილობრივ მედიასაშუალებებს აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაშიხელი არ მიუწვდებოდათ დასავლურ წყაროებზე. სამაგიეროდ საბჭოთა მედიასაშუალებებს, მაგ ТАСС -ს 66 განვითარებად ქვეყანაში გააჩნდა საკუთარი ბიურო. გარდა ამისა, არსებობდა სტატიების დაფინანსების პრაქტიკაც, როცა სსრკ ადგილობრივ ჟურნალისტებს პროსაბჭოთა სტატიების გავრცელებაში ფულს უხდიდა.

მეცნიერული ფაქტები

დეზინფორმაციული კამპანია შიდსის შესახებ ეყრდნობა ვარაუდს, რომ HIV-I ვირუსი რეტროვირუსების VISNA და HTLV-I -ის ხელოვნური სინთეზის შედეგად მიიღეს.სინამდვილეში, ამგვარი ხელოვნური სინთეზი შეუძლებელია, რადგანაც:

  • VISNA წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც იწვევს კომპლექსური დაავადების სინდრომს ცხვრებში, ხოლო HTLV-I აავადებს ადამიანებს იშვიათი ტიპის ლეიკემიით. პირველი რეტროვირუსი აინფიცირებს მხოლოდ ცხვრებს, ხოლო მეორე ადამიანებს – რაც შეუძლებელს ხდის მათ ხელოვნურ სინთეზირებას, რადგან ისინი სტრუქტურულად განსხვავდებიან და სხვადასხვა სახეობის უჯრედებს აინფიცირებენ. იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო თუნდაც მათი გენეტიკური სინთეზირება, ჯერ საჭირო იყო მათი კლონირება და შემდგომ გარკვეული თანმიმდევრობით დაჯგუფება. მსგავსი ტექნიკური პროცესის განხორციელება იმ პერიოდში შეუძლებელი იყო.
  • სისხლის ნიმუშები, რომელიც აღებულ იქნა შიდსის ვირუსით დაავადებული ადამიანებისგან აფრიკაში აჩვენებს, რომ ადამიანებში აღნიშნული ვირუსი ჯერ კიდევ 1956 წლიდან არსებობდა- 20 წლით ადრე საბჭოთა კავშირის პროპაგანდის დაწყებამდე.
  • შიდსის ვირუსის ბუნებრივი წარმოშობის მიზეზებზე თავად საბჭოთა ექიმებიც საუბრობდნენ. ვიქტორ ჟდანოვი, მოსკოვის ივანოვსკის ვირუსოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი 1986 წლის 4 ოქტომბერს „ТАСС” კორესპონდენტს უდასტურებს, რომ ვირუსი ხელოვნურად არაა შექმნილი.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) წარმოშობა

მტკიცება, იმის შესახებ რომ აშშ-შიამერიკელმაჯარისკაცებმა ვიეტნამიდან ჩაიტანეს შიდსი უსაფუძვლოა, რადგან შიდსის პანდემიის წარმოშობის ადგილად უკანასკნელი მონაცემების მიხედვით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მიიჩნევა. მეცნიერთა ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, დაავადება პირველად 1920 – იან წლებში ქ. კინშასაში დაფიქსირდა. გლობალური ყურადღება ვირუსმა 1980-იან წლებში მიიპყრო და დაახლოებით 75 მილიონი ადამიანი დააავადა. შიდსის ვირუსი აშშ-ში პირველად 1981 წლის 5 ივნისს, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ დაფიქსირდა. 1982 წლის აგვისტოში დაავადება კლასიფიცირდა, როგორც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV). 

საბჭოთა KGB: ოპერაცია “ინფექცია”

ცივი ომის ეპოქაში, საბჭოთა ბლოკის სადაზვერვო საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს დეზინფორმაციული ოპერაციები შეადგენდა, რომელსაც „აქტიურ ღონისძიებებს” უწოდებდნენ (активиние мероприятия). აქტიური ღონისძიებები გულისხმობდა მანიპულაციას, მედიის კონტროლს, ვერბალური და ბეჭდური დეზინფორმაციის გავრცელებას. შიდსის შესახებ დეზინფორმაცია ერთ-ერთი ასეთი „აქტიური ღონისძიება” იყო, რომელსაც საბჭოთა KGB ახორციელებდა.

1992 წელს, გაზეთ „იზვესტია” სთან რუსეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა ევგენი პრიმაკოვმა დაადასტურა, რომ ისტორიები შიდსის პენტაგონის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ ყალბი ინფორმაცია იყო, რომელიც KGB- ს მიერ შეიქმნა.

რუსული მედია დღეს: თეორიები შიდსის, ებოლას, ზიკას ვირუსებისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.

შიდსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ დეზინფორმაცია რუსეთში დღესაც პოპულარობით სარგებლობს. ამგვარი თეორიების შეთხზვისა და გავრცელების მიზანი იგივეა, როგორც საბჭოთა ეპოქის დროს იყო. კონსპირაციულ თეორიებში დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოსაც, რადგან რუსული დეზინფორმაციის მიხედვით, საქართველოში მდებარე რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის გამავრცელებელი ამერიკული მექანიზმის შემადგენელი ნაწილია.

2016 წლის 25 მარტს, „Независимая газета”გამოაქვეყნა სტატია, (Полчища боевых вирусов подготовлены для наступления” ) რომლის თანახმადაც აშშ აგრძელებს ბაქტერიოლოგიურ და ბიოლოგიური იარაღის შექმნას, ხოლო შიდსის ვირუსი ერთ-ერთი საიდუმლო ამერიკული ლაბორატორიის პროდუქტია. იქვე განვითარებულია მოსაზრება, რომ ებოლას ვირუსსაც მსგავსი წარმოშობა აქვს. სტატიაში მოყვანილია რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს ვერსია ზიკას ვირუსის წარმოშობისა და ლუგარის ლაბორატორიის შესაძლო კავშირის შესახებ. გამოტანილია დასკვნა, რომ აშშ რუსეთის ირგვლივ ქმნის საომარი-ბიოლოგიური ობიექტების მასშტაბურ ქსელს. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოროსია” (Novorus.info) ფორტ დეტრიკს პენტაგონის მთავარ ლაბორატორიულ ცენტრად მიიჩნევს, სადაც ისეთი ეპიდემიური ვირუსები იქმნება, როგორებიცაა შიდსი და ებოლა, ასევე სინთეტიკური ნარკოტიკი „LSD”.

წყარო

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის რედაქტორი: “განა აშშ-ში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვიეტნამიდან არ ჩაიტანეს შიდსი, რომლის ვირუსი, ზოგიერთი მონაცემით, პენტაგონის ქიმიურ ლაბორატორიებში შეიქმნა და ვიეტნამელების წინააღმდეგე ქსპერიმენტის სახით იყენებდნენ?!” საქინფორმი, 21 ივლისი

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist