1-3 მარტს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ნაც ნობი, Aleqsandre Mgeladze, და Koba Kusiani გააზიარეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცეკვავენ ადამიანები კლუბში. ავტორები ამტკიცებენ, რომ ვიდეო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ასახავს. ვიდეო 27 თებერვალს რუსულენოვან ვებ-საიტზეც გავრცელდა.
სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტის შესახებ ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, ვიდეოში ემანულ მაკრონის სახე პროგრამულად არის ჩასმული.
ვიდეო, რომელიც, ავტორების მტკიცებით, საფრანგეთის პრეზიდენტს ასახავს, პროგრამულად არის დამუშავებული. როგორც ვიდეოში ვხედავთ, მაკრონი კლუბში ცეკვავს, თუმცა სხვადასხვა ტანსაცმელი აცვია. რეალურად, სხვა ადამიანების სახე მისი სახით არის ჩანაცვლებული.
გამოყენებული კადრები სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს იძებნება. მაგალითად, ერთ-ერთ კადრში მაკრონის სახე ჩასმულია ქალის სახის ნაცვლად, რომელსაც მწვანე კაბა აცვია. Yandex image search-ის მიხედვით, ვიდეო, თუ როგორ ცეკვავს ქალი, წარსულში სხვადასხვა პლატფორმაზე მრავალჯერ არის გამოქვეყნებული.
Reverse image search-ით ასევე იძებნება 2021 წლის 5 იანვრის Instagram-პოსტი, რომელშიც ჩანს თეთრმაისურიანი პირი, ვისი კადრებიც გაყალბებულ ვერსიაშია გამოყენებული.
გარდა ამისა, Youtube-ზე იძებნება ვიდეო, რომლის მიხედვითაც კადრების უმრავლესობა სან დიეგოში მდებარე კლუბ Stratus-ში 1986-1987 წლებშია გადაღებული.
ვიდეოფაბრიკაციაში გამოყენებული კადრების უმრავლესობა აღნიშნული კლუბში 80-იან წლებში გადაღებული ვიდეოდან არის აღებული.
ინფორმაცია, თითქოს გავრცელებული კადრები ემანუელ მაკრონს ასახავს, ასევე გადაამოწმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Snopes-მა. მათივე ცნობით, გარდა იმისა, რომ კადრები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი, 1987 წელს ემანუელ მაკრონი 10 წლის იყო.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ-ანგარიში ნაც ნობი იგივე “ფანტინა”, მის სხვა ანგარიშებთან (1,2,3) ერთად მცდარ ინფორმაციასა და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს მუდმივად აქვეყნებს. “მითების დეტექტორმა” ფეისბუქ მომხმარებლის მიერ სხვადასხვა ანგარიშით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ გადაამოწმა.
“მითების დეტექტორს” წარსულში ასევე გადამოწმებული აქვს ფეისბუქ-მომხმარებელ Aleqsandre Mgeladze-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია.
ყალბ ინფორმაციასა და შეცდომაში შემყვან პოსტებს ავრცელებს ფეისბუქ-მომხმარებელი Koba Kusiani-ც.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.