22 მარტს კრემლის პროპაგანდისტულმა ონლაინ გამოცემა SPUTNIK – უზბეკეთმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: “პოლონეთის „მეორე ფრონტი“ უკრაინის სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის”. ვარშავის სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა კი უკრაინის დაყოფისა და დასავლეთ უკრაინის რეგიონების პოლონური ანექსიის მიზნებს ატარებს. მსგავსი შინაარსის სტატია 23 მარტს რუსულმა გამოცემა VZ.RU გამოაქვეყნა სათაურით: “რა პირობებში ჩაიგდებს პოლონეთი უკრაინის ნაწილს ხელში”
ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი უკრაინის ტერიტორიების შემოერთებას გეგმავს სოციალური ქსელის რუსულ ანგარიშებსა- Adama Dosso, myday.kms,Игорь Цой და ფეისბუკ-ჯგუფშიც – Артефакты и Факты გავრცელდა. მომხმარებლები წერენ, რომ პოლონეთს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნატოს ჩართვა და შემდეგ, სიტუაციის გამოყენებით დასავლეთ უკრაინის შემოერთება სურს. საუბარია დასავლეთ უკრიანის ხუთი რეგიონის – ვოლინი, ლვოვი, იავნო-ფრანკივსკი, ტერნოპილი და რივნე- შემოერთებასთან დაკავშირებით.
უკრაინის ტერიტორიების მიმართ პრეტენზიისა და პოლონეთის გეგმის შესახებ იდენტური ვერსია 24 მარტს საქართველოში კრემლისტურ ტვ “ალტ-ინფოშიც” გახმოვანდა. “ალტ-ინფოს” წამყვანისა და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერის მტკიცებით, პოლონეთმა ნატოსგან უკრაინის დასავლეთ ნაწილების დაკავებაზე უარი მიიღო და სამშვიდობო ინიციატივის განხორციელება ინდივიდუალურად არ გარისკა. წამყვანის ინტერპრეტაციით, გეგმა უკრაინის იმ ტეროტორიების დაკავებას გულისხმობდა, რომლებიც პოლონეთის იმპერიის ნაწილი იყო.
გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო, კონსერვატიურლი მოძრაობა: “პოლონელების გეგმა, რომ უკრაინის დასავლეთ ნაწილები დაეკავებინა, მაგაზე მკაცრი პასუხი მიიღო პოლონეთმა, რომ ნატო არ დაუჭერს ასეთ ქმედებას მხარს და პოლონეთმა მარტო ვერ გაბედა ე.წ. სამშვიდობო ოპერაციის შესრულება… სინამდვილეში იმ ტერიტორიიდან პოლონეთი არც გავიდოდა არასოდეს. ზოგადად პოლონელების ოცნებაა რეჩ პოსპოლიტა, რასაც ქვია პოლონური იმპერია”…
ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი უკრაინაში ჯარების შეყვანას და დასავლეთ უკრაინის დაბრუნებას გეგმავს, დეზინფორმაციაა. რეალურად, პოლონეთი უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის შეყვანის ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივა 16 მარტს, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ კიევში გააჟღერა, თუმცა 24 მარტს გამართულ ალიანსის საგანგებო სხდომაზე, ნატოს წევრებმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. პოლონეთის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, სადაც ცნობები იმის შესახებ, თითქოს პოლონეთს დასავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, კრემლის დეზინფორმაციად არის შეფასებული.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონეთი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას გეგმავდა, აქტიურად მას შემდეგ გავრცელდა, რაც პოლონეთის ვიცე-პრემიერი – იაროსლავ კაჩინსკი უკრიანის ტერიტორიაზე ნატოს სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად უკრაინას ჩეხეთის და სლოვენიის ლიდერების ესტუმრნენ.
“საჭიროა ნატოს სამშვიდობო მისია, ან შესაძლოა, უფრო ფართო საერთაშორისო ხელშეკრულება, მაგრამ მისია, რომელიც ასევე შეძლებს თავის დაცვას და იმოქმედებს უკრაინაში… ეს იქნება მისია, რომელიც ისწრაფვის მშვიდობისკენ, ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, მაგრამ ამავე დროს მას დაიცავს შესაბამისი შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ კიევში ვიზიტისას.
16 მარტს, კაჩინსკის ერთ-ერთმა მრჩეველმა განმარტა, რომ კაჩინსკის ინიციატივა უკრაინაში ნატოს სამხედრო ინტერვენციას არ გულისმობდა.
“აქ პოზიცია უცვლელია. არც პოლონეთი და არც ნატო არ იღებენ და არც მიიღებენ ომში მონაწილეობას”, – განუცხადა მიხალ დვორჩიკმა პოლონურ რადიოს.
რა გადაწყდა ნატოს რიგგარეშე სამიტზე?
იაროსლავ კაჩინსკის ინიციატივა ნატოს წევრებმა, ალიანსის რიგგარეშე სამიტზე 24 მარტს განიხილეს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მსჯელობა იყო საკითხების ფართო სპექტრზე, თუმცა შეთანხმება ამ თემაზე არ ყოფილა. მისი განმარტებით, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა დაადასტურეს, რომ არ არიან მზად რუსული თვითმფრიანვებისთვის “ცის ჩასაკეტად” და არც უკრაინაში ნატოს სამხედრო ინტერვენცია იგეგმებოდა. თუმცა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ნატო უკრაინას დამატებით იარაღს გაუგზავნიდა.
“ჩვენი გზავნილია, რომ დავრჩეთ ერთიანი და დახმარება გავუწიოთ უკრაინას; მაგრამ, ამავდროულად, პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს კონფლიქტი ნატოსა და რუსეთის ომში არ გადაიზარდოს. ეს ის მიზეზია, რატომაც ალიანსის წევრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენ ჯარს არ განვათავსებთ უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ მზადყოფნით, რომ ჩაერთო სრულ კონფლიქტში რუსეთის არმიასთან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
შეუძლია თუ არა პოლონეთს ნატოს სრული თანხმობის გარეშე უკრაინაში ჯარის განთავსება?
ნატოს წესდების მიხედვით, (POLICY AND DECISION-MAKING- პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღება) ნატოში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე, წევრ ქვეყნებს შორის განხილვისა და კონსულტაციების შემდეგ მიიღება.
კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება არის საერთო თანხმობით მიღწეული შეთანხმება, რომელსაც მხარს უჭერს თითოეული წევრი ქვეყანა. ანუ, როდესაც ნატოს გადაწყვეტილება მიიღება, ეს არის ალიანსის წევრ სუვერენული სახელმწიფოების კოლექტიური ნების გამოხატულება. ნატოს გენერალურმა მდივანმა კი განაცხადა, რომ კაჩინსკის ინიციატივაზე შეთანხმება ვერ მოხდა.
აქვს თუ არა ოფიციალურ პოლონეთს დასავლეთ უკრიანაზე პრეტენზია?
ოფიციალურ პოლონეთს უკრიანის ტერიტორიების შემოერთებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არასდროს გამოუთქვამს. 17 მარტს, პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება დაიდო,სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია, თითქოს პოლონეთს დასავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილია. განცხადება სპეციალური სერვისების სამსახურმა გაავრცელა.
განცხადებებს იმის შესახებ, რომ პოლონეთმა დასავლეთ უკრაინის ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს, პოლონეთში პრორუსული პარტიის “ცვლილება” ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი კონრად რეკასი ავრცელებს. 14 მარტს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სერვისების სამსახურის პრეს-სპიკერმა პოლონურ რადიოსთანაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი პოლონეთში – კონრად რეკასია,რომელიც, მისი თქმით, ამჯერადაც პოლონეთის წინააღმდეგ მოქმედებს.
“რეკასის ქმედებების მიზანი პოლონელებსა და უკრაინელებს შორის დაძაბულობის შექმნაა. ის რუსული ნარატივის ხაზს მისდევს.- განაცხადა სტანისლავ ჟარინმა,სპეციალური სერვისების სამსახურის პრეს-სპიკერმა.
კონრად რეკასი ორგანიზაცია “Restytucja Kresów”-ის დამფუძნებელია. ორგანიზაცია 2015 წელს შეიქმნა და იმ მიწების კომპენსირებას ან დაბრუნებს ითხოვს,რომელიც პოლონეთს მე-18 საუკუნეში ეკუთვნოდა.
კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია
პოლონეთის ინიციატივამდე, უკრაინაში ნატოს სამშვიდობო კონტიგენტის შეყვანის შესახებ, სოციალურ ქსელის რუსულენოვან ანგარიშებზე აქტიურად ვრცელდებოდა რუკა, რომელიც პოლონეთის მიერ უკრაინის ტეროტორიის გადანაწილების გეგმად იყო წარმოჩენილი. “მითების დეტექტორმა” გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ რეალურად რუკა ძველი იყო და ის პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2014 წლის 24 მარტს გასული სიუჟეტიდან იყო. აღნიშნული რუკა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი ვლადიმერ ჟირინოვსკის წერილს შეეხებოდა, სადაც ჟირინოვსკი პოლონეთს უკრაინის გადანაწილებაში მონაწილეობას სთავაზობდა და რუკაც ამ გადანაწილების ვიზუალიზაციად იყო გამოყენებული. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:
აპირებს თუ არა პოლონეთი უკრაინის რუსეთთან, უნგრეთთან და რუმინეთთან განაწილებას?
ისტორიული ტრავმების გაღვივება და საზოგადოების დაყოფა კრემლის პროპაგანდის შემადგენელია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში ინფორმაციულ ოპერაციების დროს საზოგადოებების დაყოფისთვის იყენებენ.
წყაროების შესახებ
Взгляд-ი (vz.ru) 2005 წელს მოქმედი ლიბერალური გამოცემების საპირწონედ შეიქმნა, vz.ru-ს ვებსაიტს დღეს კრემლთან დაკავშირებული სოციალური კვლევების ინსტიტუტი ЭИСИ გამოსცემს.
რუსული საინფორმაციო გამოცემა 2005 წლის მაისიდან გამოდის. 2013 წლიდან გამოცემის მფლობელი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი (ISEPI) იყო, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ბადოვსკი მართავს. 2017 წლის 17 აგვისტოდან გამოცემა “სოციალური კვლევის ექსპერტი ინსტიტუტის” მიერ კონტროლდება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ასოცირდება და ანტონ ვაინო ხელმძღვანელობს. ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის მკვლევრის, ლუკას ანდრიუკაიტისის კვლევის მიხედვით, საინფორმაციო სააგენტო vz.ru-მ ლიეტუვა წარმოდგინა, როგორც მოღალატე მეზობელი ქვეყანა, რომელიც მიზნად რუსეთის გაყოფას და მისი ტერიტორიის ნაწილების (კალინინგრადის) ათვისებას ისახავს.
Sputnik – “სპუტნიკი” მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მედია პლატფორმას წარმოადგენს, გამოცემა რუსეთის მთავრობის დადგენილებით 2013 წელს შექმნილ სააგენტო Rossiya Segodnya-ს ეკუთვნის და კრემლისტური დეზინფორმაციები საქართველოსთან ან სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.