21 აპრილს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა გადაიხადა 27 მილიონი დოლარი, რათა მოხვედრილიყო 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში, რომელსაც Time-ი ადგენს. აღნიშნული ინფორმაცია ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, Eduard Jishkariani-მა, ასევე, რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა, ვებ-საიტებმა და ტელეგრამ არხებმაც გაავრცელეს (1;2;3;4;5;6;7;8;9;10;11;12). პოსტებთან ერთად ვრცელდება ვიდეო, რომელსაც BBC-ის ლოგო აქვს დართული.
სოციალურ ქსელში ანდრიი ერმაკთან დაკავშირებით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. მტკიცება, თითქოს ერმაკმა Time-ის სიაში მოსახვედრად 27 მილიონი დოლარი გადაიხადა, სიმართლეს არ შეესაბამება. გაყალბებული ვიდეოს შესახებ განცხადება უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა და მედიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა Time-ის “100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის” სიაში მოსახვედრად 25 მილიონი დოლარი გადაიხადა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო, რომელიც BBC-ის სახელით გავრცელდა, გაყალბებულია. რეალურად, მედიას მსგავსი შინაარსის მასალა არ გამოუქვეყნებია – ვიდეო არ იძებნება BBC-ის ოფიციალურ გვერდებზე (1;2). გარდა ამისა, ვიდეოფაბრიკაციას გამოეხმაურა BBC Verify-ს რედაქტორის ასისტენტი, ოლგა რობინსონი. როგორც X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ განცახდებაში ვკითხულობთ, ვიდეო ბოლო პერიოდში BBC-სა და Bellingcat-ის სახელით გავრცელებული ანტი-უკრაინული ყალბი ინფორმაციიდან ერთ-ერთია.
გაყალბებული ვიდეოს შესახებ განცხადება ასევე გავრცელდა Bellingcat-ის ოფიციალურ X-გვერდზე. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ვიდეოფაბრიკაცია მიმდინარე კამპანიის ნაწილია – ყალბი ინფორმაცია ჯერ Telegram-ზე ქვეყნდება, შემდეგ კი სხვა პლატფორმებზე ვრცელდება, მათ შორის, X-ზე.
გარდა ამისა, ყალბი ვიდეოს შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმაც.
Time-მა 2023 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. სია კატეგორიებად არის დაყოფილი, ლიდერების კატეგორიაში მოხვდნენ ანდრიი ერმაკი და რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრ ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია. ბოლო დღეებში ყალბი ინფორმაცია ნავალნაიას შეასახებაც გავრცელდა. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
სოციალურ ქსელებში დასავლური მედიის ლოგოებით პერიოდულად ვრცელდება ვიდეოფაბრიკაციები. მათ საერთო ნიშნები აქვს – ავტორები დეზინფორმაციის გასავრცელებლად საზოგადოებისთვის სანდო მედიების ლოგოებს იყენებენ და ვიდეოებს მათ სიუჟეტებს ამსგავსებენ. ასევე, ყალბი ინფორმაციის ზუსტი პირველწყარო ზოგჯერ დაუდგენელია, თუმცა ვიდეოების გავრცელება ძირითადად რუსული მედიით და ტელეგრამ არხებით ხდება. ასევე, გამოყენებულია ზოგადი, სხვადასხვა ვიდეოებიდან ამოჭრილი კადრები. გარდა ამისა, მასალას ხშირად ადევს მუსიკა და ტიტრები, თუმცა, არ ისმის ჟურნალისტის ხმა, რომელიც ამ ტიტრებს ახმოვანებს.
ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით – სრულად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
წყაროების შესახებ
ფეისბუქ მომხმარებელი, Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
რუსულენოვან ფეისბუქ-მომხმარებელ Irisha Irusia-ს ყალბი ინფორმაცია წარსულშიც აქვს გავრცელებული. მისი პოსტი “მითების დეტექტორის” მიერ არის მონიშნული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.