უკავშირდება თუ არა ორეგონის შტატში ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

49
VIEWS

27 ნოემბერს ფეისბუქზე გავრცელდა მოკლე ვიდეო ე.წ. რილსი (Reels), რომელიც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის კრიტიკას წარმოადგენს. ვიდეო ორეგონის შტატში ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების შემდეგ გაუარესებულ მდგომარეობაზე გვიყვება. მტკიცების დასტურად ვიდეოში სტატისტიკური მონაცემებია მოყვანილი და სწორედ ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მძიმე ნარკოტების დეკრიმინალიზაციის შემდეგ შტატში ზედოზირების და ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევებმა დრამატულად იმატა. 

ვიდეოს თანახმად, მას შემდეგ რაც 2020 წელს ორეგონის შტატში მკაცრი ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს:

  • პირველივე წელს ოპიოიდებით ზედოზირებამ 52%-ს მიაღწია;
  • ბოლო ხუთ წელიწადში მკვეთრად იმატა ზედოზირების შემთხვევებმა, რამაც ჯამში 158%-იანი ზრდა აჩვენა;
  • 2023 წელს აშშ-ში ფენტანილით დაღუპულთა 67% ორეგონში გარდაიცვალა. 

Screenshot 2023 12 07 114531 უკავშირდება თუ არა ორეგონის შტატში ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?

მტკიცება, რომ ორეგონის შტატში ზედოზირების მაჩვენებლის ზრდა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგია, მანიპულაციურია: 1) ვიდეოში არგუმენტად მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ორეგონის შტატში მცხოვრები ამერიკელი ინდიელების და ალასკის მკვიდრი მოსახლეობის (AI/AN) თემში ნარკოტიკების მოხმარების და ზედოზირებით გარდაცვალების 2020 წლის შემთხვევებს მოიცავს და მთლიანი შტატის მასშტაბით არსებულ ვითარებას არ ასახავს; 2) მძიმე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის ახალი რეგულაცია ძალაში 2021 წლის 1 თებერვალს შევიდა, შესაბამისად, მიდგომის ეფექტიანობის შესაფასებლად 2020 წლის სტატისტიკური მონაცემები რელევანტური ვერ იქნება; 3) მართალია ის ფაქტი, რომ ორეგონის შტატში ოპიოიდებით ზედოზირების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა დეკრიმინალიზაციის კანონთან მისი კავშირი არ დასტურდება. რაოდენობის მკვეთრი ზრდა 2019 წლიდან, კანონის მიღებამდეც შეინიშნება.

ვიდეოში გაჟღერებულ სტატისტიკას Northwest Portland Area Indian Health Board-ის ეგიდით გამოქვეყნებულ ანგარიშში მივაკვლიეთ. ორგანიზაცია ამერიკელი ინდიელი ტომების წარმომადგენლებისთვის მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების მიწოდებას და ტექნიკური დახმარების  გაწევას ისახავს მიზნად. 

ანგარიში  2020 წელს გამოქვეყნდა და მისი მიზანი ორეგონის შტატში მცხოვრები ამერიკელ ინდიელებსა და ალასკის მკვიდრ (American Indian & Alaska Native (AI/AN)) მოსახლეობაში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა და თემში არსებული მდგომარეობის შეფასებაა. სწორედ ამ მონაცემებს იყენებს ვიდეოს ავტორი და ისე წარმოაჩენს, თითქოს გაჟღერებული სტატისტიკა არა კონკრეტულ თემს, არამედ მთლიან შტატში არსებულ მდგომარეობას მიემართება. 

Screenshot 2023 12 07 114537 უკავშირდება თუ არა ორეგონის შტატში ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?

საინტერესოა, რომ ამავე კვლევაში AI/AN თემთან ერთად, შედარებისთვის როგორც ეროვნული, ისე ორეგონის შტატის მასშტაბით არსებული მონაცემებიცაა წარმოდგენილი. მაგალითად, 2016-2020 წლებში ზედოზირებით გარდაცვალების მაჩვენებელი AI/AN მოსახლეობის შემთხვევაში თუ 158%-ით გაიზარდა, მთლიანად ორეგონის შტატში ეს მაჩვენებელი 59%-ია. 

Screenshot 2023 12 07 114542 უკავშირდება თუ არა ორეგონის შტატში ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
წყარო: American Indian & Alaska Native Opioid & Drug Overdose  Data Brief – 2020 

მცდარია მტკიცებაც, თითქოს ვიდეოში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ორეგონის შტატში მძიმე ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზების შედეგია. საკანონმდებლო ცვლილებას მოსახლეობამ 2020 წლის მიწურულს, ნოემბერში მისცა ხმა და ახალი რეგულაცია ძალაში კიდევ უფრო მოგვიანებით, 2021 წლის 1 თებერვალს შევიდა. შესაბამისად, მიდგომის ეფექტიანობის შესაფასებლად 2020 წლის სტატისტიკური მონაცემი რელევანტური ვერ იქნება. 

რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს 2023 წელს აშშ-ში ფენტანილით ზედოზირების შედეგად გარდაცვალების  67% ორეგონის შტატზე მოდის, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სრული მონაცემები ხელმისაწვდომი ამ ეტაპისთვის არ არის, თუმცა დაავადების კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, სინთეტიკური ოპიოიდების (რომელსაც ფენტანილი მიეკუთვნება) ზედოზირებით გარდაცვლილთა რიცხვმა 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით  74, 226 მიაღწია, ხოლო იგივე დროით მონაკვეთში ორეგონის შტატში გარდაცვალების 1, 052 შემთხვევა დაფიქსირდა. 

რამდენად გაიზარდა ოპიოიდებით ზედოზირება ორეგონში და უკავშირდება თუ არა ეს მაჩვენებელი დეკრიმინალიზაციას?

ოპიოიდების ზედოზირებით გარდაცვალების გაზრდილი შემთხვევები, ახალი მიდგომის ფონზე, ბევრ სხვა თანადროულ მიზეზს უკავშირდება, მათ შორის მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ფენტანილის აფეთქებას, რასაც შტატის სამედიცინო სისტემა შესაბამისი რესურსების გარეშე და სათანადოდ მოუმზადებელი დახვდა

ორეგონის შტატში ოპიოიდებით ზედოზირება დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. თუმცა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ორეგონში, ისევე როგორც მთელს შეერთებულ შტატებში 2019 წლიდან მოყოლებული ოპიოიდებით ზედოზირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 

Screenshot 2023 12 07 114553 უკავშირდება თუ არა ორეგონის შტატში ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
წყარო: KFF’s State Health Facts

ორეგონის შტატში ფენტანილის აფეთქების ფონზე ოპიოიდებით ზედოზირებით გარდაცვალების მაჩვენებელი დეკრიმინალიზაციის კანონის მიღებამდეც იზრდებოდა. ორეგონის შტატში 2019 წელს ოპიოიდების ზედოზირებით 280 ადამიანი გარდაიცვალა, 2020 წელს რიცხვმა 472, 2021 წელს 737, 2022 წელს – 955, ხოლო 2023 წლის ოქტომბრის არასრული მონაცემებით 304 შეადგინა. შემთხვევების ზრდა მოსახლეობაში ამჟამინდელი ნარკოპოლიტიკისადმი სკეპტიციზმს იწვევს. კანონს, რომელსაც 2020 წელს ორეგონელების 58%-მა დაუჭირა მხარი, 2023 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 51% უარყოფითად აფასებს. კანონისადმი უკმაყოფილება შტატში გართულებულ ნარკო და კრიმინალური მდგომარეობის ზრდასთან ერთად თავშესაფრის გარეშე დარჩენილთა რიცხვის მატებას უკავშირდება.  

მიუხედავად უკანასკნელი წლების განმავლობაში ორეგონის შტატში გართულებული ნარკოვითარებისა, დეკრიმინალიზაციასა და ზედოზირებით გარდაცვალების მაჩვენებელის ზრდას შორის კავშირი კვლევებით არ დასტურდება. ორეგონსა და ვაშინგტონში ნარკოპოლიტიკის შეცვლიდან პირველი 1 წლის მონაცემების ანალიზით, JAMA Psychiatry-ის კვლევამ  აღნიშნული კავშირი ვერ დაადგინა. კვლევის თანახმად, ორეგონის და ვაშინგტონის შტატებში ზედოზირებით გარდაცვალების მაჩვენებელი არა დეკრიმინალიზაციის, არამედ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ფენტანილის მასობრივი გავრცელების შედეგია და არ განსხვავდება იმ შტატების მაჩვენებლისგან, სადაც მკაცრ ნარკოპოლიტიკას ინარჩუნებენ.   

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციამ ორეგონში სწრაფი და ეფექტური ცვლილებების მოტანა ვერ შეძლო, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შემდეგ, ორეგონის შტატში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს ოპიოიდებით ზედოზირების დროს. სწრაფი რეაგირება და სამედიცინო დახმარებაზე წვდომა ფატალური შემთხვევების თავიდან არიდებას უწყობს ხელს. 

Screenshot 2023 12 07 114558 უკავშირდება თუ არა ორეგონის შტატში ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
წყარო:  Centers for Disease Control and Prevention

რატომ შეცვალა ორეგონმა ნარკოპოლიტიკა და რას გულისხმობს მოქმედი კანონი?

ორეგონის შტატში მძიმე ნარკოტიკის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციის საჭიროება შტატში არსებულმა მძიმე ნარკოლოგიურმა მდგომარეობამ გამოიწვია. ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის და გამოჯანმრთელების აქტის თანახმად, რომელიც ორეგონის შტატში 2021 წლის 1 თებერვალს ამოქმედდა, ცვლილების მიღებამდე, ორეგონი ნარკომანიის მკურნალობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით  აშშ-ის ყველა დანარჩენ შტატს ჩამორჩებოდა. მკურნალობის მომლოდინეთა გრძელი სიები, სათანადო სამედიცინო და სოციალური სერვისების არარსებობა და ზედოზირებით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ის მიზეზებია, რამაც ახალი, მეტად ლიბერალური მიდგომის შემუშავება გახადა აუცილებელი. მაგალითისთვის, მხოლოდ 2017 წელს ორეგონის შტატში ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით 8 000 ადამიანი დააკავეს. ხშირ შემთხვევაში კი ნარკოდამოკიდებულების, კრიმინალურ ქმედებად განსაზღვრის და შესაბამის მკურნალობაზე წვდომის დეფიციტის გამო, ამ ბრალდებით სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანებს განმეორებით ეკისრებოდათ. 

ორეგონის შტატში არსებული მიდგომა მცირე რაოდენობით მძიმე ნარკოტიკული საშუალებების (კოკაინის, ჰეროინის და მეტამფეტამინის) ტარებაზე სისხლის სამართლის სასჯელის გაუქმებას გულისხმობს. რეგულაცია პირადი მოხმარების მიღმა, დიდი რადენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაზე სასჯელის ზომის ცვლილებას არ ითვალისწინებს. ამავე რეგულაციით, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის სერვისები მარიხუანას გადასახადებიდან ფინანსდება, რომელიც ორეგონის შტატში 2014 წლიდანაა ლეგალიზებული. 

კანონის ფარგლებში ორეგონში ქცევითი ჯანმრთელობის რესურსების ქსელი ამოქმედდა, რომელიც ბენეფიციარებზე უფასოდ ზრუნავს. მთლიანი შტატის მასშტაბით ქსელს მხოლოდ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის მიზნით 2023 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში დახმარებისთვის 7 000-მა ადამიანმა მიმართა, რაც 2022 წლის ივლისი-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით (3 500), თითქმის გაორმაგებული რიცხვია. ამასთან ერთად, 2022 წლის ივლისიდან მოყოლებული, სტაბილურად იზრდება სხვა შეთავაზებულ სერვისებზე ნებაყოფლობითი მიმართვიანობაც. 

Screenshot 2023 12 07 114605 უკავშირდება თუ არა ორეგონის შტატში ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
წყარო: Client Engagement in BHRN Partner Services 

ლიბერალური ნარკოპოლიტიკა პოზიტიური ცვლილებების წყარო აღმოჩნდა პორტუგალიისთვის, სადაც ნარკოტიკის დეკრიმინალიზების და სანაცვლოდ მკურნალობის სერვისების გაფართოების გადაწყვეტილება 2001 წელს მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკის მოხმარების მაჩვენებელი პორტუგალიაში სხვა ქვეყნების მსგავსია, ჰეროინზე დამოკიდებულების მაჩვენებელი, აივ ინფექცია და ზედოზირებით გარდაცვალება საგრძნობლად შემცირდა

წყაროს შესახებ 

ვიდეო გამოაქვეყნა ფეისბუქ-ანგარიშმა Хундадзе Нини, რომელიც კონსერვატიული მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ტელევიზია ალტ-ინფოს მხარდამჭერი ნინი ხუნდაძის 5 პროფილიდან ერთ-ერთია (1;2;3;4;5). მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist