აფრქვევენ თუ არა ცაში საზიანო ქიმიკატებს? – რას ამბობს რეალურად CIA-ის ყოფილი დირექტორი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

446
VIEWS

25 აპრილს მწერალმა მერაბ რატიშვილმა გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის, ჯონ ბრენანის, სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მონაკვეთია მოცემული. 

ვიდეოს აღწერაში რატიშვილი წერს, რომ  ბრენანი “განიხილავს ქიმიური ტრეილების, იგივე სტრატოსფერული აეროზოლის ინექციას, ასევე სტრატოსფეროს აეროზოლის გეოინჟინერიას”. პოსტის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ Chemtrails-ის წინააღმდეგ კამპანიები გაიზარდა; იგი სამედიცინო და ეკოლოგიურ პრობლემებს სწორედ საზიანო ქიმიკატების გაფრქვევასთან, ე.წ. ქიმიურ ტრეილებთან, აკავშირებს. 

ვიდეოკოლაჟის შემდეგ ნაწილში დამატებით სხვადასხვა კადრია ნაჩვენები, მათ შორის ორი ადამიანის მიერ გადაღებული ვიდეოები. ისინი ცაში თვითმფრინავებისაგან დატოვებულ ნაკვალევს ასევე “ქიმიურ ტრეილებს” უკავშირებენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

tsashi qimikatebi აფრქვევენ თუ არა ცაში საზიანო ქიმიკატებს? - რას ამბობს რეალურად CIA-ის ყოფილი დირექტორი

პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს, ხოლო Chemtrails-ზე მტკიცება კონსპირაციული თეორიაა. ჯონ ბრენანი გლობალური დათბობის შესამცირებელ ერთ-ერთ პოტენციურ მეთოდს განიხილავს და მსჯელობს, რა სარგებელსა თუ ზიანს მოიტანდა მისი გამოყენება. რეალურად, თვითმფრინავებით საზიანო ქიმიკატების გაფრქვევა არ ხდება და გავრცელებული კადრები ატმოსფერულ პირობებში აირის კონდენსაციას ასახავს.

რაზე ისაუბრა ჯონ ბრენანმა?

ჯონ ბრენანის გამოსვლა, რომლიდანაც გავრცელებული ნაწყვეტია ამოჭრილი, 2016 წელს შედგა. ამ დროს იგი ჯერ კიდევ CIA-ის დირექტორი იყო, ინტერვიუს ფარგლებში კი სხვადასხვა გლობალური პრობლემა და თანამედროვე ტენდენცია, მათ შორის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების თანმდევი გამოწვევები მიმოიხილა.

tsashi qimikatebi1 აფრქვევენ თუ არა ცაში საზიანო ქიმიკატებს? - რას ამბობს რეალურად CIA-ის ყოფილი დირექტორი

ერთ-ერთი მაგალითის სახით ბრენანმა გეოინჟინერიაზე ისაუბრა, ანუ იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც, შესაძლოა, გლობალური დათბობის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს. შემდეგ ყურადღება კონკრეტულად სტრატოსფერული აეროზოლის ინიექციაზე (SAI) გაამახვილა. ეს უკანასკნელი სტრატოსფეროში ნაწილაკების გაფრქვევას გულისხმობს, რომლებმაც მზის სხივები უნდა აირეკლოს და ამ გზით დედამიწის ტემპერატურა შეამციროს.

ბრენანი აცხადებს, რომ, შესაძლოა, ამ გზით SAI პროგრამა დედამიწაზე ტემპერატურის მატების შეზღუდვაში დაგვეხმაროს. მან აღნიშნა ისიც, რომ შედეგად მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული რისკები შემცირდებოდა, მსოფლიო ეკონომიკას კი დამატებითი დრო მიეცემოდა წიაღისეული საწვავის ალტერნატივების მოსანახად.

მეორე მხრივ, CIA-ის იმდროინდელი დირექტორი რამდენიმე გამოწვევასაც შეეხო, რომლებიც ამ ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა აქტუალური. მაგალითისთვის, SAI პროგრამა რომც დანერგილიყო, სათბურის აირების შემცირება მაინც იქნებოდა საჭირო. ამასთანავე, ტექნოლოგიის გამოყენებას, შესაძლოა, ამინდის კანონზომიერებებიც შეეცვალა. ამ შემთხვევაში ზოგიერთი რეგიონი სხვაზე ნაკლებ სარგებელს მიიღებდა, რაც თავის მხრივ კონფლიქტს გამოიწვევდა.

ამის შემდეგ ბრენანმა დასძინა, რომ არ არსებობს გლობალურად დაწესებული სტანდარტები, რომლებითაც SAI ტექნოლოგიისა და გეოინჟინერიის გამოყენებისას ვიხელმძღვანელებთ. 

აღსანიშნავია, რომ სტრატოსფერული აეროზოლის ინექცია კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად არც 2016 წელს გამოიყენებოდა და არც ახლა გამოიყენება. იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მუშაობს ტექნოლოგია, ტარდება კვლევები [1,2,3], თუმცა ეს პროცესი ნაწილაკების მასშტაბურ გაფრქვევას არ მოიცავს. მაგალითისთვის, SCoPEx პროექტის ფარგლებში მეცნიერებს ტექნოლოგიის მუშაობაზე დასაკვირვებლად მცირე რაოდენობით ნაწილაკების გაფრქვევა სურდათ. ისინი შვედეთში ბუშტის გაშვებას გეგმავდნენ, რათა შეემოწმებინათ, მოახერხებდა თუ არა მათი აღჭურვილობა სამომავლოდ ნაწილაკების გაფრქვევას, თუმცა შვედეთის კოსმოსის კორპორაციამ აღნიშნული ტესტი არ დაუშვა.

ამრიგად, კადრები, რომლებსაც რატიშვილის მიერ გავრცელებულ მოდიფიცირებულ ვიდეოში ვხედავთ, უბრალოდ თვითმფრინავების მიერ დატოვებული ნაკვალევია. 

რა ვიცით ცაში თვითმფრინავების დატოვებულ კვალზე?

პოსტის კონტექსტი შეთქმულების ერთ-ერთ თეორიას, chemtrail-ების კონსპირაციას, ეფუძნება. ამ თეორიის მომხრეებს სჯერათ, რომ მთავრობები თუ ორგანიზაციები საჰაერო ტექნიკის გამოყენებით ცაში საზიანო ქიმიკატებსა და მიკროორგანიზმებს ავრცელებენ. 

როგორც წესი, ამ ტიპის მანიპულაციურ ვიდეოებში ცაზე თვითმფრინავების მიერ დატოვებულ კვალს, ე.წ. contrail-ს, ვხედავთ ხოლმე. ეს ორთქლია, რომელსაც ტურბინებიდან გამოტყორცნილი ცხელი აირის ცივ აირთან შეხვედრა წარმოქმნის. 

შეთქმულების თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, თითქოს მათ მიერ აღბეჭდილი კვამლი ჩვეულებრივი კვამლისგან განსხვავდება და სწორედ ესაა მისი საზიანო წარმომავლობის დასტური. მაგალითისთვის, რატიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კაცი ამბობს, რომ თვითმფრინავის ჩვეულებრივი ნაკვალევი ცაში ამდენხანს არ უნდა რჩებოდეს, რაც, თავისთავად, არანაირ სამეცნიერო მტკიცებულებას არ ემყარება —  ორთქლის სისქეს, ინტენსივობასა და სხვა მახასიათებლებს გარემოში არსებული პირობები განსაზღვრავს (მაგალითად, წნევა და ტემპერატურა), ამიტომ იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს.

tsashi qimikatebi2 აფრქვევენ თუ არა ცაში საზიანო ქიმიკატებს? - რას ამბობს რეალურად CIA-ის ყოფილი დირექტორი
გავრცელებული ვიდეოდან ამოჭრილი კადრი

Chemtrails-ის კონსპირაციის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა: 

წყაროს შესახებ

მერაბ რატიშვილი, რომელიც ვიდეომანიპულაციას ავრცელებს, დეზინფორმაციის რეგულარული გამავრცელებელია. მის მიერ გაზიარებული ყალბი ამბები, მითების დეტექტორმა არაერთხელ გადაამოწმა.


მარიამ რამაზაშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist