დეზინფორმაცია, თითქოს ბავშვებს პროფილაქტიკური აცრები არ სჭირდებათ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

71
VIEWS

2023 წლის 24 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძე-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ქალი მშობლებს რუსულ ენაზე მოუწოდებს, არ აცრან თავიანთი შვილები, რადგან იმუნურ სისტემას ბაქტერიების თავად დაძლევის უნარი აქვს, ხოლო პროფილაქტიკური აცრები “პატარა ავადმყოფობაა”, რომელიც ორგანიზმს ასუსტებს. მისი მტკიცებით, ჯანმრთელი ბავშვისთვის წითელათი დაავადება ბუნებრივ აცრას უდრის. 

ვიდეოს აღწერაში ფეისბუქ-მომხმარებელი მშობლებს მოუწოდებს, გააფრთხილონ მასწავლებლები, მათ შვილებს “ვაქცინის პლასტირი” (მისი განმარტებით, ადამიანის თვალთვალისთვის განკუთვნილი ჩიპი) არ დაადონ.  ფეისბუქ-მომხმარებლის განმარტებით, ადამიანი ცოცხალი და ჯანმრთელი იბადება და ბავშვების 95% არ არის მგრძნობიარე წითელასა და სხვა დაავადებების მიმართ, 5% კი შეუმჩნევლად ავადდება. მისივე მტკიცებით, “კულისებს მიღმა მყოფი ქვეწარმავლების” მიზანი მოსახლეობის რაოდენობის 500 მილიონამდე შემცირებაა და წითელას ვაქცინა ბავშვების მოსაკლავად არის შექმნილი. 

Screenshot 2023 10 06 171202 დეზინფორმაცია, თითქოს ბავშვებს პროფილაქტიკური აცრები არ სჭირდებათ

ვიდეოსა და პოსტის ავტორები ანტივაქსერული შინაარსის მასალასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ. სიცრუეა, რომ იმუნურ სისტემას ყველა დაავადების თავად დაძლევა შეუძლია, ვაქცინა კი მისი დასუსტებისთვის არის შექმნილი – არსებობს მრავალი ინფექცია, რომელიც ადამიანების ნაწილში გართულებებს, ნაწილში კი ფატალურ შედეგს იწვევს. ასევე, დეზინფორმაციაა, რომ ბაღებში ბავშვებს წითელას ვაქცინის პლასტირებს უკეთებენ, რომელიც თვალთვალისთვის შექმნილი ჩიპია – მეცნიერებმა ნემსით ვაქცინაციის შემცვლელი პლასტირი ვაქცინაციის პროცესის გასამარტივებლად მართლაც შექმნეს, თუმცა ის საკვლევ ეტაპს გადის და, შესაბამისად, მეთოდი ჯერ საქართველოში დატკიცებული არ არის. 

  • ვირუსები და იმუნური სისტემა 

ფეისბუქ-პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ვირუსები არ არსებობს და იმუნურ სისტემას ყველა ბუნებრივი ბაქტერიის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ცნობილია, რომ ადამიანის უჯრედში შეჭრა და დაავადების გამოწვევა 200-ზე მეტ ვირუსს შეუძლია. შესაძლებელია, ორსული დედის ვირუსით ინფიცირების გამო ბავშვი ჯანმრთელობის პრობლემით დაიბადოს – მაგალითისთვის, ზიკას ვირუსით დაინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვილის მიკროცეფალიით ან სხვა თანდაყოლილი მანკით დაბადება, ისევე, როგორც ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის გარდაცვალება.  

  • წითელას ვაქცინის საჭიროება

დეზინფორმაციაა ისიც, რომ ბავშვების 95% წითელას მიმართ მგრძნობიარე არ არის, 5%-ში კი დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს – ანტივაქსერული ფეისბუქ-პოსტის ავტორის მიერ გავრცელებული ეს სტატისტიკური მონაცემი არ იძებნება, ღია და სანდო წყაროს არ ეყრდნობა. რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, წითელა ვირუსით გამოწვეული უაღრესად გადამდები დაავადებაა, რომელიც ადვილად ვრცელდება მაშინაც, როცა ინფიცირებული ადამიანი სუნთქავს, ახველებს ან აცემინებს. წითელას ჯანმრთელობის მძიმე გართულებებისა და გარდაცვალების გამოწვევა შეუძლია. წითელა, შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს გადაედოს, თუმცა დაავადება ყველაზე მეტად ბავშვებშია გავრცელებული. ვირუსი აქტიური და გადამდები არის ორი საათის განმავლობაში როგორც ჰაერში, ისე სხვადასხვა ზედაპირზე. ამ მიზეზის გამო, წითელათი ინფიცირებულ ერთ ადამიანს შეუძლია, ახლო კონტაქტის შემთხვევაში, ვირუსი 10-დან 9 არავაქცინირებულს გადასდოს.  

ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს წითელათი გამოწვეულ სიკვდილიანობას. მაგალითისთვის, 2000-2021 წლებში, ვაქცინაციის წყალობით შესაძლებელი გახდა 56 მილიონი გარდაცვალების თავიდან არიდება.   

ვაქცინების შექმნის რეალური მოტივი დაავადებასთან გამკლავება და სიკვდილიანობის შემცირებაა. მაგალითისთვის, 1980-იან წლებში, მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე, წითელას ვირუსი ყოველწლიურად დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევდა. ხოლო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. შედარებისთვის, 2021 წელს, წითელათი გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა 128 ათასი იყო, რომელთა შორისაც უმეტესად სიკვდილიანობა არავაქცინირებულ ინდივიდებსა და 5 წელს ქვემოთ ბავშვებში დაფიქსირდა.  

გარდა ამისა, ვაქცინები არ იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და აცრილის გარდაცვალებას, როგორც ამას პოსტის ავტორი ამტკიცებს. ვაქცინების შემუშავება მკაცრად დადგენილი წესების დაცვით ხდება – ნებისმიერი ვაქცინის დამტკიცებამდე და გამოყენებისთვის ლიცენზიის მოპოვებამდე, ტარდება კლინიკური კვლევები, ხდება რისკ-ფაქტორების შეფასება, შესაძლო გვერდითი მოვლენების დადგენა, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება.  

ვაქცინების შემადგენლობის, მშობლების თანხმობის გარეშე ბავშვების აცრის, სავალდებულო ვაქცინაციისა და წითელას ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

ვაქცინის შემცვლელი პლასტირები 

ვაქცინის შემცვლელი პლასტირების შექმნაზე მეცნიერები ნამდვილად მუშაობენ – მაგალითად 2022 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის ქიმიკოს-ინჟინერმა, ჯოზეფ დესიმონემ წარადგინა 3D პრინტერით შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემცვლელი დასაკრავი პლასტირი მიკრონემსებით. გარდა ამისა, 2017 წელს შექმნეს მსგავსი პლასტირები, რომლებიც გრიპის ვირუსის ჩასანაცვლებლად არის განკუთვნილი. პლასტირები ამ დრომდე არ არის დამტკიცებული და მათი საყოველთაო გამოყენება არ ხდება. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ საქართველოს სკოლებსა და ბაღებში ბავშვებს აღნიშნული მეთოდით აცრიან. 

მთავარი მიზანი, რის გამოც ნემსის ჩამნაცვლებელი პლასტირი ვაქცინა შეიქმნა, პროცესის გამარტივება, ასევე, ტკივილისა და ნარჩენების შემცირებაა. 

Screenshot 2023 10 06 171215 დეზინფორმაცია, თითქოს ბავშვებს პროფილაქტიკური აცრები არ სჭირდებათ
ვაქცინის შემცვლელი პლასტირი

სრულად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში 

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი მაია თვალთვაძე ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გადაუმოწმებია. ასევე, მისი პოსტების ნაწილი უცხოელი ფაქტების გადამმოწმებლების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.  

Screenshot 2023 10 06 171225 დეზინფორმაცია, თითქოს ბავშვებს პროფილაქტიკური აცრები არ სჭირდებათ


მოამზადა მარიამ მიქიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist