ბავშვებისთვის განკუთვნილი გეგმიური აცრები გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

221
VIEWS

2022 წლის 17 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა გიორგი გაბუნიამ ფეისბუქ ჯგუფში “საქართველოს ჯანმოდან გამოსვლის მომხრეებისთვის” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ნებისმიერი გეგმიური  ვაქცინა შეიცავს 500-ზე მეტ ონკო და ა.ი (ავტოიმუნური) დაავადებების გენეტიკურ თანმიმდევრობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები როგორც ბავშვებში, ასევე დედებში. პოსტის ავტორი ყურადღებას ამახვილებს გრაფენის ოქსიდზე და წერს, რომ გრაფენის ოქსიდის პოტენციური შემცველობა ბავშვების გეგმიურ აცრებში, გამოსაკვლევია. იმავე დღეს ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა ყალბმა ანგარიშმა ლაშა მოდებაძემ, რომელიც წერს, რომ 2018 წლიდან, საქართველოში ბავშვთა გეგმიურ აცრებში გრაფენის ოქსიდის შერევა ხდება.

Screenshot 25 2 ბავშვებისთვის განკუთვნილი გეგმიური აცრები გრაფენის ოქსიდს არ შეიცავსScreenshot 26 1 ბავშვებისთვის განკუთვნილი გეგმიური აცრები გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს

მტკიცება, თითქოს ვაქცინებს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი შემადგენლობა აქვს და მასში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერება გრაფენის ოქსიდია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვებისთვის განკუთვნილ პროფილაქტიკურ აცრებში საქართველოში 9 ვაქცინაშედის და არც ერთი მათგანი გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს.

რომელი ვაქცინები კეთდება საქართველოში და რა შემადგენლობა აქვთ მათ?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  №01-51/ნ ბრძანების მიხედვით, 0-14 ასაკობრივ ჯგუფისთვის განკუთვნილ პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შედის 9 აცრა: 

  1. B ჰეპატიტი (ჰეპB/Hep B),
  2. ბცჟ (BCG),
  3. დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, პოლიომიელიტი (ინაქტივირებული), B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ჰექსა/DPaT+HepB+Hib+IPV),
  4. პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (პნევმო/PCV),
  5. როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota),
  6. წითელა, წითურა, ყბაყურა (წწყ/MMR),
  7. დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, პოლიომიელიტი (ინაქტივირებული) (DTaP/P),
  8. ტეტანუსი-დიფთერია (Td),
  9. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ HPV).  

ხსენებული სიიდან ყველაზე ადრე ტარდება  B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (B ჰეპატიტი), რომელიც ადმინისტრირდება სამშობიარო სახლში/განყოფილებაში დაბადებიდან 0-12 საათის განმავლობაში. ხოლო, ყველაზე გვიან კეთდება ტეტანუსი-დიფთერიას აცრა 14 წლის ასაკში. მართალია, ხსენებული პროფილაქტიკური აცრები სავალდებულოა, თუმცა თუ მშობელს არ სურს ბავშვის აცრა, მას შეუძლია შეავსოს სპეციალური ფორმა, რომლითაც იგი, მიზეზის მითითებით,  პროფილაქტიკურ აცრაზე უარს იტყვის.

0-14 ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი ვაქცინების შემადგენლობაში არ შედის გრაფენი ან გრაფენის ოქსიდი. მსგავსი ინფორმაცია მოსახლეობაში ანტი-ვაქსერული სენტიმენტების გაძლიერებას ისახავს მიზნად. რაც შეეხება, 500-ზე მეტ ონკო და ა.ი (ავტოიმუნური) დაავადებების გენეტიკურ თანმიმდევრობას, ხსენებული მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას არ წარმოადგენს. ვაქცინების შემადგენლობა საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და მათში რაიმე საფრთხისშემცველი ნივთიერება არ არის წარმოდგენილი. გეგმიური აცრები უსაფრთხო და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბავშვებისთვის, რომელთა იმუნიტეტი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ვაქცინაცია აძლიერებს მცირეწლოვნების იმუნიტეტს და იცავს მათ ისეთი რთული დაავადებებისგან, როგორიცაა ტუბერკულიოზი, წითელა პოლიომიელიტი, დიფთერია, და ა.შ. 1963 წელს წითელას ვაქცინის გამოგონებამდე, ამ დაავადებით ყოველწლიურად დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანი იღუპებოდა. ხოლო, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინამ 2000-2017 წლების პერიოდში დაახლოებით 21 მილიონი ადამიანი დაიხსნა სიკვდილისგან. 

გეგმიური აცრების შემადგენლობა:

  1. B ჰეპატიტი (ჰეპB/Hep B) – ვაქცინა შეიცავს საფუარის ცილას, B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) ცილას, ადსორბირებულს ალუმინის ჰიდროჟანგსა და კონსერვანტ თიომერსალს.
  2. ბცჟ (BCG) – ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიცავს დასუსტებულ (ინაქტივირებულ) ბაქტერიის შტამს (Mycobacterium bovis), რომელიც მჭიდრო კავშირშია ადამიანებში ტუბერკულიოზის გამომწვევ შტამთან. აქტიურ კომპონენტებთან (ანტიგენები) ერთად, ვაქცინა მცირე დოზით ასევე შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს და მაგნიუმის მარილს, ლიმონმჟავას და გლიცერინს, გავრცელებულ არატოქსიკურ სტაბილიზატორს, რომელიც ასევე გამოიყენება საჭმელში.
  3. ჰექსა – 6 დაავადების (დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, პოლიომიელიტი, B ჰეპატიტი) საწინააღმდეგო ვაქცინა შედგება აქტიური ინგრედიენტის – ანტიგენებისგან, რომელთაგან პოლიომიელიტის ანტიგენი, მიღებულია ლაბორატორიაში ცხოველის უჯრედული შტამის გამოყენებით, ხოლო B ჰეპატიტის ცილა –  საფუარის ცილის მეშვეობით. ამასთანავე, ვაქცინა შეიცავს ალუმინს, რომელიც აძლიეერებს იმუნურ რეაქციას, სტაბილიზატორებს – ლაქტოზას და მედიუმ 199-ს (Medium 199 არის ნაერთი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს) და ნატრიუმის ქლორიდი (მარილი). ამასთანავე, ვაქცინა შეიძლება შეიცავდეს წარმოების პროცესში გამოყენებულ კომპონენტს როგორიცაა ფორმალდეჰიდი, რომელიც გამოიყენება ვირუსის ინაქტივაციისთვის. 
  4. პნევმო/PCV  –  პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიცავს როგორც აქტიურ კომპონენტს (ანტიგენს), ასევე ალუმინიუმს, რომელიც აძლიერებს იმუნურ რეაქციას, ნატრიუმის ქლორიდს (მარილი), სუქცინის მჟავას, როგორც მჟავიანობის რეგულატორს, და პოლისორბატს, რომელიც ეხმარება ვაქცინას სტრუქტურის შენარჩუნებაში. 
  5. როტა/Rota – როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო მშრალი ვაქცინა, რომელიც მიიღება ორალურად, ანტიგენებთან ერთად შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: ამინომჟავები, დექსტრანი, სორბიტოლი, საქაროზა (სიტკბოსთვის). ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის სულფატი, რკინის (III) ნიტრატი, ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის პირუვატი, D-გლუკოზა, კონცენტრირებული ვიტამინი, L-ცისტინი, L-ტიროზინ, L-გლუტამინი, კალციუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, და წითელი ფენოლი. ხოლო, ვაქცინის გასახსნელი სითხე შეიცავს კალციუმის კარბონატს, სტერილურ წყალს და ქსანთანს.
  6. წწყ/MMR – აქტიური კომპონენტის (ვირუსული ანტიგენების) გარდა,  წითელას, წითურასა და ყბაყურის ვაქცინები შეიძლება შეიცავდეს შემდეგი ინგრედიენტების ძალიან მცირე რაოდენობას: ინტენსიურად გაწმენდილ ჟელატინს, რომელიც მიიღება ღორისგან და ვაქცინაში გამოიყენება როგორც სტაბილიზატორი, სორბიტოლს ან მანიტოლს, რომელიც ასევე ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას, პოლისორბატ 80-ს, რომელიც არის ემულგატორი და ეხმარება ვაქცინას სტრუქტურის შენარჩუნებაში, სტაბილიზატორი ალბუმინი და ნეომიცინი, ანუ ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიების ზრდისა და ვაქცინის დაბინძურების საწინააღმდეგოდ. 
  7. DTaP/P – დიფთერიის,  ყივანახველის,  ტეტანუსისა და  პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება შეიცავდეს როგორც აქტიურ ნაწილაკებს (ვირუსულ ანტიგენებს), ასევე ალუმინს, რომელიც აძლიერებს და ახანგძლივებს იმუნურ რეაქციას, პოლისორბატს, როგორც ემულგატორს, მცირე რაოდენობით ფეონოლს, მედიუმ 199-ს (Medium 199), როგორც სტაბილიზატორს და ნატრიუმის ქლორიდს (მარილი). ამასთან ერთად, ვაქცინა მინიმალური რაოდენობით შეიძლება შეიცავდეს წარმოების პროცესში გამოყენებულ ნივთიერებებს – ნეომიცინი, სტრეპტომიცინი ან პოლიმიქსინი B – ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ვაქცინაში ბაქტერიის ზრდისა და დაბინძურების საწინააღმდეგოდ. ხოლო, ფორმალდეჰიდი ან გლუტარალდეჰიდი გამოიყენება ვაქცინაში ვირუსული ნაწილაკის ინაქტივაციისთვის.
  8. TD – ტეტანუსი-დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება შეიცავდეს ალუმინის ფოსფატს, ფორმალდეჰიდს, მოდიფიცირებულ მიულერ-მილერის კასამინოს მჟავას საქონლის გულის ინფუზიის გარეშე, ამონიუმის სულფატს, ან/და თიმეროსალს და მოდიფიცრებულ მიულერის მჟავას, რომელიც შეიცავს მსხვილფეხა პირუტყვის უჯრედულ ექსტრაქტს.
  9. აპვ HPV – ადამიანის პაპილომავირუსის  (აპვ/HPV)  საწინააღმდეგოდ იყენებენ ორ ვაქცინას: ბივალენტურ Cervarix-სა და ქვადრივალენტურ Gardasil-ს. ბივალენტური შეიცავს 16 და 18 ტიპის HPV-ს ცილას, 3- 692 O-დეზასილ-4’- მონოფოსფორილ ლიპიდ A-ს, ალუმინის ჰიდროქსიდს, ნატრიუმის ქლორიდს და ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დეჰიდრატს. ხოლო, ქვადრივალენტური შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: 6, 11, 16, 18  ტიპის HPV-ს ცილა, ამორფული ალუმინის ჰიდროქსიფოსფატ სულფატი, საფუარის ცილა, ნატრიუმის ქლორიდი, L-ჰისტიდინი, პოლისორბატ 80, ნატრიუმის ბორატი და საინექციო წყალი.

ვაქცინებში შემავალ სხვადასხვა ნივთიერებებზე დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

რა არის გრაფენის ოქსიდი? 

გრაფენი წარმოადგენს ნახშირბადისგან შემდგარ, ორ განზომილებიან კრისტალს, რომლის თითოეული ატომი მეზობელ სამ ატომთან იდენტური კუთხით არის დაკავშირებული და ჰექსაგონის ფორმას ქმნის. ის, ასევე, არის ჩვენთვის ნაცნობი მინერალის, გრაფიტის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, უშუალოდ გრაფენი, პირველად, 2004 წელს მიიღეს და შეისწავლეს მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ანდრეი გეიმმა და კონსტანტინე ნოვოსიოლოვმა, რომლებსაც შედეგად 2010 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ გრაფენი ფოლადზე მტკიცე და ამავდროულად, მსუბუქი და ელასტიურია. (hotcanadianpharmacy.com) ხოლო, მისი კვლევები ტრანსპორტის, მედიცინის, თავდაცვისა და სხვა სფეროებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინდუსტრიის მიღწევებსა და განვითარებაში. 

რაც შეეხება გრაფენის ოქსიდს, ის მიიღება გრაფენის ოქსიდიზაციისგან და წარმოადგენს ერთ ატომიან ნივთიერებას. გრაფენთან შედარებით, მისი წარმოება უფრო ადვილი და იაფია, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთ სფეროებში როგორიცაა, ენერგეტიკა, მედიცინა და ა.შ.

გრაფენის ოქსიდზე და ჰიდროქსიდზე ასევე ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიცავს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist