დეზინფორმაცია, თითქოს მოლდოვაში ვეტინგის სისტემის მონაწილე ნიდერლანდელი მოსამართლე კორუფციაში იყო ჩართული

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

49
VIEWS

3 აპრილს პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა  მოლდოვაში ვეტინგის მონაწილე მოსამართლის კორუფციულ სკანდალში გახვევის შესახებ ისაუბრა. სეფაშვილის თანახმად, ვეტინგის სისტემის მონაწილე ჰოლანდიელი მოსამართლე, რომელსაც მოლდოვის სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინა, თავადვე აღმოჩნდა არაკეთილსინდისიერი – კორუფციულ სკანდალში გაება და რვაას სამოცი ათასი ევრო უკანონოდ მიითვისა. სეფაშვილის განცხადება შემდეგმა პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს: mpn.ge, postv.media, imedinews.ge, ongo.genewshub.ge, news.ge, reportiori.ge, for.ge.

ვეტინგი ვეტინგი ვეტინგი ვეტინგი

ეკა სეფაშვილის განცხადება ჰოლანდიელი მოსამართლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, მედიაში გავრცელებული ბრალდებები ჰერმან ფონ ჰებელის მიმართ მისი სისხლის საერთაშორისო სასამართლოში მუშაობის დროს განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება, რამაც ფინანსური ზარალი გამოიწვია. ტერმინი „ფინანსური ზიანი“ ჰერმან ფონ ჰებელის ბრალდებების კონტექსტში აღნიშნავს არა ფულის მითვისებას, არამედ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) კომპენსაციას, რომლიც გადახდაც ორგანიზაციას თანამშრომლების გათავისუფლების გამო დაეკისრა.

2024 წლის მარტის ბოლოს მოლდოვურ მედიაში გავრცელდა ბრალდებები პრევეტინგის კომისის პრეზიდენტის, ჰერმან ფონ ჰებელის მისამართით, რომელიც მისი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდა. მედიის ცნობით, ჰებელის მიერ ინიცირებული რეფორმის ფარგლებში, რომელიც ReVision-ის სახელითაა ცნობილი, მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება სასამართლოსთვის ფინანსური ზიანის მომტანი აღმოჩნდა. საუბარია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2018 წელს გატარებულ რეფორმაზე, რა დროსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაახლოებით 660 000 ევროს გადახდა დააკისრა, რაც  დამატებით კიდევ 100 000 ევროს ადმინისტრაციულ ხარჯებს მოიცავდა.

მედიაში გავრცელებული ბრალდებების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა  პრევეტინგის კომისიამ.  განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2013 წლიდან 2018 წლამდე ჰერმან ფონ ჰებელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რეგისტრატორი იყო და 2013 წლის დეკემბერში მას ICC-ის წესდების მონაწილე 123 სახელმწიფოს მიერ მიენიჭა მანდატი, რეესტრის ფუნქციონირებაში რამდენიმე სერიოზული ხარვეზის გამოსასწორებლად ICC რეესტრის რეორგანიზაცია მოეხდინა. ეს რეორგანიზაცია განხორციელდა  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტთან და მოსამართლეებთან, ICC-ის პროკურორთან, ICC-ის თანამშრომელთა გაერთიანებასთან და ICC-ის ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო კონსულტაციით. რეორგანიზაციის ფარგლებში 600-დან 120 თანამდებობა გაუქმდა, რომლებიც უფრო ნაყოფიერი ფუნქციონირების მიზნით,  ძირითადად ახალი პოზიციებით ჩანაცვლდა. ამ პროცესში ჰერმან ფონ ჰებელს მხარს უჭერდა სასამართლოს გარე ექსპერტთა გუნდი და  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პერსონალი.  აღსანიშნავია ისიც, რომ შემდგომში არც ერთი გარე ექსპერტი არ დასაქმებულა რეესტრის არც ერთ  ახალ თანამდებობაზე. 

გარდა ამისა, გაშვებულ თანამშრომლებს ჰქონდათ კომპენსაციით გათავისუფლებისა და ხელახალი დასაქმების შესაძლებლობა, თუ ისინი დააკმაყოფილებდნენ შერჩევის კრიტერიუმებს. 120 გათავისუფლებული თანამშრომლიდან 10-ზე ნაკლებმა გადაწყვეტილებება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადმინისტრაციულ ტრიბუნალში გაასაჩივრა და  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო კომპენსაცია მიიღო. 

ასევე, 2016 წელს გარე აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ICC-ის რეორგანიზაცია გამართლებული იყო ტექნიკური და პოლიტიკური კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა სტრუქტურის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და არა ხარჯების შემცირებას, ანგარიშში ასევე ნათქვამი იყო, რომ რეორგანიზაციამ გამოიწვია გარკვეული ფინანსური დანაზოგი  5 384 000 ევროს ოდენობით. ეს დანაზოგი მოიცავს პერსონალის ხარჯების შემცირებას, ახალი სტრუქტურის შედეგად დაზოგილ თანხებს რომლებიც დაკავშირებული იყო ახალი თანამშრომლების ეტაპობრივად დაქირავებასთან.  

აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არაფერია ნათქვამი კორუფციულ გარიგებაზე პირადი მოგების ან მოსყიდვის კუთხით. დარღვევები, რომელზედაც აუდიტშია საუბარი მოიცავს რეკრუტირებასა და ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ,  ნათქვამია, რომ რეფორმების ჯგუფში შემავალი გარე კონსულტანტები დასაქმებულნი იყვნენ სათანადო შერჩევის პროცედურისა და მათი როლის განსაზღვრის გარეშე – მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ გამოცდილება საერთაშორისო მართლმსაჯულებაში, მათ აკლდათ ეს გამოცდილება აუდიტის, ფინანსების და ადამიანური რესურსების სფეროში.  რაც შეეხება ფინანსური მენეჯმენტის საკითხებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ Employee Benefit Liabilities Fund-ის გამოყენება მოხდა პროექტის ხარჯების ნაწილის დასაფინანსებლად წინასწარი ავტორიზაციის გარეშე, თუმცა ეს პროცედურული დარღვევა მოგვიანებით გამოსწორდა.  

საჯარო სივრცეში გაჩენილ ბრალდებებს პრევეტინგის კომისიის პრეზიდენტის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით,  ჰერმან ფონ ჰებელმაც უპასუხა. მისი თქმით, გავრცელებული ბრალდებები რომ სიმართლე ყოფილიყო, ის არ იქნებოდა დაკავებულ თანამდებობაზე, რადგან ასეთი პოზიციის დაკავება მხოლოდ უმწიკვლო რეპუტაციის მქონე პირებს შეუძლიათ. ამავდროულად, ადვოკატის თქმით, სასამართლოსთვის მიყენებული ზარალი რეალურად გაცემული ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ს შეადგენდა და, მისი აზრით, ეს არც ისე დიდი თანხაა.

ჰერმან ფონ ჰებელი: „არ მესმის, რატომ დაინტერესდნენ მოლდოველები იმით, რაც მრავალი წლის წინ მოხდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. მე ამას პირადად ჩემზე თავდასხმად კი არ აღვიქვამ, არამედ როგორც შეტევას ვეტინგის კომისიების საერთო მუშაობაზე და იმ პროცესზე, რომელიც მოლდოვას აკისრია სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდის მიზნით.“

კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც ჰერმან ფონ ჰებელის მისამართით გაჟღერდა, მის მიერ ერთდროულად დაკავებულ თანამდებობებს უკავშირდება. არსებობდა ეჭვი, რომ 2022 წლის გაზაფხულზე კიშინიოვის რეფორმაში ჩართვაზე ჰებელის დათანხმებით დაირღვა კანონი რამდენადაც იგი ამ დროს კვლავ ინარჩუნებდა მოსამართლის თანამდებობას ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოში. მოლდოვის კანონმდებლობის  თანახმად, პრევეტინგის კომისიის წევრებს არ შეუძლიათ ერთდროულად სხვა საჯარო თანამდებობაზეც იმუშაონ.  რეალურად,  მას შემდეგ, რაც  2022 წლის აპრილში ჰებელი პრევეტინგის კომისიის თავმჯდომარე გახდა, სულ რაღაც ხუთი დღის განმავლობაში მუშაობდა ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოში, სადაც 2020 წლიდან იყო დასაქმებული. სასამართლოში ყოფნის ყოველი დღისთვის ჰერმან ფონ ჰებელი ჰოლანდიის სააპელაციო სასამართლოსგან დღიურ ჰონორარს იღებდა და ეს თანამდებობა სხვა სარგებელს არ იძლეოდა.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი სასამართლო რეფორმას, მათ შორის მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმებას სთხოვს. საჯარო მოხელეების კეთილსინდისიერების შემოწმების ერთ-ერთი მექანიზმი ვეტინგის სახელით არის ცნობილი, რომლის საშუალებითაც  პირის თანამდებობასთან თავსებადობა ფასდება.  ვეტინგის პროცესსა და მექანიზმში  საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვას ეჭვით უყურებს როგორც მოსამართლეთა ნაწილი, ასევე ხელისუფლება და მისგან ფორმალურად გამოყოფილი პარტია “ხალხის ძალა,” რამდენადაც, მათი აზრით, უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. 

გავრცელებული დეზინფორმაციული ცნობები უკრაინასა და მოლდოვაში  “ვეტინგის” პროცესის შესახებ “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ:

არქივის ბმულები:

mpn.ge, postv.media, ongo.genewshub.ge, news.ge, reportiori.ge, for.ge


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მოლდოვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist