2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ფორმა ცნობილი გამოცემების გარეკანების გაყალბება იყო. ამ ტიპის დეზინფორმაციული მტკიცებები მიზნად ისახავდა მკითხველისთვის შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ცნობილი გამოცემები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა დასავლელ ლიდერებს აშარჟებენ და რუსეთის სიძლიერის ფონზე ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სისუსტეს აღიარებენ.
ჯამში “მითების დეტექტორმა” 8 გაყალბებული გარეკანი გადაამოწმა. გამოცემებს შორის ფრანგული “Charlie Hebdo”, ამერიკული “Time” და ესპანური სატირული ჟურნალი “El Jueves” მოხვდნენ.
პროგრამულად დამუშავებულ გარეკანის ფოტოებს ძირითადად ფეისბუქ პროფილები ავრცელებდნენ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში გაყალბებული ფოტოები რუსულენოვან მედიაში, ასევე ქართული კრემლისტური ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებისა და პარტიის ფეისბუქ გვერდებზეც გავრცელდა.
-
ზელენსკის დისკრედიტაცია და ანტი-უკრაინული განწყობების გაღვივება
8 გაყალბებული გარეკანიდან 5-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო გამოსახული.
ჟურნალ Time-ის გაყალბებულ გარეკანზე უკრაინის პრეზიდენტის ფოტოს თან ერთვოდა წარწერა “LADIMIR ELENSKI” და მტკიცება, რომ ზელენსკიმ საკუთარ სახელსა და გვარში V და Z ასოების გამოყენებაზე უარი თქვა. ეს მტკიცება ეხმაურება უკრაინის რადას მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ამ ორი სიმბოლოს საინფორმაციო და საჯარო სივრცეში გამოყენებას კრძალავს, რადგან ისინი უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის სიმბოლოდ იქცა. გაყალბებული გარეკანი მიზნად ისახავს ზელენსკი კომიკურ, არასერიოზულ ფიგურად წარმოაჩინოს.
ფოტოზე, რომელიც ესპანურ გამოცემა El Jueves-ს მიეწერებოდა, ზელენსკის დეფორმირებული სახე და რაკეტებია გამოსახული. ფოტო რუსეთის მიერ ოქტომბრის თვეში უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს უკავშირდება და მიზნად უკრაინისა და პირადად ზელენსკის სისუსტის წარმოჩენას ისახავს.
უკრაინის სისუსტის სადემონსტრაციოდ შეიქმნა “შარლი ებდოს” კიდევ ერთი ყალბი გარეკანი, რომელზეც კიევის ლოკაციაა გამოსახული, წარწერით “და აი, ჩვენ ბნელ მხარეს გადავედით”. გარეკანი უკრაინის დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეწყვეტას უკავშირდება, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს მოჰყვა. ეს გარეკანი, El Jueves-ის სახელით გავრცელებული ფოტოს მსგავსად ომში უკრაინის წარუმატებლობაზე მიანიშნებს.
“შარლი ებდოს” სამ სხვადასხვა გაყალბებულ კარიკატურაზე ზელენსკის ზოომორფული გამოსახულება გვხვდება, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტი ძაღლის ფორმითაა გამოსახული. ერთ შემთხვევაში ზელენსკი დიდი ბრიტანეთის რუკასთან დგას და პირით აზოველი ჯარისკაცის მოკვეთილი ხელი უჭირავს, მეორე კარიკატურაზე ის ემანუელ მაკრონის მანქანის წინ ძაღლის საკვებს ჭამს, ხოლო მესამე შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტი დედოფალი ელიზაბეტ II-ის ცხედრის წინ, მეფე ჩარლზ III-ის ფეხებთან ზის. კარიკატურების მიზანი ზელენსკის, როგორც ბრიტანეთისა და საფრანგეთის მორჩილი ფიგურის წარმოჩენაა.
-
დასავლელი ლიდერებისა და მათი ქვეყნების სისუსტის დემონსტრირება
უკრაინის ლიდერის პარალელურად, გაყალბებული გარეკანები სხვა დასავლელი ლიდერების დისკრედიტაციასაც ისახავდა მიზნად. “შარლი ებდოს” გაყალბებულ კარიკატურაზე, რომელზეც ზელენსკის აზოველი ჯარისკაცის მოკვეთილი ხელი უჭირავს, ბრიტანეთი მწვანე ფერისაა და ადამიანის ფორმა აქვს მიცემული, რომელსაც გული ერევა. ფოტოზე ყავისფერ მასასთან ერთად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც გვხვდება. ჯონსონის გარდა “შარლი ებდოს” გარეკანზე მეფე ჩარლს III-ც მოხვდა. ამ შემთხვევაში კარიკატურის ავტორებმა ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს მიერ დაშვებული შეცდომა (Queer Elisabeth) გააშარჟეს.
“შარლი ებდოს” გარეკანზე, რომელზეც ზელენსკი ევროკავშირის დროშის ფერებით გაფორმებული თეფშიდან ჭამს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიცაა გამოსახული, რომელიც მომიტინგე ფრანგებს სახანძრო მანქანიდან წყლის ჟავლს ასხამს და მათ დაშლისკენ მოუწოდებს. მომიტინგეები პრეზიდენტს პასუხობენ, რომ მათ სახლებში მომდინარე წყალი უფრო ცივია. კარიკატურა მიანიშნებს, ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების გამო ფრანგი მოსახლეობა პრეზიდენტით უკმაყოფილოა.
“შარლი ებდოს” გაყალბებული გარეკანი მას შემდეგაც გავრცელდა, რაც 15 ნოემბერს, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა რაკეტამ 2 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა. კარიკატურაზე გამოსახულ რაკეტას, რომელსაც უკრაინის დროშა ახატია, ორი პირი უყურებს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ეს “ვოლინის ხოცვა-ჟლეტა 2.0-ა”. ჩამოვარდნილი რაკეტის ვოლინის ტრაგედიასთან დაკავშირებით კარიკატურის ავტორები ცდილობენ თანამედროვე უკრაინის სახელმწიფო იმ ნაციონალისტებთან გააიგივონ, რომლებმაც 1943-1945 წლებში პოლონელები დახოცეს.
ვრცლად გაყალბებული გარეკანების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- В ФЕЙСБУКЕ РАСПРОСТРАНЯЕТСЯ ПОДДЕЛЬНАЯ ОБЛОЖКА ЖУРНАЛА «ШАРЛИ ЭБДО»
- უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება
- პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტაზე “შარლი ებდოს” სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
- ზელენსკისა და სუნაკის კარიკატურები ინდურ ჟურნალ ANANDA VIKATAN-ს არ ეკუთვნის
- დაიბეჭდა თუ არა TIME-ის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი და გვარი აკრძალული სიმბოლოების V-სა და Z-ს გარეშე?
- ეკუთვნის თუ არა გავრცელებული კარიკატურა ესპანურ სატირულ ჟურნალს EL JUEVES-ს?
- В ФЕЙСБУКЕ ОТ ИМЕНИ «ШАРЛИ ЭБДО» РАСПРОСТРАНЯЕТСЯ ФЕЙКОВАЯ КАРИКАТУРА ОБ УКРАИНЕ
-
ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის სიძლიერის წარმოჩენა
გაყალბებული გარეკანების ნაწილი მიზნად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიძლიერის და რუსეთის დაუმარცხებლობის განცდის შექმნას ისახავდა მიზნად.
ჟურნალ Time-ის გაყალბებულ გარეკანზე პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიწაზე ანარცხებს. ფოტოს მარცხნივ გვხვდება წარწერა “სიტუაცია დაპაუზებულია”. ეს გარეკანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე შეიქმნა და ის ომის დაწყების შემდეგაც აქტიურად ვრცელდებოდა.
რუსეთის სამხედრო სიძლიერეზე მიანიშნებდა El Jueves-ის და “შარლი ებდოს” გარეკანები, რომლებიც ზემოთ აღინიშნა და რომლებზეც რუსული რაკეტები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი კიევი იყო გამოსახული.
ვრცლად ჟურნალი Time-ის გაყალბებული გარეკანის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: