5 მითი, თითქოს დასავლეთი საქართველოს არა დახმარებას, არამედ დესტაბილიზაციას ცდილობს

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

112
VIEWS

2023 წლის 23 მაისს Facebook მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობას შეეხებოდა. პოსტის მიხედვით, დასავლეთმა საქართველოში მრავალი პრობლემა წარმოქმნა, მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი და აგვისტო ომი, რომლის დროსაც დასავლეთი საქართველოს მხოლოდ პამპერსებით, წყლითა და შეშფოთებით დაეხმარა. დავით მინდიაშვილის აზრით, დასავლეთს საქართველოში არცერთი ინვესტიცია არ განუხორციელება, ხოლო საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია და არა დასავლეთი.

“ჩვენმა დასავლელმა ”მეგობრებმა” 90-იან წლებში სამოქალაქო ომი და სახელმწიფო გადატრიალება მოგვიწყვეს… ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა” 2008 წელს სააკაშვილს აგვისტოს ომი დააწყებინეს… ჩვენი დასავლელი ”მეგობრები” აგვისტოს ომის დროს პამპერსებით, წყლითა და შეშფოთებით ”დაგვეხმარნენ”… ჩვენმა დასავლელმა ‘’მეგობრებმა’’ 32 წლის მანძილზე ერთი ინვესტიციაც კი არ განახორციელეს ქართულ ეკონომიკაში, ერთი საწარმოც კი არ ააშენეს… ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული პროდუქცია იყიდება რუსეთში, რომელთანაც მტრულ რეჟიმში ვართ და 15 წელია დიპლომატიური ურთიერთობები არ გაგვაჩნია. დღეს საქართველოს პირველი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია რუსეთი, მეორე თურქეთი, არა აშშ ან ევროპის ქვეყნები.” – ვკითხულობთ პოსტში.

Screenshot 14 1 5 მითი, თითქოს დასავლეთი საქართველოს არა დახმარებას, არამედ დესტაბილიზაციას ცდილობს

გავრცელებული პოსტი დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს. “მითების დეტექტორმა” რამდენიმე მტკიცება გააანალიზა, რეალურად: 1) დასავლურ ქვეყნებს საქართველოში ჯერ კიდევ 1997 წლიდან მრავალი ინვესტიცია და არაერთი სამეწარმეო პროექტი აქვთ განხორციელებული; 2) საქართველოს სამოქალაქო ომში დასავლეთის ბრალეულობის დანახვა კონსპირაციულია, სამოქალაქო ომი ძირითადად შიდა ჯგუფების დაპირისპირებით იყო გამოწვეული; 3) 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, დასავლეთმა საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწია. გარდა ამისა, ომის მიმდინარეობისას დასავლეთმა საქართველოს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებიც უზრუნველყო; 4) ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორს არა რუსეთი, არამედ თურქეთი წარმოადგენს; 5) საქართველოში დარეგისტრირებული “აგენტების” კანონპროექტი დასავლური კანონებისგან განსხვავებული და კონტექსტუალურად რუსული კანონის ანალოგია.

  • დასავლეთი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

დეზინფორმაცია, რომ დასავლეთს საქართველოში ინვესტიციები არასდროს განუხორციელებია, წარსულშიც ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ დასავლური სახელმწიფოები (აშშ და ევროპის სახელმწიფოები) საქართველოში პირდაპირ ინვესტიციებს ჯერ კიდევ 1997 წლიდან ახორციელებენ.

მაგალითად 1997 წლის მონაცემებით, ევროკავშირიდან პირდაპირი ინვესტიცია 45,793.9 (ათასი დოლარი), აშშ-დან 96,651.9 (ათასი დოლარი), ხოლო რუსეთიდან მხოლოდ 14,435.0 (ათასი დოლარი) იყო. დასავლური ინვესტიციების უპირატესობა რუსულ ინვესტიციებთან გაგრძელდა შემდგომ წლებშიც. უკანასკნელი წლის მონაცემებით (2022), ევროკავშირის ქვეყნებიდან პირდაპირმა ინვესტიციამ 859 575,5 ათასი აშშ დოლარი, აშშ-დან 163 888,3 (ათასი აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფოდან 428 323,8 (ათასი აშშ დოლარი), ხოლო რუსეთიდან მხოლოდ 70 983,6 (ათასი აშშ დოლარი შეადგინა). 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბოლო 5 წლის მონაცემები ასეთია.

წელი ევროკავშირი აშშ გაერთიანებული სამეფო რუსეთი
2022 859 575,5 163 888,3 428 323,8 70 983,6
2021 354 404,5 16 368,4 603 606,5 75 509,6
2020 339 881,1 98 450,8 303 052,3 42 201,2
2019 433 344,0 115 728,1 237 544,9 62 906,1
2018 423 028,5 104 964,1 183 310,0 83 809,8
  • დასავლეთი და წარმოების განვითარება

ასევე, დიდია დასავლეთის ჩართულობა ისეთ ეკონომიკურ საქმიანობაში, როგორიცაა საწარმოების აშენება და განვითარება, რაც შედეგად იწვევს მეწარმეობის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, რომელთა მიზანია “გაძლიერდეს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, გაძლიერდეს დემოკრატიული მიღწევები,  უზრუნველყოფილ იქნას მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა.”

მეწარმეობის მიმართულებით USAID-ის ამჟამინდელი პროგრამებია:

1 .ბიზნეს განვითარების პროგრამა

“USAID-ის ბიზნესის განვითარების პროგრამა მხარს უჭერს მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს  გაუმჯობესებული ბიზნეს დაგეგმვის,  ფინანსური მენეჯმენტის, ანგარიშგების და მარკეტინგის საშუალებით კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვას”.

2. ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში

“პროგრამა ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და ახალგაზრდებისა და ქალების დასაქმებით ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკურ ზრდას და გაძლიერებას.  აქტივობა ახალგაზრდა მეწარმეებსა და პროფესიონალებს შესაძლებლობას მისცემს განივითარონ უნარები, გაიარონ ბიზნეს ტრენინგები და ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ფინანსებზე.”

3. თხილის წარმოების გაუმჯობესების პროექტი

“პროგრამა   USAID-ის და Ferrero-ს ფინანსური და ტექნიკური დახმარებით ხელს უწყობს საქართველოს თხილის სექტორის განვითარებას – იზრდება ქვეყანაში წარმოებული თხილის ხარისხი და რაოდენობა, უმჯობესდება  გადამამუშვებელი საწარმოების შესაძლებლობები და მყარდება საბაზრო ურთიერთობები, რომელიც  მცირე ფერმერებს შემოსავლიან ბაზრებთან დაკავშირების  შესაძლებლობას აძლევს.”

4. სოფლის მეურნეობის პროგრამა

“პროგრამა თანაინვესტირებას ახორციელებს წამყვან სამინისტროებთან და კერძო სექტორთან ერთად, რაც ხელს უწყობს წარმოების შესაძლებლობების ზრდას, ეფექტიანობას  და საერთაშორისო სტანდარტების ხარისხს. პროგრამის სამიზნეა სასოფლო სამეურნეო სამრეწველო ჯაჭვი, რომელსაც აქვს შემოსავლების მობილიზებისა და  მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი  რეგიონებში. აქტივობებს შორისაა – ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის და მებაღეობის სხვა პროდუქტების წარმოება და გადამუშავება.”

5. ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა

“USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ზრდისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ტექნიკურ დახმარებას უწევს ოთხ მნიშვნელოვან სექტორს. ეს დახმარება მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, სამუშაო უნარებში დახელოვნებას და საჯარო და კერძო სექტორების პარტნორობას.”

ასევე მნიშვნელოვანია USAID-ის პროექტი Zrda, რომელიც 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქვეყნის ეკონომიკის და წარმოების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. პროგრამის შედეგად:

  • მიკრო, მცირე, და საშუალო საწარმოებმა 41,861,603 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღეს;
  • 1,241 ბიზნესმა გაზარდა გაყიდვები და მიიღო მეტი შემოსავალი;
  • შეიქმნა 3,500 სამუშაო ადგილი, მათ შორის 1,706 სრულგანაკვეთიანი;
  • 18,480 ოჯახის შემოსავალი გაიზარდა 25%-ით;
  • სამიზნე რეგიონებში მცხოვრები 26,070 ბენეფიციარი სარგებლობს განახლებული ინფრასტრუქტურით.

მნიშვნელოვანია ევროკავშირის პროგრამებიც, რომლებიც ასევე ეკონომიკისა და წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. ამ მხრივ გამორჩეულია ევროკავშირი ბიზნესისთვის (EU4Business) პროგრამა.

როგორც პროგამის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში, რომ მოიპოვონ გრანტები და კრედიტები ან გავიდნენ დამატებით ბაზრებზე და გაიუმჯობესონ უნარ-ჩვევები. პროგრამის შედეგად, მაგალითისთვის, 2021 წელს შეიქმნა 15643 სამუშაო ადგილი, ხოლო მხარდაჭერა გაეწია 34634 მცირე და საშუალო საწარმოს. 

სხვადასხვა სექტორში აშშ-ის დახმარებაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

გავრცელებულ პოსტში გაჟღერებულია ანტიდასავლური ნარატივი, თითქოს დასავლეთმა 90-იან წლებში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. საქართველოს სამოქალაქო ომი 1991 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. კონფლიქტი ძირითადად შიდა ძალების დაპირისპირებით იყო გამოწვეული და სამოქალაქო ომის დაწყებაში დასავლეთს არანაირი როლი არ ჰქონდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და მას შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა იმ პერიოდში გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი, რომელიც 15000-იან გვარდიასთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარედ დაბანაკდა. მხარეები ერთმანეთს რუსეთის მორჩილებაში დებდნენ ბრალს.

სხვადასხვა ჩაშლილ მოლაპარაკებას შეტაკებები მოჰყვა. ამ პერიოდში ასევე ციხიდან გათავისუფლდა ჯაბა იოსელიანი, რომელმაც სამხედრო არაფორმალური ფორმირება “მხედრიონი” შექმნა და პრეზიდენტის დამხობაში მნიშნველოვანი როლი ითამაშა. შეტაკებები თბილისში რუსთაველის გამზირზე 15 დღე გაგრძელდა და მას 113 ადამიანი ემსხვერპლა. 

Screenshot 15 1 5 მითი, თითქოს დასავლეთი საქართველოს არა დახმარებას, არამედ დესტაბილიზაციას ცდილობს
რუსთაველის გამზირი დაპირისპირების შემდგომ, ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
  • 2008 წლის აგვისტოს ომი და დასავლეთის დახმარება

2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში რუსეთის პირდაპირი აგრესიით დაიწყო. დაპირისპირება ჯერ კიდევ 2008 წლის მარტ-აპრილში წარმოიშვა, როდესაც რუსეთმა საუბარი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე დაიწყო. უკვე ივლისის თვეში რუსეთმა ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რასაც საქართველოს მხრიდან პროტესტი მოჰყვა. იმ პერიოდში სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი, ვარაუდობდა რომ ეს წვრთნები კონფლიქტის მომასწავებელი იყო.

პაველ ფელგენჰაუერი: „სამხედრო სწავლება მთელ რეგიონს მოიცავს, რაც ძალიან არასასიამოვნო და სახიფათო ფაქტია, რადგანაც ასეთი ტიპის წვრთნა შეიძლება აღქმულ იქნეს ომისთვის მზადებად ან ამ სამზადისის შენიღბვის მცდელობად.“

სამხედრო წვრთნებს უკვე აგვისტოს დასაწყისში საქართველოს მოქალაქეთა დაზიანებებიც მოჰყვა, როდესაც 1 აგვისტოს ორ ყუმბარაზე პოლიციელების მანქანა აფეთქდა და 5 მათგანი დაშავდა. ამავე დღეს ცხინვალის რეგიონში იყო სროლები, რის შედეგადაც 7 პირი დაზიანდა

სროლები ასევე გაგრძელდა 3, 5 და 6 აგვისტოს, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ 3 აგვისტოს ჯავის რაიონში 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ელემენტები განლაგდა.

მოვლენების ესკალაცია 7 აგვისტოს მოხდა. დილის საათებში ცხინვალის რეგიონში ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა. სროლები შუადღის საათებშიც გაგრძელდა. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობა იღებს ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები საქართველოს საზღვრისკენ დაიძრნენ, რასაც 14:30-ზე მოჰყვა გადაწყვეტილება, რომ ქართველი სამხედროები ცხინვალის რეგიონისკენ დაძრულიყვნენ.

18:40 საათზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

თემურ იაკობაშვილი: “ჩვენი მხარე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ცალმხრივად წყვეტს ცეცხლს იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვინმესი გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და იმედი გვაქვს, რომ ამ გზავნილს ისინი ადექვატურად აღიქვამენ და შეწყვეტენ ჩვენი პოზიციების და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.”

თემურ იაკობაშვილის განცხადების შემდგომ რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება 8 აგვისტოს 13:00 სთ-ზე შედეგებოდა, თუმცა 20:30-ზე სოფელ ავნევს, სოფელ ფრისს, მოგვიანებით კი თამარაშენს და კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს მთავრობა რწმუნდება, რომ რუსეთის ჯარებმა როკის გვირაბი გადმოკვეთეს, პრეზიდენტი სააკაშვილი კი იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეჩერებული იყოს რუსული შენაერთების გადაადგილება ცხინვალისკენ, განეიტრალებული იყოს ის პოზიციები, რომლიდანაც თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას და დაცული იყოს ქალაქი ცხინვალი. 

აღსანიშნავია რომ დასავლეთი არა თუ აღვივებდა კონფლიქტს, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა მოუწოდებდა საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომ არ დაპირისპირებოდნენ რუს სამხედროებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთის დახმარება (სამხედრო თუ ჰუმანიტარული) მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ საქართველოს ომის შედეგები შედარებით მარტივად გადაეტანა. 

აშშ-ის საქართველოსადმი დახმარება ომის პერიოდში და დასრულების შემდგომ ასე გამოიხატა:

  • 9 აგვისტოს აშშ დაეხმარა საქართველოს, ერაყიდან ჯარისკაცები (800-ზე მეტი) და 11 ტონა ტვირთი საქართველოში გადმოეყვანა.
  • ჰუმანიტარული დახმარება თბილისის აეროპორტსა და ფოთის პორტში. ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში საქართველოში შემდეგი ხომალდები შემოვიდნენ: Arleigh Burke, RIM-67 Standard ER (SM-1ER/SM-2ER), რაკეტის გამშვები სისტემა, შეიარაღებული ჰარპუნის ტიპის რაკეტებით 2 სატორპედო გამშვები აპარატი, Mark 32 USS Mount Whitney (LCC/JCC 20) Blue Ridge, Hamilton კლასის სანაპირო დაცვის კატარღაUSCGCDallas (WHEC-716).
  • 15 აგვისტოს საქართველოში აევე ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად პრესკონფერენციას მართავს.
  • 24 აგვისტოს საქართველოში შემოდის ხომალდი USS McFaul, რომელიც აძლიერებს უსაფრთხოებას.
  • 2008-2009 წლებში აშშ-ის დახმარებამ 1.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
Screenshot 16 1 5 მითი, თითქოს დასავლეთი საქართველოს არა დახმარებას, არამედ დესტაბილიზაციას ცდილობს
​​აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თბილისი, აგვისტო 2008

მანიპულაციური გზავნილი, თითქოს აშშ საქართველოს მხოლოდ წლით და პამპერსით დაეხმარა, უკვე წლებია ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, რუსული აგრესიის დაწყებისას აშშ-მა საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებიც უზრუნველყო, რაც იმაში გამოიხატა, რომ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტი შავი ზღვისკენ დაიძრა. ეს ფაქტი შესაძლოა რუსეთისთვის პოლიტიკური და სამხედრო გზავნილად ჩაითვალოს:  თუ რუსეთი შეეცდებოდა დასავლეთ საქართველოს შემდგომ ოკუპაციას, მას ლოჯისტიკური უზრუნველყოფა უნდა აეწყო ფოთის პორტიდან. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული გემების ყოფნა კი რუსების ლოჯისტიკურ გეგმებს პრობლემებს შეუქმნიდა.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” საარქივო პუბლიკაციები:

რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორობას, პოსტში გაჟღერებული მტკიცება ამ შემთხვევაშიც რეალობას არ შეესაბამება. ოფიციალური მონაცემებით (2022 წლის იანვარ-ივლისის ექსპორტის მიხედვით) უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასე გამოიყურება: ჩინეთი (475.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (351.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (339.1 მლნ. აშშ დოლარი).

Screenshot 17 1 5 მითი, თითქოს დასავლეთი საქართველოს არა დახმარებას, არამედ დესტაბილიზაციას ცდილობს

რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, ამ მხრივ საქართველოს მთავარი პარტნიორი თურქეთია (1.3 მლრდ დოლარით), შემდგომ კი  რუსეთი (962 მლნ დოლარით).

Screenshot 22 1 5 მითი, თითქოს დასავლეთი საქართველოს არა დახმარებას, არამედ დესტაბილიზაციას ცდილობს

სავაჭრო ბრუნვის 2023 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, თურქეთი ისევ პირველ ადგილზეა.

  • “აგენტების” კანონპროექტი

პოსტში ასევე გაჟღერებულია მანიპულაციური მტკიცება, თითქოს დასავლეთმა არ მიგვაღებინა ისეთი კანონი, რაც თავად აქვს. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში ორი კანონპროექტი –  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დარეგისტრირდა, ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერი აქტორების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ასეთი კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას და სხვა დასავლურ ქვეყნებსაც ჰქონდათ. რეალურად, მსგავსი კანონები დასავლეთში პოლიტიკურ ლობიზმს ეხება და მტრული სახელმწიფოების და მათი გავლენის წინააღმდეგაა მიმართული, ისინი მიზანში არ იღებს პარტნიორი სახელმწიფოებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაშინ, როდესაც რუსეთმა ანალოგიური კანონით ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობას შეუწყო ხელი. შესაბამისად მნიშვნელოვანია, მსგავსი კანონების მიღების კონტექსტიც, რადგან ლიბერალური დემოკრატიებისგან განსხვავებით, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში ის სამოქალაქო საზოგადოების დევნისთვის გამოიყენება. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

პოსტის არქივი: https://archive.is/gbTdw 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist