სინამდვილეში რა არის და რისთვის გამოიყენება ცხვირის სპრეი ვაქცინა?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

118
VIEWS

8 დეკემბერს ფეისბუქზე, სავარაუდოდ, ირლანდიის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვების ცხვირის სპრეი ვაქცინით (Nasal spray vaccine) აცრის ვიდეო გავრცელდა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ახალი ვაქცინა გამოიგონეს და ირლანდიის სკოლებში ბავშვებს ცხვირიდან ცრიან. პოსტში მითითებაა, რომ ცხვირის სპრეი ვაქცინა მესენჯერულ რიბონუკლეინის მჟავასა და სენსორული გრაფენის ოქსიდს შეიცავს, რაც ადამიანის გენს ცვლის. ფეისბუქ ანგარიშის მტკიცებით, CRISPR CAS9 ტექნიკით ორგანიზმში შეჰყავთ ლუციფერაზა, ,,ნანო-ბოტები” და სინთეტიკურ-ბიოლოგიური ქსენო ბოტები. ასევე, პოსტის ავტორი მშობლებს შვილების სკოლებისა და ბაღებიდან გამოყვანისკენ მოუწოდებს, რათა ისინი ,,ანტიქრისტეს თვითმკვლელი აცრისაგან” დაიცვან.

tskhviris spreis vaqtsina სინამდვილეში რა არის და რისთვის გამოიყენება ცხვირის სპრეი ვაქცინა?

ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ირლანდიის ეროვნული საჯარო სერვისების მედიის, RTE-ის ლოგო ჩანს. ვიდეოში ექთანი, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ცხვირის სპრეი ვაქცინით ცრის, აღწერს, თუ როგორ უკეთებს ბავშვებს ვაქცინას. ვიდეოდან ვიგებთ, რომ აპლიკატორით ვაქცინის ნახევარი დოზა ერთ ნესტოში შეჰყავთ, მეორე – მეორე ნესტოში. ექთნის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ, ზოგჯერ, ბავშვები აცემინებენ ან ახველებენ, ხოლო,  ვაქცინაციის თანმდევი დისკომფორტი მცირეა ან საერთოდ არ არის.

tskhviris spreis vaqtsina1 სინამდვილეში რა არის და რისთვის გამოიყენება ცხვირის სპრეი ვაქცინა?
ფოტო: Medicine.org.uk

პოსტში მოყვანილი მტკიცებები დეზინფორმაციულია და კონსპირაციის თეორიას ავითარებს. ბავშვების აცრისთვის ცხვირის სპრეი ვაქცინას (Nasal spray vaccine) ფართოდ იყენებენ. გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები ვაქცინა, სინამდვილეში, სეზონური გრიპის საწინააღმდეგოა და არ შეიცავს პოსტის აღწერაში მითითებულ ნივთიერებებს. ცხვირის სპრეი ვაქცინით ბავშვების აცრის ნებართვა კი ირლანდიის ჯანდაცვის სერვისების აღმასრულებელმა ორგანიზაციამ (HSE) გასცა.  მსგავსი მეთოდით ბავშვების ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში წლებია დასაშვებია. 

RTE-მა 4 დეკემბერს საკუთარ ვებგვერდსა და ტიკ-ტოკ ანგარიშზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ირლანდიის ჯანდაცვის სამსახურის აღმასრულებელი ორგანიზაცია (HSE – The Health Service Executive) მკაცრ რეკომენდაციას გასცემს თინეიჯერებისა და ბავშვების შობის დღესასწაულამდე აცრისთვის. ორგანიზაციის თქმით, ირლანდიაში გრიპისა და ვირუსების გავრცელებაა მოსალოდნელი, ამიტომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოდ შესთავაზეს 2-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს. ვაქცინა ხელმისაწვდომია ირლანდიის აფთიაქებშიც, თუმცა სკოლის მოსწავლეებს მისი სკოლაში, ექთნის დახმარებით, მიღებაც შეუძლიათ. 

tskhviris spreis vaqtsina2 სინამდვილეში რა არის და რისთვის გამოიყენება ცხვირის სპრეი ვაქცინა?

2023 წლის 9 ოქტომბერს HSE-იმ გრიპის საწინააღმდეგო ცხვირის სპრეი ვაქცინით ბავშვების უფასო აცრის პროგრამა დაიწყო. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ასახული ,,ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც. თავდაპირველად ვაქცინაცია 2-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის იყო უფასო, 13-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფისთვის, ვაქცინის დოზები ხელმისაწვდომი იყო აფთიაქებში. ,,ბავშვების ვაქცინაცია ხდება სპრეის ორივე ნესტოში შეყვანით. გრიპის ვაქცინის ცხვირის სპრეის მიღება სწრაფი და უმტკივნეულო გზაა გრიპისგან ბავშვების დასაცავად ამ ზამთარს,”- ამბობს HSE-ის აცხადებს ეროვნული იმუნიზაციის ოფისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონსულტანტი. ხოლო, RTE-ის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ვიგებთ, რომ HSE ვაქცინაციის მკაცრი რეკომენდაციის მიზეზად შობის დღესასწაულს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გახშირებულ ურთიერთობას ასახელებს. 

რა არის და რას შეიცავს ვიდეოში ნაჩვენები ვაქცინა?

HSE-იმ 2023/2024 წლებში ბავშვთა გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურა გამოაქვეყნა. ჩრდილოეთ ირლანდიის ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურის მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებს ასტრაზენეკას მიერ 2013 წლიდან წარმოებული ვაქცინით, Fluenz Tetra-თი ცრიან. ევროკავშირის მედიცინის სააგენტოს მიხედვით, Fluenz Tetra განკუთვნილია 2-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის, რათა ისინი დაიცვას A და B ტიპის ვირუსისაგან. Fluenz Tetra მხოლოს სპრეის სახით არსებობს, ის მოწოდებულია 0.2 მლ სუსპენზიის სახით ცხვირის ერთჯერადი აპლიკატორით. 

tskhviris spreis vaqtsina3 სინამდვილეში რა არის და რისთვის გამოიყენება ცხვირის სპრეი ვაქცინა?
ფოტო: ბრიტანეთის მთავრობა

Fluenz Tetra არ შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომელზეც გავრცელებული ვიდეოს ავტორი მიუთითებს. ელექტრონული მედიკამენტების კომპენდიუმი (EMC) ბრიტანეთის სამთავრობო პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის განახლებად ინფორმაციას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ხელმისაწვდომი ლიცენზირებული მედიკამენტების შესახებ. EMC-ის თანახმად, Fluenz Tetra შეიცავს ოთხ ცოცხალ შესუსტებულ შტამს. ესენია:

  • A ტიპი, Victoria, H1N1
  • A ტიპი, Darwin, H3N2
  • B ტიპი, Austria
  • B ტიპი, Phuket

ვაქცინაში შემავალი დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, დიკალიუმის ფოსფატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ჟელატინი (ღორის, A ტიპი), არგანინის ჰიდროქლორიდი, მონონატრიუმის გლუტამატის მონოჰიდრატი, საინექციო წყალი. 

ასტრაზენეკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციას მიჰყვება, იმის შესახებ, თუ რომელ შტამებს უნდა შეიცავდეს გრიპის ვაქცინა. Fluenz Tetra-ში შემავალი ოთხივე ცოცხალი შესუსტებული შტამის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში გამოყენება ნებადართულია WHO-ის მიერ. 

ცვლის თუ არა გენს Fluenz Tetra? 

Fluenz Tetra, ისევე როგორც არაერთი ვაქცინა, ძირითადად, დასუსტებულ ვირუსებს შეიცავს, რაც ბუნებრივი ინფექციის იმიტაციაა. ის ცოცხალი შესუსტებული გრიპის ვაქცინაა, რომელსაც  გენის ცვლილების ფუნქცია არ აქვს. ვაქცინა სხეულის ბუნებრივი თავდაცვისათვის გამოიყენება. 

tskhviris spreis vaqtsina4 სინამდვილეში რა არის და რისთვის გამოიყენება ცხვირის სპრეი ვაქცინა?
EMC: Fluenz Tetra-ს გამოყენების ინსტრუქცია

გავრცელებული ვიდეოს აღწერაში ავტორი მიუთითებს, რომ CRISPR CAS9 ტექნიკით ბავშვებში შეჰყავთ ისეთი ნივთიერებები, რომელებიც გენს ცვლიან. ამერიკის ბიოტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის განმარტებით, CRISPR CAS9 არის გენის რედაქტირების ტექნოლოგია, ის შესაძლებელს ხდის გენომში არსებული შეცდომების გამოსწორებას, ორგანიზმში გენების ჩართვას ან გამორთვას. ვაქცინებზე მუშაობისას მართლაც იყენებენ CRISPR CAS9 ტექნოლოგიას, თუმცა არა ადამიანის გენის ცვლილებისთვის, არამედ ვაქცინაში შემავალი გენის რედაქტირებისთვის. CRISPR CAS9 ტექნოლოგიის ვაქცინაზე მუშაობისას გამოყენება აუმჯობესებს იმუნურ პასუხს, სტაბილურობას, ზუსტ იმუნოგენურ აქტივობასა და იწვევს ნაკლებ გვერდით მოვლენებს. 

Fluenz Tetra ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. 

ვაქცინაციასთან და აცრასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული შინაარსის მასალები და კონსპირაციის თეორიები არაერთხელ გაუვრცელებიათ. დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, როგორც ვაქცინის შემადგენლობაზე, ასევე ვაქცინაციის/აცრის გზებზეც. გავრცელებული კონსპირაციის თეორიაა, რომ ვაქცინაციის/აცრისთვის გამოიყენებენ ისეთ წამლებს, რომლებიც ადამიანის გენს ცვლის და გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად ვნებს ადამიანს. ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია განსაკუთრებით აქტიური იყო COVID 19-ის პანდემიისას. მათ შორის, ,,ბოლო ჟამის ქრისტიანები” ავრცელებდა ვიდეომანიპულაციას, თითქოს COVID 19-ის ვაქცინა ბავშვებში მუტაციას იწვევდა. COVID 19-ისა და სხვა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინებზე დეზინფორმაცია 2023 წელსაც აქტიურად ვრცელდება:

“მითების დეტექტორმა” წარსულში ასევე გადაამოწმა დეზინფორმაცია კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში ლუციფერაზას და გრაფენის ოქსიდის შემცველობის შესახებ.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ ანგარიში ,,ბოლო ჟამის ქრისტიანები” ანტივაქსერული შინაარსის დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. ,,მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია მის მიერ გავრცელებული პოსტების შინაარსი. ,,ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოირჩევა ჩვეულებრივი ამბების კონსპირაციურად და მანიპულაციურად წარმოჩენით (1, 2).


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist