სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ვოთსაპის ახალ ბოტზე, რომელიც მის მომხმარებლებს მოკლე დროში დიდი ფინანსური სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს. 9 და 20 ნოემბერს ფეისბუქ გვერდების Наташа Данилова და Omnivore 53 გამოქვეყნებული რუსულენოვანი ვიდეოების მიხედვით, ბოტის გამოყენებით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაა შესაძლებელი და მისი დადებითი მხარე ისაა, რომ პროგრამა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანის ნაცვლად ითვლის რისკებს და შესაბამისად, მომხმარებელს თანხის მისაღებად არც წინასწარი გამოცდილება და არც დამატებითი დრო არ სჭირდება. ერთ-ერთ ვიდეოში ბოტის დადებით მხარეებზე რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი საუბრობს, ხოლო მეორე ვიდეოში ბოტის საშუალებით გამდიდრებული პენსიონერი ქალი.
ვოთსაპის ბოტის შესახებ გავრცელებული ვიდეოები თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. ბოტის გამოყენებისთვის დასარეგისტრირებლად საჭირო საიტის ბმული ვოთსაპის ოფიციალურ ბმულს არ ემთხვევა და თავად საიტი რამდენიმე დღის წინ არის დარეგისტრირებული. გამოქვეყნებული ვიდეოები დამონტაჟებულია და რეალურად, ორიგინალ ვიდეოებში არცერთი მონაწილე ვოთსაპის ბოტის საშუალებით გამდიდრებაზე არ საუბრობს.
გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ორივე ბოტის გამოყენებისთვის მომხარებლის რეგისტრაციას ითხოვს. ორივე შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერსა და მეილს მოიცავს. ერთ შემთხვევაში სარეგისტრაციო ბმული თავად ფეისბუქის პლატფორმიდანაა შექმნილი.
ხოლო პენსიონერი ქალის ვიდეოს შემთხვევაში ვიდეოზე მიმაგრებულია ბმული, რომელიც ვებ-საიტზე whtspeu.com-ზე გადადის.
ხაზგასასმელია, რომ ვოთსაპის ოფიციალური ვებსაიტების მისამართები სხვანაირად გამოიყურება, პირველ რიგში ეს არის whatsapp.com, ხოლო ვებ-ვერსიის გამოყენებისას web.whatsapp.com.
რაც შეეხება whtspeu.com-ს, domaintools-ის მიხედვით, ვებ-საიტი ვიდეოს გამოქვეყნებამდე 4 დღით ადრე 2023 სლის 16 ნოემბერს შეიქმნა და მისი IP მისამართად ჰესენი, გერმანიაა მითითებული.
-
ვინ არიან ვიდეოში მონაწილე პირები და რაზე საუბრობენ ისინი რეალურად?
9 ნოემბერს ფეისბუქ გვერდზე Наташа Данилова გამოქვეყნებული ვიდეოში ცნობილი რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი საუბრობს. ვიდეო მისი უახლესი 2023 წლის 17 ოქტომბრის ინტერვიუდანაა აღებული. მაკარევიჩი 2022 წლიდან ემიგრაციაში იმყოფება, ხოლოდ 2011 წლიდან პუტინის მთავრობას ეწინააღმდეგება. მასთან ინტერვიუ ტელეარხმა “დოჟდმა” ჩაწერა. რეალურად, ხანგრძლივი ინტერვიუს განმავლობაში მაკარევიჩი ვოთსაპის ბოტის საშუალებით გამდიდრების შესახებ არ საუბრობს.
რაც შეეხება ვიდეოს, სადაც პენსიონერი ქალი თანხის რაოდენობას ასახელებს, ვიდეო რუსული მედიასაშუალება Россия 1-ს 2021 წლის სიუჟეტიდანაა აღებული.
სიუჟეტის მიხედვით, პენსიონერი ოლგა ვარზოვა თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა და დიდი რაოდენობის თანხა დაკარგა. ვაროზოვას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვინმე მაქსიმ სოლოვიოვი უკავშირდებოდა და კიდევ უფრო მეტი თანხის დაბანდებაში არწმუნებდა, სანაცვლოდ კი ყალბი პლატფორმის ბმულს უგზანიდა, სადაც თითქოს პენსიონერის მოგება ისახებოდა. ფეისბუქ გვერდის Omnivore 53-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში სწორედ ამ სიუჟეტის ნაწყვეტებია გამოყენებული და დამონტაჟებული. გაყალბებულია სიუჟეტის წარწერებიც.
წყაროების შესახებ
ფეისბუქ გვერდი Наташа Данилова აღწერის მიხედვით, ნატაშა დანილოვას შესახებ მთავარ სიახლეებს აქვეყნებს. თუმცა გამოქვეყნებული პოსტები ძირითადად პოლიტიკური შინაარსისაა და სხვადასხვა ქვეყანას, განსაკუთრებით კი ისრაელს ეხება. გვერდის აღწერის მიხედვით კი ის ფინანსურ სერვისს წარმოადგენს. გვერდი 2023 წლის 23 მაისს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი ორჯერ შეიცვალა.
გვერდის პროფილის ფოტოზე გამოსახული ქალის ეს და სხვა ფოტოები მხოლოდ ტანსაცმლის ონლაინ გაყიდვების საიტებზე იძებნება.
გვერდი აქტიურად იყენებს ფეისბუქ რეკლამის ფუნქციას. გვერდის მიერ ვოთსაპის ბოტის შესახებ თაღლითური ვიდეო ფეისბუქზე დარეკლამებული ვრცელდებოდა.
რაც შეეხება ფეისბუქ გვერდს Omnivore 53, ის 2023 წლის 8 აგვისტოს შეიქმნა. გვერდის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის წიგნებთან და წიგნების დისტრიბუციასთანაა დაკავშირებული, თუმცა გვერდზე ამ ან სხვა შინაარსის რამე პოსტი, პროფილის და ქავერის ფოტოების გარდა, არ იძებნება.
გვერდის საკონტაქტო ინფორმაციაში ამერიკული ტელეფონის ნომერია მითითებული. გვერდი თაღლითური შინაარსის ვიდეოს ასპონსორებს.
თაღლითები სხვადასხვა პიროვნებების სახელის გამოყენებით ვიდეოფაბრიკაციის ხერხებს ხშირად მიმართავენ. “მითების დეტექტორმა” ვოთსაფ ბოტის გარდა სხვა ტიპის თაღლითური სქემები აქამდეც გამოავლინა, იხილეთ რამდენიმე მაგალითი:
- მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ
- “ევრონიუსის” სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ
- ილონ მასკის სახელით ყალბი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კიბერთაღლითობის ნიშნებს შეიცავს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.