რუსულ (chelindustry.ru, livejournal.com, chelyabinsk.bezformata.com, prochelyabinsk.ru, Мария Бойко, Vadim Gusakov) და ქართულ (Faika Nacvlishvili, FB ჯგუფები – კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, კორონა მაფია) სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ პლატფორმებზე ვრცელდება ვიდეო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ვიდეოსაუბრის ფრაგმენტს ასახავს. ვიდეოში ზელენსკის სამუშაო მაგიდაზე ქაღალდები, მობილური ტელეფონი, საბანკო ბარათი და თეთრი ფერის ფხვნილი ჩანს. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინის პრეზიდენტი ნარკოტიკების მომხმარებელია.
რუსული გამოცემა «Экономический вестник Челябинской области» (chelindustry.ru) ვიდეოს თანმხლებ ტექსტში აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოზარით 3 ადამიანს ესაუბრებოდა, რა დროსაც კადრში მის მაგიდაზე დაყრილი თეთრი ფერის ფხვნილი გამოჩნდა. “ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ნარკოტიკი, უფრო ზუსტად კოკაინი, რომელსაც დიდი ხანია, რაც ყოფილი უკრაინელი კომიკოსი იყენებს”, – ნათქვამია მასალაში. იდენტურ ვიდეოს ჩელიაბინსკის სხვა გამოცემებიც ავრცელებენ.
livejournal.com-ზე კი იდენტურ ვიდეოს აღნიშნული ქსელის მომხმარებელი უკრაინის ოპოზიციონერ, პრორუს დეპუტატ ილია კივას ტელეგრამ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული. ორიგინალ ვიდეოში, რომელიც 6 მარტს გავრცელდა, ზელენსკის სამუშაო მაგიდაზე თეთრი ფერის ფხვნილი და საბანკო ბარათი არ გვხვდება და ისინი ერთი თვის შემდეგ არის დამატებული.
2022 წლის 6 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოზარით ამერიკელ ბიზნესმენს, ილონ მასკს ესაუბრა. ზელენსკიმ მასკი ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში დაპატიჟა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: “თუ დრო გექნებათ ომის შემდეგ, კეთილი იქნება თქვენი მობრძანება, გეპატიჟებით.”
ზელენსკისა და მასკის საუბრის დროს ახლო კადრით რამდენიმე წამის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტის მაგიდაც ჩანს, თუმცა 6 მარტს გავრცელებულ ვიდეოებზე მასზე თეთრი ფერის ფხვნილისა და საბანკო ბარათის არსებობა არ შეიმჩნევა.
6 მარტს ვიდეოჩანაწერი უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ინსტაგრამის ანგარიშზეც გამოაქვეყნა. ვიდეოში მაგიდაზე მობილური ტელეფონის ქვედა მხარეს სიცარიელეა.
23 აპრილს უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს Unian-ის ტელეგრამის არხში ზელენსკისა და მასკის ვიდეოჩანაწერის ნამდვილი და გაყალბებული ვერსიები გამოქვეყნდა. Unian-ის ცნობით, რუსმა პროპაგანდისტებმა ზელენსკის ვიდეოში თეთრი ფერის ფხვნილი “დაამატეს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელებში გაყალბებული ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც, თითქოს ზელენსკის ნარკოდამოკიდებულებას ადასტურებს, აქტიურად ვრცელდება.
ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ყავა, ნარკოტიკები თუ სპორტი – რაზე საუბრობდა ზელენსკი რეალურად?
- ანტივაქსერების 10 გზავნილი უკრაინის და ზელენსკის წინააღმდეგ
წყაროს შესახებ
ფეისბუკ მომხმარებელი Faika Natsvlishvili კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერია. მას პროგრამული დამუშავებული ფოტო ადრეც გაუვრცელებია.
ვრცლად იხილეთ:
გარდა ამისა, ფეისბუკ მომხმარებელი ანტივაქსერული ჯგუფების (კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, კორონა მაფია) მოდერატორია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.