კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის “საჰაერო ვაქცინით” ადამიანებს ძალით აცრიან

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

115
VIEWS

2023 წლის 17 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა გოდერძი ელგანდაშვილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მრავალი ქვეყნის მთავრობამ “მწვანე შუქი აუნთო” ბილ გეითსის mRNA “საჰაერო ვაქცინას”, რომელიც იმ ადამიანთა წინააღმდეგ გამოიყენება, ვინც აცრას არ დასთანხმდა და მათ მასობრივ ვაქცინაციას ისახავს მიზნად.   

ინფორმაცია 5 ოქტომბერს ასევე გავრცელდა რუსულენოვან ვებ-საიტზე. 

გოდერძი ელგანდარაშვილის პოსტი გაზიარდა 10 ქართულენოვან ფეისბუქ-ჯგუფში (ბათუმი კოვიდტერორის წინააღმდეგРУСЬდედები ჯანმოს წინააღმდეგ❗❗❗ქეთასთან ერთად ♥️ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ ბრძოლის ალიანსიდედათა საერთაშორისო გაერთიანებაუშუალო დემოკრატიული მოძრაობაანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმიარა კონტროლირებად📵❌ ციფრულ ვალუტას🚫📵აქეთურ-იქეთური ამბები).

Screenshot 2023 10 23 105218 კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის “საჰაერო ვაქცინით” ადამიანებს ძალით აცრიან

მტკიცება, რომ ბილ გეიტსის დაფინანსებით ადამიანების მასობრივი აცრისთვის “საჰაერო ვაქცინა” შეიქმნა, კონსპირაციის თეორია და ანტივაქსერული კამპანიის ნაწილია. ვაქცინაციის მსგავსი მეთოდი დამტკიცებული არ არის, შესაბამისად,  მცდარია ინფორმაციაც, რომ მთავრობებმა „ჰაერით ვაქცინაციას“ მხარი დაუჭირეს. 

 პოსტის ავტორი 2 წყაროს ეყრდნობა. ერთ-ერთს გადავყავართ ვებ-საიტ thepeoplesvoice.tv-ზე, სადაც გამოქვეყნებულია სტატია სათაურით:  ,,ბილ გეიტსის m-RNA „საჰაერო ვაქცინის“ გამოყენება არავაქცინირებული ადამიანების წინააღმდეგ დასაშვები გახდა“, მეორე წყარო კი ტელეგრამ-არხი real world news-ია, რომელიც ასევე ეყრდნობა The People’s Voice-ს. მათ სტატიაში სათაურში გამოთქმული მტკიცება დასაბუთებული არ არის და “ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების პირდაპირ ადამიანის ფილტვებში მოხვედრასთან” იელის უნივერსიტეტის მიერ თაგვებზე ჩატარებული კვლევაა დაკავშირებული. რეალურად,  იელის უნივერსიტეტის კვლევის მთავარი მიგნება არის პოლიმერული ნანონაწილაკები, რომლებიც გამოიყენება  mRNA-ის ფილტვებამდე გადასატანად. კვლევაში განხილული იყო COVID-19 ვაქცინების პირდაპირ ფილტვებისთვის მიწოდების ინტრანაზალური მექანიზმი და არა იძულებითი მასობრივი ვაქცინაცია. კვლევის შედეგები 2023 წლის აგვისტოში გამოაქვეყნეს. დაადგინეს, რომ ცხოველის ფილტვებში ინტრანაზალურად, ნემსის გარეშე მიწოდებულმა ვაქცინამ შეიძლება ეფექტურად გაუწიოს წინააღმდეგობა COVID-19-ს. საყურადღებოა, რომ ეს ექსპერიმენტი ჩატარდა თაგვებსა და არა ადამიანებზე.  აქედან გამომდინარე, ,,საჰაერო ვაქცინა”, რომელიც ადამიანებზე უნდა გამოიყენონ, არ არსებობს.  მსგავსი ვაქცინის დამტკიცებისა და რომელიმე მთავრობის მიერ მიღების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება არცერთი საერთაშორისო სანდო წყაროთი. 

მართალია, ბილ გეითსის ფონდი არა მხოლოდ COVID-19-ის ვაქცინის, არამედ სხვა ვაქცინების საკითხზე კვლევებს ნამდვილად აფინანსებს, მაგრამ ისინი განსხვავებული შინაარსის მატარებელია. იელის უნივერსიტეტის კვლევა არ არის დაკავშირებული მის სახელთან – ის ჩატარდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტისა და კისტოზური ფიბროზის ფონდის დაფინანსებით.    

Screenshot 2023 10 23 105227 კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის “საჰაერო ვაქცინით” ადამიანებს ძალით აცრიან

“საჰაერო ვაქცინებზე” გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმეს უცხოელმა ფაქტების გადამმოწმებლებმაც (1;2;3;4). 

გავრცელებული ფოტო “საჰაერო ვაქცინას” არ უკავშირდება

ფოტო, რომელიც თან ახლავს გოდერძი ელგანდაშვილის პოსტსა და the people’s voices-ის სტატიას, მსოფლიო სასურსათო პროგრამის ორგანიზაციამ (WFP) ჯერ კიდევ 2021 წელს გამოაქვეყნა. მოცემული ფოტო რეალურად გადაღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული საჰაერო სამსახურის (UNHAS) ფრენისას. UNHAS-ის მიზანია ავიაციის საშუალებით ჰუმანიტარული დახმარებისა და ტვირთის მიწოდება, – პირველ რიგში, მსოფლიოს იმ წერტილებში, რომლებშიც კრიზისული სიტუაციაა. 

კონკრეტული ფოტო კი ასახავს სამხრეთ სუდანში COVID-19-ის ვაქცინების ჩატანას და არაფერ კავშირშია გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან, რომელიც „საჰაერო ვაქცინას“ ეხება.

Screenshot 2023 10 23 105235 კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის “საჰაერო ვაქცინით” ადამიანებს ძალით აცრიან

პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული ბილ გეითსი მუდმივად ფიგურირებს კორონავირუსთან და ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებსა და კონსპირაციულ თეორიებში. აღნიშნულ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის”  მიერ მომზადებულ მასალებში:

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-მომხმარებელ გოდერძი ელგანდაშვილს ყალბი ინფორმაცია წარსულშიც მრავალჯერ გაუვრცელებია. “მითების დეტექტორმა” და ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა  მის მიერ გაზიარებული ანტივაქსერული, მცდარი და კონპირაციული პოსტები ყალბად არაერთხელ მონიშნეს. 

Screenshot 2023 10 23 105242 კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის “საჰაერო ვაქცინით” ადამიანებს ძალით აცრიან

გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებსა და ყალბ ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. ის 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს ის NewsPunch-ი გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice დაირქვა. Poynter.org–ის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა (1, 2, 3).


მოამზადა თამთა კეკელიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist