დეზინფორმაცია, თითქოს “სატყუარა პლასტირით” სავალდებულო ვაქცინაცია იწყება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

63
VIEWS

30 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშმა Giorgi Mamisashvili გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ 19 სექტემბრის დადგენილებით იწყებენ ბავშვთა და მოზარდთა სავალდებულო აცრებს. მან დააკონკრეტა, რომ აცრები გაკეთდება პლასტერების, ე.წ. ნანოპლასტირების საშუალებით, რომლებიც უმტკივნეულოა და ამ გზით შესაძლოა ბავშვები დაფარულად, ნებართვის გარეშე აცრან, რის გამოც იგი მოუწოდებს ხალხს არ გააკეთებინონ ბავშვებს პლასტირი სკოლაში, ბაღში ან თუნდაც მედპუნქტებში. პოსტს თან ერთვის ფოტოები, რომლებშიც ახსნილია ნანოპლასტირის არსი, ბოლო ფოტოში კი მოცემულია 2023 წლის დადგენილება, რომელშიც საუბარია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის შესახებ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებაზე. 

Screenshot 2023 10 06 151816 დეზინფორმაცია, თითქოს “სატყუარა პლასტირით” სავალდებულო ვაქცინაცია იწყება

პოსტი მცდარ და კონსპირაციულ მტკიცებებს შეიცავს. რეალურად, 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გაიზარდა იმ ადამიანების ასაკობრივი ჯგუფები, რომელთაც სახელმწიფო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში პაპილომას საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ, სურვილისამებრ შეეძლებათ. რაც შეეხება ფოტოებზე ნაჩვენებ პლასტირებს, ისინი კვლევების ეტაპს გადიან და საყოველთაო გამოყენება ამ დრომდე არ ხდება.

2023 წლის 19 სექტემბერს გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”. 2022 წლის პროგრამაში პაპილომას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უფასოდ გაკეთება განსაზღვრული იყო მხოლოდ 10-26 წლის ქალთა ასაკობრივი ჯგუფისათვის, ახალ ბრძანებაში კი აღინიშნა, რომ ქალთა ასაკი გაიზარდა 45 წლამდე და ასევე უფასოდ  შეეძლებათ აცრა 10-26 წლის ასაკის კაცებს. ზრდასრულებისთვის ვაქცინა სავალდებულო არ არის.

პაპილომას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის 2019 წელს შევიდა. 2023 წელს სახელმწიფო დადგენილებაში აღნიშნული ვაქცინის შესახებ რამდენიმე ცვლილება შეიტანეს და როგორც ქალთა, ასევე კაცთა ასაკი გაიზარდა.  აგვისტოში სამედიცინო სფეროსა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ პაპილომას საწინააღმდეგო ვაქცინაზე ცნობადობის ამაღლების კამპანია დაიწყო, რასაც ვაქცინაზე გავრცელებული დეზინფორმაციაც მოყვა.

რაც შეეხება ბავშვების გეგმიურ აცრებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  №01-51/ნ ბრძანების მიხედვით, 0-14 წლამდე ასაკის ბავშვებში 9 პროფილაქტიკური აცრა კეთდება:

  1. B ჰეპატიტი (ჰეპB/Hep B),
  2. ბცჟ (BCG),
  3. დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, პოლიომიელიტი (ინაქტივირებული), B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ჰექსა/DPaT+HepB+Hib+IPV),
  4. პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (პნევმო/PCV),
  5. როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota),
  6. წითელა, წითურა, ყბაყურა (წწყ/MMR),
  7. დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, პოლიომიელიტი (ინაქტივირებული) (DTaP/P),
  8. ტეტანუსი-დიფთერია (Td),
  9. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ HPV).  

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროფილაქტიკური აცრები სავალდებულოა, მშობელს აქვს უფლება შეავსოს სპეციალური განაცხადი და უარი განაცხადოს ბავშვის აცრაზე.  თუმცა აუცრელობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგება როგორც ბავშვის, ასევე გარშემომყოფების ჯანმრთელობა.

რა არის და როგორ მოქმედებს ფოტოებში ნაჩვენები “პლასტირები”?

