უბრუნებდა თუ არა ევგენი პრიმაკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

508
VIEWS

25 სექტემბერს ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვაში ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა. მისი თქმით, 2003 წელს საქართველო უკვე გაერთიანებული იყო, აფხაზები და ოსები ჩამოდიოდნენ, ხოლო ევგენი პრიმაკოვს, რუსეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც მჟავანაძე პლეხანოველ, ბუნებით ქართველ კაცს უწოდებს, საქართველოს ერთიანობისთვის ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული, რაც “ამერიკელებმა ვერ აიტანეს” და “ფერადი რევოლუცია განახორციელეს”. 28 სექტემბერს ამავე გადაცემაში ნიკოლოზ მჟავანაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პრიმაკოვის მიერ “საქართველოს გაერთიანების” შესახებ:

ნიკოლოზ მჟავანაძე: “[პრიმაკოვმა] 97 წელს ჩამოიყვანა არძინბა თბილისში, მოლაპარაკებები დაიწყო, ახლოს იყო საქართველო გაერთიანებასთან უკვე იმიტომ, რომ ყველა ნაბიჯი გადაიდგა. იმიტომ, რომ 97 წლიდან მერე ბაზრობები აღდგა, მიმოსვლა იყო, მერე აფხაზეთის ლიდერები, ოსების ლიდერები [ჩამოდიოდნენ]. ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო. ანუ დიპლომატიამ გაიმარჯვა… გვიბრუნებდა რუსეთი ყველაფერს. მაგრამ, მერე მოხდა ეს რევოლუცია ვარდების, დაიწყეს ისევ ეს რიტორიკა და დამთავრდა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ის რაც გაკეთდა აქამდე. ანუ მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ შედეგი რომ არ ყოფილიყო აი ეს რევოლუცია, გაერთიანებული იქნებოდა საქართველო. ახლაც რაღაც ძვრები რომ დაიწყო, ფრენები აღდგა, უვიზო მიმოსვლა, რაღაცა დათბობა წავიდა, იმ წუთასვე დაიწყეს ეს აგრესიული მოქმედებები.”

Screenshot 2023 10 05 115627 უბრუნებდა თუ არა ევგენი პრიმაკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს?

მტკიცება, რომ რუსეთის, კონკრეტულად კი ევგენი პრიმაკოვის შუამავლობით საქართველოს გაერთიანების საკითხი გადაჭრილი იყო და ამას ხელი ვარდების რევოლუციამ შეუშალა სიმართლეს არ შეესაბამება. პრიმაკოვის მონაწილეობით 1997 წელს გამართული მოლაპარაკებების შედეგი ხანგრძლივი არ ყოფილა, რაც ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე რეგიონში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებებში გამოიხატა. რეალურად, საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის 1997 წელს და მანამდე წარმოებულ მოლაპარაკებებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ შეთანხმება არ მიღწეულა. ერთ-ერთ მიზეზს სწორედ რუსეთის, როგორც გარანტორის ფაქტორი წარმოადგენდა, რომელიც ხშირად არღვევდა საქართველოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ნიკოლოზ მჟავანაძე საუბრობს 1997 წელს თბილისში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელშიც რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მონაწილეობდნენ. მოლაპარაკებების ამ პროცესზე 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ისაუბრა: “1997 წელს, როდესაც მე და ვლადისლავ გრიგორიევიჩი [არძინბა] თბილისში ჩავედით პრიმაკოვის შუამდგომლობით, არძინბამ და შევარდნაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობაზე და ძალის გამოყენების მუქარაზეც კი, მაგრამ შემდეგ იყო 1998 წლის მოვლენები.”

საუბარია 1998 წელს გალის რაიონში მომხდარ 6 დღიან შეიარაღებულ დაპირისპირებაზე ქართულ პარტიზანულ დაჯგუფებებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის. დაპირისპირებას წინ უძღოდა გალის რეიონში დანიშნული არჩევნები, რომელსაც ქართული მხარე არალეგიტიმურად მიიჩნევდა და რომელშიც არძინბას დე-ფაქტო მთავრობამ გალში დაბრუნებულ ქართველებს ხმის მიცემის უფლება გაუუქმა.

როგორც შამბა აღნიშნავს, 1997 წლის მოლაპარაკებების ეფექტი ხანგრძლივი არ ყოფილა. ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე, გარდა 1998 წლის მოვლენებისა, მოლაპარაკებების შემდგომი წარმოება შეაფერხა 1999 წელს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებამ და დამოუკიდებლობის შესახებ მიღებულმა აქტმა. ასევე 2001 წელს კოდორის ხეობაში ჩეჩენი რუსლან გელაევის შეიარაღებული დაჯგუფების შესვლამ, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. ქართული მხარე მომხდართან კავშირს უარყოფდა და რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე და კოდორის ხეობის დაბომბვაზე საუბრობდა. შესაბამისად, ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცება, რომ რუსეთის თაოსნობით 1997 წლის მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი ჰქონდა და მისი წყალში ჩაყრა ვარდების რევოლუციამ გამოიწვია, რეალობას არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი არ ყოფილა საქართველოსა და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას შორის მოლაპარაკებების ერთადერთი ფასილიტატორი. ამავე პერიოდში გაეროს ხელშეწყობით ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად ჩამოყალიბდა ორმხრივი საკოორდინაციო კომისია. 1997 წელს ინიცირებული ჟენევის პროცესის ფარგლებში მოქმედებდა სამი სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების, დევნილების დაბრუნების და სოციო-ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებზე. პროცესის ფასილიტატორები რუსეთის გარდა საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და აშშ იყვნენ.

რაც შეეხება 1997 წლამდე პერიოდს, მიუხედავად არაერთი გეგმის არსებობისა, შეთანხმება სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შედგა. მათ შორის იყო ქართულ-აფხაზური დარეგულირების ოქმი, რომელზე ხელმოწერაზე უარი საქართველოს ხელისუფლებამ 1997 წელს თქვა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ შეთანხმების დაცვის გარანტად რუსეთი მოიაზრებოდა. ამ პერიოდში რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებები. მაგალითისათვის, რუსეთიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ოკუპირებულ აფხაზეთში 2.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტვირთი საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით ჩადიოდა. მათ შორის იყო საწვავი, ხორბალი, ასევე მძიმე სამხედრო ტექნიკა. 1996 წელს რუსეთის ქალაქ მაიკოპში ჩატარებულ “ჩრდილოეთ კავკასიის ასოციაციის” საბჭოს სხდომაზე ოფიციალურად იყო მიწვეული დე-ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას დელეგაცია, ამავე წელს კი ახალი ათონის მონასტერი მოსკოვის საპატრიარქოს გადაეცა.

გარდა ამისა, ვარდების რევოლუციამდე, 2003 წელს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო, ამავე წელს დადებული სოჭის შეთანხმება კი, რომელიც აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის და დევნილთა დაბრუნების პროცესების სინქრონიზაციას ისახავდა მიზნად, დაარღვია და რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყების გარეშე აღადგინა, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ “ცალმხრივი და უკანონო” გადაწყვეტილება უწოდა.

მორიგი დეზინფორმაცია აშშ-ს მიერ საქართველოსათვის გაწეული დახმარების შესახებ

25 სექტემბრის გადაცემაში ნიკოლოზ მჟავანაძემ ასევე ისაუბრა აშშ-ს მიერ საქართველოსათვის გაწეულ დახმარებაზე:

ნიკოლოზ მჟავანაძე: “გამოეთრევა ის [აშშ-ს] ელჩი და ლაპარაკობს, ჩვენო 8 მილიარდიო თუ რავიცი რამდენი მილიარდი დავხარჯეთო. ვის დაახარჯეთ მერე? რომელიმე საწარმოა აქ თქვენი გაკეთებული? ერთადერთი ფინანსდება ორგანიზაცია ფუჩუ, ფინანსდება ნაციონალური მოძრაობა და თქვენი პარტიული ელემენტები და ფემინისტები. სხვა ფული არ მიდის არსად. ფული მიდის ენჯეოებზე, ექსპერტებზე, ნაციონალებზე და ყოველგვარ გადაგვარებულ ადამიანებზე. მე მაინტერესებს ვინმემ იგრძნო ამერიკის დახმარება საქართველოზე?”

აშშ-ს მიერ საქართველოსათვის გაწეულ დახმარებაზე მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია პრო-რუსულ აქტორებს წარსულში არაერთხელ გაუვრცელებიათ. ვრცლად, თუ რა სფეროებს ხმარდება რეალურად აშშ-ს დახმარება საქართველოში შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist