წიწაკა TV-ზე პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

54
VIEWS

23 აპრილს ინტერნეტ ტელევიზია “წიწაკა TV – Pepper TV” Facebook  გადაცემაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადის, წამყვანის და “ევრაზიული არჩევანის” დამფუძნებლის არჩილ ჭყოიძის ვიდეომიმართვა გავიდა. გადაცემაში, რომლის სახელი იყო “სააფთიაქო მაფია” ჭყოიძეს  მოწვეული ჰყავდა მარიამ ჟორჟოლიანი, რომელიც მან მედიკოსად წარადგინა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშიც მუშაობდა. ვიდეოში ჭყოიძემ და ჟორჟოლიანმა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე, ასევე ვაქცინებზეც ისაუბრეს. მარიამ ჟორჟოლიანის თქმით, საქართველო დიდი ექსპერიმენტების ქვეშ არის, ხოლო პაპილომავირუსის აცრა ბიოლოგიური იარაღია. მისივე მტკიცებით, ბილ გეიტსმა და მისმა ცოლმა შემოიარეს აფრიკა, სხვა ქვეყნებიც და მათ შორის ინდოეთი, სადაც 150 ათასი ადამიანი აცრეს და ყველა აცრილი გოგონა, უშვილოა, ხოლო 15 ათასი გარდაიცვალა.

;

მარიამ ჟორჟოლიანის მტკიცება, თითქოს ინდოეთში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 150 ათასი ადამიანის აცრამ კამპანიაში მონაწილე გოგონების უშვილობა გამოიწვია, ხოლო 15 ათასი გარდაიცვალა, საფუძველს მოკლებულია. რეალურად, ინდოეთში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დაახლოებით 24 ათასი გოგონა აცრეს, ვაქცინაციის შემდეგ 7 გარდაცვალების შემთხვევის შესწავლამ კი  ვაქცინაციასა და გარდაცვალებას შორის რაიმე კავშირი ვერ დაადგინა. ასევე მცდარია მოსაზრება, თითქოს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უშვილობას იწვევს.

სამეცნიერო ჟურნალ Nature-ის თანახმად, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ, პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში ქალთა სიმსივნის მეორე ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ყოველწლიურად ამ დაავადების 500 000 ახალი შემთხვევა და 250 000 სასიკვდილო შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის, ინდოეთზე დაახლოებით 134 000 ახალი შემთხვევა და 73 000 გარდაცვალება მოდის.

პირველი პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, გარდასილი (Gardasil) აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ 2006 წელს დაამტკიცა. 2008 წელს ინდოეთმა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა დაამტკიცა: Merck-ის მიერ წარმოებული ვაქცინა და ცერვარიქსი (Cervarix). ორივე მათგანს აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ავტორიზაცია ჰქონდა მოპოვებული.

რა მოხდა სინამდვილეში ინდოეთში? 

Politifact-ის თანახმად, ინდოეთში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებაში მონაწილე რამდენიმე გოგონას გარდაცვალების შემთხვევები ანტი-ვაქცინაციის ბლოგმა ბილ გეიტსთან დაუკავშირა. რეალურად, სრულმა სამედიცინო გამოძიებამ აჩვენა, რომ გოგონების გარდაცვალების მიზეზები ვაქცინას სულაც არ უკავშირდებოდა: 7 შემთხვევიდან, ორი მათგანი მწერების საწინააღმდეგო საშუალებით მოიწამლა, ორი მალარიით გარდაიცვალა, ერთს შხამიანმა გველმა უკბინა, ერთი მათგანი დაიხრჩო, ხოლო ერთი კი სხვა დაავადებით გარდაიცვალა, რომელიც ექიმების დასკვნით პაპილომავირუსს არ უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია 2009 წელს დაიწყო და 2010 წლის მარტამდე გაგრძელდა და 10-14 წლის ასაკის დაახლოებით 24 000 გოგონა აიცრა. აღნიშნული კამპანია, რომელიც ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა დააფინანსა, ინდოეთის გარდა, პერუში, უგანდასა და ვიეტნამშიც განხორციელდა. ვაქცინაციის პროგრამა ინდოეთის მთავრობამ მას შემდეგ შეაჩერა, რაც შვიდი ვაქცინირებული გოგონას სიკვდილის გამო აქტივისტები ვაქცინის გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ინდოეთის მთავრობის გამოძიებამ დაასკვნა, რომ გარდაცვალების შემთხვევები ვაქცინაციას არ უკავშირდებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, აქტივობები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში ხორციელდება და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ ფინანსდება, კომპლექსურ, კოორდინირებულ სტრატეგიას წარმოადგენს, რომლის მიზანია HPV ვაქცინები ხელმისაწვდომი, მისაღები და ფინანსურად ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის, ვისაც აღნიშნული ვაქცინები ყველაზე მეტად სჭირდებათ.

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება და სარგებელი 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ინფორმაციით, 12 წლის განმავლობაში განხორციელებულმა მონიტორინგმა და კვლევებმა აჩვენა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა.  სანამ მათი ავტორიზაცია  მოხდებოდა, თითოეული ვაქცინა (Gardasil-ი 9, Gardasil-ი და Cervarix-ი) წლების განმავლობაში უსაფრთხოების ტესტირებას გადიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინებმა ლიცენზია მიიღო, 2019 წლის აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში 120 მილიონზე მეტი დოზის დისტრიბუცია მოხდა. ბოლო მონაცემები კვლავ აჩვენებს, რომ აღნიშნული ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტიანი, ხოლო გვერდითი ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულია ადელაიდის უნივერსიტეტის მიერ 2017 წელს მომზადებული ანგარიში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებულ სერიოზულ გვერდით მოვლენებზე. ანგარიშის თანახმად, გარდასილის შემთხვევაში, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა უკავშირდებოდა ვაქცინას. ცერვარიქსის (Cervarix TM) ორი კვლევა, რომელიც სასიკვდილო შემთხვევებს შეეხებოდა, გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებად თვითმკვლელობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, თავდასხმას, სიმსივნეს, კრონის დაავადებას, სისტემურ წითელ მგლურას, HIV-თან დაკავშირებულ დაავადებასა და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტს ასახელებდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ HPV-ის ვაქცინები ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ჯანმოს ვაქცინის უსაფრთხოების მრჩეველთა გლობალურმა კომიტეტმა ასევე შეისწავლა კავშირი უშვილობასა და HPV ვაქცინას შორის და დაასკვნა, რომ არსებული მონაცემებით, ვაქცინაციასა და უშვილობას შორის კავშირი არ იკვეთება.

აღსანიშნავია, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა HPV ინფექციებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. აშშ-ში მოზარდ გოგონებს შორის პაპილომავირუსის ტიპის ინფექციები, რომლებიც HPV სიმსივნეების უმრავლესობას და გენიტალურ მეჭეჭებს იწვევს, 86 %-ით შემცირდა. ახალგაზრდა ქალებს შორის ასეთი ინფექციები 71 %-ით შემცირდა.

რაც შეეხება ჟორჟოლიანის მიერ ბიოლოგიურ იარაღზე გამოთქმულ მოსაზრებას, მითების დეტექტორს გამოქვეყნებული აქვს მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ შექმნილი ბიოლოგიური იარაღის არსებობა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. ამ დროისთვის არ არსებობს არავითარი ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ რომელიმე სახელმწიფო რაიმე სახით ფლობს ამგვარ იარაღს. ყველა სამეცნიერო სტატია და კვლევა, რომელიც ამ საკითხის გარშემო არსებობს,  თეორიულია და მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობითა და  რეალობაში მისი არსებობის  დაშვებით საუბრობს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ინდოეთი
წყარო

წყარო

წიწაკა
წიწაკა TV - Pepper TV

წყარო

რრ
ჭყოიძე არჩილ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist