8 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინის უშიშროების საბჭოს ახალ მდივანზე, ოლექსანდრ ლიტვინენკოზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე ოლექსანდრ სირსკიზე საუბრობს. ჯიშკარიანი პოსტში აღნიშნავს, რომ ლიტვინენკომ რუსეთის ფსბ-ს სპეციალური ინსტიტუტი დაამთავრა, ხოლო სირსკი “რუსეთის მკვიდრი” და მოსკოვის სამხედრო აკადემია დამთავრებული გენერალია. ჯიშკარიანის პოსტის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე რუსეთთან დაკავშირებული პირები ინიშნებიან.
მსგავსი შინაარსის პოსტები, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული ლიტვინენკოს კომპეტენცია და ხაზგასმულია, რო მან ფსბ-ს ინსტიტუტი დაამთავრა, მარტის ბოლოს რუსულენოვანმა მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს, როცა ლიტვინენკომ ოლექსი დანილოვი თანამდებობაზე ჩაანაცვლა (1,2,3).
გავრცელებული პოსტები მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები რუსეთთან არიან დაკავშირებული. ლიტვინენკომ სასწავლებელი 1995 წლამდე დაამთავრა, სანამ ის ფსბ-ს აკადემიად ჩამოყალიბდებოდა, ასევე 2015 წელს უკრაინის ლუსტრაციის კანონის ფარგლებში შემოწმება გაიარა და თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელა. რაც შეეხება გენერალ სირსკის, საწყისი უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მისი სამხედრო კარიერა და მოღვაწეობა მთლიანად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკავშირდება.
ოლექსანდრ ლიტვენენკო 1989-1994 წლებში მოსკოვში რუსეთის ფედერაციის კონტრდაზვერვის ფედერალური აკადემიის კრიპტოგრაფიის, კავშირგაბმულობის და ინფორმატიკის ინსტიტუტი გამოყენებითი მათემატიკის სპეციალიზაციით დაამთავრა. უმაღლესი სასწავლებელი სსრკ-ში უშიშროების სამსახურებისთვის ოპერმუშაკების მომზადებაზე იყო კონცენტრირებული. 1995 წელს მას შემდეგ რაც კონტრდაზვერვის სამსახური უშიშროების ფედერალური სამსახურად რეფორმირდა, სასწავლებლის სახელწოდებაც შესაბამისად შეიცვალა და ფსბ-ს აკადემიად ჩამოყალიბდა. განათლების დასრულების შემდეგ ლიტვინენკო უკრაინაში დაბრუნდა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო მუშაობა. გარდა ფსბ-ს აკადემიისა, ლიტვინენკო სწავლობდა ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში, სადაც პოლიტიკური მეცნიერებების კანდიდატის ხარისხი დაიცვა. გარდა ამისა გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები იორკის უნივერსიტეტში, ტორონტოში და გერმანიაში, მარშალ ცენტრში და სწავლობდა ლონდონში, სამეფო კოლეჯის თავდაცვის მეცნიერებების მიმართულებით. წლების განმავლობაში ლიტვინენკო უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:
- 1994-1998 – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის ოფიცერი, უფროსი ოფიცერი, ინფორმაციის დაცვის მართვის მთავარი სპეციალისტი
- 1998-2007 – სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი – უფროსი კონსულტანტი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე
- 2005-2007 – სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელი, ექსპერტთა კომისიის ხელმძღვანელი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- 2007-2009 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
- 2009-2010 უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი
- 2010-2014 სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
- 2014-2019 უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე
- 2019-2021 სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი
- 2021-2024 საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარე
- 2024 წლის 26 მარტს დაინიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილედ მუშაობის პერიოდში ლიტვინენკომ სწორედ იმის გამო, რომ რუსეთის ფსბ-სთან დაკავშირებული უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, ლუსტრაციის კანონის ფარგლებში შემოწმება გაიარა(1,2,3), რის ფონზეც მანიპულაციურია იმის მტკიცება, რომ რუსეთში განათლების მიღების გამო ლიტვინენკო კრემლთან არის დაახლოებული.
ლუსტრაციის კანონი უკრაინაში ძალაში 2014 წლის ოქტომბერში შევიდა. შედეგად უკრაინის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანიდან 4 000-ზე მეტი დაითხოვეს და სახელმწიფო სტრუქტურებში 10 წლით მუშაობა აუკრძალეს. ლუსტრაციის კანონის ფარგლებში შემოწმება შეეხოთ 2010-2014 წლებში პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველ თანამდებობაზე დანიშნული პირებს, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო საკუთრების ფონდის თანამდებების პირებს, უმაღლესი მოსამართლეების საკვალიფიკაციო კომისიის და და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. მათ გარდა კანონი შეეხო ბევრს ვინც ძალოვან და სასამართლო სტრუქტურებში იღებდა მონაწილეობას, ღიად აკეთებდა სეპარატიზმისკენ მოწოდებას და პირებს, რომლებიც სსრკ-ს პერიოდში კომპარტიას ხელმძღვანელობდნენ და კგბ-ში მუშაობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ლიტვინენკომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიას ფაქტობრივად 2009 წელს პროგნოზირებდა. 2009 წელს გამოცემაში Зеркало Недели გამოქვეყნდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ვოლოდიმირ გორბუნოვთან თანაავტორობით დაწერილი სტატია, რომელშიც უკრაინის მიმართ რუსეთის მომძლავრებული აგრესიული პოლიტიკაა განხილული.
რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ოლქსანდრ სირსკის მისი რუსული წარმოშობის გამო სპეკულაციები თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან გავრცელდა. სირსკიმ ზალუჟნი 8 თებერვალს ჩაანაცვლა. ის რუსეთში დაიბადა, თუმცა მას შემდეგ რაც 70-იან წლებში მამის სამხედრო სამსახურის გამო უკრაინაში გადავიდა, ხარკივში ცხოვრობდა და იქ გაიზარდა. წარჩინებით სწავლის გამო სირსკი მოსკოვის უმაღლეს სამხედრო სამეთაურო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც 1986 წელს დაასრულა. თუმცა სირსკის სამხედრო კარიერა უკრაინასთან არის დაკავშირებული და შემდგომი სამხედრო განათლებაც უკრაინაში მიიღო – დაასრულა უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემია და დაიცვა დისერტაცია. 80-იან წლებში მეთაურობდა მოტომსროლელთა ოცეულს, 90-იანებში ეროვნული გვარდიის 6 დივიზიის ბატალიონსა და პოლკს, 2000-იანებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე ბრიგადას მეთაურობდა. 2013 წელს სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ცენტრის მეთაურის მოადგილე იყო და ამ თანამდებობაზე ის ძირითადად უკრაინის არმიისა და ნატო-ს ურთიერთობაზე და უკრაინის თავდაცვის ძალებში ალიანსის სტანდარტების გატარებაზე იყო პასუხისმგებელი. 2014 წელს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ის უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ერთ-ერთი მეთაური იყო. 2019 წელს სირსკი უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური გახდა. რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში სირსკი ხელმძღვანელობდა კიევის დაცვის წარმატებულ ოპერაციას, რისთვისაც უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. 2022 წლის აპრილში სირსკი ხელმძღვანელობდა კონტრშეტევას, რომლის შედეგადაც უკრაინულმა ძალებმა ხარკივის რეგიონი გაათავისუფლეს და აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ტერიტორიები დაიბრუნეს.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი, Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.