რას უწუნებდა და უწონებდა ევროპას ილია?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

428
VIEWS

26 აპრილს ფიესბუქ გვერდმა ZNEOBA.GE გამოაქვეყნა ილია ჭავჭავიძის ფოტო თანდართული ციტატით: “ევროპის პოლიტიკაში არც სამართლიანობასა და არც ზნეობას კუთვნილი ადგილი არ უჭირავს და ყოველივე გამორჩენასა და ანგარიშს ექვემდებარება.”

Screenshot 2024 05 07 at 1.02.53 PM რას უწუნებდა და უწონებდა ევროპას ილია?

ილია ჭავჭავაძის ციტატა მე-19 საუკუნის ისტორიული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე ვრცელდება. ჭავჭავაძე ამ სიტყვებით ევროპას კონკრეტული საკითხის – კუნძულ კრეტას არასათანადო მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს, თუმცა ციტატის ისტორიული კონტექსტისა და მწერლის იდეოლოგიის გათვალისწინების გარეშე, ილიას მსოფლმხედველობის შესახებ არასრულ და შეცდომაში შემყვან წარმოდგენას ქმნის.

ფეისბუქზე გავრცელებული ციტატა ილია ჭავჭავაძის 1889 დაწერილ ესსეში “აშლილობა კრიტის კუნძულზე” გვხვდება. წერილში ჭავჭავაძე კრეტის კუნძულსა და ოსმალეთის იმპერიას შორის დაძაბულ ურთიერთობას განიხილავს. ჭავჭავაძე თანაუგრძნობს კრეტის მოსახლეობას და მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება, თუ კუნძული საბერძნეთს დაუბრუნდება, თუმცა იმასაც აღნიშნავს, თუ რამდენად რთული პოლიტიკური ვითარებაა მთლიანად ევროპაში. ილია წერს, რომ კრეტის საკითხი შეიძლება ის “მუგუზალი” გახდეს, რომელიც “ომის ცეცხლისგან შიშში მყოფ ევროპას” კონფლიქტში ჩაითრევს. სწორედ ამ კონტექსტში აკრიტიკებს ილია ევროპას და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო კრეტას მხარდაჭერის გარეშე რჩება. ილია აკრიტიკებს ევროპის დიდ სახელმწიფოებს, რომლებიც ვერ იცავდნენ რელიგიურ ნიადაგზე უსამართლოდ შვიწროვებულ კრეტელებს. მე-19 საუკუნის ევროპაში დიდი ძალები საგარეო პოლიტიკაში მხარს არ უჭერდნენ დემოკრატიულ მოძრაობებს და მათ საშინაო პოლიტიკაშიც ავტორიტარული ტენდენცია ჭარბობდა. ევროპის გარდა ესსეში უშუალოდ ოსმალეთის იმპერია უფროა გაკრიტიკებული კრეტაზე ქრისტიანების შევიწროებისთვის, საბაჟოზე პირობებში შეცვლისთვის და არჩევნებში ჩარევისთვის. ევროპის კრიტიკის ციტატასაც შემდეგ წინადადებაში კვლავ ოსმალეთის კრიტიკა მოსდევს.

“ამ მომხრეობას თხოულობს თვით ჭეშმარიტი და განწმენდილი ზნეობაც, მაგრამ რას იზამთ, როცა ევროპის პოლიტიკაში არც სამართლიანობას, არც ზნეობას კუთვნილი ადგილი არ უჭირავს და ყოველივე გამორჩენასა და ანგარიშს ექვემდებარება. მტრობა, ჯაბრი, ცილობა და ხარბობა, რომელიც დღეს ამოქმედებს პოლიტიკას სხვადასხვა სახელმწიფოსას, სვე-ბედს დაჩაგრულის კრიტისას ჰხუთავს, აბორკილებს და ხელიდამ არ აცლის ოსმალეთს, რომელიც — რაკი ესეა — ყურსაც არ იბერტყავს, რომ კარგის გამგეობით და პატრონობით კრიტელებსაც შეღავათი მიეცეს ადამიანურად სულის ბრუნებისა, ადამიანურად ცხოვრებისა, მათის ეროვნულ ღირსების დაუჩაგვრელად და შეუხუთველად.”

ევროპის მიმართ კრიტიკულ განწყობას ილია ჭავჭავაძე რამდენიმე სხვა ესსეშიც გამოხატავს (1,2,3). პრობლემა, რომელსაც ჭავჭავაძე ევროპაში ხედავს გაძლიერებული მილიტარიზმია და თავის ესსეებში დროს სწორედ მომძლავრებული გაძლიერებული მილიტარიზმის საკითხს უთმობს. სწორედ მილიტარიზმისა და სამხედრო გზით პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიდგომის გამო ჭავჭავაძე ასევე აკრიტიკებს გერმანელ ლიდერს, ოტო ფონ ბისმარკს. ილია ჰუმანისტი მწერალი იყო და ბუნებრივია, შეიარაღებაზე და სამხედრო ძლიერებაზე რეგიონის სახელმწიფოების კონცენტრირებას კრიტიკულად შეაფასებდა. საინტერესოა, რომ თავის ესსეში “ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი” ის ევროპას და ამერიკის შტატებს ადარებს ერთმანეთს და თუ ევროპა მილიტარიზმისა და დიდი სამხედრო ხარჯების გამო არის გაკრიტიკებული, ილია დადებითად აფასებს შტატებს და ხაზს უსვამს, რომ შეიარაღებაზე მცირე ხარჯები ხელს შეუწყობს ამერიკას ეკონომიკურად განვითარდეს გაძლიერეს და შემდგომში ევროპას “დაიმორჩილებს”.

“როგორც ჰხედავთ, ამერიკის მხედრობა ბევრად ჩამორჩება ევროპისას, – ამბობდა ილია, – სამაგიეროდ, ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოველისფრით წარმატებულნი არიან ევროპაზე და თანდათან იმორჩილებენ ევროპას.”

გარდა მატერიალური კეთილდღეობისა და ეკონომიკური გაძლიერებისა, ილია ასევე დადებითად აფასებს ამერიკის სურვილს ნებისმიერი დაპირისპირება “მორიგეობითა და მშვიდობით” გადაწყვიტონ და არა სამხედრო ძალით, სწორედ “ძმურად მორიგებაშ” ხედავს ჭავჭავაძე ამერიკის შტატების წარმატების მთავარ საწინდარს 19 საუკუნის ევროპისგან განსხვავებით.

“რაც დრო მიდის, ევროპაში უფრო და უფრო ძლიერდება ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება. ამ მხრით ამერიკა სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენს. ამერიკის სახელმწიფოთ აზრად აქვს სახელმწიფოთა ძმური კავშირი დაადგინონ, რისათვისაც ქალაქ ნიუ-იორკში კონგრესი შეიკრიბება. ამ კონგრესზე ლაპარაკი ექნებათ იმის შესახებ, თუ რა პირობითა და რა საშუალებით უნდა შეერთდნენ ამერიკის სახელმწიფონი ისე, რომ არც ერთი სახელმწიფო ამერიკისა არ დაიჩაგროს. სხვათა შორის, კონგრესზე ისიც გადასწყდება, რომ სახელმწიფოებმა ყოველივე შფოთი, უსიამოვნება და ანგარიში მორიგეობითა და მშვიდობიანად გაათავონ ხოლმე. უეჭველია, რომ რაკი ამერიკის სახელმწიფონი ძმურად მორიგდებიან, მხედრობით გატაცებულს ევროპას კიდევ უფრო დასცემს ეკონომიურად და მსოფლიო მეთაურობასაც დაიმკვიდრებს ამერიკა.”

თავის ესსეში ”მილიტარობა ევროპაში” ილია ორ კონცეფციას უპირისპირებს ერთმანეთს “ერი პოლიტიკისთვის არის გაჩენილი” და “პოლიტიკა ერისთვის არის გაჩენილი”, ილიას შეფასებით ევროპის პოლიტიკური ისტორია ამ ორი მოძღვრების ერთმანეთთან ბრძოლაა და სხვადასხვა დროს ან ერთი იმარჯვებს, ან მეორე. ილიას აზრით, ამჟამად ბისმარკის “წყალობით” ევროპაში ის მოძღვრება იმარჯვებს, რომელიც პოლიტიკას ერზე წინ აყენებს. 

გასათვალისწინებელია, რომ მე-19 საუკუნეში თავად ევროპულ ქვეყნებში მიმდინარეობდა დაპირირსპირება ავტორიტარული მმართველობის მომხრეებსა და ლიბერალური დემოკრატიის დამცველებს შორის. ავტორიტარიზმის მხარდაჭერთა პოლიტიკა ემყარებოდა ძალის და შესაბამისად მილიტარიზმის პოლიტიკას. ლიბერალურ-დემოკრატიულ მოძრაობას მოჰქონდა ქვეყნების მშვიდობიანი ეკონომიკური და შესაბამისად კულტურული განვითარების შესაძლებლობა. ილია ევროპაში ლიბერალური ტენდენციების გაძლიერებას უჭერდა მხარს, შესაბამისად მილიტარიზმს აკრიტიკებდა. მის სხვა ესსეებში ხშირად ვხვდებით დასავლური ლიბერალური ღირებულებების ქებას. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ რამის გამოა ევროპა გაკრიტიკებული, ისევ ლიბერალური ღირებულებებისგან და პოლიტიკისგან გადახვევაა. მაგალითად, თავის ესეში ”სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში” ილია ევროპაში საბაჟო გადასახადების დაწესების და ზრდის ტენდენციას, პროტექციონიზმს და “ფრიტრეიდობის” თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების დავიწყებაში ადანაშაულებს. ილიას წარსულში ინგლისში რიგ პროდუქტებზე საბაჟო გადასახადის გაუქმების მაგალითი მოჰყავს, როგორც თავისუფალი ვაჭრობის წარმატებული მაგალითი და ამას ლიბერალიზმის გამარჯვებას უწოდებს. მთლიანობაში ის ცალსახად ღია ბაზარს უჭერს მხარს და თავისუფალი ვაჭრობა კეთილდღეობის საწინდრად მიაჩნია.

“…ქვეყნისათვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შენაობის გაურჩევლად.”

გარდა თავისუფალი ბაზრისა, ილია მხარს უჭერდა ეკონომიკაში ლიბერალიზმის ისეთ ძირეულ ღირებულებებს, როგორებიცაა საკუთრებისა უფლება და კონკურენცია. “ეკონომიკური ბუნება ქონებისა ის არის – უძრავი ქონებაა თუ მოძრავი – რომ უხერხო და უმცდელ კაცისგან ხერხიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიკურ ბუნებისას წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც საერთო ბუნებურ კანონსა.” – წერს ილია კონკურენციაზე. 

გარდა ეკონომიკური საკითხებისა, ილია ლიბერალურ ღირებულებებს იზიარებს ადამიანის პიროვნული თავისუფლებების და განსაკუთრებით რწმენის თავისუფლების ნაწილში. თავის ესსეებში “ოსმალოს საქართველო” და “მაჰმადიანთ გაქრისტიანება” ილია მუსლიმი ქართველების მიმართ სხვა აღმსარებლობის ქართველებს შემწყნარებლობისკენ მოუწოდებს. ესსეში “მაჰმადიანთ გაქრისტიანებაში” ილია ცალსახად აკრიტიკებს მოსაზრებას, რომ მუსლიმი ქართველები უნდა გაქრისტიანდნენ და ასეთ ინიციატივაში მხოლოდ ზიანს ხედავს. ილია აღნიშნავს, რომ აღმსარებლობა ადამიანის პირადი, “სინდისის საქმეა”. 

“სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა, რა ჩვენი საქმეა – ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისათვისაც სასარგებლო. თვითონ ჩვენი მაღალის და უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა, რომ რჯული არ შეიქმს კაცს, არამედ საქმეო.”

მიუხედავად მე-19 საუკუნეში ევროპის პოლიტიკის კრიტიკისა, ილია ევროპის მნიშვნელობას არ ივიწყებს და კარგად ხედავს მის წარმატებას. თავის ესსეში აზია წინათ და ეხლა ილია განიხილავს აზიის რეგიონის დაკნინების და მსოფლიოში მისი როლის შემცირების მიზეზებს. აზიის დაკნინების საპირისპიროდ მას ევროპის გაძლიერების მაგალითი მოჰყავს. ილიას აზრით, განათლებაზე და შრომაზე ორიენტირებულმა ევროპამ უკან ჩამოიტოვა აზია. “მეცნიერებით, ხელოვნებით, ხელოსნობით შეჭურვილმა და ძლევამოსილმა ევროპამ პირში ჩალა გამოავლო ამ მოხუცს ქვეყანას…” – წერს ილია. ილია ევროპაში ხედავს გამრჯე, მხნე და მომავლისთვის მშრომელ ხალხს, რაც რეგიონს მოწინავეს ხდეს.

“ისტორია და წარმატება — მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელი, და ბურთი და მოედანიც იმას დარჩა. იგია დღეს გამგებელი ქვეყნიერობისა, იგია დღეს ქვეყნის უღლის მწეველი და იგივეა ქვეყნის სიკეთის მკრეფავი და პატრონიცა. ამა ქვეყნის მადლის თაფლსა მარტო ევროპიელიღა იღებს ქვეყნის სკისაგან, რომელსაც ხან იქით უბრუნებს პირს, ხან აქეთ, იმისდა მიხედვით, როგორც და საითაც უჯობს, რადგანაც ამისათვის ბარიც ხელში აქვს და ნიჩაბიც, ესე იგი, მეცნიერება და მხნეობა, ჭკუა და ხელი. ამ მეცნიერებასა და მხნეობას, ამ ჭკუასა და ხელს ამოქმედებს დაუღალავი წყურვილი ხვალის უკეთესობისა და მწვავი უკმარობა დღევანდელობისა. ამ ორ გრძნობათაგან წარმოსდგება ის ძლევამოსილი წინმსვლელობა, ის დიადი წარმატება, რომელიც ყარამანსავით ყაფის მთას მხრებზედ დაიყენებს, რომ ქვეშ ჯარმა მშვიდობით და უწყინარად გაიაროს.”

ილია ევროპის ღიაობასა და აზიის ჩაკეტილობასაც ადარებს ერთმანეთს და აღნიშნავს, რომ ევროპის წარმატებას აზიაც ხედავს და ამის გამო გახდა უფრო ღია ევროპის მიმართ და ევროპა მისაბაძი მაგალითად იქცა აზიის ქვეყნებისთვის.

“აზიამ თვალდათვალ დაინახა უპირატესობა ევროპისა, იგრძნო, რომ ევროპა გაცილებით წინ წასულია, უფრო მდიდარია, უფრო ბედნიერია, უფრო ბევრის სიკეთისა და მადლის მპყრობელია, უფრო ძალოვანი და ღონიერია, და აქამომდე დაკეტილი კარი თავისის ქვეყნებისა ცოტად თუ ბევრად გაუღო ევროპას, რომ იქაურმა მზემ თავისი შუქი ცოტად თუ ბევრად აქაც მოაწვდინოს.”

შესაბამისად, ევროპის შესახებ ილიას კრიტიკული ციტატის სრული ისტორიული კონტექსტისა და ასევე ილიას სხვა პუბლიცისტური ნაშრომებში გამოთქმული მოსაზრებების და მისი იდეოლოგიის გათვალისწინების გარეშე გავრცელება, მწერლის მსოფლმხედველობის შესახებ არასრულ და შეცდომაში შემყვან წარმოდგენას ქმნის.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist