3 აპრილს ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკ ცუკერბერგმა ვაჭრობის სფეროში ახალი ფენომენი – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვოთსაპის ბოტი (Whatsapp Bot) შექმნა, რომელიც მომხმარებლებს გლობალურ ბაზრებზე ინვესტიციების განხორციელების საშუალებას აძლევს. ინფორმაციის წყარო ვებგვერდი bbcnewsil.site-ია, რომელზე განთავსებულ რუსულენოვან სტატიაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ხელსაწყო მსოფლიო ბირჟებზე დამოუკიდებლად ვაჭრობს და მომხმარებლის კაპიტალს მათი ჩარევის გარეშე ზრდის. საიტის მიხედვით, ბოტის გამოყენებისთვის ოფიციალურ საიტზე რეგისტრაცია, ხოლო ანგარიშის გასახსნელად 250 ევროა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. საიტს, რომელზეც რუსულენოვანი სტატიაა განთავსებული, BBC-სთან კავშირი არ აქვს. სტატიაში განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულს მომხმარებელი ვოთსაპის ოფიციალური ვებგვერდისგან განსხვავებულ მისამართზე გადაჰყავს და მისგან პირად ინფორმაციას ითხოვს. META-ს რეალური ჩატბოტები ამჟამად მხოლოდ ზოგიერთ რეგიონში და მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ Whatsapp Bot-ის გამოყენება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ფინანსურ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების დონის მიუხედავად, რადგან ბოტი ოპერაციებს დამოუკიდებლად ახორციელებს. სტატიის მიხედვით, ბოტით სარგებლობა მომხმარებლებს ოფიციალურ საიტზე რეგისტრაციის შემდეგ შეუძლიათ, ხოლო მინიმალური თანხა ანგარიშის გასახსნელად 250 ევროს შეადგენს.
ვოთსაპის ბოტის შესახებ ინფორმაციას საიტი bbcnewsil.site ავრცელებს, რომელიც ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ს ოფიციალურ მისამართთან (https://www.bbc.com/) მიმსგავსებით მკითხველის შეცდომაში შეყვანას ცდილობს. BBC-ს რეალურ ვებ-საიტზე ვოთსაპ ბოტის შესახებ მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.
DomainTools-ის მიხედვით, ყალბი საიტი 2024 წლის 8 იანვარს დარეგისტრირდა და მის IP მისამართად ნიდერლანდებში მდებარე ქალაქი მეპელია დასახელებული.
სტატიაში განთავსებულ ყველა ბმულს, მათ შორის ღილაკს “პროგრამის მიღება” მომხმარებელი არა ვოთსაპის ოფიციალურ გვერდზე, არამედ საიტზე https://gpt-technology.info/ გადაჰყავს.
მომხმარებელს ბოტთან კონტაქტი მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული რამდენიმე პასუხის გამოყენებით შეუძლია და დიალოგი ნებისმიერი პასუხის არჩევის შემთხვევაში ერთნაირად ვითარდება. საიტი მომხმარებელს დღეში 1-2 საათის დახარჯვის სანაცვლოდ 14 000 ევროს გამომუშავებას ჰპირდება.
დიალოგის ბოლოს საიტი მომხმარებლისგან პირად ინფორმაციას, კერძოდ: სახელს, გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და მობილურის ნომერს ითხოვს.
სტატიის ბოლოს სხვა მომხმარებლების კომენტარებს ვხვდებით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბოტის გამოყენებით სხვადასხვა ოდენობის თანხა უკვე წარმატებით გამოიმუშავეს. რეალურად, აღნიშნული მომხმარებლები არ არსებობენ. დამაჯერებლობისთვის ისინი რეალური პიროვნებების ფოტოებს იპარავენ. მაგალითისთვის ანდრეი პესოჩნი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბოტის დახმარებით 2 საათში 689 ევრო გამოიმუშავა სანკტ-პეტერბურგელი ექიმის, იგორ ლოგინოვის ფოტოს იყენებს (1, 2).
კომპანია Meta-ს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ჩატბოტები სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის, ვოთსაპზე რეალურადაც არსებობს. ინფორმაცია ჩატბოტების შექმნის შესახებ META-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა 2023 წლის სექტემბერში კომპანიის ყოველწლიურ კონფერენციაზე გაავრცელა. ცუკერბერგის მიხედვით, META 28 სხვადასხვა ჩატბოტს გამოუშვებს და ყოველი მათგანისთვის ცნობილი პიროვნების დახმარებით, როგორებიც არიან კენდალ ჯენერი, სნუპ დოგი და ნაომი ოსაკა, სხვადასხვა პერსონაჟი შექმნეს.
ვოთსაპის ოფიციალური საიტის მიხედვით, მომხმარებლებს სელებრითების დახმარებით შექმნილი პერსონაჟების გარდა შეუძლიათ Meta AI-ს ჩატი გამოიყენონ, მას სხვადასხვა შეკითხვა დაუსვან ან რჩევა ჰკითხონ. თუმცა, საიტზე განთავსებულია გაფრთხილება, რომ ბოტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა ზოგჯერ ზუსტი არ იყოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ჩატის ფუნქცია ჯერ მხოლოდ ზოგიერთ რეგიონშია ხელმისაწვდომი და ის მხოლოდ ინგლისურ ენაზე ფუნქციონირებს.
შესაბამისად, ჩატს, რომელსაც გავრცელებულ სტატიაში ვხვდებით, META-ს ოფიციალურ ბოტთან კავშირი არ აქვს და მისი მიზანი ინტერნეტ მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა და თანხის თაღლითურად მითვისებაა.
ვოთსაპ ბოტის დახმარებით გამდიდრების შესახებ ინფორმაცია წარსულშიც ვრცელდებოდა. 2023 წლის დეკემბერში “მითების დეტექტორმა” გაყალბებული ვიდეო აღმოაჩინა, რომელიც ვოთსაპთან მიმსგავსებულ საიტზე რეგისტრაციის სანაცვლოდ მომხმარებლებს ფულის მარტივად შოვნას ჰპირდებოდა. ვრცლად იხილეთ სტატიაში:
გამოცემა BBC-ის მიმსგავსებული ვებ-საიტი ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად ადრეც შეუქმნიათ. იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაცია:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.