ითხოვს თუ არა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დეზინფორმაციის გამზიარებელი მოქალაქეების დაპატიმრებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

102
VIEWS

10 მაისს ფეისბუკზე რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს პოსტები (1, 2), რომელთა მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოუწოდებს მთავრობებს აკრძალონ დამოუკიდებელი მედია, უკანონოდ გამოაცხადონ სიახლეების ისეთი წყაროებიდან მიღება, რომლებიც ძირითად მასმედიას არ მიეკუთვნებიან და დააპატიმრონ ხალხი, რომლებიც ეცნობიან ან/და აზიარებენ ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც ფაქტ-ჩეკერების მიერ “დეზინფორმაციადაა” შეფასებული. 

ერთ-ერთ პოსტში ასევე დამატებით აღნიშნულია, რომ ირლანდიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც უკანონო ხდება ისეთი ინფორმაციის ნახვა ან სხვებისთვის გაზიარება, რომელიც მეინსტრიმული მედიებიდან არ მოდის.

მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მთავრობებს მცდარი ინფორმაციის გამზიარებელი ადამიანების დაკავებისაკენ მოუწოდებს, დეზინფორმაციულია. მსგავსი მოწოდება არსად გაჟღერებულა. რაც შეეხება ირლანდიაში მიღებულ კანონს, ის სიძულვილის ენას ეხება და არა ყალბ ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციების პირველწყაროს კონსპირაციული ვებ-გვერდი  Thepeoplesvoice.tv წარმოადგენს. სტატიაში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოწოდების დასტურად გვხვდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტვიტის სქრინშოტი, რომელშიც წერია, რომ “ყალბი ინფორმაციის (ფეიქ ნიუსების) კითხვა არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული”. აღნიშნული ტვიტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტვიტერ ანგარიშზე არ იძებნება და მსგავსი განცხადება, რომელიც ქვეყნებს მოუწოდებდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების კრიმინალიზაციისკენ, ოფიციალურად, მათი მხრიდან არ გაკეთებულა.

სქრინშოტი კონსპირაციული საიტიდან Thepeoplesvoice.tv

რას წარმოადგენს ირლანდიური კანონპროექტი?

Thepeoplesvoice-ის სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უკვე ბევრ მთავრობას აკონტროლებს და სწორედ ამის დამსახურებით  მიიღეს ირლანდიაში კანონი, რომელიც უკანონოს გახდის ყალბი ინფორმაციის ან ისეთი ამბების გაზიარებას, რაც ირლანდიურ მეინსტრიმულ მედიაზე არ გადის. უფრო კონკრეტულად კი, პატიმრობით დაისჯება ყველა ვინც ნახავს ან გააზიარებს ისეთ ინფორმაციას, რაც ფაქტების გადამოწმების ანალიტიკოსების მიერ მონიშნული იქნება როგორც “სიძულვილით მოტივირებული (hateful)”. 

საუბარი ეხება ირლანდიურ კანონპროექტს, რომლის სახელწოდებაც არის “სისხლის სამართლის (ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული) კანონპროექტი 2022” და ამ ეტაპზე განხილვაშია. კანონპროექტის მთავარ მიზნებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე სასჯელის გაზრდა და ასევე სიძულვილის ენის კონტროლი წარმოადგენს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დამრღვევებისთვის სასჯელი განისაღვრება სხვადასხვა რაოდენობის ფულადი ჯარიმიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მთავარი დებატები კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიწვია მეათე პუნქტმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პიროვნება მიჩნეული იქნება დამნაშავედ თუ ის სხვებთან გაზიარების მიზნით შექმნის ისეთ მასალას ან ონლაინ კონტენტს, რომელიც გარკვეული ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წამქეზებელი იქნება. ამასთანავე, თავად ბრალდებული ხდება ვალდებული დაამტკიცოს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა სიძულვილის გავრცელება. დოკუმენტით განსაზღვრულია ის შემთხვევებიც, რა დროსაც მსგავსი მასალის შექმნა ან ქონა არ ჩაითვლება კანონდარღვევად (მაგალითად თუ ის შექმნილია სამეცნიერო აკადემიური, არტისტული და ა.შ. მოტივებით). 

სიტყვის თავისუფლების გამოხატვის დაცვის მიზნით კანონპროექტში წერია, რომ ნებისმიერი მასალა ან ქცევა, მხოლოდ იმის გამო, რომ შეიცავს კონკრეტული ჯგუფის ინდივიდების კრიტიკას ან განხილვას, ავტომატურად არ იქნება მიჩნეული სიძულვილის ან ძალადობის წაქეზების მცდელობად. ამასთანავე, კანონპროექტი არ ებრძვის დამოუკიდებელ მედიას და მასში არც ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარი. შესაბამისად, მცდარი ინფორმაციის წაკითხვის ან გავრცელების შემთხვევაში ირლანდიის მოქალაქეებს დაპატიმრება ან სხვა სახის სასჯელი არ დაემუქრებათ.

რაც შეეხება კანონპროექტის ფაქტების გადამოწმებასთან დაკავშირებას, აღსანიშნავია, რომ ფეისბუქის მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ინიშნება მხოლოდ არასწორ ფაქტებზე დაფუნებული პოსტები, ხოლო სიძულვილის ენა აღნიშნულ პროგრამას არ ეხება.

წყაროს შესახებ

გავრცელებული დეზინფორმაციის წყაროს ანტივაქსერული და კონსპირაციული ვებ-გვერდი Thepeoplesvoice.tv წარმოადგენს, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ მცდარი ინფორმაციები წარსულშიც გაუვრცელებია. The People’s Voice თავდაპირველად YourNewsWire-ის, შემდეგ კი News Punch-ის სახელით პოზიციონირებდა. Poynter.org-ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist