გერმანიაში პანდემიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

პანდემია
85
VIEWS

25 მარტს ანტივაქსერმა კობა კუპრაშვილმა ფეისბუქზე პირდაპირ ჩართვაში განიხილა გერმანიაში დაავადებათა კონტროლსა და პრევენციაზე პასუხისმგებელი ფედერალური სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დოკუმენტები. 27 მარტს ამავე საკითხზე კუპრაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა. ეს პოსტი ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ვებსაიტზე ersa.ge-ზეც გამოქვეყნდა.

კუპრაშვილის თანახმად, გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიაში პანდემიის რისკის შეფასება და საფრთხის დონის გაზრდა მოხდა არა მეცნიერულ საფუძველზე, არამედ გარე აქტორის მითითებითა და პოლიტიკური გადაწყვეტილებით. კუპრაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტებში წერია, რომ ლოკდაუნებმა უფრო მეტი ზიანი მიაყენა საზოგადოებას ვიდრე პანდემიამ, თუმცა ამ ჩანაწერიდან რამდენიმე დღეში გერმანიაში ლოკდაუნი მაინც გამოცხადდა. კუპრაშვილის თქმით, დოკუმენტებიდან ჩანს ისიც, რომ სპეციალური FFP 2 ტიპის ნიღბების ფართო მასების მიერ გამოყენების საფუძველი არ არის მეცნიერულად დამტკიცებული. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რობერტ კოხის ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, არ არსებობდა საკმარისი ინფორმაცია ასტრაზენეკას ვაქცინის ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდაციის გასაცემად, ორ თვეში ხელისუფლებამ მაინც დაუშვა ამ ვაქცინის გამოყენება. 

პანდემია პანდემია

რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია და სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება: 1. დოკუმენტებიდან არ ჩანს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რისკის შეფასების დონის გაზრდა გარე აქტორის ჩარევით მოხდა. ეს მტკიცება თავად ინსტიტუტმაც უარყო. 2. ლოკდაუნის შემოღების საკითხი მდგომარეობის ეპიდემიური მდგომარეობის ცვლილების შესაბამისად განიხილებოდა. დოკუმენტებში აფრიკის მაგალითის განხილვისას აღნიშნულია, რომ ლოკდაუნი ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, უფრო საზიანო იყოს ვიდრე ვირუსი, თუმცა ეს არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნას გერმანიაში პანდემიის პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე 3. FFP2 ნიღბებთან დაკავშირებით გაკეთებული შენიშვნა, არ მიუთითებს, რომ ნიღბების მანდატი საჭიროების გარეშე იყო შემოღებული. 4. სწორედ იმის გამო, რომ თავდაპირველად ყველა ასაკობრივ ჯგუფში ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტიანობაზე საკმარისი ინფორმაცია არ იყო, ის 65 წელს ზემოთ ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ დამატებითი კვლევების გამოქვეყნების შემდეგ გახდა.

ვინ მიიღო გერმანიაში ლოკდაუნის გამოცხადების გადაწყვეტილება?

რობერტ კოხის ინსტიტუტი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სისტემატურად აფასებდა მდგომარეობას გერმანიაში და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემდა. ონლაინ გამოცემამ Multipolar-მა რობერტ კოხის ინსტიტუტს სასამართლოში უჩივლა და პანდემიასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება მოითხოვა. შედეგად გამოცემამ 1820 მარტს ეს დოკუმენტები გაასაჯაროვა და იგივე სტილის ბრალდებები გაავრცელა, რომლებსაც კუპრაშვილი აჟღერებს. Мultipolar-ზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა ZDF-მა, რომელიც კუპრაშვილს წყაროდ მოჰყავს. 

Мultipolar-მა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მტკიცებაზე, რომ პანდემიის რისკის გაზრდის დირექტივა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც გარე აქტორმა მიიღო, რომლის სახელიც დოკუმენტებში დაფარულია, და არა რობერტ კოხის ინსტიტუტის წარმომადგენელმა – შესაბამისად ეს გადაწყვეტილება სამეცნიერო ფაქტებზე არ იყო დაფუძნებული. ამას Multipolar-ი რისკის შეფასებასთან დაკავშირებით 2020 წლის 16 მარტს კორონავირუსის კრიზისის მართვის გუნდის შეხვედრაზე გაკეთებული ჩანაწერზე დაყრდნობით ასკვნის. 

პანდემია
“მიმდინარე რისკის შეფასება კვირის ბოლოს რისკის ახალი შეფასება მომზადდა. მიმდინარე კვირას ის მეტად დეტალიზებული გახდება. რისკის შეფასება გამოქვეყნდება, როგორც კი **** შესაბამის სიგნალს გასცემს”

Multipolar-ი ამ ჩანაწერის საფუძველზე ამტკიცებს, რომ პირი, რომლის სახელიც წაშლილია რობერტ კოხის ინსტიტუტის წარმომადგენელი არ არის და, სავარაუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენელია. თუმცა, რეალურად, ეს ჩანაწერი მსგავსი დასკვნის საშუალებას არ იძლევა და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პიროვნება, რომლის დასტურის შემდეგაც უნდა გამოქვეყნებულიყო რისკის ახალი შეფასება რობერტ კოხის ინსტიტუტის წარმომადგენელი არ არის და გარეშე პირია. საკითხთან დაკავშირებით რობერტ კოხის ინსტიტუტმა სხვადასხვა მედიასაშუალებებთანაც გააკეთა განმარტებითი კომენტარი და 25 მარტს განცხადებაც გამოაქვეყნა. 

რობერტ კოხის ინსტიტუტი: “სხვადასხვა მედიასაშუალება სპეკულირებს, რომ რისკის შეფასება დამოუკიდებლად არ მომხდარა. ეს მცდარია. რეალურად წინადადებაში – “რისკის შეფასება გამოქვეყნდება, როგორც კი *****  შესაბამის სიგნალს გასცემს” – დაფარულია რობერტ კოხის ინსტიტუტის თანამშრომლის სახელი.

შიდა დოკუმენტების საჯაროდ გამოქვეყნების დროს სახელების დამალვა მიღებული პრაქტიკაა და თანამშრომლების დაცვას ემსახურება.”

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დოკუმენტები რობერტ კოხის ინსტიტუტის Covid-19-ის კრიზის მართვის გუნდის შიდა დისკუსიებს აჯამებს. ეს დისკუსიები კი ღია სამეცნიერო მსჯელობის შედეგია, რომლის დროსაც სხვადასხვა პერსპექტივა ფასდებოდა. ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ყველა დისკუსია იმ პერიოდისთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობდა და ამ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე მათი ინტერპრეტაცია არ უნდა ხდებოდეს.

რობერტ კოხის ინსტიტუტისა და ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროსგან ამ საკითხზე კომენტარის მიღების შემდეგ ZDF-მა 25 მარტს თავის მასალაში შესაბამისი განახლება ჩაამატა და სტატიის განახლებული ვერსიაც გამოაქვეყნა. ინსტიტუტის პასუხი 27 მარტს თავის მასალაში განახლების სახით Multipolar-მაც დაამატა. კუპრაშვილმა თავისი ვიდეო ასევ 25 მარტს გამოაქვეყნა, ხოლო ფეისბუქ სტატუსი 27 მარტს – არც ერთ მათგანში ის რობერტ კოხის ინსტიტუტის პასუხს არ ახსენებს.

ლოკდაუნის შემოღების პროცესი

რობერტ კოხის ინსტიტუტის დოკუმენტები გასაჯაროების შემდეგ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მაც მიმოიხილა. გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტები აჩვენებს რამდენად სწრაფად იცვლებოდა მდგომარეობა პანდემიის დასაწყისში.

იანვრის შუა რიცხვებში რობერტ კოხის ინსტიტუტის შეფასებით, ვირუსის გერმანიაში დაფიქსირების რისკი დაბალი, ხოლო ქვეყანაში მისი გავრცელების რისკი ძალიან დაბალი იყო, თუმცა მალევე მდგომარეობა იცვლება. გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვირუსის გავრცელების შენელებისთვის სხვადასხვა ზომის გატარებაც იწყება.

გამოცემა Таggeshau, რომელმაც ასევე მიმოიხილა დოკუმენტები და გავრცელებული ბრალდებები, აღნიშნავს, რომ არასწორია მტკიცება, რომ რობერტ კოხის ინსტიტუტის დასკვნით ლოკდაუნს კორონავირუსზე უფრო მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია. პროტოკოლის ეს ნაწილი აფრიკის რეგიონს ეხებოდა, სადაც ლოკდაუნის შედეგად ხარვეზები შეიქმნა ტუბერკულოზის მკურნალობაში და შეფერხდა გეგმური ვაქცინაციის პროგრამები, რასაც სიკვდილიანობაზე ჰქონდა გავლენა. ეს მიუთითებს, რომ ისევე როგორც სხვა საკითხები, ლოკდაუნის შემოღების გადაწყვეტილების მიღებამდეც, მისი ნეგატიური და პოზიტიური შედეგები არსებული ინფორმაციის საფუძველზე განიხილებოდა. 

თებერვლის ბოლოს რობერტ კოხის ინსტიტუტის ყურადღების ცენტრში საავადმყოფოების სამუშაო პროცესი იყო, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაავადებულთა და სხვა პაციენტების განცალკევება მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა. მარტის დასაწყისიდან იწყება მსჯელობა რომელი ხალხმრავალი შეკრებები უნდა იყოს დაშვებული და თანდათანობით იკვეთება ვირუსის გავრცელების შენელების აუცილებლობა, რისთვისაც მოქმედების სამი მიმართულებაა არჩეული: კონტაქტების შემცირება, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და ჯანდაცვის სისტემაზე წნეხის შემცირება. კორონავირუსების შემთხვევების ზრდასთან ერთად უფრო მკაცრი ზომების მიღების საჭიროების საკითხიც დგება. გაიცა ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების და განსაკუთრებით ბევრი შემთხვევების გამოვლენის რეგიონებში სკოლების დახურვის რეკომენდაცია. თუმცა დოკუმენტებში ისიც აღნიშნულია, რომ იმ რეგიონებში სადაც ვირუსის განსაკუთრებულად ბევრი შემთხვევა არ გამოვლენილა, სკოლების დახურვა რეკომენდებული არ არის. Spiegel-ი აღნიშნავს, რომ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ექსპერტების ჯგუფი სიტუაციას სერიოზულად უდგებოდა, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებდა და ბრმად არ ითხოვდა მკაცრ შეზღუდვებს.

თავის განცხადებაში რობერტ კოხის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ  16 მარტს ლოკდაუნთან დაკავშირებული რეკომენდაციის განხილვისას გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, ასევე ისიც რომ ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად უკვე 11 მარტს გამოაცხადა. თებერვალ-მარტის პერიოდში კი იტალიაში, ბერგამოს რეგიონში კორონავირუსისგან მრავალი ადამიანი გარდაიცვალა და ამავე პერიოდში სხვადასხვა ქვეყანამ ქვეყანაში შესვლა აკრძალა.

Тaggeschau-სთან იგივე გარემოებებზე საუბრობს ბრემენის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი ჰაიო ცეები. ცეები აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდებოდა და გერმანიის მეზობელი სახელმწიფოებში რისკის მაღალ დონედ შეფასება ხდებოდა, შესაბამისად არაფერია გასაკვირი და მოულოდნელი იმაში, რომ გერმანიაშიც კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების რისკი დონე შეიცვალა და გაიზარდა. ცეები იმასაც აღნიშნავს, რომ დისკუსია საპირისპირო მიმართულებითაც მიმდინარეობს, რომ რისკის ასეთი შეფასება შესაძლოა უფრო ადრეც იანვრის ბოლოს/თებერვლის დასაწყისში უნდა მომხდარიყო. ცების თქმით, უცნაურია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს რისკის ასეთი შეფასება, მაშინ როცა მსხვილი პანდემიის მოწმეები ვიყავით, რომლებმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

რას ვიგებთ დოკუმენტებიდან FFP2 ნიღბებთან დაკავშირებით?

Spiegel-ი აღნიშნავს, რომ დოკუმენტები ასევე აჩვენებს, რომ ნიღბების საკითხთან დაკავშირებით დისკუსია პანდემიის პირველი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და კარგად არის ცნობილი, რომ ამ თემაზე რობერტ კოხის ინსტიტუტს არაერთგვაროვანი გზავნილები ჰქონდა. გამოქვეყნებული დოკუმენტები კი მიუთითებს, რომ კრიზისის მართვის გუნდის რეკომენდაციებზე გავლენა გერმანიაში ნიღბების ნაკლებობას ჰქონდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე რობერტ კოხის ინსტიტუტი ნიღბების მანდატის შემოღებას ფრთხილობდა. თებერვლის დასაწყისში რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ლოთარ ვილერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ნიღბები მათთვის იყო რეკომენდებული, ვისაც ხველა და გაციების მსგავსი სიმპტომები აწუხებდა და არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მათთვის ვისაც მსგავსი მდგომარეობა არ ჰქონდა, ნიღბების ტარება საჭირო იყო. ისევე როგორც ლოკდაუნის შემთხვევაში, ნიღბების ტარების საჭიროების საკითხიც ინფექციის უფრო სწრაფი გავრცელების ფონზე კვლავ ხდება მსჯელობის საგანი. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ როცა ნიღბები უფრო ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის მათ ტარება უფრო აქტიურად უნდა იყოს წახალისებული, ქსოვილისგან დამზადებული ნიღბები კი ერთ-ერთ ალტერნატივად არის განხილული. Spiegel-ი აღნიშნავს, რომ 2020 წლის გაზაფხულზე სხვა ექსპერტები უფრო აქტიურად საუბრობდნენ ნიღბების ტარების საჭიროებაზე და ევროკავშირში სხვა წევრმა ქვეყნებმა უკვე მარტში სხვადასხვა საჯარო სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო გახადეს. გერმანიაში მსგავსი მოთხოვნა ძალაში უფრო გვიან შევიდა.

FFP2-ის ტიპის ნიღაბი ქირურგიული ტიპის, უფრო მაღალი ეფექტიანობის ნიღაბია. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამ ნიღბებს ჩვეულებრივ სიტუაციებში გამოყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, რაც სპეკულაციის საფუძველი გახდა, თუმცა როგორც Spiegel-ი აღნიშნავს, ეს ჩანაწერი არ მიუთითებს, რომ რობერტ კოხის ინსტიტუტი ნიღბებს არაეფექტიანად მიიჩნევდა. კრიზისი მართვის ჯგუფის პერსპექტივიდან არ არის საკმარისი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ფართო საზოგადოების მხრიდან ამ სპეციალიზებული ნიღბების გამოყენება ეფექტიანია.  დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ნიღბის არასწორი ტარება მის ეფექტიანობას შეამცირებს და პრიორიტეტი კი ამ ტიპის ნიღბების სამედიცინო პერსონალისთვის ხელმისაწვდომობა იყო და ამ სექტორისთვის ნიღბების დეფიციტი არ უნდა შექმნილიყო.

Тaggeschau-სთან საუბარში პროფესორი ჰაიო ცეები აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელიც დოკუმენტებიდან ირკვევა გაცილებით უფრო ნაკლებად სკანდალურია, ვიდრე ამას გარკვეული მედიები და კონსპირაციული საიტები წარმოადგენენ. ცეები აღნიშნავს, რომ FFP2-თან დაკავშირებული ჩანაწერი, არ ნიშნავს რომ ნიღბები უსარგებლოა. ეპიდემიოლოგიის პროფესორის განმარტებით, სამეცნიერო მტკიცებულებების დადასტურებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და საზოგადოებისთვის კვლევის შედეგების მოლოდინში უმოქმედობა სასარგებლო არ იქნებოდა. 

Taggeschau-სთან კომენტარში მოლეკულური მედიცინის მაქს დელბრიუკის ცენტრის მოლეკულური ბიოლოგი ემანუელ ვილერი აღნიშნავს, რომ FFP2-ის ნიღბის ეფექტიანობის კვლევით ცალსახა დამტკიცება რთულია და იმ შემთხვევაშიც როცა ორი ჯგუფი არსებობს შედარებისთვის. თეორიულად, ჯგუფი რომელიც FFP2 ნიღაბს იყენებდა, თეორიულად, შესაძლოა, უფრო ფრთხილად იქცეოდა და შესაბამისად ამ ჯგუფში ინფიცირების ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა ცნობილია, რომ მსგავსი ვირუსების გავრცელების დროს ნიღბები გარკვეულ დონეზე ვირუსის გავრცელებას აფერხებენ.

ცეები აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სხვა ვირუსების გავრცელებიდან მიღებული გამოცდილებით ხელმძღვანელობა იყო საჭირო. აქედან მოდის დასკვნა, რომ FFP2 ტიპის ნიღბები, შესაძლოა, კოვიდის შემთხვევაშიც ყოფილიყო ეფექტიანი. 

რა ირკვევა ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით? 

კონტექსტის გარეშე ვრცელდება მტკიცება ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებითაც. Тagesschau-ს თანახმად, დოკუმენტებში ასტრაზენეკას ვაქცინაზე აღნიშნულია, რომ ის სხვა ვაქცინებთან შედარებით “ნაკლებად სრულყოფილია”, თუმცა ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო. ასტრაზენეკას ეფექტიანობა 76%-ად იყო შეფასებული, მაშინ როცა ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს წარმოადგენდა. სხვადასხვა ვაქცინის ეფექტიანობის საკითხი აქტიურად განიხილებოდა. Spiegel-ის მიხედვით, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ რობერტ კოხის ინსტიტუტი ვაქცინების საკითხზე იმ დროს არსებული ინფორმაციის მიხედვით მსჯელობდა. მაგალითად, 2021 წლის იანვრით დათარიღებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 65 წელს ზემოთ პირებში ასტრაზენეკას ვაქცინის მოქმედებაზე საკმარისი ინფორმაცია არ იყო და შესაბამისი რეკომენდაციაც არ არსებობდა. ორი თვის შემდეგ, როცა გერმანულმა მარეგულირებელმა (STIKO) ასტრაზენეკას ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა, თავდაპირველ ეტაპზე ის 65 წლის ზემოთ ჯგუფისთვის არ იყო რეკომენდებული და ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც მარეგულირებელმა ორგანომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ახალი კვლევების საფუძველზე მიიღო. 

ჰაიო ცეების თქმით, ასტრაზენეკას ვაქცინა ეფექტიანი და ხელმისაწვდომი იყო. მან აღნიშნა, რომ ცნობილი ისიც არის, რომ ვაქცინას გარკვეული არასასურველი გვერდითი ეფექტი ჰქონდა, რის გამოც ყველასთვის აღარ არის რეკომენდებული. შეცვლილია შესაბამისი ოფიციალური რეკომენდაციაც და რამდენიმე შემთხვევაში, სავარაუდოდ, ვაქცინაციის შემდეგ ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის განვითარების გამო, STIKO ამ ვაქცინის რეკომენდაციას მხოლოდ 60 წელს ზევით ჯგუფებში უწევს. შესაბამისად ვაქცინებთან და მის გვერდით ეფექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია არც რობერტ კოხის ინსტიტუტს დაუმალავს და არც გერმანული მარეგულირებელი ორგანო იღებდა გადაწყვეტილებებს არსებული ინფორმაციის უგულებელყოფით. ვაქცინასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და რეგულაციები იმ დროს არსებული ინფორმაციის საფუძველზე იცვლებოდა.

წყაროების შესახებ:

გერმანული ონლაინ გამოცემა Multiplar-ი, რომელმაც რობერტ კოხის ინსტიტუტს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოაქვეყნა, ულტრამემარჯვენე კონსპირაციული გამოცემაა. კონრად ადენაუერის ცენტრის შეფასებით, გამოცემა კონსპირაციულია და “ალტერნატიულ მედიას” წარმოადგენს. გამოცემის ერთი-ერთი თანადამფუძნებელსა და რედაქტორს პოლ შრეიერს 11 სექტემბრის ტერაქტზე სხვადასხვა შეთქმულების თეორიებზე აქვს წიგნი გამოქვეყნებული და რუსეთის პოლიტიკის მიმართ მეტად მიმღებლური დამოკიდებულების მხარდამჭერი მოწოდებები აქვს გაკეთებული. 

ფეისბუქ-მომხმარებელი კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს აქტიურად ავრცელებდა. მისი პოსტები ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს, რომლებიც “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კობა კუპრაშვილი სხვა ანტივაქსერი ფეისბუქ-მომხმარებლების მსგავსად უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა.

არქივის ბმულები: 1,2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist