4 თებერვალს ფეისბუქ-გვერდმა Toyota Hilux Club გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი პოსტი, რომლის მიხედვითაც, Toyota Hilux-ის მოდელის 200 მანქანა თამაშდება და გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს პოსტის კომენტარში სიტყვა “done” (მზად არის) უნდა დაწერონ. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ პრიზის მისაღებად მომხმარებლები მითითებულ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ.
19 თებერვალს იმავე ფეისბუქ-გვერდზე მეორე, ამჯერადქართულენოვანი პოსტი გამოქვეყნდა, აღწერის მიხედვითაც გათამაშებას ჯერ გამარჯვებული არ ჰყავს და მოგების 4 შესაძლებლობაა დარჩენილი/ პოსტში კიდევ ერთხელაა აღნიშნული, რომ პრიზის მისაღებად მითითებულ საიტზე გაწევრიანებაა საჭირო.
ტოიოტას სახელით გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი, თაღლითური გვერდი ავრცელებს. გვერდის მიერ პოსტში მითითებული საიტი Google Site-შია შექმნილი, სადაც ვებ-საიტის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პოსტების მიზანი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და სარეგისტრაციო ბმულის საშუალებით მათი პირადი ინფორმაციის მოპოვებაა.
გვერდი, რომელიც ტოიოტას მანქანების გათამაშების შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, 4 თებერვალს არის შექმნილი და 20 თებერვლისთვის მას 70 მომწონებელი და 90 გამომწერი ჰყავს.
თაღლითური გვერდის პროფილისა და გარეკანის ფოტოები როგორც ტოიოტას ოფიციალური, საერთაშორისო, ასევე საქართველოში ტოიოტას ცენტრის ოფიციალური და ტოიოტას ოფიციალური დილერების ფეისბუქ გვერდებისგან (1,2,3) ვიზუალურად განსხვავდება. ამასთანავე, ამ ოფიციალური გვერდებიდან არცერთზე გათამაშების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის.
ვებ-საიტი, რომელზეც დარეგისტრირებისკენ ტოიოტას ყალბი გვერდი მომხმარებლებს მოუწოდებს, Google Site-ზეა შექმნილი. მსგავსი საიტის შექმნა Google-ის ანგარიშის მფლობელ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ 4 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში მითითებული ბმულზე გადასვლა ფეისბუქის პოსტიდან შეზღუდულია. გაფრთხილების მიხედვით, ბმული Meta-ს საზოგადოებრივი ქცევის წესებს არღვევს.
ბმულის გახსნა მისი პირდაპირ ვებ-ბრაუზერში გადატანითაა შესაძლებელი. ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ინგლისურენოვანი მისალოცი ტექსტი მომხმარებელს გათამაშებაში გამარჯვებას და ტოიოტას მანქანის მოგებას ულოცავს. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ შერჩევა შემთხვევითი იყო და რეგისტრაციის შემდეგ გამარჯვებულს რამდენიმე საათში მიუყვანდნენ მანქანას.
19 თებერვალს გამოქვეყნებული, ქართულენოვან პოსტში მითითებული ბმული მსგავს საიტზე გადადის, ამ შემთხვევაში მომხმარებლებს იგივე შინაარსის ქართულენოვანი ტექსტი ხვდება. თუმცა ქართულენოვანი ტექსტი სტილისტური შეცდომებითაა შედგენილი და სავარაუდოდ, ტექსტის ავტომატური თარგმნის პროგრამის საშუალებითაა გადათარგმნილი.
სხვადასხვა კომპანიის სახელით ყალბი გათამაშებების შესახებ ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელდა, ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტის” სახელით ყალბი გათამაშება ვრცელდება
- TBC-ის სახელით “სეკრეტ სანტას” გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს
- “სპარის” სახელით შექმნილი გვერდის გათამაშება ყალბია
- ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
- ახლადშექმნილი “ბეკოს” ყალბი გვერდი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საჩუქრებს ჰპირდება
- “კარფურისა” და KFC-ის ყალბ გვერდებს სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეყავს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.