17 იანვარს კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში (Известия, МОСКВА 24, Московский Комсомолец, Военное обозрение,) და ფეისბუკის რუსულ (1, 2) და ქართულ ანგარიშებზე (1) გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (TVP 1) ამინდის პროგნოზის გამოშვებაში, ლვივის ოლქი რუკაზე პოლონეთის შემადგენლობაში იყო შეყვანილი. სტატიებს თან TVP 1 – ის ლოგოს გამოსახულებით კადრი ერთვის, რომელზეც პოლონეთის რუკა და ამინდის პროგნოზი ჩანს. კრემლის მედია ავითარებს მოსაზრებას, რომ ეს ნაბიჯიც იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, პოლონეთს დასავლეთ უკრაინის ანექსია სურს.
გავრცელებული კადრი ფოტოფაბრიკაციაა და ის პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ გასულა: 1. კადრზე გამოსახული წამყვანი არა პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, არამედ “რადიო მარიას” ჟურნალისტი – იოანა ვისოცკაა. მისი ფოტო კადრში პროგრამულადაა ჩასმული. 2. რუკაზე ქალაქებისა და ქვეყნების პოლონური დასახელება შეცდომებითაა დაწერილი. 3. პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამინდის პროგნოზის გრაფიკული დიზაინი მოცემულისგან განსხვავებულია და მასზე მხოლოდ ის ტერიტორიაა დატანილი, რომელიც პოლონეთს ოფიციალურად ეკუთვნის.
1. კადრზე გამოსახული წამყვანი პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი არ არის
ჟურნალისტი, რომელიც გავრცელებული ფოტოს მიხედვით, პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამინდის პროგნოზს აცხადებს, რეალურად, ” რადიო მარიას” წამყვანი და რეპორტიორია. აღნიშნული ფოტო კი 2020 წლის 27 მარტს გასული გადაცემის Тhumbnail – დანაა მოსქრინული. კადრში ნათლად ჩანს, რომ წამყვანი ზუსტად იგივე დგომით, ვარცხნილობითა და ტანსაცმლითაა წარმოდგენილი, როგორც რუსული მედიების გავრცელებულ ფოტოში.

2. რუკაზე ქვეყნებისა და ქალაქების პოლონური დასახელებები შეცდომითაა დაწერილი
გავრცელებულ რუკაზე, ქვეყნებისა და ქალაქების დასახელებებს აკლია შესაბამისი პოლონური სიმბოლოები, როგორიცაა “ł”, “ó” ან “ś”.
სწორია | არასწორია |
LWÓW | LWOW |
KIJÓW | KIJOW |
BIAŁORUŚ | BIALORUS |
SŁOWACJA | SLOWACJA |
3. TVP 1- ის ამინდის პროგნოზის გრაფიკული დიზაინი გავრცელებულისაგან განსხვავებულია
პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამინდის პროგნოზის გამოშვებას სოციალურ ქსელში გავრცელებული ვერსიისგან განსხვავებული გრაფიკული დიზაინი აქვს და მასზე მხოლოდ ის ტერიტორიებია დატანილი, რომელიც პოლონეთს ოფიციალურად ეკუთვნის.

იდენტური ბრალდებით სხვა რუკები კრემლის პროპაგანდისტულ მედიასა და ფეისბუკ-გვერდებზეც 2022 წელსაც ვრცელდებოდა, როგორც მტკიცებულება, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის მიერთებას გეგმავს. რუკებზე უკრაინა რამდენიმე ქვეყანას – პოლონეთს, რუსეთს, რუმინეთსა და უნგრეთს – შორის იყო გადანაწილებული. რეალურად, რუკა ძველი აღმოჩნდა და ის პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2014 წლის 24 მარტს გასული სიუჟეტიდან იყო, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი ვლადიმერ ჟირინოვსკის წერილს შეეხებოდა. ჟირინოვსკი პოლონეთს უკრაინის გადანაწილებაში მონაწილეობას სთავაზობდა და რუკაც ამ გადანაწილების ვიზუალიზაციად იყო გამოყენებული. ვრცლად იხილეთ:
- აპირებს თუ არა პოლონეთი უკრაინის რუსეთთან, უნგრეთთან და რუმინეთთან განაწილებას?
- ვის სურს უკრაინის დანაწილება – პოლონეთს თუ ჟირინოვსკის?
ისტორიული ტრავმების გაღვივება და საზოგადოების დაყოფა კრემლის პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია. პოლონეთის მიერ ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი კი განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა. პრორუსული აქტორები ცდილობენ აზრის დამკვიდრებას, რომ პოლონეთი ომს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და რეალურად დასავლეთ უკრაინის მიერთება სურს. აღნიშნულ თემაზე დეზინფორმაცია მითების დეტექტორმა წარსულში არაერთხელ გამოავლინა:
- დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ანექსიის თარიღები ცნობილია
- დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი ლვივის შემოერთებას რეფერენდუმის გზით გეგმავს
- 3 დეზინფორმაცია პოლონეთის მიერ უკრაინის “ხელში ჩაგდების” მცდელობებზე
- იაკოვ კედმის დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინაში ჯარი შეყავს
- კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურს
- რა თქვა ანჯეი დუდამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე და როგორ მანიპულირებს მისი სიტყვებით კრემლის პროპაგანდა?
- ნატოს სამშვიდობო მისია თუ დასავლეთ უკრაინის დაბრუნება – ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას პოლონეთის გეგმებზე?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.