რა დეზინფორმაცია ვრცელდება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

898
VIEWS

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის 2019 წელს შევიდა. 2023 წლის ცვლილებით კი, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია. 2023 წლის ივლისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში უახლოეს 2 თვეში პაპილომავირუსის 12 ათასზე მეტ ვაქცინას ვადა გასდის, შესაბამისად, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს ცნობადობის ამაღლება ვაქცინაციის მნიშვნელობის კუთხით.  პარალელურად, სოციალურ ქსელში ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინათან დაკავშირებით შემდეგი მტკიცებები გავრცელდა (1, 2, 3):

  1. პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია საზიანოა და მძიმე შედეგებს იწვევს; 
  2. ინგლისში 2006-2007 წლებში აცრილ გოგოებში საშვილოსნოს ყელის კიბო 1,5-ჯერ გაიზარდა აუცრელებთან შედარებით; 
  3. იაპონიის მთავრობამ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – გარდასილი და ცერვარიქსი აკრძელა.

saqarthveloshi papiloma virusis vaqtsinatsia vaqtsinatsiis erovnul programashi 10 12 tslis gogoebisthvis 2019 tsels shevida რა დეზინფორმაცია ვრცელდება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე?

სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება:
1.  HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, ასევე, ვაქცინაციის შედეგად რაიმე სახის სერიოზული გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
2. ინგლისში ვაქცინირებულ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოსა და საშვილოსნოს ყელის მესამე ხარისხის ინტრაეპითელიალური ნეოპლაზიის პროცენტულობა მნიშვნელოვნად შემცირდა არავაქცინირებულებთან შედარებით.
3. 2013 წელს იაპონიის მთავრობამ  ვაქცინაციის პროგრამის რეკომენდაცია შეაჩერა, თუმცა  HPV ვაქცინაციის პროგრამა 2022 წელს კვლავ განახლდა, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაასკვნა, რომ HPV ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია. 

საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი პაპილომა ვირუსია, მეოთხე ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული ონკოლოგიური დაავადებაა. 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 604 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 342 000 ქალი გარდაიცვალა. საშვილოსნოს ყელის კიბო ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ზემოქმედებით ჩნდება, რომელიც ჩვეულებრივ  კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას ვრცელდება და შესაძლოა ნებისმიერი ტიპის ინტიმური კავშირის დროს გავრცელდეს. არსებობს ვირუსის დაახლოებით 200 ტიპი. სქესობრივი გზით გადამდები HPV ტიპები ორ,  დაბალი და მაღალი რისკის ჯგუფებად იყოფა. მაღალი რისკის HPV-ს (HPV 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66 და 68) კიბოს რამდენიმე სახეობის გამოწვევა შეუძლიათ. თავის მხრივ, ონკოგენური ტიპები (HPV16,  HPV18) იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების შემთხვევათა 70%-ში. საშვილოსნოს კიბოს ყველაზე ეფექტიანი პრევენციული ზომა ვაქცინაციაა, რომელიც 2006 წლიდან გამოიყენება. 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი ვაქცინის 270 მილიონზე მეტი დოზით.

დღესდღეობით პაპილომავირუსის საწინააღმდეგოდ სამი ტიპის ვაქცინა არსებობს: ცხრავალენტიანი  – Gardasil® 9, ოთხვალენტიანი – Gardasil® და ბივალენტური ვაქცინა – Cervarix®. ოთხვალენტიანი ვაქცინა ვირუსის ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპებს შეიცავს (6, 11, 16 და 18), GARDASIL 9, რომელიც ცხრავალენტიანია,  პაპილომა ვირუსის 6, 11, 16, 18, 31, 33, 45, 52, 58 ტიპებისგან იცავს ადამიანს. რაც შეეხება ბივალენტურ ვაქცინას, ის ადამიანის  დაცვას 14 და 18 ტიპების გადადებისგან  უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ამ სამივე ვაქცინას გავლილი აქვს  კლინიკური კვლევების ყველა საჭირო ეტაპი (Gardasil® 9 შესწავლილი იყო კლინიკურ კვლევებში 15000-ზე მეტი ქალისა და მამაკაცის მონაწილეობით, Gardasil® შესწავლილი იყო კლინიკურ კვლევებში 29000-ზე მეტი ქალისა და მამაკაცის მონაწილეობით, Cervarix შესწავლილი იყო კლინიკურ კვლევებში, სადაც 30000-ზე მეტ ქალი მონაწილეობდა), რომელთა შედეგების თანახმად, თითოეული ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდა. თავის მხრივ, 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა, რომ HPV ვაქცინაცია უსაფრთხოა.

როგორც ყველა სხვა დამტკიცებული ვაქცინის შემთხვევაში, HPV ვაქცინების უსაფრთხოებასაც CDC და FDA აკონტროლებენ. რაც შეეხება ვაქცინაციის შესაძლო გვერდით მოვლენებს, ვაქცინას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ წამალს, შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. HPV-ის აცრებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არის მსუბუქი და გრძელდება ერთი ან ორი დღის განმავლობაში. ასეთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება მკლავზე ვაქცინის გაკეთების ადგილას, ცხელება, თავბრუსხვევა ან დაღლილობა, გულისრევა თავის ტკივილი, კუნთების ან სახსრების ტკივილი. 

იწვევევს თუ არა HPV ვაქცინაცია კიბოს ან უნაყოფობას?

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს არ შეუძლიათ პაპილომა ვირუსის ინფექციის ან კიბოს გამოწევა, რამდენადაც ვაქცინა ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილის გამოყენებით მზადდება – ცილა ლაბორატორიაში იზრდება და ვირუსის მსგავს ნაწილაკებად იქცევა, თუმცა ის არ შეიცავს ვირუსის გენეტიკურ მასალას. ასევე HPV ვაქცინა არ იწვევს ნაყოფიერების პრობლემებს. პირიქით, აუცრელობა ადამიანებს კიბოს და კიბოსწინარე სიმსივნის გაჩენის რისკის ქვეშ აყენებს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს HPV-ით გამოწვეული კიბო განუვითარდებათ, მათ დასჭირდებათ მკურნალობა (ჰისტერექტომია (ქალებისთვის), ქიმიოთერაპია ან რადიაცია), რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა. თავის მხრივ, საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე სიმსივნის მკურნალობამ შეიძლება ასევე დააყენოს ქალები საშვილოსნოს ყელის პრობლემების რისკის ქვეშ, რამაც შესაძლოა ზოგჯერ ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ HPV-ის ვაქცინები ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ჯანმოს ვაქცინის უსაფრთხოების მრჩეველთა გლობალურმა კომიტეტმა ასევე შეისწავლა კავშირი უშვილობასა და HPV ვაქცინას შორის და დაასკვნა, რომ არსებული მონაცემებით, ვაქცინაციასა და უშვილობას შორის კავშირი არ არსებობს. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებისა და სარგებელის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა:

აშშ-ში HPV ვაქცინაცია 2006 წლიდან ტარდება, რის შედეგადაც  HPV ინფექციებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე სიმსივნეების რაოდენობა  მნიშვნელოვნად შემცირდა. თინეიჯერ გოგონებში HPV ტიპის ინფექციების, რომლებიც იწვევენ HPV კიბოს და გენიტალური მეჭეჭების უმეტესობას,  88 %-იანი შემცირება დაფიქსირდა. ახალგაზრდა ზრდასრულ ქალებში კი HPV ტიპის ინფექციები, რომლებიც HPV კიბოს და გენიტალური მეჭეჭებს იწვევენ,  81%-ით შემცირდა. ასევე, ვაქცინირებულ ქალებს შორის 40%-ით შემცირდა საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე სიმსივნეები, რომელიც HPV ტიპით არის გამოწვეული.
აღსანიშნავია ისიც, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გრძელვადიან დაცვას უზრუნველყოფს და ვაქცინირებულების დაცვა HPV-ისგან დროთა განმავლობაში არ შემცირებულა.

რა შედეგები მოიტანა ბრიტანეთში ჩატარებულმა ვაქცინაციამ?

ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) იმუნიზაცია ბივალენტური ვაქცინით (Cervarix) ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, 2008 წლის 1 სექტემბერს დაინერგა. გეგმიური ვაქცინაციის ქვედა ზღვარი 12-13 წელი იყო.  ვაქცინა ახალგაზრდა ქალებს სთავაზობდა  დაცვას HPV ტიპი 16 და 18-ისგან, რომლებიც ერთად საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 70%-ს იწვევენ.

10 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევის თანახმად, HPV ვაქცინაციის შემოღების შემდეგ, 16-21 წლის ქალებში HPV ტიპის 16/18 ინფექციები ინგლისში 86%-ით იყო შემცირებული. იმის გათვალისწინებით, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 80% გამოწვეულია ამ ტიპებით, მეცნიერები მომდევნო წლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს მნიშვნელოვან შემცირებას ვარაუდობდნენ.

აღსანიშნავია, ისიც, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე ხშირად ქალებს 30 წლის ასაკიდან ემართებათ, შესაბამისად, იმის ზუსტი სურათის დასადგენად, თუ რა გავლენას მოახდენს ვაქცინაცია კიბოზე, საჭიროა, რომ ვაქცინირებულმა ქალებმა ამ ასაკს მიაღწიონ.  2008 წელს ბრიტანეთში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12 წლიდან იყო დაშვებული. იმ შემთხვევაში თუ გოგონა 2008 წელს 12 წლის იყო, 2023 წელს მისი ასაკი 27 წელი უნდა იყოს, შესაბამისად, უფრო გვიან აცრილების შემთხვევაში, სრული გავლენის დასანახად კიდევ რამდენიმე წელია საჭირო. ამის მიუხედავად, შოტლანდიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინამ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადება ქალებში 71%-მდე შეამცირა.

ასევე, ვაქცინა იცავს გენიტალური მეჭეჭებისგან, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია HPV ტიპი 6 და 11-ით. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (PHE) მონაცემებით, 2009-2017 წლებში გენიტალური მეჭეჭების დიაგნოზი 90%-ით შემცირდა 15-17 წლის გოგონებში და 70%-ით 15-17 წლის ბიჭებში. ეს ასევე იმაზე მეტყველებს, რომ ბიჭები ასევე ირიბად სარგებლობენ ჯოგური იმუნიტეტით – თუ გოგონების ნაკლები რაოდენობა დაინფიცირდება პაპილომა ვირუსით, ნაკლებად გადასდებენ მას ბიჭებს.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი კვლევა 2021 წელს ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. კვლევის დროს რაოდენობრივად შეისწავლეს საშვილოსნოს ყელის კიბოსა და საშვილოსნოს ყელის მესამე ხარისხის ინტრაეპითელიალური ნეოპლაზიაზე(CIN3) იმუნიზაციის პროგრამის ადრეული ეფექტი და დადგინდა, რომ ინგლისში HPV იმუნიზაციის პროგრამის დანერგვის შემდეგ ახალგაზრდა ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო და CIN3 მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევი იმ პირებში იყო, რომლებსაც ვაქცინაცია 12-13 წლის ასაკში ჩაუტარდათ. 20 წლიდან 30 წლამდე ასაკის ქალების მონაცემებზე დაკვირვებისას გამოვლინდა, რომ არავაქცინირებულ ჯგუფთან შედარებით საშვილოსნოს ყელის კიბოს სიხშირის შემცირება 16-18 წლის ასაკში ვაქცინაციის შემთხვევაში – 34%,  14-16 წლის ასაკში – 62% და 12-13 წლის ასაკში  87% იყო. 

დიდ ბრიტანეთში საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებულია 35 წლამდე ქალებში და წელიწადში ამ დაავადებით დაახლოებით 850 ქალი იღუპება.

არის თუ არა აკრძალული  იაპონიაში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

იაპონიაში HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გოგონებისთვის 2013 წელს დაიწყო, თუმცა იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ (MHLW)  ვაქცინაციის პროგრამის რეკომენდაცია მას შემდეგ შეაჩერა, რაც იმუნიზაციის შედეგად გავრცელებული სავარაუდო გვერდითი მოვლენების სერიამ საზოგადოებაში ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეჭვი გააჩინა. იაპონიაში HPV ვაქცინაციის პროგრამა 2022 წელს, მას შემდეგ განახლდა, რაც ჯანდაცვის სამიმნისტრომ დაასკვნა, რომ HPV ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია. გინეკოლოგ კანაკო ინაბას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო მეტი ყურადღება მიაქცია საზოგადოებრივ აზრს, ვიდრე მეცნიერულ მტკიცებულებებს. 

იაპონიის კიბოს ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2019 წელს იაპონიაში 11 000-მდე ადამიანს დაუდგინდა საშვილოსნოს ყელის კიბო, ხოლო 2020 წელს ამ დაავადებით 2900  ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის  The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, იაპონიაში “HPV ვაქცინის კრიზისმა” შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი 5000  ადამიანის სიკვდილი საშვილოსნოს ყელის კიბოთი 1994-დან 2007 წლამდე დაბადებულ გოგონებში, განსხვავებით იმ შემთხვევისგან, თუ ვაქცინაციის დონე 70% იქნებოდა.

იაპონიიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საშვილოსნოს ყელის კიბო 25-დან 39 წლამდე ასაკის ქალებში კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია და მას მხოლოდ  ძუძუს კიბო აჭარბებს. 2022 წლიდან ახალ ვაქცინას იაპონიაში უფასოდ სთავაზობენ გოგონებს დაწყებითი სკოლის მეექვსე კლასიდან საშუალო სკოლის პირველ კურსამდე.

”საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ახალგაზრდა ქალების სიცოცხლე,” – განუცხადა AFP-ს მმართველი პარტიის პოლიტიკოსმა ჯუნკო მიჰარამ, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ამ ეტაპზე იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი და უფასოდ შესთავაზოს HPV საქინააღმდეგო ვაქცინები ქალებს, რომლებმაც გამოტოვეს აცრა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში – მაშინ, როდესაც ისინი სამიზნე ასაკში იყვნენ.

აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist