დეზინფორმაცია, თითქოს სკოლის პროგრამიდან ჰაგიოგრაფიის ამოღებას ევროკავშირი ითხოვს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

98
VIEWS

25 იანვარს ყოფილმა სამხედრომ, ერმილე ნემსაძემ ლაივ-ვიდეოში თქვა, რომ ევროკავშირი ითხოვს, საქართველომ ჰაგიოგრაფია სასკოლო მასალიდან სრულად ამოიღოს. მისივე მტკიცებით, ქართული სკოლის “რელიგიური საკითხებისგან დაცლა” ევროკავშირის მითხოვნაა. 

ერმილე ნემსაძე: [გია მურღულია] აცხადებს, რომ სკოლებში შესაძლებელია, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების მასშტაბები შემცირდეს და ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურა შევიდესო. ჯერ ერთი, მე მინდა გითხრათ, არაფერი შემცირდეს, საერთოდ უნდა იქნას ამოღებული, ეს ევროკავშირის მოთხოვნა არის – რელიგიური საკითხებისგან საერთოდ იქნას დაცლილი ქართული სკოლა”. 

hagiographia დეზინფორმაცია, თითქოს სკოლის პროგრამიდან ჰაგიოგრაფიის ამოღებას ევროკავშირი ითხოვს

მტკიცება, თითქოს ევროკავშირი ითხოვს, საქართველომ სახელმძღვანელოებიდან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები ამოიღოს და სკოლა რელიგიური საკითხებისგან იყოს დაცლილი, დეზინფორმაციულია. რეალურად, ევროკავშირის რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხებს არ ეხება – ინფორმაცია “მითების დეტექტორს” განათლების სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაუდასტურა. 

“მითების დეტექტორი” რეკომენდაციების შესახებ კითხვით საქართველოს განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სასწავლო გეგმას განათლების სამინისტრო ადგენს და აღნიშნულ პროცესში ევროკავშირი არ მონაწილეობს. სამინისტროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაციებს გასცემს, სასკოლო კურიკულუმის შედგენაში არ იღებს მონაწილეობას – განსაკუთრებით, იმ საკითხში, თუ რა ლიტერატურა უნდა ისწავლებოდეს სკოლაში.  

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი “მითების დეტექტორს” განუმარტა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ევროკავშირს რეკომენდაციები არ აქვს, მათ შორის, არც ქართული ლიტერატურის სწავლებასთან მიმართებით, “რადგან ეს მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მომუშავე ექსპერტების პასუხისმგებლობაა”.

საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციები ორჯერ მიიღო. 12 რეკომენდაცია საქართველოს 2022 წლის 23 ივნისს მისცეს, მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ევროპულმა საბჭომ კი საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. 12 პრიორიტეტში არაფერია ნათქვამი განათლების სისტემის შესახებ. რეკომენდაციები ეხებოდა: 

  • საქართველოში პოლარიზაციის აღმოფხვრას 
  • სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობას, მათი დამოუკიდებლობის გაზრდას, საარჩევნო სისტემაზე ეუთო ოდირის, ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს დასკვნების გათვალისწინებას 
  • სასამართლო რეფორმას 
  • ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოძიებას, სპეციალური საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურის გაძლიერებას  
  • “დეოლიგარქიზაციასა” და ჭარბი გავლენების აღმოფხვრას  
  • ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებას 
  • თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას, მედიამფლობელების წინააღმდეგ სამსართალწარმოებების უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებით განხორციელებას 
  • მოწყვლადი ჯგუფების უფლებების სასწრაფო დაცვას  
  • გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლას 
  • გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო საზოგადოების ყველა დონეზე ჩართვას 
  • კანონის მიღებას, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები გაითვალისწინონ 
  • ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას

 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიეღო. ქვეყანამ 9 დათქმაც მიიღო, რომელთაგანაც ნაწილი წინა წელს გაცემულ 12 პირობას აგრძელებდა, ნაწილი კი ახალი იყო. მაგალითად, ახალ რეკომენდაციას წარმოადგენს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა. დათქმები ითვალისწინებს: 

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან ბრძოლას 
  • ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებას;  
  • პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლას – მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;  
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას – განსაკუთრებით 2024 წელს – და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას. საარჩევნო რეფორმების დასრულებას, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;  
  • საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომ გაუმჯობესებას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას;  
  • ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულებას და განხორციელებას, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;  
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ინკლუზიური პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვებას;  
  • დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;  
  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყებას და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვას, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას. 

  25 იანვარს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში, გია მურღულიამ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბის შესაძლო შემცირებასა და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლების დანერგვაზე ისაუბრა. როგორც მოგვიანებით მურღულიამ განმარტა, საუბარი არ არის ჰაგიოგრაფიის სასკოლო პროგრამიდან ამოღებასა და მის გაუქმებაზე, მისივე თქმით, “არც იმაზე საუბრობს ვინმე, რომ ისეთი თანამედროვე ლიტერატურა იყოს შეტანილი სასკოლო პროგრამაში, რომელიც არასაკმარისი მხატვრული ღირებულების ან საეჭვო რეპუტაციისაა”. მინისტრის კონსულტანტის პოსტის მიხედვით, ჰაგიოგრაფიული ტექსტების უკეთესი მეთოდოლოგიით სწავლებაზე მხოლოდ კითხვა დაისვა და რომელიმე ტექსტის ამოღების შესახებ საკითხი არც ოფიციალურად არის დაყენებული და არც გადაწყვეტილებაა მიღებული. 

წყაროს შესახებ 

ერმილე ნემსაძე ყოფილი სამხედრო და ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ქართული მარშის“ წევრი იყო. ის ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და ანტიდასავლური გზავნილებითაა ცნობილი. სხვადასხვა თემაზე ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: განათლება
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist