დოქტორი შონ ბრუკსის 6 დეზინფორმაცია და 1 მანიპულაცია ვაქცინებზე

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

40
VIEWS

2021 წლის 31 აგვისტოს, Facebook ანგარიშმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პირი ამბობს, რომ არის შონ ბრუკსი, აქვს დოქტორის ხარისხი ოქსფორდიდან, 21 წელია სწავლობს ჯანდაცვას, მედიცინას, ანატომიას და ფიზიოლოგიას და გამოქვეყნებული აქვს ათობით პუბლიკაცია და წიგნი. ის ოჰაიოს სკოლის გამგეობის სხდომაზე კორონავირუსის ახალი ტიპის (mRNA) ვაქცინებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ:

 

  1. ყველა ადამიანი, რომელიც ამ ტიპის ვაქცინით აიცრება, 6 თვიდან 3 წლამდე ვადაში დაიღუპება, ვინაიდან ვაქცინა ადამიანის ბუნებრივ იმუნურ სისტემას მნიშვნელოვნად ამცირებს,
  2. აცრილი ადამიანის ორგანიზმი ანტისხეულებზე ხდება დამოკიდებული,
  3. ვაქცინა ადამიანებს სტერილურს ხდის, ორსული ქალების 80%-მა აცრის შემდგომ ნაყოფი პირველივე ტრიმესტში დაკარგა,
  4. რნმ ვაქცინით აცრილები ძუძუთი კვებას ვეღარ შეძლებენ,
  5. ახალი ტიპის ვაქცინები სისხლის პლაზმას დონაციისათვის უვარგისს ხდის,
  6. ვაქცინები სპაიკ ცილას რნმ-ის ორად გახლეჩის გზით ქმნიან და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ,
  7. ვაქცინა სისხლის შედედებას იწვევს.

"

დოქტორი შონ ბრუკსი, რომელსაც, დოქტორის ხარისხი არა მედიცინაში, არამედ განათლების მეცნიერებაში აქვს მოპოვებული, ვიდეოში 6 მცდარ და 1 მანიპულაციურ განცხადებებს აკეთებს.

დეზინფორმაცია N1: mRNA ვაქცინებით აცრილი ადამიანები 6 თვიდან 3 წლამდე ვადაში გარდაიცვლებიან, რადგან ვაქცინა მათ იმუნიტეტს ამცირებს.

რეალურად: ახალი ტიპის mRNA ვაქცინები ადამიანის იმუნიტეტს, შემცირების ნაცვლად, პირიქით, ამაღლებენ.

ვირუსების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არსებობს, მათ შორის მესენჯერულ რნმ-ზე დაფუძნებული და ინაქტივირებული ვირუსის შემცველი ვაქცინები. ყველა ტიპის ვაქცინის ფუნქციაა, ორგანიზმში წარმოიქმნას ანტისხეულები, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსს შეებრძოლებიან. შესაბამისად, ვაქცინები ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითების ნაცვად, მის გაძლიერებას იწვევს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციით, კოვიდ ვაქცინებს ადამიანის ბუნებრივ იმუნურ სისტემაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. მართალია, ვაქცინას მოკლევადიან პერიოდში სუსტი გვერდითი მოვლენები ახასიათებს (სიცხე, დაღლილობა, თავის ტკივილი და ა.შ), თუმცა ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში გადის და გრძელვადიანად იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

რაც შეეხება აცრილი ადამიანების მასობრივ სიკვდილს 6 თვიდან 3 წლამდე ვადაში, ამერიკის შეერთებული შტატების ვაქცინაციის სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, სადაც ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, დავრწმუნდებით, რომ ამ დრომდე მხოლოდ აშშ-ში 419 000 000 ზე მეტი რნმ ვაქცინის დოზა გაკეთდა, მასობრივი სიკვდილიანობა კი არ გამოვლენილა.

აცრიდან გარკვეულ პერიოდში ვაქცინირებულთა გარდაცვალების შესახებ მცდარი მტკიცებები წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:

დეზინფორმაცია N 2:  რნმ-ვაქცინები ანტისხეულებით გაძლიერებულ დაავადებას (ADE)  იწვევს

რეალურად: ვაქცინები ADE-ს არ იწვევენ. მსგავსი შემთხვევა არც კლინიკურ კვლევებში და ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ არ გამოვლენილა;

ანტისხეულებით გაძლიერებული დაავადება (ADE) ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური რეაქციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები ცნობენ და უკავშირდებიან ერთ კონკრეტულ პათოგენს, თუმცა ინფექციის თავიდან აცილება არ შეუძლიათ. ამ დროს, ანტისხეულები კი არ იცავენ ორგანიზმს, პირიქით, აძლიერებენ ინფექციას.

არც თავად კორონავირუსი და არც მის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები ანტისხეულებით გაძლიერებულ დაავადებას არ იწევევენ. კლინიკური კვლევების დროს ADE-ს ჩამოყალიბების არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

დეზინფორმაცია N3: ორსულთა 80%-მა აცრის შემდეგ ნაყოფი პირველივე ტრიმესტრში დაკარგა, ვაქცინები აცრილებს სტერილურს ხდის

რეალურად: ვაქცინები ორსულებზე და ნაყოფზე არ მოქმედებს 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიხედვით, რნმ ვაქცინების მიღება ორსული პაციენტებისათვის უსაფრთხოა. ცხოველებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ორსულებისათვის საფრთხის შემცველი რაიმე ტიპის გარემოება არ გამოვლენილა. კოვიდ-19 ვაქცინები ანთებას არც დედებში და არც ნაყოფში არ იწვევს.

ორსული პაციენტების ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად შექმნილია სპეციალური V-safe ბაზა, სადაც, პაციენტებს, რომლებმაც ვაქცინა ფეხმძიმობის მე-20 კვირამდე მიიღეს, შეუძლიათ, ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ან გართულება სმარტფონის გამოყენებით დააფიქსირონ. დღეის მდგომარეობით, ვაქცინებს ორსულებში მნიშვნელოვანი გართულებები არ გამოუწვევიათ. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ვაქცინირებულთა 80% ნაყოფს პირველ ტრიმესტრშივე კარგავს, ყალბია.

დეზინფორმაციაა აგრეთვე მტკიცება, თითქოს ვაქცინები ფერტილობაზე მოქმედებს ან აცრამდე სპერმის გაყინვის რეკომენდაციაა გაცემული. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინები ფერტილობის პრობლემებს იწვევს, CDC-კი მათ, ვისაც ახლო მომავალში შვილის ყოლა სურთ, ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.

მსგავსი დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

დეზინფორმაცია N4: ახალი ტიპის ვაქცინები სისხლის პლაზმას დონაციისათვის უვარგისს ხდის

რეალურად: ვაქცინირებულ ადამიანს სისხლის დონაცია შეუძლია

ამერიკული წითელი ჯვრის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია სისხლის დონაციის მიღებას აგრძელებს, იმის მიუხედავად, არის თუ არა დონორი აცრილი. ასევე განმარტებულია, რომ დონაციის გასაკეთებლად ვაქცინირებული ადამიანი თავს კარგად უნდა გრძნობდეს და არანაირი სიმპტომი არ უნდა აღენიშნებოდეს. ასევე მან უნდა იცოდეს, რომელი ვაქცინით არის აცრილი, რადგან სხვადასხვა ვაქცინის შემთხვევაში სისხლის დონაციამდე მოცდის დრო სხვადასხვაგვარია. მაგალითისათვის, AstraZeneca-ს, Janssen/J&J-ს, Moderna-ს, Novavax-ის და Pfizer-ის ვაქცინით აცრილებისათვის ვაქცინაციიდან სისხლის ჩაბარებამდე მოცდის დრო დაწესებული არ არის, ხოლო ინაქტივირებული ვაქცინებისათვის, როგორებიცაა Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები, სისხლის ჩაბარებამდე მოცდის დრო 2 კვირაა.

წითელი ჯვარი ვაქცინირებულებისაგან სისხლის პლაზმის დონაციასაც იღებს. რაც შეეხება ვაქცინირებულთა ორგანოების გამოუსადეგარობას დონაციისათვის, სიმართლეს არც ეს მტკიცება შეესაბამება.

ამ თემასთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:

დეზინფორმაცია N5: ვაქცინირებულები ახალშობილების ძუძუთი გამოკვებას ვერ შეძლებენ

რეალურად: მეძუძური დედებისთვის რნმ ვაქცინები უსაფრთხოა

რაც შეეხება ძუძუთი კვებას, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ლაქტაციის პერიოდში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე რეკომენდაციას გასცემს. მტკიცება, რომ მესენჯერული რნმ დედის რძიდან ახალშობილში გადადის და საფრთხეს წარმოადგენს სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ თემებზე ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მასალა:

დეზინფორმაცია N6: სპაიკ ცილა რნმ-ის ორად გახლეჩის შედეგად წარმოიქმნება და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს

რეალურად: სპაიკ ცილა რნმ-ს ორად გახლეჩით ორგანიზმს საფრთხეს არ უქმნის

სპაიკ ცილას უშუალოდ ვაქცინა არ შეიცავს, ორგანიზმი ვაქცინის მიღების შემდეგ სპაიკ ცილას თვითონ წარმოქმნის და არ არსებობს მტკიცებულება, რომ სპაიკ ცილის ეს მცირე რაოდენობა ორგანიზმისთვის საზიანოა.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ წარმოქმნილი სპაიკ ცილა ინექციის ადგილას ანუ მკლავის კუნთში რჩება და სისხლის მიმოქცევით ორგანიზმში თავისუფლად არ გადაადგილდება. სწორედ მკლავის კუნთიდან კუნთოვან უჯრედებს მესენჯერული რნმ ვაქცინით ინსტრუქცია ეძლევა, რომ სპაიკ ცილა გამოიმუშაონ. ვაქცინის 1% კი, რომელიც სისხლში აღწევს, ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება.

თუმცა, აცრის შემდგომ მისი ქცევა განსხვავებულია და არ აქვს ისეთი მოქმედება, როგორიც ვირუსის მიმდინარეობის დროს. ცილის დონე სისხლში ძალიან მცირეა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის სისხლძარღვებს და ადამიანის სხვა ორგანოებს აზიანებს.

სპაიკ ცილის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, იხილეთ “მითების დეტექტორის”  სტატიები:

მანიპულაციურია მტკიცება, რომ ვაქცინები სისხლის შედედებას იწვევს

რეალურად თრომბოზის წარმოქმნის რისკი იშვიათ შემთხვევებში ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა კოვიდ19-ის ინფექციის შედეგად თრომბოზის განვითარების რისკი ბევრად მაღალია. 

მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სისხლის შედედებას და თრომბოზს იწვევს, მანიპულაციურია. თრომბოზის განვითარების რამდენიმე შემთხვევა მართლაც დაფიქსირდა აცრილ ადამიანებში, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა. თრომბოციტოპენია და თრომბოზი შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა ჯონსონ&ჯონსონის და ასტრაზენეკას ვაქცინებისთვის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოლო მასშტაბური კვლევის თანახმად, არტერიული თრომბოემბოლიის მომატებული მცირე რისკი ახასიათებს ფაიზერის ვაქცინასაც, თუმცა კვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შედეგად თრომბის ჩამოყალიბების რისკი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ვაქცინების შედეგად.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 2021 წლის 18 აგვისტოს მონაცემებით, ჯამში გაკეთებული 346 მილიონი დოზა რნმ COVID-19 ვაქცინიდან, ვაქცინაციის შემდეგ თრომბოზის გავითარება მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვლინდა.

ვინ არის დოქტორი შონ ბუკსი?

რაც შეეხება დოქტორ შონ ბრუკს, იგი არც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორია და არც დოქტორის ხარისხი აქვს იმუნოლოგიაში. იგი ოჰაიოს შტატის ქალაქ ოქსფორდიდანაა, დოქტორის ხარისხი კი განათლების მეცნიერებებში აქვს მოპოვებული. მისი წიგნები და სამეცნიერო ნაშრომები კი სასკოლო პოლიტიკის შესახებაა.

ანგარიში „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ კი გამორიჩევა კოვიდ-19-ისა და ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციების გავრცელებით. მითების დეტექტორს „ბოლო ჟამის ქრისტიანების“ მიერ გავრცელებული მითები ადრეც გადაუმოწმებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist