დასპონსორებული პოსტები და ანტილიბერალური გზავნილები – ვინ და როგორ ცდილობს 20 ივნისის აქციის დისკრედიტაციას?

კითხვის დრო: 9 წუთი

კითხვის დრო: 9 წუთი

372
VIEWS

2022 წლის 20 ივნისს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, “გავრილოვის ღამის” სამი წლის თავზე, მრავალათასიანი აქცია, სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” გაიმართა. აქციის მიზანს ევროკავშირისთვის „დასავლური ღირებულებებისადმი“ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება წარმოადგენდა. 

სოციალურ ქსელში აქციის დისკრედიტაციის კამპანია 20 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და მასში როგორც პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ-გვერდები, ფეისბუკ-ჯგუფები და მედია, ასევე ანტილიბერალური, კრემლისტური გვერდები და ინდივიდუალური ანგარიშები ჩაერთნენ. ისინი სამოქალაქო მოძრაობა  “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქციის დისკრედიტაციას ორგანიზატორების “ნაციონალურ მოძრაობასა” და  ლგბტქ+ თემთან კავშირზე აპელირებით ცდილობდნენ, ამავე დროს, ამტკიცებდნენ, რომ აქციის უკან “პრორუსული ძალები” იდგნენ. გარდა ამისა, სახელისუფლებო მედიები და ფეისბუკ-გვერდები აქციის დაწყებამდე გადაღებულ კადრებს იმის საილუსტრაციოდ აჩვენებდნენ, რომ აქცია მცირერიცხოვანი იყო. აღსანიშნავია, რომ, რიგ შემთხვევებში, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორების მიერ გავრცელებული გზავნილები და ფოტო-ვიდეო მასალა ერთი და იმავე შინაარსის იყო. 

“მითების დეტექტორის” მონიტორინგის პროცესში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა:

  • 20 ივნისის აქცია “პრორუსი”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ორგანიზატორები ჰყავს;
  • “სირცხვილიას” დაორგანიზებულ აქციაზე სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებია განთავსებული;
  • ხალხი “რუსული სპეცსამსახურების” და “ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსებული აქციის წინააღმდეგია;
  • “სირცხვილიას” რურუა და ოქრიაშვილი აფინანსებენ;
  • 20 ივნისის აქციას ლგბტქ+ თემის წევრები უერთდებიან და მის პრაიდში გადაზრდას გეგმავენ.

“მითების დეტექტორმა” დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 19 ფეისბუკ-გვერდი გამოავლინა, რომელთაგანაც 11 ანტილიბერალური, 8 კი ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელია. 3 პროსახელისუფლებო ფეისბუკ-გვერდსა (პოლიტიკური სატირა/Political Satire, პოლიტიკური აბსურდი, არქივი) და მედიას (POSTV – ანალიტიკა) პოსტები დასპონსორებული ჰქონდათ.

20 ივნისის აქციას “პრორუსი”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ორგანიზატორები ჰყავს

პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ-გვერდები  (ტერენტი გლდანელიპოლიტიკური აბსურდი) აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დისკრედიტაციის მიზნით, ავრცელებდნენ ვიდეოკოლაჟს, რომელიც თითქოს მათ “პრორუსულობას” უსვამდა ხაზს. აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიდეო კრემლისტური მედია  ტელეკომპანია სეზონი • TV Sezoni-ის  სიუჟეტშიც მოხვდა.

ფეისბუკ-გვერდები (არ აგარევინებთ, პოლიტიკური აბსურდი, მიშინგი) აქციის დისკრედიტაციის მიზნით, ავრცელებდნენ ვიდეოკოლაჟს, რომელიც  აქციის ორგანიზატორების და მხარდაჭერების “პრორუსულობას”,  მათ “ნაციონალურ მოძრაობასა” და   ლგბტქ+ ორგანიზაციებთან კავშირს უსვამდა ხაზს. ასევე, ფეისბუკ-გვერდი პოლიტიკური სატირა/]Political Satire წერდა, რომ  “სირცხვილია” “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ-გვერდების “მიშინგი”, არ აგარევინებთ” “პოლიტიკური აბსურდი” მიერ გავრცელებული ვიდეოკოლაჟის 0:28 წამზე ფოტოშოპით დამუშავებული ფოტოა გამოყენებული. ფოტო 2019 წელს, ლგბტქ+ აქტივისტების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და მასზე სამოქალაქო აქტივისტს პლაკატი წარწერით “არა ტრანსფობიას” უჭირავს. დამუშავებულ ფოტოზე კი ეს ბანერი მიხეილ სააკაშვილის ფოტოთია  ჩანაცვლებული, რომელზეც “თავისუფლება მიშას”  აწერია. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

მსგავსი შინაარსის ვიდეოს კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი გვერდი კონსერვატორი ქალები და ინდივიდუალური პროფილი კონსერვატიული მოძრაობაც ავრცელებდნენ. ვიდეო 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების, მათ შორის თბილისი პრაიდის, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ფოტოებითაა აწყობილი და ევროკავშირისა და ლგბტქ+ გაერთიანებული დროშის კადრით მთავრდება.

“სირცხვილიას” დაორგანიზებული აქციაზე სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებია განთავსებული

პროსახელისუფლებო მედიები (TV Imedi, POSTV – ანალიტიკა) და ფეისბუკ-გვერდები  (ტერენტი გლდანელი (ბმული 1, 2), არ აგარევინებთ, მიშინგი (ბმული 1, 2),  პოლიტიკური სატირა / Political Satire) აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე წერდნენ, რომ “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერი გამოფინეს. ინფორმაცია მკითხველში ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ აქცია “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული იყო და აქციის მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება იყო.

იდენტური ინფორმაცია და ფოტო კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერ გვერდზე კონსერვატორი ქალები, ანტილიბერალურ ჯგუფში History of Georgia და კრემლისტური გამოცემების Tvalsazrisi.ge-სა და infoanalytical.ge-ს ავტორის, ირაკლი ჯანყარაშვილის პროფილზე ირაკლი ირაკლი გამოქვეყნდა.

ფეისბუქ-ჯგუფში მიშა საქართველოს პრეზიდენტია ყალბმა ანგარიშმა Mariam Beridze ბანერის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზე განთავსებულ წარწერაშიც იმ ადამიანებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ვისაც მიხეილ სააკაშვილი არ უყვარს. პოსტის ავტორი, ყალბი ანგარიში წერდა, რომ ბევრი ასეთი ბანერი შეხვდა და სააკაშვილის გათავისუფლება უპირველესი მოთხოვნაა. აღსანიშნავია, რომ ფოტო პარლამენტის წინაა გადაღებული, თუმცა კადრში აქციის არცერთი მონაწილე არ ჩანს.

მოგვიანებით, მარიამ ბერიძის პოსტი ანტიოპოზიციურმა ფეისბუკ-ანგარიშმა  ტერენტი გლდანელი და ფეისბუკ-გვერდმა მიხეილ უკრაინოლოგი, ასევე კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერმა გვერდმა სარკრაზმელები აქციის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირზე ხაზგასასმელად გაავრცელეს.

ბანერის ფოტო საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილმა 20 ივნისის აქციის საწინააღმდეგო პოსტს დაურთო, მოგვიანებით კი აქციის დაწყებამდე გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ბანერის ფოტოთი ჩაანაცვლა, თუმცა მისი პოსტი გამოცემებმა ალია და სივრცეები საკუთარ ვებ-გვერდებზე ორივე ბანერის ფოტოთი გამოაქვეყნეს.

აღსანიშნავია, რომ ყალბმა ფეისბუკ-ანგარიშმა Mariam Beridze-მ, რომელსაც სამუშაო ადგილად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქვს მითითებული, 2022 წლის აპრილში  სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით, ყალბი პოსტი გაავრცელა, რომელშიც მხარდამჭერებს ყოფილი პრეზიდენტის გადასარჩენად თირკმლის გაყიდვისკენ მოუწოდებდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ხალხი უარს უცხადებს “რუსული სპეცსამსახურების” და “ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსებულ აქციას

პრო-სახელისუფლებო მედიების ნაწილი (მარშალ პრესი, POSTV – ახალი ამბები), ასევე ანტიოპოზიციური ფეისბუკ-ანგარიშები  (ტერენტი გლდანელი, პოლიტიკური აბსურდი) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ქუთაისმა “რუსული სპეცსამსახურებისა” და  “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაფინანსებულ აქციას უარი უთხრა და ხალხი არ შეიკრიბა.


აქციაზე ხალხის სიმცირის საილუსტრაციოდ სამთავრობო მედიამ POSTV- ანალიტიკა და პრო-სახელისუფლებო გვერდმა  მიხეილ უკრაინოლოგი  აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული კადრები გამოაქვეყნეს, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ 20 ივნისს ორგანიზებულ აქციაზე ცოტა ხალხი შეიკრიბა. აქციის დაწყებასთან ერთად, TV Imedi გადაცემაში “ქრონიკა” სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის გაზრდის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას, პარალელურად კი ეთერში  დრონით გადაღებული აქციის კადრები გადიოდა.

ამავე დროს,  POSTV – ანალიტიკა ვიდეოს შემდეგი აღწერით ავრცელებდა: “თსუ-ს სტუდენტების ნაწილი გაემიჯნა აქციას, რადგან ეს არის პოლიტიკური აქცია და მათ არ უნდათ მიიღონ მონაწილეობა “ნაცების აქციაში.”

“სირცხვილიას” რურუა და ოქრიაშვილი აფინანსებენ

ანტიოპოზიციურმა და პრო-სახელისუფლებო ფეისბუკ-გვერდებმა მიშინგი, პოლიტიკური აბსურდი, არქივი ასევე გაავრცელეს ვიდეოები, რომლებიც “სირცხვილიას” ორგანიზატორების გიორგი რურუასა და კახა ოქრიაშვილთან კავშირს უსვამდენ ხაზს და ამტკიცებდნენ, რომ ისინი აქციის დამფინანსებლები იყვნენ.

20 ივნისის აქციას ლგბტქ+ თემის წევრები უერთდებიან და მის პრაიდში გადაზრდას გეგმავენ

აქციის  ლგბტქ+ თემთან კავშირის ხაზგასასმელად სახელისუფლებო მედიამ POSTV -ანალიტიკა, სავარაუდოდ ყალბი ფეისბუქ-პროფილის სახელად Guga Aserti-ს კომენტარის სქრინი დასპონსორებით გაავრცელა. კომენტარში ის წერს, რომ აქციაზე “ლგბტ დროშებიც იქნება ჩათვალეთ პარადს ვატარებთ 20-ში ისიამოვნეთ ორკებო”. POSTV-ს პოსტში აღნიშნულია, რომ 20 ივნისის აქციას ლგბტ თემის წარმომადგენლებიც უერთდებიან. 

სქრინი ასევე ანტიოპოზიციურ ფეისბუკ ანგარიშზე ტერენტი გლდანელი და ჯგუფებში მოქალაქე, პროტესტი! Protest! Протест! გავრცელდა. გარდა ამისა, იმავე შინაარსის პოსტები კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერმა გვერდზე კონსერვატორი ქალები და ანტილიბერალურ ჯგუფში History of Georgia გამოაქვეყნეს.

22 ივნისის მდგომარეობით, ფეისბუქ-პროფილი Gugu Aserti ხელმისაწვდომი აღარ არის. ანგარიში ახალი შექმნილი იყო და მხოლოდ პროფილის და გარეკნის ფოტოები ჰქონდა გამოქვეყნებული, პროფილზე პერსონალური ინფორმაცია განთავსებული არ ყოფილა.

პარალელურად, ფეისბუკ-გვერდი  პოლიტიკური სატირა / Political Satire და ანგარიში ტერენტი გლდანელი წერდნენ, რომ აქციებზე სიარული მოდაშია და ხალხი, რომელიც პროტესტს გამოხატავს გაურკვეველი “ჯიშისაა”.

იდენტური ვიდეო აღწერით “მომავალი თაობა შიგ ევროპისკენ” “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ფეისბუკ-გვერდმა სარკრაზმელები, ხოლო პროფილმა სამშობლოსთვის მებრძოლი აღწერით – “ფრთხილად, მოდიან!” გამოაქვეყნეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეების კომენტარების ვიდეოკოლაჟი ფეისბუქ-გვერდმა სარკრაზმელები აღწერით “კაცნდილოსნები” გამოაქვეყნა. ირაკლი ჯანყარაშვილმა კი ერთ-ერთი მონაწილის ფოტო “კომედი შოუს” სკეჩის კადრთან ერთად გამოაქვეყნა, რომელშიც მსახიობი თემო ნიქაბაძე ქალის როლს ასრულებს.

კონსერვატიული მოძრაობისა და ალტ-ინფოს წევრები და მხარდამჭერები აქტიურად ავრცელებდნენ პროფესიით მხატვარი ტიკ-ტოკერის – ლადო მხეიძის აქციაზე გადაღებულ ფოტოს, რომელზეც მას კაბა აცვია და სახე ევროკავშირის დროშის ფერებში აქვს მოხატული.

ფოტო კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა მარტინენკომ, ასევე პარტიის წევრმა ჯარჯი ნონაშვილმა გამოაქვეყნეს. მარტინენკო წერს, რომ გუშინდელი აქციის ეს მონაწილე “ევროსაქართველოს მენტალური სახეა”, რომლის ჩამოყალიბებისთვისაც აქციები ეწყობა, ნონაშვილი კი აქციაზე მისულ მოქალაქეებს გეი-აქტივისტებს უწოდებს.

გარდა ამისა, ფოტო ფეისბუქ-გვერდზე სარკრაზმელები, ჯგუფებში ქართველები საქართველოსთვის🇬🇪❤, History of Georgia  და კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერ ინდივიდუალურ ანგარიშებზე (1, 2, 3, 4, 5) გამოქვეყნდა.

ფოტო პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერისა და ონლაინ გამოცემების Tvalsazrisi.ge, Infoanalytical.ge ავტორის, ირაკლი ჯანყარაშვილის სამ ფეისბუკ-გვერდზე (პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები, რეზიდენტი / Resident, გლობალური პოლიტიკა) გავრცელდა.

ფოტო ანტიოპოზიციურ გვერდზე მიშინგი, ფეისბუკ პროფილზე ტერენტი გლდანელი,  პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერ პროფილზე პოლიტიკური სატირა და ბაკურ სვანიძის გვერდზე იროnews/ირონიუსი გამოქვეყნდა. 

აქციის დისკრედიტაციას მისი ლგბტქ+ თემთან დაკავშირებითა და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებით ორგანიზაცია “ზნეობა” და “ქართული იდეაც” ცდილობდნენ. “ზნეობის” წევრი Ⴃავით Ⴊორთქიფანიძე აქციის ორგანიზატორ მოძრაობა “სირცხვილიას” სოდომიტურს უწოდებს. 

დავით ლორთქიფანიძე: “ბინძური სოდომიტური სირცხვილიას დაძახებულზე რომ კაცი გავა, იმას რაღა უნდა ელაპარაკო?”

ქართული იდეა – qartuliidea.ge ფეისბუქ-გვერდზე წერს, რომ აქციის ორგანიზატორებისგან განსხვავებით, რუსთაველზე მისული ხალხის უმრავლესობისთვის “მამათმავლური ცხოვრების წესი” მიუღებელია.

ქართული იდეა: “ორგანიზატორებისგან განსხვავებით, რუსთაველზე მისული ხალხის უმრავლესობისთვის მიუღებელია მამათმავლური ცხოვრების წესი… გაიხარონ იმ ვაჟკაცებმა, ვინც აქციაზე საშუალება არ მისცა გაერთიანებული ოპოზიციის პარტ-აქტივს და ლგბტ პროპაგანდისტებს რომ გამოეფინათ თავიანთი ატრიბუტიკა.”

აქციის მონაწილეების დისკრედიტაცია

აქციაზე სიტყვით გამომსვლელების დისკრედიტაციის მიზნით, ფეისბუკ-გვერდები ლიდერი 41, არ აგარევინებთ, მიშინგი  ტერენტი გლდანელი, (ბმული 1, 2, 3 ), მიხეილ უკრაინოლოგი (ბმული 1, 2) აქციის მონაწილეების სიტყვით გამოსვლის ვიდეოებს დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარებით ავრცელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ იდენტური პოსტები ტელეკომპანია სეზონის წამყვანმა, ნიკოლოზ მჟავანაძემაც გაავრცელა (1, 2). მჟავანაძემ ასევე დაწერა, რომ აქციაზე “ყოფილი და ფარული ნაცები” იდგნენ.

აქციის მონაწილეების მადისკრედიტირებელი პოსტებს კონსერვატიული მოძრაობისა და ალტ-ინფოს მხარდამჭერებიც აქტიურად ავრცელებდნენ. ფეისბუქ-გვერდ სარკრაზმელებს, კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერ (1, 2, 3, 4, 5) და რეგიონული ოფისების სახელით შექმნილ პროფილებს (1) სიტყვით გამომსვლელი სტუდენტების ვიდეოები მათი დაცინვისა და დისკრედიტაციის მიზნით აქვთ გამოქვეყნებული, კონკრეტულად კი პოსტების ავტორები სიტყვით გამომსველელების საუბრის მანერასა და ხმის ტემბრს დასცინიან, ამის ერთ-ერთი მაგალითია სიტყვით გამომსვლელი სტუდენტისა და მამლის ყივილის ვიდეო-კოლაჟი.

“კონსერვატიული მოძრაობის” პარტიული შეკრება აქციის მიმდინარეობისას

20 ივნისს კონსერვატიული მოძრაობა და ალტ-ინფო სოციალურ ქსელში აქციაზე მისვლისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წინ შეკრებილები 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე მათ მიერ აღმართულ ჯვარს შეეხებოდნენ.

აქციის “გეი-პარადში” გადაზრდის შესაძლებლობაზე წერდნენ ქართული იდეა – qartuliidea.ge და ალექსანდრე ფალავანდიშვილი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ასეთ შემთხვევაში “გეი-აქტივისტები” უმკაცრეს პასუხს მიიღებდნენ.

ალექსანდრე ფალავანდიშვილი: თუ გეი-აქტივისტები დაანონსებულ პრო-ევროპულ აქციაზე ლგბტ პროპაგანდას დაიწყებენ და შეეცდებიან აქციის გეი-პარადში გადაზარდას, ვფიქრობ, უმკაცრესს პასუხს მიიღებენ და შესაძლოა პროცესებმა უმართავი სახე მიიღოს.

დღის ბოლოს კონსერვატიული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ კიდეც, ამის ამსახველი ვიდეო შოთა მარტინენკომ საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ პარტიული შეკრების მიზეზი იმ შემთხვევისთვის მზადყოფნა იყო, თუ “ვინმე ევროპაწართმეულებს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ძალების მოსინჯვა მოაფიქრდებოდათ”.

ალტ-ინფოს დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ აქციის დასრულების შემდეგ საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ ჯვარს არავინ შეხებია, შესაბამისად კონსერვატიული მოძრაობის აქციაზე მისვლის საჭიროება არ დამდგარა. მან ასევე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები 24 ივნისს “მაიდნის ვერსიის” გააქტიურებას შეეცდებიან.

კონსტანტინე მორგოშია: “24-ში რომ ეს პოლიტკური მეძავები დაიწყებენ იმ ვერსიის გააქტიურებას რასაც ქვია მაიდანი… მერე სულ 2-3,000 კაცი დარჩება…რადგან ყველა მიხვდება, რომ ეს აქცია შეფუთულია და არაფერი კავშირი არ აქვს ევროპულ გზასთან.”

დასპონსორებული დისკრედიტაციის კამპანია

პოსტები, რომლებიც აქციის მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდებოდა, ხშირ შემთხვევაში, დასპონსორებული იყო. POSTV-ანალიტიკამ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებული 10 პოსტი დაასპონსორა, მათი უმეტესობა მხოლოდ აქციის დღეს, 20 ივნისს იყო დასპონსორებული და თითოეულ მათგანში 100 დოლარზე ნაკლები იყო გადახდილი.

რაც შეეხება ანტიოპოზიციურ გვერდებს, 20 ივნისის აქციის თემაზე გვერდებმა პოლიტიკური აბსურდი და პოლიტიკური სატირა/Political Satire 4-4 პოსტი დაასპონსორეს, ფეისბუქ-გვერდმა მიშინგი 3, ხოლო არქივი – Archive 2 პოსტი.

აქციაზე “თავისუფლება მიშას” ბანერის არსებობის შესახებ ინფორმაცია სახელისუფლებო მედიასაშუალება POSTV – ანალიტიკა და ანტიოპოზიციურმა გვერდმა  პოლიტიკური სატირა / Political Satire დაასპონსორეს.



დარეკლამებული იყო ასევე  ფეისბუკ-გვერდების  – პოლიტიკური სატირა / Political Satireპოლიტიკური აბსურდი, არქივი პოსტებიც, რომლებიც აქციის ორანიზატორების პრორუსულობას, “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირს უსვამდა ხაზს. “პოლიტიკური აბსურდის” დარეკლამებულ პოსტებში თანხის გადამხდელად Ramaz Beridze არის მითითებული.

აქციაზე ხალხის სიმცირის ხაზგასასმელად პოსტები დაფინანსებული ჰქონდათ პოლიტიკურ აბსურდსა და POSTV – ანალიტიკა -ს.



დაფინანსებული იყო POSTV -ანალიტიკა-ს პოსტიც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ  აქციას ლგბტქ+ თემის წევრებიც უერთდებოდნენ და ფეისბუკ-გვერდის  პოლიტიკური სატირა / Political Satire პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აქციებზე სიარული ქართველი “ფსევდო-ლიბერალებისთვის” მოდაშია.


მასალის ქავერზე გამოყენებული მთავარი ფოტო © მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება, თბილისი, 20 ივნისი, 2022

წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

წყარო

ko
მორგოშია კონსტანტინე

წყარო

qart
ქართული იდეა

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist