დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი ლვივის შემოერთებას რეფერენდუმის გზით გეგმავს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.1k
VIEWS

30 ნოემბერს კრემლის მედიამ – РИА Новости რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის, ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც იგი აცხადებს, რომ პოლონეთს დასავლეთ უკრაინის შემოერთება სურს და ამ მიზნისთვის ლეგიტიმაციის მისანიჭებლად გადაწყვიტა გამოიყენოს “რუსეთის წარმატებული გამოცდილება რეფერენდუმის ჩატარების გზით”. ნარიშკინის თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ოპერატიულად მოამზადონ დასავლეთ უკრაინის მიწებზე ვარშავის პრეტენზიების ოფიციალური დასაბუთება. 

ნარიშკინის თქმით, პოლონეთის სპეცსამსახურებმა “სატესტო ბუშტივით” ჩაუშვეს ინფორმაცია უკრაინულ პრესაში ლვივის ოლქში რეფერენდუმის მომზადების შესახებ პოლონეთთან შეერთების თაობაზე. იგი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის რეაქცია ამ საკითხზე ყურადღებით იქნება გაანალიზებული. 

ნარიშკინის ინტერვიუ კრემლის სხვა მედიებსა ( ЗВЕЗДА, ВЕСТИ.ru, Спутник Беларусь) და 3 დეკემბერს ქართულ პრო-რუსულ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზეც განთავსდა. 

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ მომზადებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია,რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში – რადაში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამოსვლისას უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური სამართლებრივი სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადა (საუბარია 22 მაისს, დაანონსებულ კანონპროექტზე). აღნიშნული დამატებით არგუმენტად არის წარმოდგენილი, რომ კიევი უარს ამბობს სუვერენიტეტის ნაწილზე.

ukraina rusethze დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი ლვივის შემოერთებას რეფერენდუმის გზით გეგმავს

rusebi ukrainaze დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი ლვივის შემოერთებას რეფერენდუმის გზით გეგმავს

ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ანექსიას გეგმავს კრემლის პროპაგანდის ნაწილია და წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა. ოფიციალურ ვარშავას უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. გარდა ამისა, ღია უკრაინულ წყაროებში არ იძებნება სტატიები, რომლებშიც ლვივის უკრაინიდან გასვლისა და პოლონეთთან მიერთებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზეა საუბარი, თუმცა მრავლადაა ინფორმაცია, სადაც ეს საკითხი რუსულ დეზინფორმაციად არის შეაფასებული. ასევე, უკრაინის კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიული ცვლილების საკითხი ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების გზით ხდება და არა რეგიონულ დონეზე. რაც შეეხება კანონს, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებს უკრაინაში სპეციალურ უფლებებს ანიჭებს, ძალაში 16 სექტემბრიდან შევიდა და ის უკრაინის სუვერენიტეტის საკითხს ეჭვქვეშ არ აყენებს.

დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ანექსიას გეგმავს განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან გააქტიურდა, როდესაც პოლონეთმა უკრაინასა და უკრაინელ ლტოლვილებს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიხედვით,  ამ დახმარების საპასუხოდ, პოლონეთი მიიჩნევს, რომ დასავლეთ უკრაინა “დაიმსახურა”. რეალურად, პოლონეთის მთავრობა მუდმივად უსვამს ხაზს, რომ პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და  სუვერინეტეტს. ასევე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს პოლონეთის პარლამენტმა – სეიმმა უკანონო უწოდა და აღნიშნა, რომ შედეგებს არ აღიარებს. ე.წ. რეფერენდუმები პოლონეთის პრეზიდენტმა – ანჯეი დუდამ, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც დაგმო და განაცხადა, რომ პოლონეთი შედეგებს არ აღიარებს. 

  • ლვივის რეფერენდუმის შესახებ კრემლი მტკიცებულებებს აყალბებს

რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის მიერთებას  რუსეთის მიერ ნაცადი “წარმატებული გზით” გეგმავს და ლვივში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიხედვით, პოლონეთის სპეცსამსახურებმა უკრაინულ პრესაში ინფორმაცია რეფერენდუმის შესახებ “სატესტო ბუშტივით” ჩაუშვეს. ისინი არ ასახელებენ თუ კონკრეტულად რომელ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა მსგავსი ინფორმაცია, ხოლო ღია წყაროებში ლვივში რეფერენდუმის ჩატარებაზე ცნობები არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ უკრაინულ წყაროებში ე.წ. რეფერენდუმის შესახებ დაიწერა მხოლოდ ის, რომ ეს კრემლის დეზინფორმაციაა. 

სერეგი ნარიშკინის ინტერვიუს, რომელსაც რუსული მედია ეყრდნობა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის მცდელობა უნდობლობა გამოიწვიოს პოლონეთსა და უკრაინას შორის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიული ცვლილების საკითხი ეროვნული რეფერენდუმის გზით წყდება და არა რეგიონულ დონეზე. 

rusebi ukrainaze 1 დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი ლვივის შემოერთებას რეფერენდუმის გზით გეგმავს
წყარო: president.gov.ua

ლვივში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მტკიცება წარსულშიც გავრცელდა, რაც უკრაინულმა და პოლონურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმებმა გადაამოწმეს. სექტემბერში, რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ოთხ რეგიონში:  ლუჰანსკში, ხერსონში, ზაპორიჟჟიასა და დონეცკის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ, რუსულ წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება უკრაინის სხვა ოლქებშიც იგეგმებოდა”, ამჯერად, პოლონეთის მიერ.  ინფორმაციას თან საარჩევნო ბიულეტენის ფოტო ერთვოდა, რომელიც თითქოს პოლონეთის საარჩევნო კომისიის სახელი იყო დატანილი. ბიულეტენის მიხედვით, რეფერენდუმი ლვივში ტარდებოდა. 

გარდა ამისა, პოლონური ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – Demagog სექტემბერში ინფორმაციის გადასამოწმებლად ეროვნული საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბიულეტენი გაყალბებული იყო.

rusebi ukrainaze 2 დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი ლვივის შემოერთებას რეფერენდუმის გზით გეგმავს
სქრინშოთი: 24rus.ru
  • კანონი უკრაინაში მცხოვრები პოლონელებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებაზე

“საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში, ასევე საუბარია უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების შესახებ მიღებულ კანონზეც, რომლის მიხედვით, უკრაინა თითქოს სუვერენინტეტს კარგავს. 

22 მაისს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას კიევში ვიზიტისას, ვოლოდიმირ ზელესკიმ კანონპროექტი დააანონსა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მცხოვრებ პოლონეთის მოქალაქეებს სპეციალური სტატუსი ენიჭებოდათ. ინიციატივა  პოლონეთის მიერ უკრაინის მოქალაქეებისთვის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დახმარების შესახებ მიღებული კანონის საპასუხოდ იყო მიღებული. კანონპროექტი მაშინვე გახდა რუსულ გამოცემებში სპეკულაციის საგანი. აღნიშნული პროექტი უკრაინის რადაში 28 ივლისს განიხილეს და მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15 აგვისტოს კი ხელი უკრიანის პრეზიდენტმა მოაწერა და ძალაში 16 სექტემბრიდან შევიდა. 

კანონის მიხედვით, პოლონეთის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე 18 თვის განმავლობაში ლეგალურად დარჩენისა და იგივე უფლებებით სარგებლობის პრივილეგია აქვთ,რაც უკრაინის მოქალაქეებს. კანონი კერძოთ შემდეგ საკითხებს მოიცავს: 

  • დამატებითი ნებართვის გარეშე დასაქმება (მათ შორის სამეცნიერო-პედაგოგიური და სამედიცინო მუშაკები);
  • უკრაინის ტერიტორიაზე ბიზნეს საქმიანობის წარმართვა ისეთივე უფლებებით, როგორიც უკრაინის მოქალაქეებს;
  • სოციალური შეღავათები, მათ შორის შრომისუუნარობის, მარჩენალის დაკარგვის, უმუშევრობის, შშმ პირების და ა.შ.
  • უფასო განათლება და სტიპენდიების მიღება;
  • სამედიცინო დახმარება იგივე უფლებებით, როგორც უკრაინელებს;
  • რეგისტრაცია გადასახადის გადამხდელად და გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათის სარეგისტრაციო ნომრის აღება.

კანონში არსად არის აღნიშნული არც ხმის მიცემის უფლების საკითხი და არც უკრაინის სუვერენტიტეტის დათმობა, როგორც ამას რუსული პროპაგანდისტული გამოცემები წერენ.

ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ანექსიას გეგმავს, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ სტატიები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist