რა ვიცით საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

119
VIEWS

11 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Eduard Jishkariani გაავრცელა პოსტი, რომელიც ირლანდიაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფულადი დახმარების შესაძლო შემცირებას ეხება. გარდა ამისა, ჯიშკარიანი წერს, რომ საქართველოში უკრაინელი ლტოლვილები სასტუმროებში ცხოვრობენ, უახლოეს რესტორანში უფასოდ იკვებებიან, უფასოდ სწავლობენ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, დადიან ესკურსიებსა და გასართობ ღონისძიებებზე და ერთ სულზე 1 000 ლარიან დახმარებას იღებენ. 

ukraineli ltolvilebi რა ვიცით საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამაზე?

პოსტის ავტორი უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაზე ნაწილობრივ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მუდმივად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს, თუმცა თბილისის მერიის პროგრამა, რომლითაც უკრაინის მოქალაქეები სასტუმროებში იყვნენ განთავსებული, 2022 წელს შეწყდა, მათთვის გაცემული ფულადი დახმარება კი არა სულზე 1 000, არამედ ოჯახისთვის 300, თითო პირზე კი 45 ლარით განისაზღვრა. 

პოსტში აღნიშნულია, რომ უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში სასტუმროებში ცხოვრობენ. თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც მათთვის სხვადასხვა სასტუმროში განთავსებისა და სამჯერადი კვების ხარჯების დაფარვას ითვალისწინებდა, რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ, მარტში, ნამდვილად ამოქმედდა, თუმცა 2022 წლის 1 აგვისტოს შეწყდა. მერიის განმარტებით, ამ პერიოდში დახარჯულმა თანხამ 14 მილიონ ლარს მიაღწია. პროგრამის შეწყვეტის მიზეზებზე საუბრისას თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავდა, რომ ოჯახზე გამოყოფილი თანხით ლტოლვილებს ბინის ქირაობა შეეძლოთ, რადგან “საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის”.  

  როგორც “მითების დეტექტორს” თბილისის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის (12/12/2023) უკრაინის მოქალაქეები საქართველოში სხვადასხვა შეღავათით სარგებლობენ, მათთვის უფასოა მუნიციპალური სერვისები – მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპორტული და შემოქმედებითი ცენტრები, ბაგა ბაღები. ასევე, “ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით, ქვეყანაში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან სამედიცინო სერვისებით. 

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 13 ივლისს გამოცემული მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახზე თვიურად 300 ლარი გასცა, ხოლო “საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად” პირზე 45 ლარი. 

“ამ მიზნით იანვარში დახმარება გაეწია 1 795 ოჯახს (3 420 პირს), თებერვალში – 2 061 ოჯახს (3 929 პირს), მარტში – 2 133 ოჯახს (4 072 პირს), აპრილში – 1 978 ოჯახს (3 787 პირს), მაისში – 1 967 ოჯახს (3 728 პირს), ივნისში – 1 556 ოჯახს (2 959 პირს), ივლისში – 2 029 ოჯახს (3 804 პირს), აგვისტოში – 1 877 ოჯახს (3 488 პირს) და სექტემბერში – 206 ოჯახს (339 პირს); გარდა ამისა, სააგენტო უზრუნველყოფდა ამავე განკარგულების შესაბამისად  სასტუმროში განთავსებისა და სამჯერადი კვებით მომსახურების დაფინანსებას. სულ აღნიშნული მიზნებისათვის საანგარიშო პერიოდში მიიმართა 6.0 მლნ ლარი”. – ვკითხულობთ დოკუმენტში.  

რუსეთ-უკრაინის 2023 წლის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობას არ მიუღია გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინელი ლტოლვილების დახმარება პირზე 1 000 ლარით განისაზღვრებოდა, ხოლო სასტუმროში უფასოდ განთავსებაზე პროგრამა ამჟამად შეწყვეტილია – შესაბამისად, ფეისბუქ პოსტში გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია.   

პოსტი საქართველოს გარდა ეხება ირლანდიასაც. 12 დეკემბერს ირლანდიაში მხარი დაუჭირეს ინიციატივას, შემცირდეს სახელმწიფოს მიერ უკრაინელი ლტოლვილების განსახლების ვადა 90 დღემდე, ასევე, მათთვის გასაცემი დახმარება კვირაში €220-დან €38.80 ევრომდე. ეს დახმარება გათვალისწინებულია იმ დროის განმავლობაში, როცა ლტოლვილები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საცხოვრებელში იმყოფებიან, ხოლო ლტოლვილების დახმარება გაიზრდება, როცა ისინი დატოვებენ ცენტრებს. უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ, დახმარება შენარჩუნდება – €140 თვეში. გადაწყვეტილების მიხედვით, ირლანდიაში გააძლიერებენ მცდელობას უკრაინიდან შემოსული პირების დასაქმების მიმართულებით. ცვლილებები 2024 წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედდეს. 

წყაროს შესახებ 

 ფეისბუქ მომხმარებელი Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist