აპირებს თუ არა პოლონეთი უკრაინის რუსეთთან, უნგრეთთან და რუმინეთთან განაწილებას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

7.1k
VIEWS

23 მარტს ფეისბუკ-გვერდმა Новости и Политика იუთუბ არხის Аспекты-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი გამოაქვეყნა. სიუჟეტში საუბარია, რომ პოლონეთი უკრაინაში შეჭრისთვის გეგმას ამზადებს. მაყურებელს მოუწოდებენ ყურადღება მიაქციონ პოლონურ ტელევიზიაში გასულ კადრებს, სადაც აჩვენებენ რუკას, რომელშიც უკრაინა რამდენიმე ქვეყანას –  პოლონეთს, რუსეთს, რუმინეთსა და უნგრეთს – შორის არის გადანაწილებული. ავტორის თქმით, კადრები პოლონეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფშია გადაღებული. 

ფოტოები იმავე შინაარსის აღწერით რუსულმა გამოცემა – u-f.ru გამოაქვეყნა. გამოცემის მიხედვით, პოლონეთში, სამხედროებს უკვე ახალი რუკები დაურიგეს,სადაც უკრაინა პოლონეთს, რუსეთს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის არის გადანაწილებული. 

რუკის ფოტო, სადაც უკრაინა დანაწილებულია, ფეისბუკ მომხმარებელმა Hovhannes Azati Tadevosyan-ც  გაავრცელა. ფოტოების გამავრცელებლები ამტკიცებენ, რომ რუკა პოლონურ მედიაში ამჟამად ვრცელდება. 

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს, ყალბია: 1. რეალურად რუკა ძველია და ის პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2014 წლის 24 მარტს გასული სიუჟეტიდანაა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი ვლადიმერ ჟირინოვსკის წერილს შეეხება. ჟირინოვსკი პოლონეთს უკრაინის გადანაწილებაში მონაწილეობას სთავაზობდა და რუკაც ამ გადანაწილების ვიზუალიზაციად იყო გამოყენებული. 2) მეორე ფოტო კი, არა პოლონეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებს, არამედ მეხანძრეებს ასახავს და ავთენტურ ფოტოზე რუკა კედელზე საერთოდ არ არის გაკრული. 

  • გავრცელებული რუკა არა პოლონეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გეგმა, არამედ ჟირინოვსკის წერილის ილუსტრაციაა, რომლითაც ის პოლონეთს უკრაინის გადანაწილებას თავაზობდა

გავრცელებულ რუკაზე, მარცხენა კუთხეში მითითებულია დრო – 19:32. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში რუკა ეთერში სწორედ ამ დროს მოხვდა, რაც ასევე ადასტურებს, რომ ის ამ სიუჟეტიდანაა.

2014 წლის 17 მარტს, დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი მიწერა, სადაც ის პოლონეთს სთავაზობდა უკრაინის გადანაწილებაში მონაწილეობა მიეღო და ის ტერიტორია დაებრუნებინა, რაც ისტორიულად ეკუთვნოდა. ჟირინოვსკი პოლონეთს მოუწოდებდა უკრაინის ხუთი რეგიონის – ვოლინი, ლვოვი, ივანო-ფრანკოვსკი, ტერნოპილი და რივნე – შემოერთებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაეტარებინა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ წერილის მიღება დაადასტურა, თუმცა მას კურიოზული უწოდა.

“შემოთავაზება იმდენად სასაცილოა, რომ მას სერიოზულად ვერ აღვიქვამთ” – განაცხადა 2014 წელს მარჩინ ვოიჩეხოვსკიმ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა.

პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის 2014 წლის ინფორმაციით, იდენტური შეთავაზება ჟირინოვკისაგან მაშინ ამიერკარპატებისა და ჩერნივცის რეგიონებთან დაკავშირებით უნგრეთმა და რუმინეთმაც მიიღეს. 

ჟირინოვსკის მიერ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წერილის გაგზავნა 2014 წლის მარტში მის მიერ დაფუძნებულმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამაც დაადასტურა. პარტიის პრესსამსახურმა ინტერფაქსს  განუცხადა, რომ წერილები პოლონეთის, უნგრეთის და რუმინეთის საელჩოებს გაუზავნეს. წერილში, რეფერენდუმის ჩატარება იმ ტერიტორიების შემოერთებასთან დაკავშირებით შესთავაზეს, რომლებიც ადრე მათ ეკუთვნოდათ. 

იდენტური განცხადება, ჟირინოვსკიმ 2014 წლის მარტში, რუსეთის პარლამენტში-დუმაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, დროა, თავიანთი ტერიტორიები არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ პოლონეთმა, უნგრეთმა და რუმინეთმაც დაიბრუნონ. 

„ვფიქრობ, დადგა დრო არა მხოლოდ რუსეთის მიწები დაბრუნდეს რუსეთის დროშის ქვეშ, არამედ დასავლეთ უკრაინის ტერიტორია დაუბრუნდეს პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს“, – განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

  • მეორე ფოტო არა პოლონეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებს, არამედ მეხანძრეებს ასახავს, ხოლო ავთენტურ ფოტოზე რუკა კედელზე საერთოდ არ არის გაკრული

მეორე ფოტოზე კი, რომელზეც  Новости и Политика-ის მიხედვით, პოლონეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები დგანან, რეალურად მეხანძრეთა ჯგუფის მეთაური პოლკოვნიკი – დარიუშ მაჩულა და უმცროსი ოფიცერი ჰუბერტ მაკარა, დრავსკო პომორსკის ოლქის სახელმწიფო სახანძრო სამსახურის მეთაურთან – პაველ დიმეკთან ერთად არიან წარმოდგენილი. ფოტო ფეისბუკზე 2021 წლის 28 სექტემბერს მარშალ ოიზეფ პივსუდსკის მექანიზებული ლეგიონის მე-2 ბრიგადის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე დაიდო. ღონისძიების ფოტოებს თან ერთვის აღწერა,სადაც მითითებულია, რომ შეხვედრის მიზანი სამხედრო სახანძრო სამსახურსა და სახელმწიფო სახანძრო სამსახურის საოლქო შტაბს შორის სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ეროვნულ სისტემაში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იყო.

ორიგინალ ფოტოში რუკა არც კედელზე და არც კადრში არ გვხვდება. გავრცელებულ ფოტოებში ის პროგრამულად არის ჩამატებული.  ოიზეფ პივსუდსკის მექანიზებული ლეგიონის მე-2 ბრიგადის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე მეორე ფოტოც არის გამოქვეყნებული, სადაც კედელი სხვა მხრიდანაა გადაღებული, თუმცა,რუკა კედელზე არც ამ შემთხვევაში ჩნდება, რაც კიდევ ერთხელ ამტიკცებს იმას, რომ ის მოგვიანებით არის ჩამატებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist