ელისაშვილის შეფასება არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაზე მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

67
VIEWS

9 აპრილს სამთავრობო მედია POSTV-ის გვერდმა ,,POSTV – ანალიტიკა”, ასევე ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ გვერდებმა ,,აგენტურა” და ,,ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლითაც ერთმანეთს ადარებდნენ პარტია ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ორ განცხადებას და წარმოაჩენდნენ, თითქოს მან არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის საკითხზე აზრი შეიცვალა. ვიდეოკოლაჟზე დატანილია წარწერა ,,ელისაშვილი ადრე – ელისაშვილი ახლა”. პირველ ვიდეოში ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვებს მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ და თავად არიან დახურულები, ხოლო მეორე ვიდეოში პოლიტიკოსი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის ხარისხს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მათი დაფინანსების ნახვა მარტივადაა შესაძლებელი. ,,POSTV – ანალიტიკა” და ,,აგენტურა” ვიდეოს აღწერაში ელისაშვილის პრინციპულობაზე მიუთითებენ და წერენ: ,,პრინციპული ალეკო”, ,,უპრინციპულესი ალეკო”. 

ვიდეო თავდაპირველად ,,აგენტურამ” გამოაქვეყნა. 

aleko elisashvilis shephaseba arasamthavrobo seqtoris gamtchvirvalobaze ელისაშვილის შეფასება არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაზე მანიპულაციურად ვრცელდება

ვიდეო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ ალეკო ელისაშვილის პოზიციას ასახავს, მანიპულაციურად ვრცელდება. ის იმგვარადაა დამონტაჟებული, რომ მაყურებელში აჩენს შთაბეჭდილებას, თითქოს, ოპოზიციონერი ორივე შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ საუბრობს და ამ პერიოდში აზრი შეიცვალა. სინამდვილეში, პირველ ვიდეოში ალეკო ელისაშვილი 2022 წელს სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას აფასებს. 

გავრცელებული ვიდეოკოლაჟის პირველი ნაწილი (,,ელისაშვილი ადრე”) 2022 წლის 5 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში, ,,დღის თემა თამთა სანიკიძესთან ერთად” ალეკო ელისაშვილის სტუმრობის ფრაგმენტია. იმ ეპიზოდში, რომელიც სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება, ელისაშვილი სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას აფასებს და არაფერს ამბობს მათ ფინანსურ გამჭვირვალობაზე. პოლიტიკოსის თქმით, ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატები შეარჩიეს, თუმცა როგორ – არ იცის. ელისაშვილის თქმით, მათ მიერ კანდიდატების შერჩევის პროცესში პოლიტიკოსებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩართული და სხვადასხვა კანდიდატის უპირატესობა, ,,რატომ შეარჩიეს ის და არა სხვა”, უფრო ცხადი უნდა ყოფილიყო. პოლიტიკოსის მტკიცებით, მას ამ კომპონენტში არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა დააკლდა. 

ელისაშვილის მოჭრილი განცხადება, რომელიც  მანიპულაციურად ვრცელდება ელისაშვილის სრული განცხადება
,,ჩვენთვის მოსაწონი რაც არ იყო ამ პროცესში, იყო ის, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამწუხაროდ, ახასიათებს ეს რაღაც ქედმაღლობა და სხვებს მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ, მაგრამ თვითონ არიან ხოლმე დახურულები.” ,,ჩვენთვის მოსაწონი რაც არ იყო ამ პროცესში, იყო ის, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამწუხაროდ, ახასიათებს ეს რაღაც ქედმაღლობა და სხვებს მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ, მაგრამ თვითონ არიან ხოლმე დახურულები. თვითონ შეარჩიეს კანდიდატები, როგორ – არ ვიცით და წარმოგვიდგინეს ჩვენ. გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ, თვითონ ხომ არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ თვითონ უფრო მეტად რომ გაეხსნათ პროცესი, იქნებოდა უკეთესი. ჩვენც ვყოფილიყავით ჩართულები მათ მიერ კანდიდატების შერჩევაში, იმიტომ, რომ საერთო ჯამში, ისინი ხომ არ ირჩევენ? ღილაკს ჩვენ უნდა მივაჭიროთ და ბოდიში, მაგრამ ჩვენ უბრალოდ, მექანიკურად ღილაკის მიმჭერები არ ვართ. მე თუ არ მომეწონება კანდიდატი და თუ არ ჩავთვლი, პირადად მე, და ასეთი პოზიცია აქვს ჩვენს პარტიას და ლევანსაც [იოსელიანი], ჩვენ ორნი ვართ პარლამენტში წარმოდგენილები და ჩვენი ის ორი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ძალიან გულმოდგინედ ავწონით და დავწონით და საყვედურსაც ღიად ვამბობ, არ მომწონს მე ასეთი ქედმაღლობა არასამთავრობო ორგანიზაციების.” 

ვიდეოს მეორე ნაწილი, რომელსაც დართული აქვს წარწერა ,,ელისაშვილი ახლა” 2024 წლის 3 აპრილს ტელეკომპანია ,,პირველის” გადაცემა ,,დღის ამბებში” პოლიტიკოსის სტუმრობას ასახავს. ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ინტერვიუში ალეკო ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ე.წ. რუსულ კანონზე საუბრობს. ელისაშვილის თქმით, თავადაც უმუშავია არასამთავრობო ორგანიზაციაში და გრანტი აუღია, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მათი ფინანსების შემოწმება მარტივია, ხოლო ე.წ. რუსული კანონის მიზანია ,,არასამთავრობო სექტორში კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი გააჩუმონ”. 

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ,,რუსული კანონის” მოწინააღმდეგეების მიმართ დისკრედიტრაციის კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მმართველმა ძალამ ხელახლა დააინიცირა კანონი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. დისკრედიტაციაში მონაწილეობს როგორც სამთავრობო მედია, ისე ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანონიმური ფეისბუქ გვერდები და ანგარიშები. 

,,აგენტურას” შესახებ:

ფეისბუქ გვერდი აგენტურა 2023 წლის 17 თებერვალს Georgian archive-ის სახელით შეიქმნა და მას შემდეგ რამდენჯერმე გამოიცვალა სახელი.

aleko elisashvilis shephaseba arasamthavrobo seqtoris gamtchvirvalobaze1 ელისაშვილის შეფასება არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაზე მანიპულაციურად ვრცელდება

გვერდი ქართველი ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების, ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მადისკრედიტირებელ პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. პოსტების დიდი ნაწილი ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსისაა. 2023 წლის ივლისის ბოლოს გვერდი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა. 24 ივლისს გვერდზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მარგველაშვილმა სააკაშვილის ქებისთვის 11 500 დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ Facebook Ad Library-ის მიხედვით, გვერდზე განთავსებული პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებულია

,,ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს” შესახებ: 

გასულ წლებში ,,მითების დეტექტორის” კვლევებით დადგინდა, რომ ანონიმური, ანტიოპოზიციური, სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიში ,,ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”, რომელიც 2019 წლის 14 მაისს შეიქმნა, სოციალურ ქსელში რამდენიმე კოორდინირებულ ქმედებაში მონაწილეობდა. კამპანიების ნაწილი, მიმართული იყო ,,რესპუბლიკური პარტიისა” და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, ასევე მათ შორის ფიგურირებდა ზუგდიდში ,,საქართველოს ბანკის” ძარცვის ,,ნაციონალური მოძრაობისათვის” დაბრალების კამპანია

გავრცელებული ვიდეოს არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: NGO, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist