ქვინსლენდის სასწრაფოში მიმართვიანობა ვაქცინით გამოწვეულ გულის შეტევებს არ უკავშირდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

76
VIEWS

15 აპრილს ფეისბუქ-პროფილებმა Fantina Georgian, ნიკა კობერიძე და ეროვნული სულისკვეთება გამოაქვეყნეს პოსტები იდენტური ტექსტით, რომლებშიც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამო ავსტრალიის საავადმყოფოები გადაიტვირთა და გულის შეტევების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. 2 პოსტს ტელევიზია 9news-ის ვიდეო ახლავს, რომელშიც ჟურნალისტი ამბობს, რომ ავსტრალიის მასშტაბით, ქვინსლენდში სასწრაფო დახმარების მანქანებით მიყვანილი პაციენტების საავადმყოფოში განსათავსებლად ყველაზე მეტი დროა საჭირო, თუმცა ის ამის მიზეზს არ ასახელებს.

დეზინფორმაციაა, თითქოს ქვინსლენდის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გულის შეტევების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა, რეალურად მინისტრი 11 აპრილს სასწრაფოში გადაუდებელ დახმარებაზე (Code 1) გაზრდილ მიმართვიანობაზე საუბრობდა, ამ კატეგორიაში გულის შეტევების გარდა, რესპირატორული პრობლემები და ავარიებიც შედის. დეზინფორმაციაა ისიც, რომ თითქოს ავსტრალიელმა მეცნიერებმა გულის შეტევების გაზრდის მიზეზად ვაქცინაცია დაასახელეს. რაც შეეხება საავადმყოფოებს, მათი გადატვირთვა კორონავირუსის შემთხვევების მომატებამ და პერსონალის ნაწილის კარანტინში გადასვლამ გამოიწვია.

პოსტები, რომელთა მტკიცებითაც ავსტრალიაში გულის შეტევების რიცხვი გაიზარდა და ამის მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებია, დეზინფორმაციაა. ქვინსლენდის ჯანდაცვის მინისტრს არ უთქვამს, რომ გულის შეტევებმა 40%-ით მოიმატა, ის კონკრეტულად 11 აპრილს სასწრაფოში გადაუდებელ დახმარებაზე შესულ ზარებზე საუბრობდა, რომელთა შორისაც მხოლოდ გულის შეტევები არ მოიაზრება, მიმართვიანობის გაზრდის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

პოსტებში აღნიშნულია, რომ ავსტრალიელმა მეცნიერებმა გულის შეტევების ზრდის მიზეზად ვაქცინაცია დაასახელეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ღია სამეცნიერო წყაროებში არ იძებნება ბოლოდროინდელი ავსტრალიური კვლევა, რომელიც მსგავს დასკვნას შემოგვთავაზებდა. 11 აპრილს Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც 1947-2021 წლებში ჩატარებული 22 კვლევაა გაანალიზებული და აღნიშნულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემდეგ მიოპერიკარდიტის რისკი დაბალია და სხვა დაავადებების ვაქცინებიგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.

რაც შეეხება ქვინსლენდში საავადმყოფოების შენელებული მუშაობას, ეს კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება, რის პარალელურადაც 3416 სამედიცინო მუშაკი და 200 პარამედიკოსი კარანტინში ან იზოლაციაში იმყოფება, შესაბამისად სააადმყოფოებისა და პარამედიკოსების პერსონალი შემცირებულია. 

ფეისბუქ-პროფილების მიერ ატვირთული ვიდეო ავტრალიის შტატ ქვინსლენდში საავადმყოფოების შენელებულ მუშაობას შეეხება, ქვინსლენდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით მიყვანილი პაციენტების მისაღებად სხვა შტატებთან შედარებით ყველაზე მეტი დრო დასჭირდათ. 9news-ის სიუჟეტში ნათქვამია, რომ 11 აპრილს ქვინსლენდის სასწრაფოში 3789 ზარი შევიდა, რაც შტატისთვის მე-4 ყველაზე მაღალი მიმართვიანობაა, პირველ ადგილს იანვარში ომიკრონის პირველი პიკის დროს შესული 3905 ზარი იკავებს. 

ასევე გაზრდილია ზარების რაოდენობა გადაუდებელი დახმარებისთვის, რაც ავსტრალიის ჯანდაცვის სისტემაში Code 1-ითაა ცნობილი და ისეთ შემთხვევებს მოიცავს, რომელთა დროსაც, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, მათ შორისაა გულის შეტევები, სხვადასხვა მიზეზით გონების დაკარგვა ან/და სუნთქვის შეწყვეტა, ასევე ავარიები. Code 1-ის კატეგორიაში ზარების რაოდენობა დღეში საშუალოდ 1150-ია, 11 აპრილს კი ქვინსლენდის სასწრაფო დახმარებაში 1559 ზარი შევიდა. აღსანიშნავია, რომ Code 1-ის შემთხვევები თავის მხრივ სიმძიმის მიხედვით კიდევ იყოფა და ყველა მათგანი გულთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უკავშირდება.

ქვინსლენდის ჯანდაცვის მინისტრის ივეტ დ’ათის თქმით, ზოგჯერ მოქალაქეები სასწრაფოში მაშინაც რეკავენ, როცა ტესტით კორონავირუსი დაუდგინდებათ, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ მათი შემთხვევა რეალურად გადაუდებელ დახმარებას არ საჭიროებდა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია Code 1-ის კატეგორიაში სასწრაფოში მიმართვიანობის გაზრდა და ამის ახსნა ამ ეტაპზე არავის შეუძლია. მან ასევე აღნიშნა, რომ ავსტრალიის სხვადასხვა შტატში ყოფილა შემთხვევები, როცა გადაუდებელ სასწრაფო დახმარებაზე მიმართვიანობა 30-40%-ით მოულოდნელად გაზრდილა და გულის შეტევების, სუნთქვის გაძნელების, რესპირატორული პრობლემების შემთხვევები დაფიქსირებულა, თუმცა ზოგჯერ ასეთი მოვლენების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ვაქცინები ადამიანებს საავადმყოფოში მოხვედრისგან იცავს და არა პირიქით.

ავსტრალიის სხვადასხვა შტატში საავადმყოფოებში გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტების მიღების შენელებული პროცესისა და სასწრაფოში მიმართვიანობის გაზრდის შემთხვევები აქამდეც დაფიქსირებულა, მაგალითად 2021 წლის სექტემბერში ვიქტორიის შტატში სასწრაფოში შესული ზარები კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მომატებასთან ერთად გაიზარდა.

ანტივაქსერულმა ჯგუფებმა გულის პრობლემები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს აქამდეც არაერთხელ დაუკავშირეს, ამ თემაზე გავრცელებული დეზინფორმაციები იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist