დეზინფორმაცია, თითქოს იაპონია ამტკიცებს, რომ COVID-19 ბიოლაბორატორიებში შექმნეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

54
VIEWS

9 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ეროვნული სულისკვეთება” გააზიარა ინგლისურენოვანი სქრინშოტი, თითქოს იაპონია ავრცელებს მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ყველა შტამი ბიოლაბორატორიებში იყო შექმნილი.  

Screenshot 2023 10 17 114333 დეზინფორმაცია, თითქოს იაპონია ამტკიცებს, რომ COVID-19 ბიოლაბორატორიებში შექმნეს

მტკიცება, თითქოს იაპონია COVID-19-ის ყველა შტამის ბიოლაბორატორიაში შექმნაზე კვლევას ავრცელებს, დეზინფორმაციულია. კვლევა იაპონიის ოფიციალური უწყებების დაკვეთით არ ჩატარებულა და მასში საუბარია “SARS-CoV-2 ვარიანტების არაბუნებრივ ევოლუციურ პროცესებსა და მიზანმიმართული ბუნებრივი გადარჩევის შესაძლებლობაზე”, თუმცა ავტორები არ ამტკიცებენ, რომ ვირუსის შტამები ბიოლაბორატორიაში შეიქმნა.  

  • კვლევა არ არის ოფიციალური და რეცენზირებული

იაპონიის მიერ COVID-10-ის ყველა შტამის ბიოლაბორატორიაში შექმნაზე გავრცელებული ინფორმაციით პირველწყარო ვებ-საიტი The People’s Voice-ია. მათ სტატიაში განხილულია იაპონელი პროფესორების – აცუკი ტანაკასა და ტაკაიუკი მიაზავას კვლევა. კვლევა Zenodo-ზე 2023 წლის 15 აგვისტოს არის ატვირთული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ოფიციალურია. Zenodo არა სამეცნიერო ჟურნალი, არამედ ზოგადი დანიშნულების ღია საცავია კვლევითი ნაშრომებისთვის, მონაცემთა ნაკრებისთვისა და სხვა კვლევებთან დაკავშირებული ციფრული ფაილებისთვის. 

ასევე, კვლევა არ არის იაპონიის მთავრობის, რომელიმე ოფიციალური უწყების მიერ დაფინანსებული. შესაბამისად, ვერ ვეტყვით, თითქოს “იაპონიამ დაადასტურა, რომ COVID-ის ვარიანტები დამუშავებული იყო”. კვლევა არ არის გამოქვეყნებული ან რეცენზირებული რომელიმე ჟურნალის მიერ.

Screenshot 2023 10 17 114409 დეზინფორმაცია, თითქოს იაპონია ამტკიცებს, რომ COVID-19 ბიოლაბორატორიებში შექმნეს

სტატიის მიხედვით, კვლევაში წერია, რომ “საზოგადოების ხელახლა ჩაკეტვაზე შეთქმულება შეიძლება იყოს ბოროტი გეგმის ნაწილი, რათა ადამიანებს პირადი თავისუფლება წაართვან”. მიუხედვად ამისა, კვლევაში არაფერია ნახსენები მსგავს “შეთქმულებაზე”. ასევე, სტატიის მიხედვით, კვლევამ აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ის ყველა წინა ვარიანტი, ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, არ იყო ბუნებრივად წარმოქმნილი და შექმნილი იყო ლაბორატორიაში. რეალურად, კვლევის ავტორები განიხილავენ “SARS-CoV-2 ვარიანტების არაბუნებრივ ევოლუციურ პროცესებსა და მიზანმიმართული ბუნებრივი გადარჩევის შესაძლებლობას”, თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ ვერ გამორიცხავენ, გამოყენებული იყოს არასწორი მონაცემები ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. “ჩვენ არ ვასკვნით, რომ ეს ვირუსები მავნე განზრახვით, ხელოვნურად იყო სინთეზირებული და გავრცელებული”. – ვკითხულობთ კვლევაში. 

  • კვლევა Omicron-ის ვარიანტებს ეხება და არ ამტკიცებს, რომ ყველა შტამი ბიოლაბორატორიაში შეიქმნა

ვებ-საიტი The People’s Voice ამტკიცებს, თითქოს კვლევამ დაასკვნა, რომ COVID-19-ის ყველა შტამი ბიოლაბორატორიაში იყო შექმნილი, თუმცა კვლევა მხოლოდ Omicron-ის ვარიანტებს განიხილავს. 

“კვლევაში ჩვენ მიზნად დავისახეთ იმ ევოლუციური პროცესების გარკვევა, რომელიც იწვევს SARS-CoV-2 Omicron-ის ვარიანტების ფორმირებას, ვფოკუსირდით Omicron-ის ვარიანტებზე მრავალი ამინომჟავის მუტაციით სპაიკის პროტეინში SARS-CoV-2 იზოლატორებს შორის”. – წერია კვლევაში. 

კვლევაში ვკითხულობთ, რომ SARS-CoV-2 ვირუსმა “წარმოუდგენელი მუტაციები” განიცადა და “სრულიად ახალი მექანიზმით” ჩამოყალიბდა, რომლის ახსნაც წინა გამოცდილებით რთულია. 

  • კორონავირუსის წარმოშობა

COVID-19-ის წარმოშობის ყველაზე გავრცელებული თეორია არის “ბუნებრივი წარმოშობის” თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა ცხოველებისგან, მეცნიერებისა და ლაბორატორიების ჩარევის გარეშე (ბუნებრივი წარმოშობის ჰიპოთეზის მომხრეები ამბობენ, რომ COVID-19 გაჩნდა ღამურებში და შემდეგ გავრცელდა ადამიანებზე). მიუხედავად ამისა, ნაწილი ფიქრობს, რომ კორონავირუსმა შემთხვევით ან განზრახულად გაჟონა ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ ვუჰანში მდებარე ლაბორატორიიდან, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა. იდეის მხარდამჭერები მიუთითებენ ქალაქში ძირითადი ბიოლოგიური კვლევის ობიექტის არსებობაზე.  

მიუხედავად იმისა, რომ “ბუნებრივი წარმოშობის” თეორია დღესაც უმეტესობის მიერ არის მხარდაჭერილი, 2023 წლის მარტში აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა, რომელმაც 2021-ში COVID-19-ის წარმოშობის არცერთ თეორიას არ დაუჭირა მხარი, საკუთარი პოზიცია განაახლა – აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი “მცირედ დარწმუნებულია”, რომ COVID-19 ჩინეთის ლაბორატორიაში წარმოიშვა. ასევე, არ არის გამოვლენილი ცხოველი, რომლიდანაც კორონავირუსი ადამიანებზე გავრცელდა. მე-4 დონის ლაბორატორიები (საუბარია ვუჰანის ეროვნული ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიაზე) მუშაობენ პათოგენებზე, რომელთათვისაც ხელმისაწვდომი ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. ეს ცენტრები იკვლევენ ცხოველებს, როგორებიც არიან ღამურები და ვირუსებს, რომელთაც მომავალი პანდემიების გამოწვევის პოტენციალი აქვს. გარდა ამისა, ლაბორატორიები იყენებენ კვლევის ტექნიკებს, რომელიც წარსულში სამეცნიერო საზოგადოების შეშფოთების მიზეზი გამხდარა. 

მტკიცებებისა და ეჭვების მიუხედავად, არ არსებობს დადასტურებული პასუხი კითხვაზე, საიდან გავრცელდა COVID-19. იმისთვის, რომ საკითხი სრულად იყოს შესწავლილი, საჭიროა, მრავალი კვლევა და, მათ შორის, ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობა, რაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 

წყაროების შესახებ

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ეროვნული სულისკვეთება” შეთქმულების თეორიებს, ყალბ ინფორმაციასა და ფოტომანიპულაციებს სისტემატურად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.

Screenshot 2023 10 17 114416 დეზინფორმაცია, თითქოს იაპონია ამტკიცებს, რომ COVID-19 ბიოლაბორატორიებში შექმნეს

გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და ხშირად სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს ის NewsPunch-ი გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice დაირქვა. Poynter.org–ის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა (1, 2, 3).


მოამზადა ტათევიკ ხოცანიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იაპონია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist