კრემლის მედიასა და სოციალურ ქსელებში ისრაელის თავდაცვის მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3k
VIEWS

10 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდებმა ალფა სიხშირე / alpha frequency და ყველაფერი სამხედრო შეიარაღებაზე / Military World გამოაქვეყნეს ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ციტატა: “ჩვენ გავაუქმეთ ომის ყველა წესი , ჩვენი ჯარისკაცები არაფერზე არ აგებენ პასუხს. არ იქნება სამხედრო სასამართლოები.” 

იგივე ციტატა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ირაკლი გვალიამ და გიორგი ჯინჯოლავამ, ასევე ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეასთან დაკავშირებული “ზნეობას” წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ გაავრცელეს. 

თავდაცვის მინისტრის იგივე განცხადება 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა რუსულ მედიაში (1,2) მათ შორის Взгляд-სა და Царьград-ზე. ციტატის გავრცელებისას მედიასაშუალებების ნაწილი კრემლისტური მედიის, სპუტნიკის ბელარუსულ გამოცემას ეყრდნობა, რომელმაც ციტატა ტელეგრამ-არხში გაავრცელა. რუსულენოვანი წყაროების ნაწილში (1,2) აღნიშნულია, რომ განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა 10 ოქტომბერს გააკეთა. 

გალანტის სახელით ციტატა გაავრცელეს რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა Новости+ და ფეისბუქ-ანგარიშებმაც (1,2,3,4).

Screenshot 2023 10 12 105706 კრემლის მედიასა და სოციალურ ქსელებში ისრაელის თავდაცვის მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება Screenshot 2023 10 12 105717 კრემლის მედიასა და სოციალურ ქსელებში ისრაელის თავდაცვის მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება Screenshot 2023 10 12 105724 კრემლის მედიასა და სოციალურ ქსელებში ისრაელის თავდაცვის მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება

იოავ გალანტის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. 10 ოქტომბერს გავრცელებულ მიმართვაში ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი სრულ შეტევაზე გადავიდა და ღაზას სექტორში არსებულ რეალობას შეცვლიდა, თუმცა ომის წესების გაუქმება და ისრაელის სამხედროების პასუხისმგებლობისგან სრული გათავისუფლება არ უხსენებია.

10 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელი სრულ შეტევაზე გადავიდა და ღაზას სექტორი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. გალანტმა განცხადება ისრაელისა და ღაზას სექტორის სასაზღვრო ზონაში, ფრონტის ხაზზე ისრაელის სამხედროებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

“ყველა შეზღუდვა მოვხსენი, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ამ ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე. […] თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ აქ რეალობა. თქვენ ნახეთ ამის ფასი და შეძლებთ ნახოთ ცვლილება. ჰამასს სურდა ცვლილება ღაზაში. ცვლილება ჩაფიქრებულისგან 180 გრადუსით განსხვავებული იქნება. […] ინანებენ ამ მომენტს, ღაზა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მათ ვინც მოდის ქალების და ჰოლოკოსტს გადარჩენილების თავის მოსაკვეთად და მოსაკლავად, ჩვენ მთელი ძალითა და კომპრომისის გარეშე გავანადგურებთ” – თქვა გალანტმა მიმართვაში.

მიმართვის ვიდეო იოავ გალანტის X-ის (Тwitter) ანგარიშზე გამოქვეყნდა. ინფორმაციის დამატებით გადამოწმებისთვის “მითების დეტექტორი” ისრაელური გამოცემის Globes ფაქტების გადამოწმების სამსახურს დაუკავშირდა. Globes-ის წარმომადგენელმა “მითების დეტექტორს” დაუდასტურა, რომ გავრცელებული ციტატა არც ამ მიმართვაში ფიგურირებს და არც სხვა ისრაელურ მედიას გაუშუქებია.

ომის წესები გალანტმა, 8 ოქტომბერს ქალაქ ოფაკიმში სამხედროებთან შეხვედრის დროს ახსენა, თუმცა არა ომის კანონის უგულებელყოფისა და ისრაელის მხრიდან სამხედრო დანაშაულების ჩადენის დაუსჯელობის კონტექსტში. 

“ომის წესები შეიცვალა. ფასი, რომელსაც ღაზას სექტორი გადაიხდის, ძალიან დიდი იქნება. ეს რეალობას თაობებისთვის შეცვლის.” – თქვა გალანტმა.

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა დაიწყო. ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით,  შეტევა არის პასუხი ისრაელის მიერ ალ-აქსას მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმებზე. შეტევა რომელიც ებრაული ქალაქების მასიური სარაკეტო დარტყმებით დაიწყო, ღაზა-ისრაელის საზღვრის გარღვევითა და ჰამასის შეიარაღებული წევრების მიერ მშვიდობიან მოსახლეობასა და ისრაელის ბაზებზე თავდასხმით გაგრძელდა და შედეგად, ტერორისტებმა 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 150 კი გაიტაცეს. ისრაელმა ამ აქტის საპასუხოდ ომი გამოაცხადა, დაიბრუნა კონტროლი საზღვარზე და ჰამასის 1500-მდე მებრძოლი დახოცა. ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგად კი 950-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. 9 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი ჰამასს გაანადგურებს და განხორციელებული თავდასხმის გამო შურს იძიებს.

წყაროების შესახებ:

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს, მათ შორის, გაყალბებულ ციტატებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

ზნეობის” წევრი დავით ლორთქიფანიძის ალტერნატიული ანგარიშის დავით ლორთႵიფანიძე-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. გარდა ამისა, სხვადასხვა ანგარიშებით ის რამდენიმე დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist