17 აპრილს ქართულ (1) და რუსულენოვანმა(1, 2, 3, 4) ფეისბუკ ანგარიშებმა უკრაინელი მღვდლის ცეკვის ამსახველი ვიდეოები გამოაქვეყნეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ რუსულენოვან პოსტებში ნათქვამია, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პირი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიის (ПЦУ) მღვდელია, რომელიც მრევლს აღდგომას ულოცავს.
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება. რეალურად, მასში არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, არამედ მსახიობი აშოტ არუშანოვი არის წარმოდგენილი, რომელმაც 2020 წელს სერიალის ТочкаНуль გადაღებისას ჩაწერილი ვიდეო ტიკტოკის ტრენდს #скоровжебудепаска მოარგო.
2023 წლის 16 აპრილს მსახიობმა აშოტ არუშანოვმა tiktok-ზე თავისი ცეკვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეომ რამდენიმე დღეში 11 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. კომენტარებში ტიკტოკის მომხმარებელთა ნაწილი გავრცელებულ ვიდეოზე ხალისობს, ნაწილი კი წერს, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პირი მღვდლისთვის შეუფერებლად იქცევა. სწორედ ამიტომ აშოტ არუშანოვს ფეისბუკზე პოსტის გამოქვეყნება და Tiktok-ზე ვიდეოს ჩაწერა დასჭირდა, სადაც იგი ხსნის, რომ არა მღვდელი, არამედ მსახიობია, ვიდეო კი 2020 წელს მინისერიალის გადაღების დროს არის ჩაწერილი, რომელსაც შემდეგ ტიკტოკის ტრენდი #скоровжебудепаска მოარგო.
16 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში აშოტ არუშანოვი წერს, რომ ვიდეო 2020 წელს მინი-სერიალის გადაღების დროს არის ჩაწერილი, სადაც ის დონეცკელ მღვდელს განასახიერებს. პოსტის თანახმად, აშოტ არუშანოვი ვიდეოში მუსიკის გარეშე ცეკვავს, თუმცა ამ ცეკვას ძალიან მოუხდა სიმღერა “Скоро вже буде Паска” და სწორედ ამიტომ ტრენდის შესრულება გადაწყვიტა.
მინი-სერიალის “Точка Нуль” გადაღება 2020 წელს დაიწყო. თრეილერის თანახმად, “Точка Нуль” ასახავს, თუ რა არის ომი რეალურად – უზარმაზარი ტრაგედიის გარდა, გმირობის ისტორიები და ეპიკური ბრძოლები. მეორე სერიის აღწერაში ნათქვამია, რომ ეპიზოდი იმ რეალურ ამბებს აღწერს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დროს მოხდა. მოცემულ ეპიზოდში შეგვიძლია ვნახოთ როგორც დონეცკელი მღვდელი, რომლის როლსაც აშოტ არუშანოვი ასრულებს, ასევე ტაძარი, რომლის ფონზეც მსახიობი ტიკტოკზე გავრცელებულ ვიდეოში ცეკვავს.
რაც შეეხება ტიკტოკის ტრენდს — #скоровжебудепаска, მას 5 წლის უკრაინელი ბიჭის, მატვიი ბრუსის ვიდეოდან დაედო საფუძველი. ჩერკასის რეგიონში მცხოვრები მატვიი ბრუსი Tik-Tok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ხალხს მიმართავს, სააღდგომოდ იყიდონ ხელნაკეთი პროდუქტები, რომლებსაც მისი ოჯახი ამზადებს: “მალე აღდგომა იქნება, ამიტომ შეუკვეთეთ ხორცი და ძეხვი, სარდელები და ქათამი… ყველაფერი რაც სახლშია დამზადებული.”
მოგვიანებით ამ ვიდეოზე დაყრდნობით Youtube არხმა Muesli UA რემიქსი შექმნა, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და «Скоро Буде Пасха» ვირუსული აღმოჩნდა. ამ დროისთვის ამ ხმაზე 245000-მდე ვიდეოა გადაღებული.
მას შემდეგ, რაც უკრაინის კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მიძინების ტაძარი და კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ეკლესია სახელმწიფო საკუთრებაში დაებრუნებინა, სოციალურ ქსელში უკრაინის მთავრობისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო არაერთი პროპაგანდისტული და დეზინფორმაციური გზავნილი გავრცელდა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:
- რას ებრძვის უკრაინის მთავრობა – მართლმადიდებლობას თუ რუსულ გავლენას ეკლესიაში?
- აიკრძალა თუ არა კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება?
- ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებლური ტაძარი დაწვეს
- სად არის გადაღებული და რას უკავშირდება ფრინველების გუნდის ვიდეო?
- კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრების გაშავებაზე კრემლის მედია კონსპირაციას ავრცელებს
წყაროების შესახებ:
მათ შორის ვინც სასულიერო პირის სამოსში გამოწყობილი მოცეკვავე მამაკაცის ვიდეოს მცდარი აღწერით ავრცელებს, ორ ფეისბუქ ანგარიშს – სამშობლო ჩემი საქართველოა და Лука Микунис მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გამოუქვეყნებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.