დეზინფორმაცია, თითქოს ფრენები ვაქცინირებული პილოტების გამო უქმდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

131
VIEWS

24 აგვისტოდან ქართულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3,4) გერმანელი პოლიტიკოსის, ქრისტინ ანდერსონის ინტერვიუს ამსახველ ვიდეოს ავრცელებენ. ანდერსონის მტკიცებით, ევროპაში დიდი რაოდენობით ფრენების გადადება პილოტების რაოდენობრივ სიმცირეს უკავშირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ავიაკომპანიებმა აუცრელი პილოტები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო აცრილი პილოტები  სამედიცინო შემოწმების გავლას ვაქცინების გვერდითი ეფექტების – მიოკარდიტის, პერიკარდიტის, სისხლის შედედებისა და გონების დაბინდვის გამო ვერ ახერხებენ. 

Screenshot 23 4 დეზინფორმაცია, თითქოს ფრენები ვაქცინირებული პილოტების გამო უქმდებაScreenshot 24 4 დეზინფორმაცია, თითქოს ფრენები ვაქცინირებული პილოტების გამო უქმდება

გავრცელებულ ვიდეოში გაჟღერებული მტკიცება, რომ აცრილი პილოტები სამედიცინო შემოწმებას ვერ გადიან, რაც ფრენების გაუქმებას იწვევს, რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება. ავიაკომპანიებში თანამშრომელთა სიმცირე კორონავირუსის გავრცელებას და მის გამო იზოლაციას, ასევე დიდი რაოდენობით პილოტების პენსიაზე გასვლას უკავშირდება. განცხადება, რომ მიოკარდიუმი, პერიკარდიუმი, სისხლის შედედება და გონების დაბინდვა აცრის გვერდითი ეფექტებია, მანიპულაციურია, რადგან ყველა ეს სიმპტომი ვაქცინირებულ ადამიანებში იშვიათად ვლინდება, ხოლო კოვიდით ინფიცირებულებში გაცილებით ხშირად. 

გავრცელებული ვიდეო ამერიკულ საინფორმაციო პლატფორმასთან – “ნამდვილი ამერიკის ხმა” (Real America’s Voice) გერმანელი პოლიტიკოსის – ქრისტენ ანდერსონის ინტერვიუს ასახავს. ანდერსონის მიერ გაჟღერებული მტკიცება, თითქოს აცრილი პილოტები ვეღარ ახერხებენ სამსახურში დაბრუნებას, რადგან სამედიცინო შემოწმებას ვერ გადიან, 2021 წლიდან ვრცელდება. 

2021 წლის ნოემბერში ასევე გავრცელდა ცნობებიც, რომ რამდენიმე აცრილი პილოტი ფრენის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა, თუმცა USA Today-ს ცნობით, ამ პერიოდში არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

2022 წლის იანვარში Reuters-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ფრენების გაუქმება და გადადება არა ვაქცინაციის გვერდით ეფექტებს, არამედ ომიკრონის შტამის გავრცელებას უკავშირდებოდა, რომლის გამოც ავიაკომპანიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი იზოლაციაში იმყოფებოდა. სააგენტო ასევე დაუკავშირდა ამერიკის “ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციას” (FAA), რომელთა განცხადებითაც, არ არსებობს მტკიცებულება ისეთი ინციდენტის არსებობის შესახებ, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სამედიცინო გართულებებმა პილოტებს საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. 

დღემდე, ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც FAA პილოტებს უწესებს არის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ნებისმიერი დოზიდან 48 საათის მანძილზე ფრენის აკრძალვა. ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადების მიხედვით, შესაძლოა მომავალში შეზღუდვის პერიოდი შემცირდეს

რეალურად, დიდი რაოდენობით ფრენების გაუქმების ძირითადი მიზეზი პილოტთა დიდი ნაწილის პენსიაზე გასვლაა. Forbes-ის მიხედვით, ე.წ. “ბეიბი ბუმერების” თაობის პილოტებმა ამ წლებში პენსიის ასაკს მიაღწიეს და მათი ჩანაცვლება ახალი კადრებით დაბალი დაინტერესების გამო გართულდა. 

ესპანურენოვანი ფაქტების გადამოწმების პორტალ Maldita-ს მიხედვით კი, რომელიც “კომერციული ავიახაზების პილოტების ოფიციალური კოლეჯს” (COPAC) დაუკავშირდა, არ არსებობს მტკიცებულება პილოტების ჯანმრთელობაზე, ან ფრენის უსაფრთხოებაზე ვაქცინის საზიანო ეფექტის შესახებ. 

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ვაქცინის გვერდით მოვლენებს შორის მიოკარდიტი, პერიკარდიტი, სისხლის შედედება და გონების დაბინდვაა, მანიპულაციურია:

2021 წლის ივლისში “ევროპის მედიცინის სააგენტომ” (EMA) მიოკარდიტისა და პერიკარდიტის ორი ვაქცინის (ფაიზერისა და მოდერნას)  გვერდითი მოვლენების სიაში შეყვანის რეკომენდაცია გასცა. თუმცა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა უკიდურესად იშვიათია და კვლევის პერიოდისთვის (2021 წლის 31 მაისი) აღრიცხული იყო მიოკარდიტისა და პერიკარდიტის 145 შემთხვევა, მაშინ როდესაც ჯამში გამოყენებული იყო ორი ვაქცინის 180 მილიონი ერთეული. ასევე, სააგენტოს არ ჰქონდა საკმარისი მონაცემები იმის დასამტკიცებლად, რომ ვაქცინებსა და მიოკარდიტსა და პერიკარდიტს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს. 

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღების შემდეგ დაფიქსირებული მიოკარდიტის შემთხვევების რაოდენობა ძალიან მცირეა. ყველაზე დიდი რისკის მატარებელ ასაკობრივ ჯგუფში (18-29 წლები) ეს რიცხვი მილიონიდან 29-ს შეადგენდა. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ეს მონაცემები კიდევ უფრო დაბალი იყო და არ აღემატებოდა გეგმიური ვაქცინების კვლევის მონაცემებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიოკარდიტთან კოვიდ-19-ის კავშირი გაცილებით უფრო თვალსაჩინოა და აცრის შემდეგ ვირუსის რთულად მიმდინარეობისა და კოვიდის რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შანსები მკვეთრად იკლებს

მონაცემები აცრის შემდეგ სისხლის შედედებისა და თრომბოზის განვითარების შესახებ სხვადასხვა ვაქცინის შემთხვევაში განსხვავებულია. 2021 წლის მარტში ევროპის რამდენიმე ქვეყანამ თრომბოზის ერთეული დაფიქსირებული შემთხვევის შემდეგ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. კვლევებმა აჩვენა, რომ თრომბოზი აცრის შემდეგ ძალიან იშვიათ შემთხვევებში მართლაც ფიქსირდება, თუმცა, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში სისხლის შედედების და თრომბოზის განვითარების რისკები გაცილებით მაღალია, კერძოდ, სისხლის შედედება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრილ პირთა თითქმის 20%-ში დაფიქსირდა. 

რაც შეეხება “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინებს, მათი კავშირი თრომბოზთან არ დადასტურებულა

ასევე, ცნობები, რომ სისხლის შედედებამ ან თრომბოზმა რომელიმე პილოტს სამედიცინო შემოწმების გავლაში ან საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა, ღია წყაროებში არ იძებნება. 

ინფორმაცია ვაქცინების შესაძლო კავშირზე სისხლის შედედებასთან “მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ: 

კიდევ ერთი გვერდითი მოვლენა, რომელსაც ანდერსონი ვაქცინებს მიაწერს, გონების დაბინდვაა (Brain Fog). გონების დაბინდვა სამედიცინო ტერმინი არაა. ის გამოიყენება იმ მდგომარეობის აღსაწერად, როდესაც ადამიანს ყურადღების მოკრება და კონცენტრირება უჭირს. არსებული მონაცემებით, გონების დაბინდვა “ხანგრძლივი კოვიდის” ერთ-ერთი თანმდევი სიმპტომია. “ხანგრძლივ კოვიდს” იმ მდგომარეობას უწოდებენ, როდესაც რამდენიმე სიმპტომი ადამიანებს კოვიდის გადატანიდან დიდი ხნის მანძილზე რჩებათ. 

არსებობს ცალკეული ცნობები იმის შესახებ, რომ გონების დაბინდვა აცრილ ინდივიდებშიც დაფიქსირდა, თუმცა ამ ცნობებს სამეცნიერო კვლევის სახე არ მიუღია, შესაბამისად, არ შეგვიძლია იმის დაზუსტებით მტკიცება, რომ გონების დაბინდვა ვაქცინის გვერდითი მოვლენაა. 

ქრისტენ ანდერსონი ევროსკეპტიკური, ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან ნაკლები შეზღუდვების დაწესებას უჭერს მხარს და სავალდებულო პირბადის ტარებასა და ვაქცინაციას ეწინააღმდეგება. 2021 წლის არჩევნებში პარტიამ საერთო ხმების 10.3% მოიპოვა, რაც 2.3%-ით ნაკლებია პარტიის მიერ 2017 წლის არჩევნებში მიღებულ შედეგზე

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბაუტცენში, სადაც “ალტერნატივა გერმანიისთვის” ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, 2020 წლის დეკემბერში მთელს გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist