29 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშმა Георгий Кушиташвили ჟურნალი Time-ის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახულია, როგორ აგდებს მიწაზე კიმონოში გამოწყობილი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ფოტოზე ასევე დატანილია წარწერა “სიტუაცია დაპაუზებულია”. გასულ თვეებში ფოტოს რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშებიც (1,2,3) ავრცელებდნენ.
Time-ის გარეკანის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. 2021 წლის დეკემბრის ბოლო კვირაში გამოსულ ნომერზე არა პუტინი და ბაიდენი, არამედ ილონ მასკი იყო გამოსახული. რუსეთის პრეზიდენტის ფოტოს ორიგინალი ვერსია 2012 წლიდან ვრცელდება და ის ვლადიმირ პუტინის ძიუდოში ვარჯიშს ასახავს.
გავრცელებული ფოტოს მარჯვენა ზედა კუთხეში მოცემულია თარიღები 2021 წლის 31 დეკემბერი და 2022 წლის 3 იანვარი.
ყველაზე ახლოს ამ თარიღებთან 27 დეკემბერს გამოსული ნომერია, რომლის გარეკანზეც არა ბაიდენი და პუტინი, არამედ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკია გამოსახული.
შემდეგი ნომერი 2022 წლის 17 იანვარს გამოვიდა და რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები არც მის გარეკანზე გვხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ Time-ის ყოველი წლის ბოლო ნომრის გარეკანზე “წლის ადამიანის” ტიტულის მფლობელია გამოსახული. 2021 წელს ეს ტიტული ილონ მასკს ერგო, 2020 წელს “წლის ადამიანის” ტიტულის მფლობელები ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისი გახდნენ, ხოლო 2019 წელს – გრეტა თუნბერგი, სამივე შემთხვევაში მათი ფოტოები ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.
ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის ფოტო ჟურნალის არც ერთ სხვა გარეკანზე არ გვხვდება. ფოტოს ორიგინალი ვერსია ინტერნეტსივრცეში 2012 წლიდან ვრცელდება, მასზე პუტინთან ერთად არა ბაიდენი, არამედ უცნობი სპორტსმენია. РИА Новости-ს მიხედვით, ის პრეზიდენტის პრეს სამსახურის არქივიდანაა და 2012 წლის 11 ოქტომბერსაა გადაღებული.
გავრცელებული ფოტო გამოცემა დელფის ფაქტების ანალიტიკოსებმაც შეისწავლეს. მათი დასკვნით, ფოტო გაყალბებულია და ის Time-ის გარეკანზე არასდროს მოხვედრილა.
სხვადასხვა გამოცემის გაყალბებული გარეკნები ბოლო თვეებში აქტიურად ვრცელდება. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- დაიბეჭდა თუ არა TIME-ის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი და გვარი აკრძალული სიმბოლოების V-სა და Z-ს გარეშე?
- ზელენსკისა და სუნაკის კარიკატურები ინდურ ჟურნალ ANANDA VIKATAN-ს არ ეკუთვნის
- პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტაზე “შარლი ებდოს” სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
- ეკუთვნის თუ არა გავრცელებული კარიკატურა ესპანურ სატირულ ჟურნალს EL JUEVES-ს?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.