რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9), ასევე, ფეისბუკის რუსულენოვან (1, 2) და ქართულენოვან (1) ანგარიშებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III – სგან Highgrove-ის სასახლე იყიდა. მათი მტკიცებით, სასახლეს ჩარლზ III 1980 წლიდან აგარაკად იყენებდა და 44 წლის შემდეგ, მიმდებარე პარკთან ერთად უკრაინის პრეზიდენტს 20 მილიონ ფუნტად მიჰყიდა. რუსული მედია ინფორმაციის გავრცლებისას The London Crier – ს ეყრდნობა. გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბუკინგემის სასახლეს ამ თემაზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, ამ ფაქტს ბევრი დეტალი ადასტურებს, მათ შორის სამეფო ოჯახის ყოფილი მსახურთუფროსი გრანტ ჰაროლდი, რომელიც ამბობს, რომ საბოლოო შეთანხმება ამ საკითხზე ოლენა ზელენსკას დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას, 29 თებერვალს, შედგა.
„პრინც უილიამს შეეძლო სახლის მამისთვის ჩუქება, ასე, რომ მეფეს უფლება ჰქონდა ქონება გაეყიდა“ – ციტირებს გრანტ ჰაროლდს The London Crier.
ინფორმაცია, თითქოს ჩარლზ III-მ ვოლოდიმირ ზელენსკის Highgrove-ის სასახლე მიჰყიდა, დეზინფორმაციაა. ინგლისისა და უელსის უძრავი ქონების რეესტრში სასახლის მფლობელად პრინცი იულიამსია დარეგისტრირებული. გარდა ამისა, სამეფო ოჯახის ყოფილ მსახურთუხუცესთან ინტერვიუ გაყალბებულია. ინფორმაცია “მითების დეტექტორს” გრანტ ჰაროლდის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ასევე, იუთუბ-არხი, რომელსაც ბრიტანული გამოცემა The London Crier ეყრდნობა, 5 თებერვალს შეიქმნა და სულ 3 ვიდეო აქვს გამოქვეყნებული.
ინგლისისა და უელსის უძრავი ქონების რეესტრი
ინფორმაცია შეიცვალა თუ არა Highgrove-ის სასახლის მფლობელობა ინგლისისა და უელსის უძრავი ქონების რეესტრში გადავამოწმეთ. გამოთხოვილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახლი სამეფო ოჯახს ეკუთვნის. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ ინფორმაცია ჯერ ასახული არ იქნება, თუ ცვლილებები პროცესშია.
იხილეთ დოკუმენტის ბმული.
The London Crier-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ სამეფო ოჯახის ყოფილი მსახურთუფროსი გრანტ ჰაროლდი ადასტურებს, რომ შეთანხმება ოლენა ზელენსკასა და სამეფო ოჯახს შორის შედგა. სტატიაში ჰაროლდის ციტატაც არის მოყვანილი, თუმცა “მითების დეტექტორს” ჰაროლდის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მსგავს ინტერვიუს ადგილი არ ჰქონია და ის გამოგონილია.
იუთუბ-არხი Sam Murphy
იუთუბ-არხი Sam Murphy, რომელმაც ზელენსკის მიერ Highgrove-ის სასახლის შეძენაზე ვიდეო გამოაქვეყნა, 2024 წლის 5 თებერვალს შეიქმნა და სულ სამი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, სამივე ჩარლზ III-ზე და სამივე 31 მარტს. აღსანიშნავია, რომ Sam Murphy -ის შესახებ დამატებით ინფორმაცია არ იძებნება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზელენსკის მიერ ძვირადღირებული უძრავი ქონების შეძენაზე ვრცელდება ინფორმაცია. 2022 წელს რუსული არხები წერდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი მაიამიში 35 მილიონ დოლარად შეფასებულ ვილას ფლობს. გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ზელენსკის ქონება მთლიანობაში 20-30 მილიონი დოლარით არის შეფასებული, ხოლო მისი ქონების დეკლარაციებში და Pandora Papers-ში მაიამიში 35 მილიონიანი ვილა არ ფიგურირებს. ასევე, ფლორიდაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში არ იძებნება უძრავი ქონება, რომელიც ზელენსკისთან ან Pandora Papers-ში დასახელებულ კომპანიებთან არის დაკავშირებული.
გამოცემა The London Crier
ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედიები გამოცემა The London Crier -ს ეყრდნობიან.
გამოცემა ძირითადად პროპაგანდისტულ და ტაბლოიდურ სტატიებს ამზადებს. ამ შემთხვევაში კი მასალა ზელენსკის მიერ სახლის შეძენაზე იუთუბ-არხ Sam Murphy-ის ვიდეოზე დაყრდნობით აქვს მომზადებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.