რა კონსპირაციები ვრცელდება NASA-ს მთვარის მისია Apollo 11-ზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

364
VIEWS

2023 წლის 21 მაისს ფეისბუქზე მწერალმა მერაბ რატიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ ნასამ დაკარგა მთვარეზე დაშვების ორიგინალი კადრები და ტექნოლოგია. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამიტომ ვერ ბრუნდებიან ამერიკელები მთვარეზე. “ამერიკულ ტყუილს გრძელი ფეხები ჰქონია” – წერს რატიშვილი.

ამავე შინაარსის ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1, 2).

Screenshot 23 1 რა კონსპირაციები ვრცელდება NASA-ს მთვარის მისია Apollo 11-ზე?

გავრცელებული პოსტი კონსპირაციულია. არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ნასას მთვარეზე ყოფნას ადასტურებს. ხოლო ის ფაქტი, რომ ადამიანები 50 წელი მთვარეზე აღარ ყოფილან, ტექნოლოგიის დაკარგვასთან კავშირში არ არის. 

აპოლო 11 პირველი პოლოტირებული მისია იყო, რომელიც მთვარეზე დაჯდა. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან 1969 წლის 16 ივლისს გაეშვა, ხოლო 20 ივლისს ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა. კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟი 3 ასტრონავტისგან შედგებოდა: ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი და ედვინ ბაზ ოლდრინი. აღსანიშნავია, რომ აპოლო 11-ის მთვარის მისია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა, თუმცა დღემდე პოპულარული კონსპირაციული თეორიაა, თითქოს მთვარეზე დაჯდომა არ მომხდარა და ამერიკელებმა ფაქტები გააყალბეს. კონსპირაცია განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, სადაც სჯერათ, რომ მთვარეზე გაფრენა რეალურად ჰოლივუდში დადგეს.

სიგნალი, რომელიც მთვარიდან მიიღეს დედამიწაზე

აღსანიშნავია, რომ ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ერთგვარი კოსმოსური რბოლა მიმდინარეობდა, თუმცა იმ პერიოდში რუსულ მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ამერიკელი მეტოქის წარმატება. რუსმა კოსმონავტმა გეორგი გრეჩკომ დაადასტურა, რომ აპოლო 11-ის კოსმოსში გაშვების შემდეგ, ისინი სიგნალებს სწორედ მთვარიდან იღებდნენ. 

კომუნიკაციები, რომლებიც გრეჩკომ მოიყვანა ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელსაც ადასტურებს ესპანელი კარლოს გონსალეს პინტადოც. ის მადრიდში აპოლონის სადგურის ოპერაციების ხელმძღვანელი იყო. Მისიის მაკონტროლებელ გუნდს გააჩნდა დამხმარე ქსელი, რომელიც 3 სადგურისგან შედგებოდა და განლაგებული იყო მადრიდში (ესპანეთი), გოლდსტონში(კალიფორნია) და კანბერაში(ავსტრალია) . Ეს სამი სადგური ერთმანეთისგან 120 გრადუსიანი გრძედით იყო განცალკევებული, შესაბამისად, სულ მცირე ერთ მათგანს მაინც ჰქონდა კომუნიკაცია და მხედველობის არეში ინარჩუნებდა მთვარეს.  დედამიწაზე აპოლო 11-ის მთვარეზე მისიის კადრებს ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი რეალურ დროში უყურებდა.

ვიზუალური მტკიცებულებები 

ფოტოები ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა რომ ექსპედიცია მთვარეზე მართლაც შედგა.  

Screenshot 24 1 რა კონსპირაციები ვრცელდება NASA-ს მთვარის მისია Apollo 11-ზე?

ნასას გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ნასას ფოტო გალერია აპოლო 11-ს მისიიდან, სადაც ფოტო და ვიდეო მასალებია ხელმისაწვდომი. 

სხვა სამეცნიერო მტკიცებულებები

ყველაზე დამაჯერებელი ნიმუში იმისა, რომ ადამიანები ნამდვილად წავიდნენ მთვარეზე, ასეულობით კილოგრამის ქვები და სხვადასხვა მასალაა, რომლის რობოტული ზონდებით შეგროვებაც შეუძლებელი იქნებოდა. Ასევე, გადაიღეს მათი შეგროვების პროცესი. დამატებით, ამერიკელებმა მთვარიდან მასალები საბჭოთა კავშირსაც გაუგზავნეს.

Screenshot 25 რა კონსპირაციები ვრცელდება NASA-ს მთვარის მისია Apollo 11-ზე?
მთვარიდან წამოღებული ქვა. წყარო: ნასა

მეცნიერი დეივიდ უილიამსი, რომელსაც აპოლოს მისიების არქივის მონაცემებთან აქვს შეხება, აცხადებს, რომ მეცნიერები თავიანთ კვლევებსა და სამეცნიერო ნაშრომებში მთვარიდან წამოღებულ მასალებს ათწლეულებია იყენებენ. მეცნიერების მიერ გამოყენებულია ასევე რეტრორეფლექტორები, რომელიც მთვარეზე ასტრონავტებმა დატოვეს. ამ ლაზერული რეფლექტორების მეშვეობით, რომელიც დედამიწიდან გასროლილ სხივებს ირეკლავს, მეცნიერები დედამიწიდან მთვარემდე მანძილს ზომავენ.

Მეცნიერები, რომლებსაც შესაფერისი განათლება და მომზადება აქვთ იყენებენ ამ მონაცემებს და ჯერ არავის შეპარვია ეჭვი მათ ნამდვილობაში. თითქმის ნახევარმა მილიონმა მეცნიერმა, ინჟინერმა, ასტრონავტმა და ფრენების კონტროლიორმა შეიტანა წვლილი აპოლოს მთვარეზე დაშვებაში.

აქვე, კონსპირაციული თეორიები ფოკუსირებულია ძირითადად აპოლო 11 -ზე, მაშინ როცა ეს მისია კიდევ 6-ჯერ გაიმეორეს ამერიკელებმა. დამატებითი 6 მისიიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა წარუმატებელი, თუმცა ასტრონავტებმა უსაფრთხოდ მოახერხეს წარუმატებელი მისიიდან დაბრუნება. 

დაიკარგა თუ არა მთვარეზე მისიის ჩანაწერები?

Რაც შეეხება ორიგინალი მასალების დაკარგვას, გავრცელებულ პოსტში მოცემული ინფორმაცია მანიპულაციურად არის გამოყენებული, რეალურად:

  • ნასამ მოძებნა მთვარიდან პირდაპირი ტრანსლაციით ჩაწერილი მონაცემთა ფირები, მაგრამ მათ ორიგინალ მასალებს ვერ მიაკვლია. სავარაუდოდ, მონაცემები პროგრამის მენეჯერებმა წაშალეს, რადგან აღარ იყო მათი შენახვის საჭიროება. ყველა ვიზუალური მასალა უკვე იყო სხვა არქივებში გადატანილი, აღდგენილი და გამოყენებული. თუ რატომ წაშალეს და რა უშლიდა ხელს თუნდაც არასაჭირო მონაცემების შენახვას, ამაზე სავარაუდო პასუხია ის, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში, NASA-ს Landset-ის პროგრამას შეექმნა მონაცემთა დიდი დეფიციტი და სწორედ ამ პერიოდში წაიშალა ფირები. მაშინ ეს მიღებული პრაქტიკა იყო.
  • ვიდეო მონაცემები, რომლებიც ამ ფირებზე იყო, გადაიცემოდა  Manned Spacecraft Center-დან (ახლა ამ ცენტრს Johnson Space Center ჰქვია). მისიის დროს ვიდეო ჩაიწერეს როგორც ამ ცენტრში, ისე სხვა ადგილმდებარეობებზე. შესაბამისად არცერთი ვიდეო არაა დაკარგული და არ არსებობს კადრები, რომელიც არ უნახავს მსოფლიოს. 
  • Ძებნის დროს ნასამ მაღალი ხარისხის ვერსიებიც იპოვა. ნასა მუშაობდა Lowry Digital-თან – ფილმების აღმდგენ კომპანიასთან. Აღდგენილი ვიდეო ჩაეშვა აპოლოს მისიიდან 40 წლის თავზე. 

რატომ არ ყოფილან ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე ბოლო 50 წელიწადში?

ასტრონავტები ასევე ხსნიან, თუ რატომ არ გამგზავრებულა მთვარეზე ბოლო 50 წელიწადში არავინ.  Ბოლო ვიზიტი მთვარეზე 1972 წლის დეკემბერში, ნასას მისიის – აპოლო 17-ის ფარგლებში იყო. Შესაძლოა ნასა 2025 წლისთვის დაბრუნდეს მთვარეზე (ყველაზე ადრე ეს თარიღი ივარაუდება),  პროგრამა სახელად Artemis-ის ფარგლებში, რომელიც მთვარეზე პირველი ქალის გამგზავრებას გულისხმობს, თუმცა ზუსტი თარიღი საჯაროდ ცნობილი არ არის. მთვარეზე შემდეგი გაფრენა ნასას და კანადის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი მისიით იგეგმება.

ნასას ყოფილი ადმინისტრატორი ჯიმ ბრიდენსტინი, რომელიც  ტრამპის ადმინისტრაციის დროს მართავდა სააგენტოს, ამბობს რომ მთვარეზე დაბრუნება მეცნიერულ ან  ტექნოლოგიურ სირთულეებთან კი არ არის კავშირში, არამედ პოლიტიკურ რისკებთან. Პროგრამა დიდ დროს მოითხოვს და ძალიან ძვირი ჯდება.  ამასვე ამბობენ ასტრონავტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხალხის ინტერესი მთვარეზე მისიასთან დაკავშირებით, შემცირებულია. ახლა უფრო საინტერესოა მარსზე გაფრენა და ახალი მიღწევები

პოლიტიკური მიზეზები არ არის ერთადერთი გამოწვევა თუ რატომ აღარ ბრუნდებიან ასტრონავტები მთვარეზე. ერთ-ერთ მიზეზს უსაფრთხოებაც წარმოადგენს –  მთვარის ზედაპირი სავსეა კრატერებითა და ლოდებით, რომელიც დაშვებას საფრთხეს უქმნის. 1969 წელს მთვარეზე პირველი დაშვებისას, ამერიკის მთავრობამ მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯი გასწია იმისათვის, რომ მთვარეზე სატელიტები განეთავსებინა, რაც მომავალ მისიებს დაშვების ადგილების განსაზღვრაში დაეხმარებოდა. ამის მიუხედავად, შეშფოთების საგანია ის ფაქტი, რომ მეტეორიტის ზემოქმედების შედეგად რეგოლითი იგივე მთვარის მტვერი შეიქმნა. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის აერონავტიკის ინჟინერმა 2014 წელს თავის სამეცნიერო ნაშრომში აღნიშნა, რომ მთვარე დაფარულია მთვარის მტვრის თხელი, ტალკისებრი ზედა ფენით, ზოგიერთ ნაწილში რამდენიმე ინჩის სიღრმეზე, რომელიც ელექტროსტატიკურად დამუხტულია მზიურ ქართან ურთიერთქმედებით. ის ძალიან აბრაზიული და კრობადია, ამიტომ სწრაფად აბინძურებს და აფუჭებს კოსმოსურ კოსტუმებს, მანქანებსა და სისტემებს.

გარდა ამისა, პრობლემაა მზის სინათლეც. დაახლოებით 14 დღის განმავლობაში  მთვარის ზედაპირი გახურებულია და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშაა, რადგან მთვარეს არ აქვს დამცავი ატმოსფერო. შემდეგი 14 დღე სრული სიბნელეა, რაც მთვარის ზედაპირ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილად აქცევს. ამ გამოწვევების გასამკლავებლად ნასა ჯერ კიდევ მუშაობს, მათ მთვარის მტვრის და მზისგან გამძლე კოსმოსური კოსტუმებიც დაამზადეს.

აპოლო 11-თან დაკავშირებულ კონსპირაციაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. წარსულში ვრცელდებოდა მტკიცება, თითქოს მთვარეზე დატოვებული ნაკვალევი ასტრონავტების ფეხსაცმელს არ შეესაბამებოდა.

წყაროს შესახებ

მერაბ რატიშვილი ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი და მანიპულაციური მტკიცებები “მითების დეტექტორმა” ადრეც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist