ვაქცინები თუ გენმოდიფიცირებული პროდუქტები – როდინდელია ბილ გეიტსის ვიდეო, რომელსაც კოვიდ-19-ს უკავშირებენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

196
VIEWS

2021 წლის 22 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ გამოაქვეყნა 9 წამიანი ვიდეო სახელწოდებით  „ბილ გეითსი კოვიდ ვაქცინებზე“.  ნაწყვეტში ბილ გეითსის ინგლისურ ფრაზას ქართული სუბტიტრები გასდევს თან და ციტირებს შემდეგს: „ვიღებთ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს და ვუშხაპუნებთ პატარა ბავშვებს მკლავებში, პირდაპირ ვენებში ვთხრით!“

 

;

ბილ გეიტსის ვიდეო, თითქოს ის კოვიდ ვაქცინებზე საუბრობს, კონტექსტიდან ამოგლეჯილად და არასწორი სათაურით გავრცელდა. რეალურად, გეიტსის განცხადება 2015 წლის ბრიუსელში გამოსვლიდანაა, სადაც ფილანტროპი ბილ და მელინდა გეიტსები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე საუბრობენ და არა ვაქცინებზე, ხოლო მედიკამენტები და ვაქცინაცია კი იმის ანალოგიად მოჰყავთ, რომ უსაფრთხოების სისტემა და შესაბამისი კვლევები ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია.

აღნიშნული ვიდეო ბილ და მელინდა გეიტსების ბრიუსელში გამოსვლიდანაა, რომლის სრული ვერსია დამოუკიდებელი, პანევროპული მედია საშუალების, EURACTIV-ის ოფიციალურ Youtube არხზე 2015 წლის 22 იანვარს იძებნება. თარიღის მიხედვით, ირკვევა, რომ ვიდეოს არანაირი კავშირი არ აქვს კოვიდ ვაქცინებთან, რადგან ის ახალი ტიპის კორონავირუსის გამოჩენამდე გამოქვეყნდა. რაც შეეხება ვიდეოს შინაარსს, გეითსის კომენტარი დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოვარდნილია. ის თავის მეუღლე მელინდასთან ერთად საუბრობს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთა კულტურების განმტკიცებაზე. შეხვედრაც სწორედ  გენმოდიფიცირებული ორგანიზმების(გმო) განსახილველად მოეწყო და ის ვაქცინებს არ ეხებოდა.

ბილ გეითსს გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე საუბრისას, ანალოგიის სახით მოჰყავს მედიკამენტები, რომელთა გვერდითი მოვლენები ხშირად საზოგადოების აღელვების მიზეზი ხდება. მისი განცხადებით, მედიკამენტი ბაზარზე გასვლამდე გადის შემოწმებასა და სრულ ტესტირებას, რათა მწარმოებელი დარწმუნდეს მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში. გეიტსის თქმით, მსგავსი ლოგიკა უნდა მოერგოს  გენმოდიფიცირებულ პროდუქტსაც, მისი უარყოფის ნაცვლად უნდა ვფოკუსირდეთ იმ ტექნოლოგიაზე, „რომელიც გვპირდება რომ გადაჭრის კვებითი ღირებულების, პროდუქტიულობისა და აფრიკელ ფერმერთა მოსავლის ავადობის პრობლემებს.“  გეიტსის კომენტარი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინექციაზე არასრულად გავრცელდა, ისე თითქოს გეითსი ბავშვთა ვაქცინისათვის გმო-ს გამოყენებას განიხილავდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია Reuters-მაც გადაამოწმა.

„ყველაზე მიახლოებული ანალოგია მედიკამენტებია, და არის რაიმე რაზეც უნდა ვიღელვოთ მედიკამენტებთან დაკავშირებით?! ზოგიერთ მათგანს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, გვჭირდება თუ არა უსაფრთხოების ტესტირება, იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენ ვიღებთ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს და ისინი ბავშვების მკლავებში შეგვყავს, პირდაპირ ვენაში ვუკეთებთ. ასე რომ, დიახ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უსაფრთხოების სისტემა, სადაც ჩავატარებთ ცდებს და გამოვცდით მათ“ – ამბობს ბილ გეიტსი.

გეითსის საუბრის მთავარი აქცენტი აფრიკის კონტინენტზეა, სადაც მზარდი მოსახლეობის პირობებში პროდუქტი სულ უფროდაუფრო არასაკმარისი ხდება, ამიტომაც ის მსგავს ქვეყნებს მოსავლის მდგრადობისა და მისი ხარისხის გასაზრდელად სათბურებისა და სამეცნიერო ტექნოლოგიის გამოყენებას სთავაზობს.

მელინდა გეიტსის თქმით, გეითსების ოჯახი  აგროკულტურის განვითარებისთვის 400 მილიონზე მეტს ხარჯავს და აქედან მხოლოდ 5% ეთმობა გმო ტექნოლოგიის დახვეწას, თუმცა მათ სჯერათ, რომ ტოტალური შიმშილის დასრულების და მზარდი ეკონომიკის შესაქმნელად გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია.

გენმოდიფიცირებულ კულტურებს დაავადებების, წყალდიდობისა თუ გვალვის ამტანობის ჩამოსაყალიბებლად, ახალი, უფრო მდგრადი თვისებების მისაცემად გენეტიკური მასალა შეცვლილი აქვთ. გმო-ს წარმოება იზრდება და სხვადასხვა ქვეყანაში რეგულაციების შესამაბისად იყიდება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist