4 ვიზუალური მანიპულაცია და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინს უკავშირებენ

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

949
VIEWS

2024 წლის 5-6 იანვარს ფეისბუქზე ქართულ (1, 2, 3, 4, 5, 6, 7.) და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3.) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებიც სხვადასხვა ცნობილ პიროვნებებს პედოფილიას აბრალებს და ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინთან აკავშირებს. 

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ერთ-ერთ პოსტში ნაჩვენებია ფოტოკოლაჟი, სადაც ერთ ფოტოზე ბარაკ ობამა აზიური გარეგნობის მქონე პატარა გოგონასთან ერთადაა გამოსახული, მეორე ფოტოში კი ასევე აზიური გარეგნობის მქონე დაახლოებით იმავე ასაკის გოგონაა აღბეჭდილი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, თითქოს ფოტოები ერთსა და იმავე პიროვნებას ასახავს. 

barak obama da epstini 4 ვიზუალური მანიპულაცია და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინს უკავშირებენ

ზაქარეიშვილის მეორე პოსტში, მისი მტკიცებით ობამა და ჯეფრი ეპსტინი ამ უკანასკნელის კუნძულზე მცირეწლოვან გოგონასთან ერთად ნავში სხედან. 

barak obama da epstini1 4 ვიზუალური მანიპულაცია და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინს უკავშირებენ

მესამე პოსტში კი ადვოკატმა ატვირთა მოკლე ვიდეო, რომელშიც მცირეწლოვანი გოგონები ჰამამში (თურქული აბანო) არიან. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ეს ვიდეო ატვირთა მსახიობმა ისააკ კაბიმ და ის ასახავს ეპსტინის კუნძულზე ბავშვების სტრიპტიზის სცენებს. პოსტის მიხედვით, მსახიობი ვიდეოს ატვირთვიდან რამდენიმე საათში მკვდარი იპოვეს და ოფიციალურად ეს “თვითმკვლელობად” გამოაცხადეს.

barak obama da epstini2 4 ვიზუალური მანიპულაცია და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინს უკავშირებენ

მეოთხე პოსტში ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც წერს, რომ ეპსტინის კუნძულიდან გამოყვანილი ბავშვები ყვებიან, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად არასრულწლოვნებზე და როგორ კლავდნენ მათ სატანისტური რიტუალების დროს.

barak obama da epstini3 4 ვიზუალური მანიპულაცია და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინს უკავშირებენ

როგორც ქართული, ისე რუსული პოსტების დანარჩენი ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ჯეფრი ეპსტინს ჰქონდა ბილ კლინტონის, პრინცი ენდრიუსა და რიჩარდ ბრენსონის არასრულწლოვანებთან სექსის ფარული ჩანაწერები. ასევე ზოგიერთ პოსტში გამოქვეყნებულია ადამიანების სია, რომლებიც, პოსტების ავტორების მტკიცებით, ეპსტინის კუნძულს სტუმრობდნენ.

barak obama da epstini4 4 ვიზუალური მანიპულაცია და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინს უკავშირებენ

პოსტებში მოყვანილ მტკიცებებში ბევრი დეზინფორმაცია და დაუდასტურებელი ინფორმაციაა:

  1. ბარაკ ობამასთან მჯდომი გოგონა მისი დისშვილია, მეორე ფოტოში ნაჩვენები ბავშვი კი სხვაა, რომელიც ინდონეზიაში მოკლეს;
  2. ობამა ნავში არა ეპსტინთან, არამედ მსახიობ ჯორჯ კლუნისთან ერთად ზის, ფოტო გადაღებულია იტალიაში და ნავში მათ გარდა მათი ოჯახისა და ეკიპაჟის არაერთი წევრი ზის;
  3. აბანოში მყოფი ბავშვების ვიდეო გადაღებულია თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში, მასში არ ჩანს არაფერი, რამაც შესაძლოა ტრეფიკინგის ნიშნებზე მიანიშნოს და ამასთანავე, არ არის დადასტურებული, რომ ეს ვიდეო მართლაც მსახიობმა აიზეკ კაპიმ ატვირთა;
  4. პოსტების ავტორების მიერ მოყვანილი სიები დაუზუსტებელი და დიდი ალბათობით გაყალბებულია. ბევრმა მათგანმა უარყო ეპსტინთან რაიმე კავშირის ქონა ან კუნძულზე ოდესმე სტუმრობა. ამასთანავე, არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ წამოყენებულა რაიმე სახის ბრალდება, რადგან თავად დაზარალებულებიც  აცხადებენ, რომ მათ ეს პიროვნებები არასოდეს უნახავთ, ან უნახავთ მხოლოდ უწყინარ სიტუაციებში;
  5. სასამართლოს მიერ ახლადგამოქვეყნებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ 2015 წელს სარა რენსომმა სასამართლოს გაუგზავნა იმეილი, სადაც ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ეპსტინის მიერ ფარულად გადაღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ბილ კლინტონს, პრინც ენდრიუსა და რიჩარდ ბრენსოს სხვადასხვა დროს სექსი ქონდათ მის მეგობართან, თუმცა შემდგომში რენსომმა ეს ყველაფერი უარყო და მტკიცებულების წარმოდგენაზე უარი განაცხადა. 
  6. ვიდეოს, რომელშიც ბავშვები სატანისტურ რიტუალებსა და ძალადობაზე საუბრობენ კავშირი არ აქვს ჯეფრი ეპსტინთან. ამასთანავე, როგორც დადგინდა, ამ ბავშვების დედა და მისი პარტნიორი აიძულებდნენ გაევრცელებინათ მსგავსი ტყუილები მათი მამის წინააღმდეგ და გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ მიერ მოყოლილი ამბები სიმართლეს არ შეესაბამება.

1. გარდაცვლილი გოგონას გვამი ბარაკ ობამასთან მჯდომ ბავშვს არ ეკუთვნის

ბავშვი, რომელიც გავრცელებულ ფოტოში ბარაკ ობამას კალთაში ზის, ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ნახევარდა მაია სოტორო-ენგის შვილი, სავიტა ენგია. აღნიშნული ფოტო და ინფორმაცია თეთრი სახლის flickr-ის ანგარიშზე არის განთავსებული.

ფოტოკოლაჟის მეორე ფოტოში ნაჩვენები გარდაცვლილი გოგონა კი 9 წლის პუტრი ნურ ფაუზიაა, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში ინდონეზიაში მოკლეს, კარდონის ყუთში ჩააწვინეს და ჯაკარტის ერთ-ერთ უბანში გადააგდეს. ფოტო მსგავსი ბრალდებით, თითქოს ეს ორი გოგონა ერთი და იგივე პიროვნებაა, წარსულშიც ვრცელდებოდა და ინფორმაცია 2020 წელს ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Lead Stories-მაც გადაამოწმა.

 2. ნავის ფოტო არასწორი აღწერით ვრცელდება

ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცების მიუხედავად, ფოტოზე ნაჩვენებ ნავში ობამასთან ერთად არა ეპსტინი, არამედ ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი ჩანს. ასევე, ფოტო გადაღებულია არა ეპსტინის კუნძულზე, არამედ იტალიაში, კომოს ტბაზე, სადაც ობამა 2019 წელს ოჯახთან ერთად მსახიობს ესტუმრა. ვიზიტის დროს მათ ოჯახის წევრებთან ერთად მოტორიზებული ნავით გაისეირნეს ცნობილ ტბაზე და გავრცელებული ფოტოც სწორედ ამ კადრებიდან არის ამოღებული. აღნიშნული საკითხი ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა Lead stories და Snopes-მა გადაამოწმეს.

barak obama da epstini5 4 ვიზუალური მანიპულაცია და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინს უკავშირებენ

3. აბანოში მყოფი ბავშვების ვიდეო თურქეთშია გადაღებული და ის ტრეფიკინგთან დაკავშირებული დასკვნების გამოტანის საფუძველს არ იძლევა

აიზეკ კაპი მსახიობი და მუსიკოსი იყო, რომელიც შემდგომში ასევე გახდა ცნობილი, როგორც შეთქმულების თეორეტიკოსი. მან 2018 წელს ცნობილი მსახიობები და რეჟისორები, მათ შორის ტომ ჰენკსი, სტივენ სპილბერგი და სეტ გრინი პედოფილიაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებდა, რომ სეტ გრინი, რომელიც მასთან მეგობრობდა, თავად, ნახევრად ხუმრობით გამოუტყდა ამაში, თუმცა რეალური მტკიცებულებები კაპს არასდროს წარმოუდგენია. 2019 წლის 13 მაისს, ის თვითმკვლელობის მიზნით ხიდიდან გზატკეცილზე გადახტა, სადაც მას ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მსახიობი გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში ინტერნეტში გავრცელდა ხსენებული ვიდეო, თითქოს ის მსახიობმა სიკვდილის წინ გამოაქვეყნა და კადრები პედოფილიის შემთხვევას აფიქსირებდა. რეალურად, არ არის დაზუსტებული თუ ვინ გაავრცელა ვიდეო და რას ასახავს ის სინამდვილეში, რადგან მასში მხოლოდ 4 მცირეწლოვანი ბავშვი ჩანს, რომლებიც ჰამამში – თურქულ აბანოში იმყოფებიან. აბანო თურქეთის ქალაქ ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში მდებარეობს და ის სხვადასხვა ფოტოებსა თუ სარეკლამო რგოლებში ჩანს.

barak obama da epstini6 4 ვიზუალური მანიპულაცია და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინს უკავშირებენ

4. ეპსტინის კუნძულის “სტუმრების” სია ნამდვილი არაა

2024 წლის 3 და 5 იანვარს ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოქვეყნდა ჯეფრი ეპსტინის დანაშაულებთან დაკავშირებული დოკუმენტები. კერძოდ, ეს არის ჩანაწერები 2015 წელს გამართული სასამართლო პროცესიდან, რომელშიც ვირჯინია ჯიუფრი ბრალს დებდა ეპსტინის თანაშემწე გილეინ მაქსველს ტრეფიკინგულ საქმიანობაში მონაწილეობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებების შედეგად, 2020 წელს მაქსველს მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დოკუმენტების გამოქვეყნებასთან ერთად გახშირდა ინფორმაციის გავრცელება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ჩართული ეპსტინის დანაშაულებში, რასაც მოყვა კიდეც ფეისბუქზე გამოქვეყნებული სია, რომელიც წარსულშიც ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ სიაში ხსენებული პირების უმრავლესობის სტუმრობა ეპსტინის კუნძულზე არ არის დამტკიცებული და ბევრმა ეს პირადად უარყო. ამასთანავე, ახლად გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ზოგიერთი მათგანის სახელი არის მოხსენიებული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში დაზარალებულები და მოწმეები აცხადებდნენ, რომ ისინი არ შეხვედრილან ამ პირებს, ან შეხვედრილან უწყინარ სიტუაციებში. 

გამოქვეყნებული სიის გაცნობისთანავე ცხადი ხდება, რომ ზოგიერთი პიროვნების იქ ყოფნა აბსურდულია. მაგალითად, ფეხბურთელმა კალუმ ჰადსონ ოდოიმ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, რომ მას არასოდეს ჰქონია კავშირი ეპსტინთან და არც მის კუნძულზე უმოგზაურია. ეს ძალიან რთული იქნებოდა მისი ასაკიდან გამომდინარე, რადგან ეპსტინის სიკვდილის მომენტში იგი სულ 18 წლის, არც ისე ცნობილი სპორტსმენი იყო. დამატებით, USA Today-მ გადაამოწმა ანალოგიური პოსტი და დაასკვნა, რომ სიაში მოხსენიებული პირების უმრავლესობის სახელი არც ერთ დოკუმენტსა თუ სასამართლო პროცესის დროს არ გაჟღერებულა და მათ  წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება ან/და ბრალდება არ არსებობს. საპირისპიროდ, წლების მანძილზე ბევრი პირის წინააღმდეგ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელებულა, რომელიც ამერიკულმა მედიამ გადაამოწმა 

5. ბილ კლინტონის, პრინცი ენდრიუსა და რიჩარდ ბრენსონის ფარული კადრების არსებობის მტკიცებულება არ არსებობს

2015 წელს გილეინ მაქსველის წინააღმდეგ გამართულ სასამართლოზე ერთ-ერთმა მოწმემ სარა რენსამმა იმეილში განაცხადა, რომ მის მეგობარს სხვადასხვა დროს ჰქონდა სექსუალური აქტი ბილ კლინტონთან, პრინც ენდრიუსთან და რიჩარდ ბრენსონთან, რომლებიც ჯეფრი ეპსტინმა ფარულად გადაიღო. მისი მტკიცებით, აღნიშნულმა მეგობარმა მოახერხა კადრების ნაწილის მოპოვება და მისთვის გაგზავნა, რომლებსაც რენსამი საიდუმლო ადგილებში ინახავდა. აღსანიშნია, რომ ეს მტკიცებულებები მას არასოდეს გამოუქვეყნებია. საპირისპიროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მან სასამართლოს მიმართა, რომ ის აღარ აპირებდა თანამშრომლობას, ნანობდა ამ პროცესებში ჩართვას და სასამართლოს დროის ტყუილად ხარჯვას. 2019 წელს “ნიუ იორკერში” გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რენსამმა აღიარა, რომ მან გამოიგონა ეს ჩანაწერები და ისინი სინამდვილეში არ არსებობს.

დეზინფორმაცია თითქოს ბილ კლინტონი ჯეფრი ეპსტინის პედოფილიურ საქმიანობაში იყო ჩართული, წარსულშიც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატიაში:

6. ბავშვების აღიარების ვიდეოს კავშირი არ აქვს ეპსტინთან და მასში მოყოლილი ამბები სიმართლეს არ შეესაბამება

ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცების მიუხედავად, ვიდეო რომელშიც ორი არასრულწლოვანი ბავშვი საუბრობს ძალადობისა და სატანისტური რიტუალების შესახებ, კავშირი არ აქვს ჯეფრი ეპსტინთან. აღნიშნული ვიდეო ჩაწერილია ბრიტანეთში. 2014 წელს ამ ბავშვებმა განაცხადეს, რომ მათი მამა 175 მშობლისგან შემდგარი სატანისტური ჯგუფის ლიდერი იყო, რომლებიც ბავშვებზე ძალადობდნენ და ახალშობილებს მსხვერპლად წირავდნენ. ამ განცხადებას მოყვა გამოძიების დაწყება, რომელმაც გამოავლინა, რომ ისტორია ტყუილი იყო და ბავშვებს მსგავსი სიცრუის თქმა მათმა დედამ და მისმა პარტნიორმა დააძალეს, მათი მამის დისკრედიტაციის მიზნით.

აღნიშნულ საკითხზე მითების დეტექტორი წარსულშიც წერდა. ვრცლად იხილეთ:

რა ვიცით ჯეფრი ეპსტინზე და მის დანაშაულებზე?

ჯეფრი ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი და მულტიმილიონერი იყო. მას 2008 წელს 18 თვიანი პატიმრობა მიესაჯა არასრულწლოვანთან ჩადენილი სექსუალური სახის დანაშაულისთვის. ასევე 2019 წლის ივლისში ის დააკავეს სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით, თუმცა იმავე წლის 10 აგვისტოს მან ციხეში თავი მოიკლა.  მოწმეების ჩვენების საფუძველზე დგინდება, რომ ფინანსისტის დანაშაულები მის საკუთრებაში მყოფ ადგილებზე ხდებოდა, მათ შორის ფლორიდის ქალაქ პალმ ბიჩში მდებარე ვილაში. თუმცა, ტრეფიკინგის და სექსუალური ექსპლუატაციის ძირითადი ნაწილი ხდებოდა მილიონერის კუთვნილ კუნძულზე, რომელსაც პატარა წმინდა ჯეიმსი ქვია. კუნძულს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ადამიანებიც, თუმცა ყველა მათგანი უარყოფს, რომ მათ ქონდათ ინფორმაცია თუ რა ხდებოდა იქ რეალურად. ეს იყო ეპსტინისთვის მოსახერხებელი ადგილი მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან იქ მუდმივი წვდომა არ ჰქონდა სამართალდამცავ სტრუქტურებს, ასევე მსხვერპლს არ შეეძლო კუნძულიდან გაქცევა და შედეგად მარტივად ხდებოდა მათი სექსუალური ექსპლუატაცია და მათზე ძალადობა. 2023 წლის მაისში კუნძული ინვესტორმა იყიდა, მის მდიდრულ კურორტად გადაქცევის მიზნით. 

barak obama da epstini7 4 ვიზუალური მანიპულაცია და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინს უკავშირებენ
ასე გამოიყურება ეპსტინის კუნძული ახლა.

ეპსტინს კავშირები ჰქონდა მსოფლიოს გავლენიან პოლიტიკოსებთან და კინო თუ მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავებთან, რამაც ამ პიროვნებების მიმართ ეჭვები გამოიწვია და წლების მანძილზე არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ ბევრი მათგანი ჩართული იყო ეპსტინის ტრეფიკინგის საქმიანობებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა მიესაჯა მხოლოდ ეპსტინის თანაშემწეს, გილეინ მაქსველს. კიდევ ერთი პიროვნება, ვის წინააღმდეგაც მსხვერპლებმა ოფიციალური ბრალდება წამოაყენეს, ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ იყო. მას ვირჯინია ჯიუფრი უჩიოდა მასთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის იმ დროს, როდესაც იგი არასრუწლოვანი იყო. სასამართლო წლები გაგრძელდა და საბოლოოდ 2022 წელს დასრულდა, როდესაც მხარეები ერთმანეთში მორიგდნენ, რის მიხედვითაც პრინცმა ჯიუფრის დაუზუსტებელი რაოდენობის თანხა გადაუხადა. უნდა აღინიშნოს, რომ პრინც ენდრიუს არასდროს უღიარებია დანაშაული და ის არც სასამართლოს მიერ გამოცხადებულა დამნაშავედ. 

წყაროების შესახებ:

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას.  ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც მრავალჯერ გადაამოწმა.

ფეისბუკ-მომხმარებელი  Dato Nacvlishvili (Faika) პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია და ჯგუფის “ქვეყნის მტრების არქივის” ერთ-ერთი ადმინისტრატორია. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3).

ფეისბუკ ანგარიში “Mamuka Kakauridze” ჯგუფი  Photo-Fact GEORGIA-ს ადმინია და ჯგუფში რეგულარულად აქვეყნებს კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებს, კონსპირაციებსა და დეზინფორმაციებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” წარულშიც გადაამოწმა

ფეისბუკ-ანგარიში Oleg Dor პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მას დეზინფორმაციები წარსულშიც გამოუქვეყნებია (1, 2.

არქივის ბმულები: 1, 2.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist