2022 წლის თებერვლის ბოლოს ქართველი ანტივაქსერების ყურადღება ახალმა კრიზისმა მიიპყრო და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ისევ რუსეთისვე მხარდაჭერილი შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციების გავრცელება დაიწყეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ფეისბუქ ანგარიშები, ერთი მხრივ, ცდილობენ, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გაამართლონ და ომი უკრაინის ნაციონალისტებისა და გარყვნილებისაგან გასათავისუფლებელ ოპერაციად წარმოაჩინონ, მეორე მხრივ კი, ამტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახალი მსოფლიო წესრიგის შემადგენელი ნაწილია და პანდემიის შემდგომი ნაბიჯს წამოადგენს. გარდა ამისა, ქართველი ანტივაქსერები ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ხაზარი ებრაელია და ომის მიზანს “ზეციური იერუსალიმის” შექმნა წარმოადგენს. ანტივაქსერების ანგარიშები, რომლებიც აქამდე კოვიდვაქცინების მიმართ იყვნენ სკეპტიკურად განწყობილები, ახლა უკვე უკრაინელებისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციაზე გადაერთნენ და ასევე ცდილობენ დაამკვიდრონ ის აზრი, თითქოს უკრაინა გარყვნილებისა და ცოდვების გამო ისჯება.
“მითების დეტექტორმა” ის ფეისბუკ ანაგარიშები შეისწავლა, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან, ორი წლის განმავლობაში კოვიდპანდემიისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ მცდარ ინფორმაციას ტირაჟირებდნენ, ახლა კი, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე არიან ფოკუსირებული. მიმოხილვაში ასევე წარმოდგენილია ის ფეისბუკ-ჯგუფები, სადაც ანტივაქსერები საკუთარ პოსტებს ავრცელებენ და ის რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, საიდანაც რიგ შემთხვევებში მასალების გავრცელება ხდება.
24 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით პერიოდში ანტივაქსერების მიერ ტირაჟირებული შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა:
- რუსეთ-უკრაინის ომი “ახალი მსოფლიო წესრიგის” ნაწილია;
- უკრაინის ტერიტორიაზე ხაზარები “ზეციურ იერუსალიმს” აშენებენ და სლავი ხალხის გენოცის ეწევიან;
- უკრაინა თავდაპირველად მცირე ზომის იყო და მას ტერიტორიები რუსეთის იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა აჩუქა;
- ამერიკული ბიოლაბორატორიები უკრაინასა და საქართველოში აკრძალულ და საშიშ საქმიანობას ეწევიან, რაც რუსეთის შეშფოთებას იწვევს;
- უკრაინა საკუთარ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს;
- უკრაინელი დევნილები ევროპაში უღირსად იქცევიან;
- უკრაინაში ომის მიზეზი გარყვნილი ცხოვრების წესი და ფაშიზმი გახდა;
- დასავლეთს, ზელენსკისა და ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს ომში ჩათრევა სურთ;
- ზელენსკი წაგებული ომის პრეზიდენტია და არ იმსახურებს მსოფლიო აღიარებასა და მხარდაჭერას;
- ზელენსკი გეი და ნარკომანია;
რუსეთ-უკრაინის ომი “ახალი მსოფლიო წესრიგის” ნაწილია
შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ სამყაროს საიდუმლო ძალები მართავენ, რომლებმაც “ახალი მსოფლიო წესრიგი”, გლობალური კონტროლი ჩიპიზაციით, 5G ტექნოლოგიით, ვაქცინაციითა და დეპოპოპულაციით უნდა დაამყარონ, ქართულ სოციალურ ქსელებში კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ გამოჩნდა. 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო, კონსპიროლოგებმა ომი, კოვიდპანდემიის მსგავსად, წინასწარ დაგეგმილად გამოაცხადეს და “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად წარმოაჩინეს.
ქართველი ანტივაქსერების ნაწილი (შორე შანიძე, ლაშა მენთეშაშვილი, გოჩა ჩუმაშვილი, ლაშა მოდებაძე) მიჩნევს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა “ახალი მსოფლიო წესრიგის” ნაწილია, რაც, ერთი მხრივ, პოპულაციის შემცირებას, მეორე მხრივ კი სამყაროს ხელახლა გადანაწილებას მოიაზრებს.
შორე შანიძის თანახმად, არსებობს მოსაზრება, რომ “პუტინი ებრძვის გლობალისტებს”, ლაშა მენთეშაშვილი კი ფიქრობს, დისტოპიური მომავლის “გარდაუვალ” დასაწყისს რუსეთი დაუპირისპირდა.
დათო სალუქვაძის მიხედვით, ომი, პანდემია და ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო მთავრობის შექმნის წინაპირობასა და ახალ მსოფლიო წესრიგში გადასვლის გზას წარმოადგეს. ბოლო ჟამის ქრისტიანებს კი, იმის არგუმენტად, რომ ომი “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარებას ემსახურება, უკრაინის რადას დეპუტატის ვიდეო მოაქვს, რომელიც ინტერვიუში “ახალ მსოფლიო წესრიგს” ახსენებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ჟამის ქრისტიანების აზრით, ომი პანდემიის გაგრძელებაა, რამდენადაც მთელი ორი წლის განმავლობაში ხალხს უკრაინის დროშის ფერებით “აპროგრამებდნენ” და კოვიდპანდემია “უკრაინის დროშის ფერებში მიმდინარეობდა”.
კობა კუპრაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინელებს გლობალისტები “განტევების ვაცის” როლს ასრულებინებენ და “რაც ვაქცინით ვერ ქნეს, ომით მოამთავრებენ”. კუპრაშვილის აზრით, პუტინიც “გლობალისტების თამაშს თამაშობს”, რომელსაც ეკონომიკების ჩამოქცევა და ახალი მსოფლიო დიქტატორული წესრიგის დამყარება ჰქვია.
უკრაინის ტერიტორიაზე ხაზარები “ზეციურ იერუსალიმს” აშენებენ და სლავი ხალხის გენოცის ეწევიან
ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებისა და ბოლო ჟამის ქრისტიანების თანახმად, ზელენსკი ხაზარი ებრაელია, რომელმაც უკრაინაში იუდევლური წესრიგი უნდა დაამყაროს, 2029 წელს კი უკრაინის სამხრეთ რეგიონის ტერიტორიაზე იუდეველური სახელმწიფო, “ზეციური იერუსალიმი” უნდა შეიქმნას. ამავე ანგარიშების თანახმად, სამხედრო ტექნიკაზე ნიშანი “V” უკრაინის იმ 5 რეგიონს აღნიშნავს, სადაც ხაზარი ებრაელები ახალ იერუსალიმს აშენებენ.
დათო სალუქვაძის მტკიცებით, იმ ფაქტს რომ ზელენსკი ხაზარებს ემსახურება, მისი ჟესტებიც ამტკიცებს და ცხადი ხდება, რომ ყველა გზა “ისრაელის სამეფოს შექმნისკენ მიდის.
ბოლო ჟამის ქრისტიანები ასევე წერენ, რომ ხაზარები სლავი ხალხის გენოციდს ეწევიან, კობა კუპრაშვილმა კი, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტის შესაბამისად გიორგი ლეონიძის ლექსიდან “ნინოწმინდის ღამე” ამონარიდი (“ნინოწმინდა… ჩვენ როგორც ხაზარები… ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა”) გაიხსენა.
ვრცლად უკრაინაზე და პრეზიდენტ ზელენსკიზე გავრცელებულ ანტისემიტურ კონსპირაციებზე იხილეთ: ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება
უკრაინას ტერიტორიები რუსეთის იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა აჩუქეს
ანტივაქსერ ფეისბუკმომხმარებელთა ნაწილი (Levan Tavdishvili), ასევე ფეისბუკ ანგარიში “ჩემი საქართველო აქ არის” (ინფორმაციის ყალბად მონიშვნის შემდეგ პოსტი წაიშალა) ამტკიცებდა, რომ უკრაინა არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ რუსეთის განაპირა მხარეა (У – КРАЙ – НА, КРАЙ — კიდე, ნაპირი….). ამავე ფეისბუკანგარიშებმა გაავრცელეს უკრაინის იდენტური რუკა, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველი უკრაინის ტერიტორია საკმაოდ მცირე იყო, ხოლო ტერიტორიების დიდი ნაწილი მას რუსეთის იმპერიამ და შემდგომში საბჭოთა კავშირმა აჩუქა.
მსგავსი თეზა, რომ თანამედროვე უკრაინა რუსეთის და ძირითადად ლენინის მიერ არის შექმნილი უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გაახმოვანა. ვრცლად, რატომ არის უსაფუძვლო აღნიშნული მტკიცება, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?
საქართველოსა და უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიები საშიშ საქმიანობას ეწევიან
ანტივაქსერთა გარკვეული ნაწილი (ნინა მარჯი, Gvan Ca, კორონავირუსი/covid-19 ერთად დავამარცხოთ, ბექა ვარდოსანიძის ბლოგი, ფანტინა) უკრაინაში და საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე კაცობრიობისთვის საშიში ამერიკული ბიოლაბორატორიების არსებობის შესახებ ინფორმაციას ტირაჟირებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეს ლაბორატორიები აკრძალულ და სახიფათო საქმიანობას ეწევიან. ზოგიერთი ანტივაქსერი ფეისბუკმომხმარებელი (Gvan Ca, ლაშა მოდებაძე) ასევე ცდილობდა დაეთესა შიში, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის გამო რუსეთის მხრიდან საქართველოს დაბომბვის მუქარას შეეხებოდა.
ვრცლად რატომ არის უსაფუძვლო კრემლის განცხადებები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები.
უკრაინა საკუთარ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს
ანტივაქსერთა ნაწილი (სულიერი სამყარო, ნინა მარჯი, ლილუ ლილუ, ნონა აღდგომელეშვილი, ფანტინა) ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს უკრაინული არმია საკუთარ ხალხს არ ინდობს, სამოქალაქო მანქანებსა და ინფრასტრუქტურას ანადგურებს, კომენდანტის საათის დარღვევისთვის კი ადამიანებს ქუჩაში ცხრილავს. ასევე, ქვეყნდებოდა რუსული პროპაგანდისტული არხებიდან ვიდეოები, სადაც უკრაინელ ნაციონალისტებს მოსახლეობის გაწირვასა და ცოცხალ ფარად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.
უკრაინელელი დევნილები ევროპაში უღირსად იქცევიან
ანტივაქსერები (სულიერი სამყარო, ლილუ ლილუ) უკრაინელი დევნილების დისკრედიტაციის მიზნითაც ავრცელებდნენ ვიდეოს, რომლებიც თითქოს ამტკიცებდნენ იმას, თუ როგორი არეულობა შეიტანეს უკრაინელებმა ევროპაში.
უკრაინაში ომის მიზეზი გარყვნილი ცხოვრების წესი და ფაშიზმი გახდა
ომის მიზეზების ძიებისას ანტივაქსერებმა უკრაინელთა გარყვნილება და ფაშიზმისკენ სწრაფვაც დაასახელეს. ზოგიერთი ანტივაქსერის აზრით, უკრაინაში ნაციზმი ისეა ფესვგადგმული, რომ მალე მსოფლიოს დაპყრობასაც კი მოინდომებდნენ და ამიტომ ისინი ვიღაცას, ამ შემთხვევაში, რუსეთს უნდა შეეჩერებინა. უკრაინაში ფაშიზმის აღორძინების არგუმენტად მანო ბერიძე და ნონა აღდგომელაშვილი აქვეყნებენ ვიდეოს, რომელშიც ბავშვები “დიდება უკრაინასა” და “დიდება ერს” იძახიან. გარდა ამისა, ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორი, ხათუნა საგინაშვილი და ფანტინა ვარაუდობდნენ, რომ ომი უკრაინაში ლგბტ პრაიდების ჩატარებამ და გარყვნილების პროპაგანდამ გამოიწვია.
პოსტები კონსპირაციულია და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე პასუხისმგებლობის აცილებას იმ აზრის დამკვიდრებით ცდილობს, თითქოს უკრაინა ცოდვების გამო ისჯება.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: ღვთის სასჯელი თუ პერფორმანსი “ღვთისმშობელო, განდევნე პუტინის” შემსრულებელთა მხარდასაჭერად?
დასავლეთს, ზელენსკისა და ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს ომში ჩათრევა სურთ
შეთქმულების თეორიის მიმდევრები (ნონა აღდგომელაშვილი, ნინა მარჯი, Gvan Ca, ემი ჯგუფი) ფიქრობენ, რომ დასავლეთს, ზელენსკისა და ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს ომში ჩართვა სურთ, რისთვისაც ჯერ პროვოკაციის მოწყობა, შემდეგ კი ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება იგეგმებოდა
ზელენსკი წაგებული ომის პრეზიდენტია და არ იმსახურებს მსოფლიოს აღიარებას
ანტივაქსერთა ნაწილი (შორე შანიძე, ლაშა მენთეშაშვილი, ფანტინა) მიიჩნევს, რომ ზელენსკი წაგებული ომის პრეზიდენტია და მსოფლიო მხარდაჭერას, რომელიც მას აქვს, არ იმსახურებს.
შორე შანიძე: “რა გააკეთა ამ კაცმა ასეთი რო მთელი მსოფლიო ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავს? წაგებული ომის პრეზიდენტი ასე ,,გაუკერპ-გაუღმერთებიათ ოდესმე?”
ლაშა მენთეშაშვილისა და ხათუნა საგინაშვილის თქმით, ზელენსკიმ საკუთარი ხალხი კი გაწირა.
ზელენსკი გეი და ნარკომანია
ფეისბუკ მომხმარებლები (Gvan Ca, ნიკა კობერიძე, ფანტინა) ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით, ისეთ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, უკრაინის პრეზიდენტის გეობასა და ნარკომანობას ადასტურებდა. მათ შორის იყო პროგრამულად დამუშავებული ვიდეოც, რომელის ავტენტიკურობაც “მითების დეტექტორმა” შეისწავლა.
გაყალბებული ვიდეო, რომელიც ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ნარკოტიკებს მოიხმარს, “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ: ყავა, ნარკოტიკები თუ სპორტი – რაზე საუბრობდა ზელენსკი რეალურად?
ანტივაქსერთა წყაროები და ინფორმაციის გავრცელების არხები
ანტივაქსერები უკრაინაზე ინფორმაციის წყაროებად ხშირად რუსულ ტელეგრამ არხებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებს ეყრდნობოდნენ, ასევე რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების – Roccия24, Roccия1, НТВ, anna-news.info, RT – მასალებსაც აზოარებდნენ.
ანტივაქსერები უკრაინაზე მცდარი ინფორმაციებისა და კონსპირაციების გასავრცელებლად როგორც პირად ანგარიშებს, ასევე შემდეგ ანტივაქსერულ, კრემლისტურ და ატილიბერალურ ფეისბუკ ჯგუფებს იყენებდნენ:
ანტივაქსერული ფეისბუქ ჯგუფები
სხვადასხვა პროფილის ფეისბუქ ჯგუფები, სადაც ინფორმაციას ანტივაქსერები აქვეყნებენ
СТАЛИН ВЕЛИКИЙ УЧИТЕЛЬ სტალინი დიდი მასწავლებელი | |
სიმართლის კარიბჭე–Врата истины–The gate of truth | |
დედათა საერთაშორისო გაერთიანება | |
ამაყი ხალხი/Proud Boys&Girls/ | |
სახალხო ლაშქარი‼️💪 | |
სინდისის ბიჭები |