16 ნოემბერს კრემლისტური არხის “ალტ-ინფოს” ფეისბუქ გვერდმა “ალტნიუსი” და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა მარტინენკომ გამოაქვეყნეს კარიკატურა, რომელზეც მითითებულია, რომ ის სატირული ჟურნალი “შარლი ებდოს” 16 ნოემბრის ნომერია. პოსტების ავტორები აღნიშნავენ, რომ ჟურნალმა კარიკატურა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ უკრაინულ რაკეტასთან დაკავშირებით შექმნა.
გავრცელებული კარიკატურა ყალბია და შარლი ებდოს არ ეკუთვნის. სატირული ჟურნალის 16 ნოემბრის ნომერის გარეკანი რეალურად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს არ ეხება და მისი ვიზუალი განსხვავებულია.
“შარლი ებდოს” ოფიციალურ ტვიტერ და ფეისბუქ გვერდებზე, ასევე ვებ-საიტზე მსგავს გარეკანს, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტის თემას ეხება, არ ვხვდებით.
გავრცელებულ კარიკატურაზე, რომელიც გაყალბებულია, ზედა მარჯვენა კუთხეში მითითებულია თარიღი – 16 ნოემბერი, 2022 წელი, თუმცა 16 ნოემბრის გარეკანი რეალურად განსხვავებულად გამოიყურება და უკრაინასთან კავშირში არ არის.
გაყალბებულ გარეკანზე გვხვდება წარწერა “ვოლინის ხოცვა-ჟლეტა 2.0”, რითაც რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნა პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული. ვოლინის მოვლენებს პოლონეთი გენოციდად აღიარებს და აცხადებს, რომ უკრაინელმა ნაციონალისტებმა 1943-1945 წლებში 100 000 პოლონელი დახოცეს. მსგავსი შედარება ანტი-უკრაინული განწყობების გაღვივებას ემსახურება. (Ambien)
რაც შეეხება 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რაკეტას, ნატოსა და პოლონეთის ლიდერების განცხადებების თანახმად, პოლონეთში, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ გასროლილი რაკეტა ჩამოვარდა, მაშინ, როდესაც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რუსეთის სარაკეტო იერიშს იგერიებდა.
შარლი ებდოს სახელით უკრაინის თემაზე გაყალბებული გარეკანები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:
- უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება
- В ФЕЙСБУКЕ РАСПРОСТРАНЯЕТСЯ ПОДДЕЛЬНАЯ ОБЛОЖКА ЖУРНАЛА «ШАРЛИ ЭБДО»
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.