გავრცელებულ პოსტს თან ერთვის ფოტოები, სადაც ჩანს ბავშვების აცრის პროცესი და რამდენიმე სახის მცირე ზომის “პლასტირი”. უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოების ნაწილი შეცდომაში შემყვანია, რადგან ბავშვების აცრის და კიდევ 2 ფოტოზე ნაჩვენებ (1, 2.) კადრებში რეალურად არა ნემსების ჩამანაცვლებელი, არამედ ნემსის გაკეთების წინ ლოკალური ანესთეზიის ალტერნატიული საშუალებები არის აღბეჭდილი. ფოტოები ამოჭრილია ვიდეოდან, რომელიც გვამცნობს ახალი პროდუქტის შესახებ, რომელსაც კრემის, გელის ან პლასტირის საშუალებით ბავშვს ხელზე უკეთებენ რამდენიმე წუთით, რის შემდეგაც ისინი ნემსის გაკეთებისას ტკივილს აღარ გრძნობენ. 

Screenshot 2023 10 06 151825 დეზინფორმაცია, თითქოს “სატყუარა პლასტირით” სავალდებულო ვაქცინაცია იწყება

ერთ-ერთ ფოტოზე ნაჩვენები პლასტირი, რომელიც აღწერის მიხედვით გრიპის ვაქცინისათვის არის განკუთვნილი, მართლაც არსებობს და მის შემუშავებაზე მეცნიერები ორი ათწლეულია მუშაობენ, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმემ მიაღწია ადრეული კვლევების ეტაპს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მათგანი არ დამტკიცებულა და შესაბამისად მათი საყოველთაო გამოყენება არ ხდება. ამჟამად, ამ პროდუქტის შექმნასა და გამოყენებაზე მომუშავე ერთ-ერთ მთავარ კომპანიას “Vaxess Technologies” წარმოადგენს, რომელთა მიხედვითაც მსგავსი პლასტირი ადამიანმა დაკვრიდან დაახლოებით 5 წუთის შემდეგ უნდა მოიხსნას, თუმცა ვაქცინა რჩება კანქვეშ და შემდგომი 2 კვირის მანძილზე ნელ-ნელა ერევა ორგანიზმში, რათა იმუნური სისტემისგან ბევრად უკეთესი რეაქცია გამოიწვიოს. 

Screenshot 2023 10 06 151831 დეზინფორმაცია, თითქოს “სატყუარა პლასტირით” სავალდებულო ვაქცინაცია იწყება

რაც შეეხება სხვა ფოტოებზე ნაჩვენებ მიკრო ზომის ნემსებიან პლასტირებს, ის სტენფორდის უნივერსიტეტისა და ჩრდილო კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორებმა 2021 წელს კოვიდ ვაქცინაციის პროცესის გამოწვევების საპასუხოდ შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქტის შესაქმნელად გამოიყენება 3D პრინტერი, ნემსები კი იმდენად პატარაა, რომ ტკივილს არ იწვევს. პლასტირში ვაქცინასთან ერთად შაქარიცაა, რომელსაც მიმწოდებლის ფუნქცია აქვს და შედეგად ის უფრო მარტივი შესანახი და გადასატანია, ვიდრე თხევადი ვაქცინები. ამასთანავე, როგორც პროფესორები აღნიშნავენ, ახალი პროდუქტი ბევრად უფრო ეფექტურია და ის დაახლოებით 50-ჯერ მეტ ანტისხეულს წარმოშობს ორგანიზმში. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მოქმედებისათვის საჭიროა მისი 2-3 საათით ტარება, რა დროშიც შაქარი დაიწყებს დაშლას და ვაქცინის ორგანიზმში შეტანას. როგორც ABC-ის სიუჟეტში აღინიშნება, პროდუქტი კვლევის ეტაპზეა და მის დასამტკიცებლად კიდევ რამდენიმე წელი იქნება საჭირო. 

მსგავსი ტიპის პროდუქტის შესახებ აზიელმა მეცნიერებმა 2013 წელს გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელშიც ისინი საზოგადოებას ლიდოკაინის (ძლიერი ტკივილგამაყუცჩებელი) ინექციის უმტკივნეულო და ეფექტურ გზას სთავაზობენ. 

Screenshot 2023 10 06 151838 დეზინფორმაცია, თითქოს “სატყუარა პლასტირით” სავალდებულო ვაქცინაცია იწყება

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “Giorgi Mamisashvili” ვაქცინებსა და სხვა თემებზე დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. მისი პოსტები “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3).


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist