21 მარტს რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა (1, 2, 3) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მათი მტკიცებით, უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაშია გადაღებული. ვიდეოზე ნაჩვენებია ძველი დროის სამხედრო სამოსში გამოწყობილი პირები, ასევე ბიჭი ანგელოზის ფორმითა და ფრთებით. ისინი უკრაინულ პატრიოტულ სიმღერა “Ой, у лузі червона калина-ს” მღერიან. ფეისბუქ მომხმარებლები წერენ, რომ ასე გამოიყურება ,,რუსული მართლმადიდებლობისაგან” გათავისუფლებული უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია და ის ახლა ,,ზელენსკის სახელობისაა”.
ვიდეო, რომელიც თითქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაშია გადაღებული, მანიპულაციურად ვრცელდება. სინამდვილეში, ვიდეოზე უჩვეულო არაფერია ასახული, ის უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში (УГКЦ) ტრადიციული საშობაო წარმოდგენა ,,ვერტეპის” დროსაა გადაღებული.
,,ვერტეპი” ტრადიციული უკრაინული თეატრალური წარმოდგენაა და ის XVI საუკუნიდან იმართება. თავდაპირველად მას თოჯინების თეატრის სახე ჰქონდა. ,,ვერტეპში” 10-დან 40-მდე გმირი მონაწილეობს, მათ შორის არიან, სალაროს მცველები, ანგელოზები, გლეხები, მეფეები, ცხოველები, სამხედროები… გმირები შობის მინიატურულ სცენებს დგამენ. დროდადრო ,,ვერტეპის” დატვირთვა და გამართვის წესები შეიცვალა. ის უკრაინაში შობას დაუკავშირდა და ცოცხალი წარმოდგენის სახე მიიღო, რომელშიც ადამიანები მონაწილეობენ და თეატრებში იდგმება. ტრადიციულად, ,,ვერტეპი” ქრისტეს დაბადებასა და ამით გაბრაზებულ მეფე ჰეროდეს შესახებ ჰყვება.
ეკლესიის დეტალებზე დაკვირვებითა და ღია წყაროებში ძიების შედეგად დადგინდა, რომ გავრცელებული ვიდეო გადაღებულია უკრაინაში, ივანო-ფრანკივსკის ოლქის სოფელ როჟნიატის ქრისტეს შობის ეკლესიაში, რომელიც არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას (УГКЦ) ექვემდებარება.
,,ვერტეპის” ამსახველი მსგავსი ვიდეო ეკლესიის მრევლს ფეისბუქ ჯგუფში აქვთ გაზიარებული. ,,ვერტები”, რომელიც ვიდეოზეა ასახული, 2023 წელს საშობაოდ მოეწყო. ჯგუფის აღწერაში ასევე მითითებაა, რომ ის ეკუთვნის როჟნიატის ქრისტეს შობის ეკლესიის სამრევლოს და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას ექვემდებარება.
როჟნიატის ქრისტეს შობის ეკლესიის ინტერიერიც კათოლიკურია და მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობისაგან განსხვავდება, მასში არის აივნები და გრძელი სკამები.
გასულ წლებში ,,ვერტეპი” უკრაინის სხვადასხვა ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაშიც გაიმართა.
უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით, წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა სხვადასხვა წარმოდგენის გამართვასთან დაკავშირებული მცდარი ცნობები. მსგავსი შინაარსის ინფორმაციას ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს:
- უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
- უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
- მოცეკვავე მღვდლის ვიდეო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის გადაღებული
- რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?
- სატანისტური რიტუალი თუ ძველი უკრაინული სიმღერა ცისა და მიწის გაჩენის შესახებ
წყაროების შესახებ:
ყალბი ფეისბუქ ანგარიში დაათ ცაბაძე სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, ის მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. დაათ ცაბაძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია ,,მითების დეტექტორს” წარსულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია.
ფეისბუქ მომხმარებელი Хунда Дзе ,,კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში ის ტელევიზია ,,ალტ-ინფოს” სიახლეებს მუდმივად აზიარებს, ასევე ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს.
ფეისბუქ ანგარიში “უც ნობი”, იგივე ,,ფანტინა”, ოთხი სხვადასხვა პროფილით (1, 2, 3, 4) სისტემატურად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.